Home Blog Page 1707

“სელფისაც” დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ”-მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე უარყოფს  „ხალხის ძალის“ წევრის, ზურაბ ქადაგიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც სოციალურ ქსელში აეროპორტში გადაღებული ფოტოები გაავრცელა და ხაზარაძეს მიმართა – “რა ხდებოდა მოსკოვი-თბილისის რეისზე? ჯერ თქვენს პასუხს დაველოდები, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიწყებთ, სასწაული ანტიპუტინისტი რუსები ჩამოვიდნენ და იმათ ვხვდებოდითო. აბა გისმენთ “.

„გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი. ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, „სელფისაც“ დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში“,- წერს ხაზარაძე და ბილეთებს აქვეყნებს.

https://www.facebook.com/mamukakhazaradzeofficial/posts/pfbid02ZgL4V1VB8JA91YnWbD3qq32iQP7Sw2hGKNkW7HF8AzbmcdR5YXomuPyiVmanZfzAl

“გუშინ ვიხილეთ ფეხების ბაკუნი მომავალი ელჩისთვის” – ბექა ლილუაშვილი

გუშინ ვიხილეთ ფეხების ბაკუნი მომავალი ელჩისთვის – ხელისუფლების გაღიზიანების მესმის, რადგან არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა აქვთ განზრახული, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ლილუაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა და ეს ზარქუას ან ივანიშვილის გადასაწყვეტი არაა.

რაც შეეხება ელექტრონულ არჩევნებს, მისი თქმით, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდეს, ელექტრონული საშუალება ამ განზრახვისგან ვერ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მოსყიდვა, დაშინება ხორციელდება არჩევნების დღემდე, არსებობს სხვა საკითხებიც, რომელიც უშუალოდ ელექტრონულ სისტემას ეხება და სადაც გარკვეული კითხვებია, მაგალითად, მონაცემების ცესკოში გადაგზავნის პროცედურასთან დაკავშირებით, რა დროსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მანიპულაციას.

„ხელისუფლების გაღიზიანების მესმის და მათი განზრახვა კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. მათ განზრახული აქვთ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენა და მოქალაქეებისთვის არჩევანის მოპარვა. ყველა სახელმწიფო დამოუკიდებელი ინსტიტუტი დაიქვემდებარეს. გუშინ კალანდარიშვილის განცხადებებმა პირდაპირ აჩვენა, რომ ის არის მხარე. მინდა მას ვუთხრა, არავის დავიწყებია ძველი მოწვევის საკრებულოს შენარჩუნებაც იმისთვის, რომ არალეგიტიმურად დაემტკიცებინათ მომდევნო წლის ბიუჯეტი. მან არაერთხელ გამოაჩინა საკუთარი პოზიცია, რომ ის არის „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ. თუ ქვეყანაში არის პოლიტიკური ნება, რომ არჩევნები გაყალბდეს, ვერანაირი ელექტრონული საშუალება ამ განზრახვისგან ვერ დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს. ერთადერთი შესაძლებლობა დავიცვათ ჩვენი ხმები, ეს არის მაქსიმალური მობილიზება და მეტი ადამიანის წასვლა არჩევნებზე,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

“რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა” – ანდრია გვიდიანი

ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უცხოური ინვესტიციების დინამიკური ზრდა მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

გარდა ამისა, ინვესტიციების ზრდა, ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.

„ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით, 1.7 ჯერ მეტია.

რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების ასეთი დინამიკური ზრდა განპირობებულია მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით. გარდა ამისა, ინვესტიციების ასეთი მაღალი დონე ადასტურებს იმას, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობის მაჩვენებელი მაღალია.

გარდა ამისა, ყველას კარგად გვესმის, რომ ინვესტიციების მოცულობას მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკა არ განაპირობებს. ეს არის კომპლექსური საკითხი და ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ბევრი ფაქტორის ანალიზის შედეგად ხდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთ-უკრაინის ომი, რის გამოც, რეგიონში ინვესტიციების შემოდინება მნიშვნელოვნად შეფერხდა. თუმცა, საქართველო აქაც გამონაკლისია და რეგიონის უმწვავესი კრიზისის მიუხედავად, საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, არამედ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა, რაც ხელისუფლების გონივრული ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის შედეგია.” – წერს გვიდიანი Facebook-ზე.

