Home Blog Page 1702

კათოლიკური ეკლესიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ეთნაირსქესიანთა წყვილების კურთხევის წინააღმდეგი არიან, საკითხი სრულად არ ესმით და „მახინჯი დასკვნები“ გამოაქვთ -რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ეთნაირსქესიანთა წყვილების კურთხევის შესახებ მიღებული საკუთარი გადაწყვეტილება სატელევიო ეთერის დროს დაიცვა.

მისი თქმით, კათოლიკური ეკლესიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მსგავსი კურთხევის წინააღმდეგი არიან, უბრალოდ „მახინჯი დასკვნები“ გამოაქვთ, რადგან მათ საკითხი სრულად არ ესმით.

„ზოგჯერ გადაწყვეტილებები არ არის მისაღები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ ის არ არის გააზრებული. თუ გადაწყვეტილება არ მოგწონს, წადი და ისაუბრე მასზე. გამოთქვი შენი ეჭვები და ჩაერთე დისკუსიებში. მხოლოდ ასე შეიძლება წინსვლა“, – აღნიშნა რომის პაპმა.

აღსანიშნავია, რომ ვატიკანის მიერ გამოცემულმა ამ დეკლარაციამ ფართო დებატები გამოიწვია კათოლიკურ ეკლესიაში. განსაკუთრებით კი აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეპისკოპოსებმა ნება არ დართეს მღვდლებს, აღესრულებინათ დეკლარაციაში გაწერილი კურთხევა.

ვატიკანის მიერ 18 დეკემბერს გამოცემული დეკლარაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ ნება დართო კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს, დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები. პაპის განცხადებით, კურთხევა არ უნდა იყოს რეგულარული საეკლესიო რიტუალების ნაწილი.

დოკუმენტში ასვევე აღნიშნულია, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილების დალოცვა არ ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევას. ვატიკანი ქორწინებად განიხილავს კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის.

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება – მთავრობის სხდომის დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.

მათივე განმარტებით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა.

კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ.

ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი 2); პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული სიახლეები შეეხება: სოციალურად დაუცველ პირებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ერთეულს), პენსიონერებს, ვეტერანებს, შშმ პირებსა (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები) და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

დონალდ ტრამპი “რესპუბლიკელ” კანდიდატებს შორის ისევ ლიდერობს

დონალდ ტრამპი „რესპუბლიკელ“ კანდიდატებს შორის ისევ ლიდერობს. მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ეი-ბი-სი ნიუსსა“ და „იფსოს“ ეკუთვნის. გამოკითხვის მიხედვით, „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

ტრამპის კონკურენტმა რომ დესანტისმა კი მხარდამჭერთა მხოლოდ 11 პროცენტის აღება მოახერხა. პარალელურად ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპი ყველაზე ძლიერი ლიდერი და პრეზიდენტობის ყველაზე კვალიფიციური კანდიდატია.

ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა აიოვას შტატში წინასაარჩევნო დებატების, დაწყების პარალელურად გამოქვეყნდა. ამავე შტატში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

“საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს” – ლევან დავითაშვილი

საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს – საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც 2023 საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია შეაფასა.

მისი თქმით, გასული წლის მონაცემები იმედის მომცემია, რომ მიმდინარე წელსაც დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი გვქონდეს.

„2021 წლიდან დღემდე, პრინციპში, საქართველოში უკვე მესამედ რეკორდულად მაღალი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს. საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ახალი რეკორდი დამყარდა. 2023 წელს მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 9.1%-ით გაიზარდა. ექსპორტი 6.1 მლრდ დოლარი გახდა, იმპორტი კი 14%-ით გაიზარდა და 15.4. მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 12.5%-ით გაიზარდა და ჯამში, 21 აშშ დოლარს გადასცდა. ვფიქრობ, რომ დამაიმედებელი მონაცემებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულე იყო კონკრეტულ სექტორებში და გარკვეული შეფერხებები იყო, საერთო მონაცემები, რომელიც ჩვენ საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით გვაქვს, მაინც იმედის მომცემია, იმისთვის, რომ 2024 წელსაც ჩვენ გვქონდეს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი,“ – აღნიშნა დავითაშვილმა.

“გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები გაზრდილია” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელისა და „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დეკემბრის ბოლო კვირაში 28% იყო, იანვრის პირველ კვირაში კი – 52%-ია.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ შემთხვევების რაოდენობას გასული წლის ანალოგიურ პერიოდს (2023 წლის დასაწყისს) შევადარებთ, წლევანდელი წელი გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით ნაკლებად გამოირჩევა.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ჩხაიძემ პრევენციულ რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრიპის ვირუსის პრევენციისთვის საჭიროა პირბადის ტარება, ბევრი სითხის მიღება, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს ხშირი განიავება და მაღალი ტემპერატურის დროს, ექიმისთვის დროულად მიმართვა.

