Home Blog Page 1707

“ნაციონალურ მოძრაობაში დაწყებულია დაშლის შეუქცევადი პროცესი, ამას ვერ უშველის სააკაშვილის გზავნილები, წერილები და ეპისტოლეები, ჩანს, რომ ამ ადამიანებს სძულთ ერთმანეთი”- ბექა ოდიშარია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულია დაშლის შეუქცევადი პროცესი და ის არამხოლოდ მარტივ მამრავლებად, ნაწილაკებად დაიშლება, ამას ვერ უშველის ვერც პატიმარი სააკაშვილის გზავნილები, წერილები და ეპისტოლეები, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ჩანს, რომ ამ ადამიანებს სძულთ ერთმანეთი და არ აქვთ მხოლოდ ოპონირება.

„ისეთი ტიპის ეპითეტები, რასაც იყენებენ, სარკაზმი მათი ლექსიკიდან ცხადყოფს, რომ ეს ადამიანები ვერასდროს ვეღარ შედუღაბდებიან, რასაც ქართული საზოგადოება მიესალმება. კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გაგრძელდება და ბოლომდე ლუსტრირდებიან, რადგან ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ კვიპროსიდან იმართება „ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ საზოგადოებაში იყო გარკვეული სკეპტიციზმი. ახლა, როდესაც ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პროცესები დისტანციურად პირდაპირ კეზერაშვილის მიერ იმართება, ალბათ საზოგადოებას უფრო მეტი აქვს დამაჯერებლობის კოეფიციენტი. დაპირისპირების გაგრძელებით ჩვენ მეტს გავიგებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თაობის შესახებ, რომელიც არ არის – ყოველ შემთხვევაში, მორალურად და სულიერად – ნაკლებად დამნაშავე, ვიდრე ძველი თაობა, რომელიც მატერიალურად და ფიზიკურად იყო შეხებაში იმ ძალიან მძიმე დანაშაულებთან“, – განაცხადა ოდიშარიამ.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მიესალმება, რაც მეტს წამოაძახებენ ერთმანეთს, მით უფრო გაგვიადვილდება ამ თაობის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიღბის ჩამოხსნა.

„წარმოიდგინეთ, ყოფილი თავმჯდომარე საკუთარ პარტიას თათხავს უკანასკნელი სიტყვებით და იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ცოტა ხანს, არჩევნებამდე მაინც დააჭირონ ენას კბილი, რომ არ დააზიანონ ერთმანეთი. „ქართული ოცნება“ მიესალმება, რაც მეტს წამოაძახებენ ერთმანეთს და მეტ სიმართლეს გავიგებთ, მით უფრო გაგვიადვილდება ამ თაობის „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნიღბის ჩამოხსნაც, რომლის სიბოროტეში „ქართულ ოცნებას“ ეჭვი არ ეპარებოდა. საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ იყო ნათელი, რას წარმოადგენდა ეს ხალხი. ძალიან კარგი, მეტი უთხარით ერთმანეთს, პატივცემულებო, მეტი წამოაძახეთ და ჩვენც მეტი გაგვაგებინეთ. ისედაც ვიცით, რას წარმოადგენს თქვენი შინაგანი ბუნება, მაგრამ კარგი იქნება, მთელმა საქართველომ გაიგოს, ვინ საიდან ხართ მართული, ვინ საიდან დაყრილ საკენკს კენკავს. ძალიან კარგია, ეძახონ ერთმანეთს „კვიპროსის კლანი“, მეორე მხარესაც გამოუჩნდება სახელწოდება, ალბათ გზააბნეულების ან დაშლილების, არ ვიცი, რა იქნება. პროცესი არის გადასარევი, შეუქცევადია“, – განაცხადა ოდიშარიამ.

ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას -ნიკოლ ფაშინიანი

ჩვენ სრულად ვიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ფაშინიანს ჰკითხეს, მზად არის თუ არა სომხეთი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიაროს.

„ჩვენ სრულად და ცალსახად ვიცავთ საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას. გაერო-ში 2019 წლამდე და უკვე შემდეგ გამართულ კენჭისყრაზე დაფიქსირდა თვალსაჩინო და კონკრეტული განსხვავებები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მოძმე სახელმწიფოს, საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პოლიციამ არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ბ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვან გოგონას აედევნა ქუჩაში და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობის პრევენცია, ისევე როგორც მსხვერპლთა დაცვა, საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ მიმართულებით, რაც განპირობებულია მულტისექტორული, კოორდინირებული მიდგომითა და მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით.