„ტრაგედიაც მსუბუქი სიტყვაა იმის გადმოსაცემად, რაც შოვში ხდება“ – რას წერს „ამერიკის ხმა“

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ტრაგედიაც მსუბუქი სიტყვაა იმის გადმოსაცემად, რაც შოვში ხდება“, რომელშიც განხილულია რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებასთან დაკავშირებული საკითხები.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ზემო რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონაში, დამანგრეველი ღვარცოფიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა. მაშველებმა ამ პერიოდში 28 ცხედარს მიაგნეს. დაკარგულად კიდევ ხუთი ადამიანი ითვლება, მათ შორის ბავშვებიც არიან.

28 დაღუპულიდან 26 ცხედარი ამოცნობილია. გარდაცვლილთა ძებნის ოპერაცია, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს, მდინარეების ჭანჭახისა და რიონის ჩათვლით, ამ დრომდე გრძელდება, ოპერაციაში შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს ძალები მონაწილეობენ.

თითქმის, ორი კვირის განმავლობაში, მაშველებს, ჯარისკაცებს პოლიციელებსა და ადგილობრივებს აქტიურად ეხმარებოდნენ მოხალისეები, რომლებიც შოვში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩავიდნენ და სოფელ გლოლაში იყვნენ დაბანაკებულები.

„ტრაგედიაც კი მსუბუქი სიტყვაა, იმის გადმოსაცემად რაც იქ ხდება“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ეთო არსანიძემ, რაჭის სათემო ორგანიზაციიდან, რომელიც შოვში მოხალისედ 3 აგვისტოსვე ავიდა.

„ყველაზე საშინელი სცენარიც კი წარმოუდგენელი იყო, ისეთი რეალობა დაგვხვდა, როცა პირველად ავედით იმ ტერიტორიაზე. სიტყვებით ძალიან რთული გადმოსაცემია, ვერც კადრები გადმოსცემს, იმ სიტუაციას რაც იქ არის. 100 ათასობით ტონა მიწის მასაში ჩამარხული ადამიანები და ცხოველები ქმნის ამ საშინელ სიტუაციას. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად არის ეს მძიმე აღსაქმელი, ასევე არის საშინელი სუნი, რომლის გადმოცემაც წარმოუდგენელია. ამ ყველაფრის ერთხელ ნახვის მერე, არა მგონია, იმ ადამიანებიდან ვინმეს, ვინც იქ მუშაობს, მშვიდი ძილი ჰქონდეს. მით უმეტეს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უხდებათ ადამიანის ფრაგმენტების აღმოჩენა“ – გვიყვება ეთო.

ეთომ და სხვა მოხალისეებმა სოფელ გლოლაში, მდინარე დღვიორასთან მოხალისეთა ბანაკი მოაწყვეს, სადაც სამაშველო ოპერაციაში ჩართული ადამიანებისთვის ცხელ საჭმელს ამზადებდნენ. აქვე გროვდებოდა ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც შემდეგ მოხალისეებს შოვში, მაშველებთან და ჯარისკაცებთან აჰქონდათ.

„ურთიერთობებს რაც შეეხება, თავიდან დაძაბულები იყვნენ, ჩვენს მიერ მიწოდებულ (საჭმელზე), ელემენტარულ რაღაცეებზე უარს ამბობდნენ, თუმცა შემდეგ დალაგდა ისე სიტუაცია, რომ თვითონ ამ საკვების თუ სხვა საჭიროებების გადატანისთვის გლოლადან შოვისკენ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გვეხმარებოდა, მათ ჩვენი საჭიროება დაინახეს“ – ამბობს ეთო არსანიძე.

ერთ-ერთ პირველები ვინც, რაჭველ მოხალისეებს სოფელ გლოლაში შეუერთდნენ, მესტიელი პროფესიონალი გიდი ვიკა ფილფანი და მისი მეგობრები იყვნენ. ისინი შოვის ტრაგედიის დროს, სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბების ტურზე იმყოფებოდნენ. როგორც სტიქიური უბედურების შესახებ გაიგეს, მეგობრებმა პირდაპირ რაჭისკენ გასწიეს.

„როცა გავიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ, რაღაცნაირად ყველამ ერთად გავიაზრეთ, რომ ახლა სახლებში ვერ წავიდოდით და ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იყო, რომ, თუ რამეს შევძლებდით, იქნებ, ვინმეს რამეში დავხმარებოდით“ – ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ვიკა ფილფანი.