„თუ გადავხედავთ 2024 წლის პირველი კვირის მონაცემებს, ნათლად ჩანს, რომ გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში მკვეთრადაა გაზრდილი. თუ 2023 წლის 49-ე კვირას ეს მაჩვენებელი 16% იყო, 52-ე კვირას 28% გახდა, მიმდინარე წლის პირველ კვირას კი – 52%-ს შეადგენდა. შესაბამისად, ნათლად ჩანს, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა ახლა, გრიპის სეზონის დასაწყისიდან დღემდე, მაქსიმალური ინტენსივობით გამოირჩევა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მაჩვენებელში – 52%-ში 46% H1 ტიპის ვირუსია, 6% კი, H3. ასე რომ, დომინანტურია გრიპის ვირუსი, რაც შესაბამისად, მომართვიანობის გაზრდაზე აისახა. გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა, ყოველ შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში, მკვეთრად არის გაზრდილი წინა კვირებთან შედარებით, თუმცა თუ შევადარებთ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს, პირიქით, წლევანდელი წელი ნაკლებად გამოირჩევა გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით. როდესაც შემთხვევების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს 100 ათას მოსახლეზე რამდენი შემთხვევა ფიქსირდება. თუ წინა წლებში ეს მაჩვენებელი 380-390 იყო, ახლა ეს ციფრი 180-190-ია. დეკემბერ-იანვარში სწორედ ახლა არის მატების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა და სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე გრიპის მხრივ აქტიურობა, შენარჩუნდება.

როდესაც პრევენციულ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, არის ორი განსხვავებული მიდგომა. ერთი ყველაზე ეფექტური არის ვაქცინაცია და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ყველაზე იდეალური პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია, ნოემბრის პირველი ნახევარი. ეს არის ის დრო, როდესაც გაკეთებული გრიპის ვაქცინაცია გრიპის სეზონის განმავლობაში გვიცავს. ვისაც ახლა აქვთ გადაწყვეტილი ვაქცინის გაკეთება, შესაძლებელია, თუმცა ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, მინიმუმ 10 დღე მაინც იყოთ იზოლირებული, გქონდეთ ნაკლები კონტაქტი, მხოლოდ ნიღბით უნდა გადაადგილდებოდეთ.

დანარჩენი რეკომენდაციებია ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, საყოფაცხოვრებო პირობებში სახლის ხშირი განიავება. თუ სამუშაო პირობებზე ვსაუბრობთ, მისი განიავებაც მნიშვნელოვანია, სველი წესით დალაგება. დისტანცირებაზე ერთი განსხვავებაა და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ გრიპის შემთხვევაში ერთი მეტრი დისტანცია საკმარისია იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.

გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ასევე, სამედიცინო პერსონალი, სამართალდამცავები და ა.შ. ბავშვებში, როდესაც მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება გვაქვს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ანტივირუსული პრეპარატის ჩართვის დროულობა.

დანარჩენი მართვა ძირითადად ორ რეკომენდაციას ეფუძნება – მაღალი სიცხის შემთხვევაში, 38 ნახევარი და მეტი სიცხის დამწევის მიცემა და სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კითხვაზე, მიაღწია თუ არა ვირუსმა გავრცელების პიკს, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ „ყველაზე მეტი მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეობაზე ინფიცირების მხრივ კალენდარული წლის 50-ე კვირას იყო“.

„შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პიკი ჯერჯერობით რამდენიმე კვირის წინ იყო, თუმცა იანვარი წინ არის. შესაძლებელია, მონაცემებმა მოიმატოს“,- განაცხადა ჩხაიძემ.

სასაცილო კი არა, სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩინეთში მოსკოვის დავალებით ჩამოვედით -ნიკოლოზ სამხარაძე

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკისა და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის აქვს, – ამის შესახებ ჩინეთში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.

„უბრალოდ სასაცილო კი არა, სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ ჩინეთში მოსკოვის დავალებით ჩამოვედით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა“, -აღნიშნა სამხარაძემ.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს. მსჯელობა, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს შეხვედრები პეკინსა და შანხაიში აქვს დაგეგმილი.

აშშ-მა ამერიკულ სამხედრო გემზე “ჰუსიტების” თავდასხმა აღკვეთა

აშშ-ს მოიერიშე თვითმფრინავმა ჩამოაგდო ხომალდსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტა, რომელიც “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდ Laboon-ის მიმართულებით გაუშვეს. ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 15 იანვარს გაავრცელა.

“14 იანვარს, დაახლოებით 16:45 საათზე (იემენის დედაქალაქ სანაას დროით), “ჰუსიტების” მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გასროლილ იქნა ხომალდსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტა წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში მყოფი ამერიკული სამხედრო გემის, Laboon-ის მიმართულებით. რაკეტა ჩამოაგდო იემენის ქალაქ ჰუდეიდის სანაპიროსთან”, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.

