უკრაინის ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა, რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის -დავით არახამია

123
spot_img

უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინის მთელი ხელმძღვანელობა ომის გაგრძელების მომხრეა.

როგორც დავით არახამია ამბობს, ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომის დრო არ არის, რადგანაც უკრაინა ძალიან ცუდ პოზიციაშია.

„რატომ უნდა დავსხდეთ ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან? რა უნდა ვთქვათ, რომ იქ ვრჩებით, სადაც ახლა ვიმყოფებით, ფრონტის ხაზზე და, უბრალოდ, მოდით, ეს დავამთავროთ? თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის საზოგადოება ამას მიიღებს?“ – განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, რუსეთთან ნებისმიერი შეთანხმების გაფორმების საკითხი, გარდა უკრაინის სრული გამარჯვებისა, უნდა იყოს გატანილი რეფერენდუმზე.

„ვინმე თუ რამეს მოაწერს ხელს და ამის რატიფიცირება იქნება საჭირო პარლამენტში, მაშინ პარლამენტში, უბრალოდ, ერთმანეთს დახოცავენ. ძალიან პოლარიზებული შეხედულებები იქნება. ვფიქრობ, ასეთი რამ მხოლოდ რეფერენდუმის გზით უნდა გაკეთდეს. ხალხი როდესაც იტყვის, რომ ასეა საჭირო, მე ამას გავაკეთებ“, – განაცხადა არახამიამ.

ამასთან, დავით არახამია, რომელიც 2022 წელს ბელარუსსა და თურქეთში რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რუსეთი კიევს მშვიდობას ჰპირდებოდა, თუ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.

„ისინი ბოლო მომენტამდე ფიქრობდნენ, რომ ზეწოლით მიგვიყვანდნენ ასეთი შეთანხმების ხელმოწერამდე, რათა ჩვენ ნეიტრალიტეტი აგვეღო. ეს იყო მათი ყველაზე დიდი საქმე. ისინი მზად იყვნენ, ომი დაესრულებინათ თუ ჩვენ, როგორც ოდესღაც ფინეთი, ავიღებდით ნეიტრალიტეტს და ვალდებულებას, რომ არ შევალთ ნატო-ში“, – განაცხადა არახამიამ. მან ასევე დასძინა, რომ კრემლის მიმართ ნდობა არ არსებობდა, ხოლო უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი.

არახამიამ ასევე თქვა, რომ უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა იცოდნენ მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ და მათ ხელი მიუწვდებოდათ დოკუმენტების სამუშაო ვერსიებზე, მაგრამ ისინი უკრაინის ნაცვლად გადაწყვეტილებას არ იღებდნენ და მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდნენ.

„მათ, ფაქტობრივად, გვირჩიეს, არ დავთანხმებულიყავით ეფემერული უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთთან, რომელთა გაცემა მაშინ საერთოდ შეუძლებელი იყო“, – განაცხადა არახამიამ.