„თავიდან როცა შევხედეთ რომ მაშველებისთვის ყველას შეჰქონდა მშრალი საჭმელი და თვითონაც (შსს) მშრალ საჭმელს აჭმევდნენ, ჩვენი მხრიდან ცხელი საჭმლის შეტანამ დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველ დღეს რომ შევედით, რაოდენობა ვერ გავთვალეთ, იმაზე მეტი აღმოჩნდა საჭირო, ვიდრე ჩვენ გვეგონა. მეორე დღეს უფრო მეტი გავაკეთეთ და მეტ ადამიანს მივაწოდეთ, ასე ნელ-ნელა აეწყო“ – გვიყვება ვიკა.
მოხალისეები იმის გარდა, რომ გლოლადან ცხელი საჭმელი და სხვა ნივთები შოვში აჰქონდათ, შემდეგ, უშუალოდ სტიქიის ზონაში, რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში, მძიმე ზურგჩანთა აკიდებულები გადაადგილდებოდნენ, რათა საკვები და საჭმელი, უშუალოდ სამძებლო ოპერაციაში ჩართულ მაშველებამდე მიეტანათ. ამის გამო, ვიკას ჯგუფს, მაშველებმა და ჯარსიკაცებმა „შოვის ანგელოზები“ შეარქვეს.
„თავიდან ყველაზე დიდი ემოცია იყო, როცა პირველად მივედი, ვნახე რა იყო მომხდარი. შევხედე ადგილს და შევეცადე აღმედგინა ის ყველაფერი, რაც იქ მოხვდა, მიხვდი, რამხელა ბრძოლის გადატანა მოუწევდათ იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა, როგორი რთული იქნებოდა იმის გააზრება რომ გასაქცევი აღარ ჰქონდათ“ – ამბობს ვიკა.

მისი თქმით, „ვინც გადარჩა იმათმა რა ნახეს, რამხელა ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მათთვის, წარმოუდგენელია. შემდეგ იყო რთული, იმ ოჯახის წევრების ნახვა, ვისაც დაკარგულები ჰყავდათ. ამას ხმამაღლა არავინ ამბობდა, მაგრამ 3-4 დღეში, უკვე ნათელი იყო რომ ცოცხალი არავინ იყო და იპოვიდნენ თუ არა ცხედარს ასე იდგა საკითხი. და, ცხედრის პოვნაც რომ რაღაც სიხარულს განიჭებს და უკვე ყველა რომ ამას ელოდა, ამის ყურება იყო ძალიან რთული“.

ვიკაც და თეოც ამბობენ, რომ სტიქიის ზონაში მაშველების და ჯარისკაცების მხრიდან თავდადების უამრავი მაგალითი ნახეს. „მართლა არ მინახავს ასეთი გმირული მუშაობა, ძალიან მამაცი და პროფესიონალი მაშველები გვაყვს. რასაც ვისურვებდი, ეს არის მათთვის უფრო მეტი თანამედროვე სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა. მათ სჭირდებათ ნორმალური აღჭურვა, არა ათეულის ან ოცეულის, არამედ მასობრივად, თანამედროვედ აღჭურვა, ეს მგონია, რომ სამომავლოდ გასათვალისწინებელია“ – ამბობს ვიკა ფილფანი.

მოხალისეების მისია ზემო რაჭაში მას შემდეგ დასრულდა, რაც სახელმწიფომ სტიქიის ზონაში საველე სამზარეულო მოაწყო და ახლა მაშველებს და ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით თავად ამარაგებს.

ვიკამ შოვი 19 აგვისტოს დატოვა, თეომ ცოტა უფრო ადრე, საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ სხვა მოხალისეებიც. გოგონებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის სრულად მოხსნა და ყველაფრის სტიქიური უბედურებით ახსნა დიდი შეცდომაა.

„ყველამ ნახა გუტაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წევრის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც 2020 წელს არის დაწერილი, როგორ სთხოვს სახელმწიფოს დახმარებას, რათა მორიგი სტიქიის შემდეგ, ეს ტერიტორია იქნას შესწავლილი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება, (2023 წლის სტიქიამ შოვის კოტეჯებში, გუტაშვილების ოჯახის რამდენიმე წევრი შეიწირა) შესაბამისად, იმის თქმა რომ ჩვენ პასუხისმგებლობა არ გვეკისრება, მგონია რომ არის, ცოტა თავის დაძვრენის მცდელობა და უსამართლოა ყველანაირად“ – გვითხრა ვიკამ.