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის საბოლოო ანგარიშში დადებითად არის შეფასებული გენდერულ ძალადობაზე ინსტიტუციების მიერ რეაგირება და ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს პასუხი ძალადობაზე არის ქმედითი და მკაფიოდ განსაზღვრული.

ზემოაღნიშნულ ანგარიშში ასევე ასახულია საქართველოს ხელისუფლების მიერ დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენტები და კანონმდებლობა გენდერული თანასწორობის, გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მათ შორისაა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა“ 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები და გენდერული თანასწორობის კონცეფცია.

საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5 000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ჯორჯ ბუშის ქუჩის V შესახვევში სკვერი მოეწყობა

ისნის რაიონის გამგეობა ჯორჯ ბუშის ქუჩის V შესახვევში, კორპ. N120-ის მიმდებარედ, 2900 კვ.მ. ფართობზე სკვერს მოაწყობს.

სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, რისი განხორციელების შედეგადაც , დასასვენებელი და გასართობი სივრცეები მოეწყობა.

ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ კახა კახიშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დაგეგმილ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან  776 971  ლარით დაფინანსდება.

უკრაინის ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა, რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის -დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინის მთელი ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა.

როგორც დავით არახამია ამბობს, ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის დრო არ არის, რადგანაც უკრაინა ძალიან ცუდ პოზიციაშია.

„რატომ უნდა დავსხდეთ ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან? რა უნდა ვთქვათ, რომ იქ ვრჩებით, სადაც ახლა ვიმყოფებით, ფრონტის ხაზზე და, უბრალოდ, მოდით, ეს დავამთავროთ? თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის საზოგადოება ამას მიიღებს?“ – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების გაფორმების საკითხი, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, უნდა იყოს გატანილი რეფერენდუმზე.

„ვინმე თუ რამეს მოაწერს ხელს და ამის რატიფიცირება იქნება საჭირო პარლამენტში, მაშინ პარლამენტში, უბრალოდ, ერთმანეთს დახოცავენ. ძალიან პოლარიზებული შეხედულებები იქნება. ვფიქრობ, ასეთი რამ მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა გაკეთდეს. ხალხი როდესაც იტყვის, რომ ასეა საჭირო, მე ამას გავაკეთებ“, – განაცხადა არახამიამ.

ამასთან, დავით არახამია, რომელიც 2022 წელს ბელარუსსა და თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რუსეთი კიევს მშვიდობას ჰპირდებოდა, თუ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.

„ისინი ბოლო მომენტამდე ფიქრობდნენ, რომ ზეწოლით მიგვიყვანდნენ ასეთი შეთანხმების ხელმოწერამდე, რათა ჩვენ ნეიტრალიტეტი აგვეღო. ეს იყო მათი ყველაზე დიდი საქმე. ისინი მზად იყვნენ, ომი დაესრულებინათ თუ ჩვენ, როგორც ოდესღაც ფინეთი, ავიღებდით ნეიტრალიტეტს და ვალდებულებას, რომ არ შევალთ ნატო-ში“, – განაცხადა არახამიამ. მან ასევე დასძინა, რომ კრემლის მიმართ ნდობა არ არსებობდა, ხოლო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი.

არახამიამ ასევე თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და მათ ხელი მიუწვდებოდათ დოკუმენტების სამუშაო ვერსიებზე, მაგრამ ისინი უკრაინის ნაცვლად გადაწყვეტილებას არ იღებდნენ და მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდნენ.

„მათ, ფაქტობრივად, გვირჩიეს, არ დავთანხმებულიყავით ეფემერული უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთთან, რომელთა გაცემა მაშინ საერთოდ შეუძლებელი იყო“, – განაცხადა არახამიამ.

ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე თანამდებობებიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის ოთხი მოადგილე გადააყენა თანამდებობებიდან.

შესაბამისი ბრძანებები უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა ვლადიმირ კონდრატიუკმა, ხოლო მოადგილის თანამდებობები – ალექსანდრ ნაბოკმა, ოლეგ სახონმა და ნიკოლაი მიკოლენკომ.

