მწარე სიმართლე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ – რას წერს თურქული პრესა

100
spot_img

თურქული გაზეთი „საბაჰი“ (Sabah) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მწარე სიმართლე“ (ავტორი – ბერჯან თუთარი, პოლიტიკური მიმომხილველი), რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის შეფასება და მისი პერსპექტივაა გადმოცემული. მასალაში ხაზგასმულია, რომ უკრაინა დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედზეა, მაგრამ, როგორც უახლესი სამხედრო ისტორია მოწმობს, მოწინააღმდეგის დამარცხებას ყოველთვის ტექნიკა არ წყვეტს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში საქმე ისე არ მიდის, როგორც ამერიკას და მის მოკავშირეებს სურთ. ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთები, ალბათ, შეეცდებიან არ შეიმჩნიონ დასავლეთის რთული მდგომარეობა, თვალი დახუჭონ არსებულ პრობლემებზე და შეიძლება აქეთ შემოგვედავონ – რუსეთი უფრო მეტად არის ჩაფლული საფლობშიო. მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთმა თავისი უკვე მიიღო, თუმცა დიდი ენერგიის დაძაბვით. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა დენიელ დევისმა აღნიშნა, „უკრაინას რუსეთზე გამარჯვების რეალური გზა არ აქვს“. ეს შეფასება მოწმობს, რომ უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთს ვერ დაამარცხებს.
დასავლეთი – ევროპა, ნატო და აშშ – ხედავენ რა სიტუაციის სერიოზულობას, უკვე ახლავე გამოხატავენ შეშფოთებას უკრაინის იმ ტერიტორიის დაცვის მიმართ, რომელსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს თავიდან აიცილოს უკრაინის მიწების პერსპექტიული დაკარგვა, ამიტომაც ოკეანის გადაღმიდან და გადმოღმიდან ვლადიმერ ზელენსკის ყველა ეუბნება, რომ დაზავებისათვის და მშვიდობისაკენ მიმავალი გზა შედარებით მცირე ტერიტორიულ დათმობებზე გადის. კიევისათვის ჰორიზონტზე სხვა ვარიანტი არ არის, გარდა იმისა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუჯდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც მიმართული რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – ყირიმისა და დონბასის – გასათავისუფლებლად, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩაშლილია. სამთვიანმა უშედეგო სისხლისმღვრელმა ბრძოლებმა აჩვენა, უკრაინისთვის გამარჯვების გზა არ არსებობს. ბრძოლის გაგრძელებით კიევი საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს აყენებს, დანაკარგები ძალიან დიდია. ამ მწარე სიმართლის იგნორირება კიევისა და ვაშინგტონის მიერ კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს უკრაინელი ხალხის ტანჯვას და უკრაინა კიდევ უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს.

ვიღაც-ვიღაცეებს დღემდე სჯერათ და იმედი აქვთ, რომ უკრაინას ახალი დასავლური იარაღი და „ფალკონები“ (F-16-ები) გადაარჩენს. გასულ კვირას აშშ-მა განაცხადა, რომ კიევს დამატებით 24 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს და დაეთანხმა დანიისა და ნიდერლანდების თხოვნას ამერიკული წარმოების „ფალკონების“ უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა არა ერთბაშად, არამედ დროში გაჭიანურებით.

სწორედ ამით გამოიხატება უკრაინის ნამდვილი დამარცხება, რომელიც უცხოურ იარაღს და ფულს ეფუძნება. ასეთი მიდგომა არაადქვატურ სტრატეგიულ ხედვას ნიშნავს. იმიტომ, რომ ყოველი შეიარაღებული კონფლიქტისა და ომის ბედი განისაზღვრება არა ტექნიკური ძლიერებით, არამედ ადამიანური ძალითა და ნებისყოფით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს რომ ასე არ იყოს, საბოლოო ჯამში არ დამარცხდებოდნენ ამერიკელები ერაყში და ავღანეთში – იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონს კოლოსალური სამხედრო უპირატესობა აქვს ქაბულთან და ბაღდადთან შედარებით.

ამ კონტექსტში უკრაინის ყველაზე დიდ ნაკლოვანებას ადამიანური რესურსების უკმარისობა წარმოადგენს. აშშ-ის სამხედრო დაზვერვის მონაცემების მიხედვით, კიევმა 2022 წლის თებერვლიდან უკვე თითქმის 130 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო სამი თვის დაწყებული კონტრშეტევის დროს დანაკარგებმა თავიანთ აპოგეას მიაღწიეს. ამ დროის განმავლობაში განადგურდა ის ქვედანაყოფებიც, რომლებიც ნატოს მიერ იქნა მომზადებული.

რასაკვირველია, დასავლეთში მომზადებული სამხედრო მოსამსახურეების ჩანაცვლება ძალიან რთულია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ უკრაინელ ჯარში გასაწვევი ასაკის მამაკაცებს ომში წასვლა არ სურთ და ქვეყნიდან გასაქცევად ყველა გზებს იყენებენ. ამრიგად, წელიწადნახევრის ინტენსიური ბრძოლები და ის, რომ უკრაინის ფართოდ გაპიარებულმა ბოლო კონტრშეტევამ ვერ მიაღწია შუალედური მიზნების შესრულებასაც კი, იმას გვაჩვენებს, რომ არმიის სამომავლო შეტევის პოტენციალი ძლიერ შემცირდა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინის საიმედო სამხედრო ძალის აღსადგენად მთელი თაობა იქნება საჭირო, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მშვიდობიანობის დროს და შესაბამისი ლოჯისტიკური მხარდაჭერით. აი, სწორედ ამიტომ ისეთი სტრატეგია, რომელიც უცხოეთის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული და რომელსაც დასავლეთი სთავაზობს კიევს, წინასწარ უკვე გულისხმობს უკრაინის არმიის განადგურებას და ქვეყნის ტერიტორიის შემცირებას. ასეთი სტრატეგია აჩვენებს, რომ ფრონტზე სამხედრო კონფლიქტის მოგება შეუძლებელია. რჩება მხოლოდ ერთი გზა: მოლაპარაკების დაუყოვნებლივი დაწყება თურქეთის შუამავლობით.

ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ დიპლომატიური მეთოდების უარყოფა და ომის გაგრძელება უკრაინის ტრაგედიას კიდევ უფრო გააღრმავებს. ირაციონალური რეცეპტები, რომლებსაც კიევს ამერიკა სთავაზობს და თავს ახვევს, უკრაინამ გვერდზე უნდა გადადოს. იმიტომ, რომ ყოველი ასეთი რეცეპტი ხელს უწყობს მეტ უბედურებას, მეტ მსხვერპლს და მეტი უკრაინელი მამაკაცების სიკვდილს, ასევე მეტი ტერიტორიის გადასვლას რუსეთის კონტროლის ქვეშ.

წყარო