„ლოგიკურად რომ შევხედოთ, თუ იქნებოდა წინასწარ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა, განგაშის სირენები, სენსორები ხეობაში და მოხდებოდა ადამიანების გაფრთხილება, ის 8 წუთი, რაც მინიმუმ ჰქონდათ, ან შეიძლება უფრო მეტიც, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმ ტერიტორიის დასატოვებლად… ოდესმე, თუნდაც, საკუთარ, მძიმე შეცდომაზე ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაც?“ – კითხულობს ეთო.

რაჭაში ისევ გლოვაა, ისევ კრძალავენ, ტირიან და ისევ ეძებენ 3 აგვისტოს დამანგრეველი ღვარცოფის დროს დაკარგულებს. შსს შოვის ტრაგედიის საქმეს 116-ე და 240-ე მუხლებით იძიებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

იურისტების აზრით, ამ მუხლებს სულ მცირე ორი მუხლი, 128-ე, განსაცდელში მიტოვება და 342-ე, სამსახურებრივი გულგრილობაც უნდა დაემატოს, თუმცა ხელისუფლება არც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის და არც გამოძიების პროკურატურისთვის გადაცემის აუცილებლობას ხედავს.

წყარო

“სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე საუბარი სისულელეა, ლიდერობას მოქალაქეობა არ სჭირდება” – პაატა მანჯგალაძე

პარტიასთან გამიჯვნა არ ხდება. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვს, საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სახელით სოფო ჯაფარიძის მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყებაზე გააკეთა კომენტარი.

მანჯგალაძის თქმით, კარგი ინიციატივაა, რადგან ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა ყოველთვის მისასალმებელია.

„ინტერპრეტაცია რომ არ იყოს, სააკაშვილმა ძალიან გარკვევით ისაუბრა, რა მისია აქვს ჯაფარიძეს. ასევე, გარკვევით თქვა სოფო ჯაფარიძემ. პარტიასთან გამიჯვნა არ ხდება. პირიქით, ეს არის ხალხთან უფრო ახლო კომუნიკაციის შესაძლებლობა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი სპეციფიკურ ვითარებაშია და მას არ აქვს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. ამიტომ საჭიროა კონკრეტული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმუშავებს.

პარტიას აქვს სხვა ბევრი მიზანი და ამოცანა. ამიტომ ერთი მეორეს კი არ ემიჯნება და ეწინააღმდეგება, არამედ ავსებს. ძალიან კარგი ინიციატივაა და ეს არავის არაფერს არ დაუშავებს, პირიქით, ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა ყოველთვის მისასალმებელი და კარგია. ლიდერობას მოქალაქეობა არ სჭირდება. ლიდერობა მოქალაქეობაზე ზემოთაა. ლიდერობა პიროვნულ გავლენებს ნიშნავს. ვერანაირი კანონი და ვერანაირი კონსტიტუცია ვერ შეაჩერებს ამ პიროვნულ გავლენებს და პიროვნულ ავტორიტეტს. ამიტომ მოქალაქეობის საკითხზე საუბარი სისულელე მგონია. ივანიშვილი სინამდვილეში საქართველოს მოქალაქე არასდროს ყოფილა და აგერ, ქვეყანა გადაატრიალა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

უკრაინამ მარცვლეულის გადაზიდვისთვის შესაძლოა შავი ზღვის ახალი მარშრუტი გამოიყენოს

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“ (Reuters) სათაურით „უკრაინამ მარცვლეულის გადაზიდვისთვის შესაძლოა შავი ზღვის ახალი მარშრუტი გამოიყენოს“ (ავტორი – პავლე პოლიტიუკი) გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც განხილულია უკრაინული მარცვლეულის საერთაშორისო ბაზარზე გატანის საკითხი.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

კიევი, მარცვლეულის გადაზიდვისთვის, შავი ზღვის ახლადგამოცდილი საექსპორტო დერეფნის გამოყენებას განიხილავს. სოფლის მეურნეობის საკითხებში უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ის დერეფანია, რომლის საშუალებითაც, გასულ კვირაში გემების პირველი წარმატებული მარშრუტი შესრულდა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში ხელმეორედ შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინული პორტები დაბლოკა. გაეროსა და თურქეთის შუამავლობით დადებული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შემდეგ, მოსკოვმა განაცხადა, რომ ყველა ხომალდი, რომელიც უკრაინის პორტებისკენ, ან პირიქით, პორტებიდან გაემგზავრება, პოტენციურ სამხედრო სამიზნედ იქნებოდა აღქმული. მოსკოვის ამ გადაწყვეტილებების საპასუხოდ, უკრაინამ ახალი მარშრუტი, „ჰუმანიტარული დერეფანი“ გამოცადა, რომელიც შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს მოიცავს, რუმინეთისა და ბულგარეთის მახლობლად. ეს მარშრუტი, გასულ კვირაში, ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა უსაფრთხოდ გაიარა. გემი ოდესის პორტში, ომის დაწყების შემდეგ იყო გაჭედილი.

„ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა კომერციულმა გემმა გაიარა, მან ალტერნატიული მარშრუტებით გადაადგილებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, – განუცხადა ეროვნულ ტელევიზიას უკრაინის უმსხვილესი აგრობიზნესის ორგანიზაციის აგრარული საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დენის მარჩუკმა.
„შემდეგ, პოტენციურად კიდევ 7-8 გემის მოძრაობა უნდა მოხდეს… შემდეგ, ალბათ, მომავალში, ეს ალტერნატიული მარშრუტები გახდება დერეფანი გემების გადაადგილებისთვის, რომლებიც მარცვლეულის გადასაზიდი კონტეინერების მოძრაობენ“, – თქვა მარჩუკმა.

გამოცემა „ფაინენშალ ტაიმსი“, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით წერს, რომ კიევი მის შავი ზღვის პორტებიდან გამავალი გეგმების დაზღვევისთვის, გლობალურ მზღვეველებთან მუშაობს.

წყარო

“არსებობს ინფორმაცია, რომ შოვში სტიქიის დღეს, მაღალი თანამდებობის პირები, სუს-ის იუბილეს აღსანიშნავად, მცხეთაში, რესტორანში იმყოფებოდნენ, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს დაგვიანებულ რეაგირებასთან”

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოს, რაჭაში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.

ანგარიშის პრეზენტაცია პარტიის ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა და პარტიის წევრმა ლაშა ფარულავამ გამართეს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა 12-კაციანი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი შოვში მომხდარი ტრაგედიის დროს ადამიანთა დაღუპვის ფაქტებისა და გარემოებების შესწავლა იყო. ლევან ხაბეიშვილის თქმით, სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით იკვეთება ხელისუფლების გულგრილობა. ამასთან, როგორც მან განმარტა, შუალედურ ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმ ფაქტზეც, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანებული მიზეზი.

ანგარიშის თანახმად, არსებობს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“, აღნიშნავდნენ სუს-ის შექმნის 8 წლის იუბილეს, რაც შესაძლოა, კავშირში იყოს სახელმწიფო უწყებების დაგვიანებულ რეაგირებაზე სტიქიასთან მიმართებით.

„3 აგვისტოს ტრაგედიის პასუხად, ქართველ ხალხს შერჩა მხოლოდ რუსული პროპაგანდა და პოლიტიკური გადაძახილები. ჩვენი მოქალაქეები, ხელისუფლების მხრიდან პასუხს იმსახურებენ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, დეტალურად იცოდნენ, თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება, ვის გამო, ვისი თანამდებობრივი გულგრილობის გამო ვერ მოხერხდა გარკვეული მსხვერპლის თავიდან აცილება. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები. 12 დღის განმავლობაში მოვამზადეთ შუალედური ანგარიში, სრულად არის აღდგენილი 3 აგვისტოს ტრაგედია და ქრონოლოგია. შუალედური დასკვნითაც კი, სადაც ძალიან ბევრი ინფორმაცია და მტკიცებულებაა, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობა, რასაც საქართველოს მოქალაქეები შეეწირნენ. იკვეთება დაგვიანებული რეაგირება, იკვეთება, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი დაგვიანებით ახდენს რეაგირებას, მეტიც, ფაქტობრივად, 24 საათის შემდეგ ჩადის ადგილზე. ამიტომ, საზოგადოებას სჭირდება კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და განსაკუთრებით, ცხადია, ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური კინკლაობა კი არა, კონკრეტულ მოქალაქეებს, ჩვენ საზოგადოებას გავაგებინოთ კონკრეტული პასუხები. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მათ შორის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დააგვიანა რეაგირება, ჯარის ადგილზე ჩაყვანა. ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც იმ საღამოს, როცა ადამიანებს შველა სჭირდებოდათ, სხვადასხვა ოთახებიდან გვეპრანჭებოდა ანუ ხელისუფლებამ ნაცვლად იმისა, რომ სამაშველო- გადარჩენითი ოპერაცია ეწარმოებინა, ფაქტობრივად, ღამის განმავლობაში მიატოვა მოქალაქეები. ამიტომ, ამ 24-გვერდიან ანგარიშშიც კი, რომელიც ჯერ შუალედურია და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე მიიყვანს საგამოძიებო მოქმედებებს, იკვეთება კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და ეს ყველაფერი, ცხადია, იწყება ირაკლი ღარიბაშვილისგან“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მის თქმით, დასკვნა, რომელიც შოვის სტიქიის შესახებ მოამზადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საზოგადოებისთვის გზამკვლევი იქნება, თუ როგორ უნდა მოხდეს ტრაგედიის გამოძიება.