ამასთან, კონდრატიუკის შემცვლელს, ზელენსკის გადაწყვეტილებით, გვარდიის მეთაურის პირველი მოადგილე ვადიმ გლადკოვი იქნება, მოადგილეების თანამდებობებს კი ალექსანდრ ბელოუსი და ალექსეი ოსიპენკო დაიკავებენ.

სკოლის კვებითი ობიექტებისთვის შესაბამისი მოთხოვნები დაწესდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტში ასახულია სკოლის კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების რეკომენდაციები – აკრძალული მზა კვების პროდუქტები და ინგრედიენტები, სკოლის კვების ობიექტის თანამშრომელთა პირადი ჰიგიენის მოთხოვნები და სხვა.

შესაბამისი სახელმწიფო უწყებების გარდა, სკოლის კვების ობიექტს, ყოველდღიურ მონიტორინგს გაუწევს სკოლის მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება საბაზო და/ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებით, მასწავლებლებით (სასურველია ბიოლოგიის), სკოლის ექიმი/ექთნით და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებით.

სკოლა უფლებამოსილია მონიტორინგის ჯგუფში ჩართოს მუნიციპალიტეტში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლებიც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებში ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, სკოლის კვების ბლოკში აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

ა) საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (მაგ.: ჩიფსები, ჟელიბონი და სხვა);

ბ) მარილიანი, შაქრიანი ან ცხიმით დამუშავებული თხილეული, ხილი და ბოსტნეული;

გ) მაიონეზი და მაიონეზით შეზავებული პროდუქტები;

დ) დაკონსერვებული პროდუქტები;

ე) თერმულად დაუმუშავებელი კვერცხი;

ვ) სოკო ნებისმიერი ფორმით;

ზ) კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი;

თ) ტკბილი გაზიანი სასმელები;

ი) ყავა.

“არ გავჩერდებით, სანამ არ დავაბრუნებთ მძევლებს სახლში” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული პაუზა ორ მიზანს ემსახურება – ღაზაში დახმარების მიწოდების დაჩქარება და მძევლების გათავისუფლების ხელშეწყობა.

“ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ არ დავაბრუნებთ მძევლებს სახლში”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

“ზავი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო საკვების, მედიკამენტების, წყლისა და საწვავის მიწოდებისთვის და ჩვენ არცერთ წუთს არ ვკარგავთ”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოთხდღიანი შეთანხმება ძალაში დილით შევიდა.

შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის საპატიმროებში მყოფ პალესტინელთა ნაწილის გათავისუფლებასაც. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში ღაზის სექტორში უნდა გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და საწვავის შეტანა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ ისევ ერთად მოქმედებენ ქალაქის წინააღმდეგ”

რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც რუსთავის მერიამ 15 ნოემბერს წარუდგინა საკრებულოს, დღეს ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ,,ნაციონალური მოძრაობის“, პარტია ,,საქართველოსთვისა“ და ,,ლელოს“ წევრებისგან შემდგარმა უმრავლესობამ არ დაამტკიცა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საკრებულოში წარდგენამდე, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გუნდთან ერთად მოსახლეობას გააცნო.

„ბიუჯეტის პრიორიტეტებზე რუსთაველებთან ერთად მუშაობა, ქალაქის მერიამ მაისიდან დაიწყო და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი აქცენტები, მოსახლეობასთან შეთანხმებით დასახა. მერიის მიერ წარმოდგენილ პროექტში, სასტარტო ბიუჯეტი რეკორდული ციფრით – 112 753 324 ლარით განისაზღვრა. რუსთავის საკრებულოში სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურით მიმდინარეობდა. საკრებულოს სხდომაზე, ბიუჯეტის წარსადგენად მისულ რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ არ მოუსმინა, მათ სხდომა დატოვეს და მხოლოდ კენჭისყრის დროს, ბიუჯეტის დაწუნებისთვის ხელის ასაწევად დაბრუნდნენ დარბაზში.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ერთხმად დაეთანხმა პარტია ,,საქართველოსთვის“ სამკაციანი ფრაქცია, რომლის წევრიც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიაა და ,,პარტია ,,ლელოს“ ერთი წარმომადგენელი. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ 16-მა წევრმა. საბოლოოდ 19 ხმით 16-ის წინააღმდეგ, კონკრეტული და არგუმენტირებული მიზეზების წარდგენის გარეშე, რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რუსთავის საკრებულომ პირველი მოსმენით ჩააგდო. იმის თაობაზე, რომ 2024 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც რუსთავის საკრებულოში უმრავლესობით არიან წარმოდგენილი, კომისიური წესით განხილვაზე განაცხადეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ განაცხადა, ბიუჯეტის პროექტი მისთვის მიუღებელი იყო.

,,ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს ვერ დაუჭერთ, ეს არ არის სწორი ბიუჯეტი საკრებულოსთან მიმართებაში“, – განაცხადა შეროზიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე.

მანვე ,,ნაცმოძრაობის“ წევრებთან ერთად, პროექტის არმოწონების მიზეზად საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, კერძოდ – პრინტერების, ფარდა-ჟალუზების, კომპიუტერული აქსესუარების, მაგიდების, გამათბობლებისა და თანამშრომელი ქალბატონებისთვის ყვავილების თანხის არდაფინანსება დაასახელა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,ჩვენ იმედს ვიტოვებდით, რომ დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის მეც შევეცდებოდი ეს ადამიანები დამერწმუნებინა რამდენად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცდეს ქალაქის ბიუჯეტი, იმ დროს, როდესაც ჩვენ მაქსიმუმი გვაქვს ამ დოკუმენტის ფორმირების პროცესში გაკეთებული. რა თქმა უნდა მათ აქვთ ბიუჯეტის მობრუნების შესაძლებლობა, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის მაქსიმუმი, რაც შესაძლებელია ქალაქმა საკუთარი შემოსავლებითა და იმ თანხების მობილიზებით გავაკეთოთ და აქ ვერაფერს ვერ შევცვლით, მოგვიწევს ისევ იგივე პროექტის გადაგზავნა. სწორედ ამ პირობებში მათ ვთხოვეთ, რომ თუ შეიძლებოდა დღესვე დაეჭირათ მხარი იმ ბიუჯეტისთვის, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად არის შედგენილი, მერიის სამსახურები მასზე მაისის თვიდან ვმუშაობთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთკვირიანი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა მათთან, დღეს კიდევ მზად ვიყავით შეგვევსო ეს ინფორმაცია და დეტალურად ყველა კითხვაზე ამომწურავად გამეცა პასუხი. სამწუხაროდ დღეს მოხდა იგივე, რასაც უკვე ორი წელია ვხედავთ.

,,ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“, ისევ ერთად მოქმედებენ ქალაქის წინააღმდეგ, მოქმედებენ პოლიტიკური დღის წესრიგით. მე მათ ვთხოვე, რომ ქალაქის ინტერესები უფრო პრიორიტეტულად დაეყენებინათ, ვიდრე ის, რასაც მათ პოლიტიკურად ავალებენ, რადგან ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და მათ ზუსტად იციან რაზე ვსაუბრობთ. დღეს ამის გათვალისწინება არ მოხდა და მხარი არ დაუჭირეს ბიუჯეტს, ნაცმოძრაობამ საერთოდ განხილვაშიც კი არ მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროა და ეს ალბათ საკრებულოს შეურაცხყოფაა და იმ ხალხის შეურაცხყოფაა ვინც მათ ხმა და უფლებამოსილება მისცა, რომ საკრებულოში ყოფილიყვნენ წარმოდგენილი“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან.

„რუსთავის მერიამ, ბიუჯეტის პროექტი ხელმეორედ განხილვისთვის საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა გადააგზავნოს. პრესსამსახურის ცნობით, რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტში 51%-ითაა გაზრდილი კორპუსების კეთილმოწყობისთვის განსაზღვრული თანხა, 48 %-ითაა გაზრდილი სოციალური ბიუჯეტი, რომელშიც 5 ახალი პროგრამაა დამატებული, ბიუჯეტი გაზრდილია ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც, უკვე დაგეგმილია მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და გათვალისწინებულია შიდა საუბნო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. რუსთავის მერიის ცნობით, ქალაქის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობისთვის 25 მილიონით გაზრდილი საწყისი ბიუჯეტის პროექტი მაინც მიუღებელი აღმოჩნდა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“2024 წელს უკრაინაში საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი არჩევნები არ გაიმართება” – არახამია

ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ 2024 წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა გამორიცხა.