„ლაშა ფარულავა და ჯამში 12 ადამიანი იმყოფებოდა ადგილზე და დეტალურად გაეცნო ვითარებას. ჩვენ პოლიტიკური სპეკულაცია კი არ გვაინტერესებს, აბა, ლაშა ფარულავამ გადაიღო თუ არა ფოტო, მაგალითად, კობახიძესავით ან მაღალი თანამდებობის პირებივით ან მაგალითად, ვერტმფრენით ჩავიდა თუ არა ღარიბაშვილივით ოპოზიცია 48 საათის თუ 24 საათის შემდეგ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია კითხვებს გაეცეს პასუხები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში ვერავინ იპოვის „ნაციონალური მოძრაობის“ ვერც ერთ პოლიტიკურ განცხადებას და სპეკულაციას შოვის სტიქიის შესახებ.

ხაბეიშვილის თქმით, მთავარ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარმოადგენენ, რომელსაც გააცნობენ ხალხს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამავდროულად მოითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, „რუსული ოცნების“ მიერ ხელდასმული შოთაძის გამოძიებას არანაირი ლეგიტიმაცია არ და ვერ ექნება“.

კელი დეგნანის განცხადებები დეპოლარიზაციას კი არ ამცირებს, პოლარიზაციას ზრდის – გივი მიქანაძე

კელი დეგნანის განცხადებები პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს – ბოლო განცხადება ელექტრონული საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად, – ასე ეხმაურება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე, აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით.

მიქანაძის განცხადებით, კელი დეგნანის  ანცხადებები არ მოდის თანხვედრაში იმ ფუნქციებთან, „რასაც, წესით, ელჩი უნდა ახორციელებდეს“.

„სამწუხაროა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ქალბატონო ელჩის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, ბოლო განცხადებაც, რომელიც ელექტრონულ საარჩევნო სისტემის ეჭვქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად და არის სრულიად უსაფუძვლო მცდელობა, ემსახურება იმ ინტერესებს, რომელიც დეპოლარიზაციას კი არ ამცირებს, არამედ პოლარიზაციას ზრდის. ეს არ არის ელჩის ფუნქცია. ელჩი უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად შეძლოს მხარეთა პოზიციების თანხვედრა მოახდინოს. ასეთი განცხადებები და ეს პირველი შემთხვევა არ არის, პოლარიზაციის გაზრდას უწყობს ხელს. ჩვენი უკმაყოფილება სწორედ ამგვარ განცხადებებთან არის დაკავშირებული, რომელიც თანხვედრაში ვერ მოდის იმ ფუნქციებთან, რასაც, წესით, ჩვენი ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი უნდა ახორციელებდეს,“ – განაცხადა მიქანაძემ.

მწარე სიმართლე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ – რას წერს თურქული პრესა

თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მწარე სიმართლე“ (ავტორი – ბერჯან თუთარი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შეფასება და მისი პერსპექტივაა გადმოცემული. მასალაში ხაზგასმულია, რომ უკრაინა დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედზეა, მაგრამ, როგორც უახლესი სამხედრო ისტორია მოწმობს, მოწინააღმდეგის დამარცხებას ყოველთვის ტექნიკა არ წყვეტს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში საქმე ისე არ მიდის, როგორც ამერიკას და მის მოკავშირეებს სურთ. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთები, ალბათ, შეეცდებიან არ შეიმჩნიონ დასავლეთის რთული მდგომარეობა, თვალი დახუჭონ არსებულ პრობლემებზე და შეიძლება აქეთ შემოგვედავონ – რუსეთი უფრო მეტად არის ჩაფლული საფლობშიო. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთმა თავისი უკვე მიიღო, თუმცა დიდი ენერგიის დაძაბვით. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დენიელ დევისმა აღნიშნა, „უკრაინას რუსეთზე გამარჯვების რეალური გზა არ აქვს“. ეს შეფასება მოწმობს, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთს ვერ დაამარცხებს.
დასავლეთი – ევროპა, ნატო და აშშ – ხედავენ რა სიტუაციის სერიოზულობას, უკვე ახლავე გამოხატავენ შეშფოთებას უკრაინის იმ ტერიტორიის დაცვის მიმართ, რომელსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს თავიდან აიცილოს უკრაინის მიწების პერსპექტიული დაკარგვა, ამიტომაც ოკეანის გადაღმიდან და გადმოღმიდან ვლადიმერ ზელენსკის ყველა ეუბნება, რომ დაზავებისათვის და მშვიდობისაკენ მიმავალი გზა შედარებით მცირე ტერიტორიულ დათმობებზე გადის. კიევისათვის ჰორიზონტზე სხვა ვარიანტი არ არის, გარდა იმისა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც მიმართული რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – ყირიმისა და დონბასის – გასათავისუფლებლად, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩაშლილია. სამთვიანმა უშედეგო სისხლისმღვრელმა ბრძოლებმა აჩვენა, უკრაინისთვის გამარჯვების გზა არ არსებობს. ბრძოლის გაგრძელებით კიევი საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს აყენებს, დანაკარგები ძალიან დიდია. ამ მწარე სიმართლის იგნორირება კიევისა და ვაშინგტონის მიერ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას და უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს.

ვიღაც-ვიღაცეებს დღემდე სჯერათ და იმედი აქვთ, რომ უკრაინას ახალი დასავლური იარაღი და „ფალკონები“ (F-16-ები) გადაარჩენს. გასულ კვირას აშშ-მა განაცხადა, რომ კიევს დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს და დაეთანხმა დანიისა და ნიდერლანდების თხოვნას ამერიკული წარმოების „ფალკონების“ უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა არა ერთბაშად, არამედ დროში გაჭიანურებით.

სწორედ ამით გამოიხატება უკრაინის ნამდვილი დამარცხება, რომელიც უცხოურ იარაღს და ფულს ეფუძნება. ასეთი მიდგომა არაადქვატურ სტრატეგიულ ხედვას ნიშნავს. იმიტომ, რომ ყოველი შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის ბედი განისაზღვრება არა ტექნიკური ძლიერებით, არამედ ადამიანური ძალითა და ნებისყოფით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რომ ასე არ იყოს, საბოლოო ჯამში არ დამარცხდებოდნენ ამერიკელები ერაყში და ავღანეთში – იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონს კოლოსალური სამხედრო უპირატესობა აქვს ქაბულთან და ბაღდადთან შედარებით.

ამ კონტექსტში უკრაინის ყველაზე დიდ ნაკლოვანებას ადამიანური რესურსების უკმარისობა წარმოადგენს. აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მონაცემების მიხედვით, კიევმა 2022 წლის თებერვლიდან უკვე თითქმის 130 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო სამი თვის დაწყებული კონტრშეტევის დროს დანაკარგებმა თავიანთ აპოგეას მიაღწიეს. ამ დროის განმავლობაში განადგურდა ის ქვედანაყოფებიც, რომლებიც ნატოს მიერ იქნა მომზადებული.

რასაკვირველია, დასავლეთში მომზადებული სამხედრო მოსამსახურეების ჩანაცვლება ძალიან რთულია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ უკრაინელ ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ომში წასვლა არ სურთ და ქვეყნიდან გასაქცევად ყველა გზებს იყენებენ. ამრიგად, წელიწადნახევრის ინტენსიური ბრძოლები და ის, რომ უკრაინის ფართოდ გაპიარებულმა ბოლო კონტრშეტევამ ვერ მიაღწია შუალედური მიზნების შესრულებასაც კი, იმას გვაჩვენებს, რომ არმიის სამომავლო შეტევის პოტენციალი ძლიერ შემცირდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის საიმედო სამხედრო ძალის აღსადგენად მთელი თაობა იქნება საჭირო, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანობის დროს და შესაბამისი ლოჯისტიკური მხარდაჭერით. აი, სწორედ ამიტომ ისეთი სტრატეგია, რომელიც უცხოეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული და რომელსაც დასავლეთი სთავაზობს კიევს, წინასწარ უკვე გულისხმობს უკრაინის არმიის განადგურებას და ქვეყნის ტერიტორიის შემცირებას. ასეთი სტრატეგია აჩვენებს, რომ ფრონტზე სამხედრო კონფლიქტის მოგება შეუძლებელია. რჩება მხოლოდ ერთი გზა: მოლაპარაკების დაუყოვნებლივი დაწყება თურქეთის შუამავლობით.

ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ დიპლომატიური მეთოდების უარყოფა და ომის გაგრძელება უკრაინის ტრაგედიას კიდევ უფრო გააღრმავებს. ირაციონალური რეცეპტები, რომლებსაც კიევს ამერიკა სთავაზობს და თავს ახვევს, უკრაინამ გვერდზე უნდა გადადოს. იმიტომ, რომ ყოველი ასეთი რეცეპტი ხელს უწყობს მეტ უბედურებას, მეტ მსხვერპლს და მეტი უკრაინელი მამაკაცების სიკვდილს, ასევე მეტი ტერიტორიის გადასვლას რუსეთის კონტროლის ქვეშ.

წყარო

“პუტინის ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, სექტემბრამდე გადაიდება” – თურქული მედია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი ანკარაში, სავარაუდოდ, გაურკვეველი ვადით, სულ მცირე, სექტემბრამდე გადაიდება.

როგორც თურქული მედია იტყობინება, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სექტემბერში ის პუტინთან შეხვედრას ელოდება, რათა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მომავალი.

„სექტემბერში არის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა ინდოეთში და გაერო-ს გენერალური ასამბლეა აშშ-ში. ამ დატვირთულ გარემოში შესაძლებლობას თუ ვიპოვით, პირისპირ შევხვდებით და ვისაუბრებთ პუტინთან“, – განაცხადა ერდოღანმა მედიასთან საუბრისას, თუმცა მას არ დაუსახელებლია შეხვედრის პოტენციური ადგილი.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინი ანკარაში პირადად ჩასულიყო, რაც აგვისტოს ბოლოს იყო მოსალოდნელი.

საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ათენში ჩავიდა, სადაც ის ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრო.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია იყო.

“კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ” – რატი იონათამიშვილი

კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაში არა მხოლოდ მათი, არამედ მრავალმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს.

„ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, რაც კელი დეგნანის მიმართ დისკრიმინაციული კონტექსტით გაჟღენთილი იყო. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებდეთ, რომ საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი მხარის, ისე სხვა მხარეების. მე პირადად ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ელჩს ვიცნობდი, მათ შორის, ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის [კელი დეგნანის] მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შესახებ კელი დეგნანის განცხადებას, უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის მაღალი გარანტია აქვს, საჭიროებას აღარ ტოვებს, რომ ეგზიტპოლები, პარალელური დათვლა ჩატარდეს და ნებისმიერი, ვინც მის დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს.

კითხვაზე, რატომ გამორიცხავს ელექტრონული არჩევნები პარალელური დათვლის საჭიროებას, იონათამიშვილი ამბობს, რომ პარალელური დათვლა შეიძლება მოხდეს, უბრალოდ „ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში პასუხები არის სწრაფად და მანიპულაციების სივრცე არ რჩება“.

„ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია აქვს, ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებას, „კარუსელთან“, დისბალანსთან დაკავშირებით. ელექტრონული არჩევნები უკვე საჭიროებას აღარ ტოვებს იმისა, რომ ეგზიტპოლები ჩატარდეს, იყოს პარალელური დათვლა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ობიექტურ შედეგებს აქვეყნებს. პლუს, ხდება მისი გადათვლა და დადარება შესაბამისი კომისიების მიერ. დატრეინინგებულია უკვე 15 ათასზე მეტი ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით. გვაქვს გამოცდილება საპილოტე დონეზე ელექტრონული არჩევნების ჩატარების. დამკვირვებლების, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და ანგარიშებს რომ გადავხედოთ, ეს არის ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ისე თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ, სპეკულაციებისთვის სივრცე არ რჩება და ნებისმიერი, ვინც საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, ერთი მაგალითი, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და სად რა პრობლემა იყო. არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ისე, რომ მიზანმიმართულად ხდება ამის ტირაჟირება მათგან, ვისაც არ აწყობს, რომ ობიექტური სურათი ნახოს საზოგადოებამ,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“. როგორც დეგნანი რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოშიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გამოიყენებოდა.