„2024 წელს უკრაინაში არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი და არც საპრეზიდენტო არჩევნები არ გაიმართება. არავინ არ გვაძალებს არჩევნების ჩატარებას. იყვნენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ როდესაც რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოგვიწევს, პირობითად, არალეგიტიმურები ვიქნებით, და ამიტომ საჭირო იქნება არჩევნების ჩატარება. იყო ასეთი დისკუსიები, თუმცა როდესაც კონკრეტიკაზე გადადიხარ – როგორ მისცემენ ხმას ან იყრიან კენჭს სამხედროები, როგორ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი 6 მილიონი მოქალაქე, როგორ ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ საჰაერო განგაში არ იყოს მთელი დღის განმავლობაში – მათ არ აქვთ პასუხები და ამბობენ, – კარგი, კარგი, გააგრძელეთ მუშაობა“, – აღნიშნა არახამიამ.

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თქვენი მიზნების მისაღწევად, მზად ხართ, გაანადგუროთ ყველა, ვინც გზაზე გადაგეღობებათ, ნუ აჰყვებით ბავშვურად წყენებს და ნუ დაუშვებთ შეცდომებს, შურისძიება ისევ თქვენ დაგაზარალებთ.

კურო

დიდია სასიყვარულო თავგადასავლების ალბათობა, შესაძლოა სიყვარულისა თუ გატაცების ობიექტი ასაკით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

ტყუპები

შესაძლოა, წარმატების გზაზე დაბრკოლებებმა იჩინოს თავი, ამიტომ, შეეცადეთ, მართვის სადავეები ხელში აიღოთ და გააკეთოთ ის, რაც ძალიან კარგად იცით, რისი გამოცდილებაც გაქვთ.

კირჩხიბი

შინაგანად რაღაცის მოლოდინი გაქვთ და გულმოდგინედ ელოდებით მინიშნებებს, შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში, მიიღეთ უსიამოვნებები გაკვეთილად, სასიამოვნო სიურპრიზები თქვენს სწორ სვლაზე მიუთითებს.

ლომი

მოიძიეთ თანამოაზრეები და ერთობლივი ძალებით დაიწყეთ თქვენი მიზნების განხორციელება. გაარკვიეთ თუ რამდენად საიმედო არიან თქვენი პარტნიორები და დააკვირდით საქმისადმი მათ დამოკიდებულებას.

ქალწული

მოერიდეთ ფულის ფუჭად ხარჯვას, ახლა ახალი ნივთების შეძენა არახელსაყრელია. გაწერეთ ბიუჯეტი და გადაანაწილეთ ის აუცილებელი საკითხებისთვის.

სასწორი

მეტი იაქტიურეთ, გაისეირნეთ ოჯახის წევრებთან ერთად, დაისვენეთ დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ, აღიდგინეთ ენერგია, შეხვდით ახალ გამოწვევებს პოზიტიური ენერგიით.

მორიელი

ურთიერთობებში მეტი გულისხმიერება გამოიჩინეთ, რათა უადგილო კომენტარებითა და დაუფიქრებელი გამონათქვამებით ტკივილი არ მიაყენოთ თქვენს საყვარელ ადამიანებს.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ნაცნობებმა დახმარება გთხოვონ, თქვენ შეძლებთ, უანგაროდ დაეხმაროთ მათ მძიმე პრობლემების მოგვარებაში, ეს სიკეთე შემდეგ ასმაგად დაგიბრუნდებათ.

თხის რქა

ეს დრო კარგია, აქტიურად გამოიყენოთ ნებისმიერი საქმიანობისთვის, ცვლილებებისთვის, პრობლემატური საქმიანი საკითხების გადასახედად და გადასაჭრელად, აგრეთვე ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად.

მერწყული

ფრთხილად იყავით ახალგაცნობილ ადამიანებთან, არის ალბათობა შემთხვევით ისეთი რამ გათქვათ, რომელსაც შემდეგ ძალიან ინანებთ.

თევზები

ოჯახური თავშეყრა და ერთობლივად სამომავლო გეგმების დასახვა, აზრების ურთიერთგაცვლა, თბილი ატმოსფერო, მეტად სასიკეთო მყუდრო გარემო, ეს ისაა, რაც ახლა ძალიან გჭირდებათ.