დაშავებულების ან რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ამბოხებული “ჰუსიტები” გასული წლის ნოემბრიდან თავს ესხმიან დასავლეთის კომერციულ ხომალდებს, რომლებიც წითელ ზღვას გადიან. ამბოხებულთა განცხადებით, მათი ეს ქმედება პროტესტია ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ და პირობა დადეს, რომ თავს დაესხმებიან ისრაელთან დაკავშირებულ ყველა გემს.

12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდების, კანადის, ავსტრალიისა და ბაჰრეინის მხარდაჭერით, მასიური თავდასხმები დაიწყეს იემენში “ჰუსიტთა” სამხედრო ობიექტებზე.

“ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს” – ადვოკატი

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა.

ადვოკატი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება.

„ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არც საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს. დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”,- განაცხადა მანიჟაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.

სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის დედამ, თამთა კალანდაძემ განაცხადა, რომ განაჩენის შემდეგ ოჯახი ლაზარეს შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

„ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება” – ვახტანგ ცინცაძე

„ბოლო სამი წელია, საქართველოში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. „საქსტატის” მონაცემებით, 2023 წელს რეკორდული იყო როგორც საგარეო სავაჭრო ბრუნვის, ასევე ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  განსაკუთრებით ხაზგასასმელია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული ტენდენციები –  2023 წლის განმავლობაში ექსპორტის  9.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ რეკორდული მაჩვენებელი – 6.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მინისტრის მოადგილის  განცხადებით, ასევე რეკორდული იყო საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომელიც  დაახლოებით 12.5% ით გაიზარდა და 21.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოსახლეობით კეთილდღეობის და დასაქმების  ზრდას.  საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, არაერთ ქვეყანასთან გვაქვს გაფორმებული გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები და ეს პროცესი ახალი ხელშეკრულებების გაფორმების მიმართულებით კვლავ გრძელდება” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

“რუსეთი ომში კვლავ უპირატესობას ფლობს -უკრაინელები თავს იცავენ, მაგრამ ისინი დაიღალნენ და საბრძოლო მასალების ნაკლებობას განიცდიან”-The New York Times

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „რუსეთი ომში კვლავ უპირატესობას ფლობს: უკრაინელები თავს იცავენ, მაგრამ ისინი დაიღალნენ და საბრძოლო მასალების ნაკლებობას განიცდიან“ ( ავტორები – თომას გიბონს-ნეფი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინელ ჯარისკაცს გაზის საშემდუღებლო სანთურა აქვს მომარჯვებული და რუსული ტანკის დასაჭრელად ემზადება, რომელიც ერთი წლის წინ იქნა მწყობრიდან გამოყვანილი. მას უკვე აღარც ძრავა არ აქვს და არც მუხლუხები, მაგრამ აქვს სქელი ჯავშანი, რომელსაც, ნაწილებად დაჭრის შემდეგ, მიამაგრებენ უკრაინის იმავე მარკის გარემონტებულ ტანკებს, მათი დაცვის გასაძლიერებლად. შემდეგ კი შეკეთებული ჯავშანტექნიკა ქალაქ ავდეევკის გარნიზონის დასახმარებლად გაიგზავნება, 65 კილომეტრის მოშორებით, სადაც მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული ტანკის დემონტაჟი და მისი ჯავშანის გამოყენების ფაქტი იმას მოწმობს, რომ უკრაინის არმიას საბრძოლო ტექნიკით მომარაგების მხრივ პრობლემები აქვს.

„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იარაღი რომ სწრაფად მოეწოდებინათ, რუსებს აქედან სწრაფად გავყრიდით, ველ-მინდვრებს დავამუშავებდით, დავთესავდით, მოსავალს მოვიწევდით და საზღვარგარეთ გავიტანდით, ოჯახებს შემოსავალი ექნებოდათ, შვილებს გავზრდიდით… მაგრამ უკვე თითქმის ორი წელი გავიდა და ომი ისევ გრძელდება“, – ამბობს ჯარისკაცი, მეტსახელად „ეგერი“.

უკრაინის სამხედრო პერსპექტივა უღიმღამოდ გამოიყურება. დასავლური უწყვეტი დახმარების გარანტია ისეთი დონის აღარ არის, როგორიც წინა წლებში იყო. ზაფხულის კონტრშეტევის ჩაშლის შემდეგ უკრაინის არმიის მდგომარეობა დამძიმდა. დასამალი არაა, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე რუსებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს: ქალაქი მარინკა პრაქტიკულად მათ ხელშია, ხოლო ავდეევკა თითქმის ალყაშია მოქცეული – რუსები ნელ-ნელა ქალაქთან დამაკავშირებელ ყველა საკომუნიკაციო გზებს იკავებენ. კრემლის ჯარი ქალაქ ჩასოვიარზე შეტევისათვის ემზადება.

უკრაინელ ჯარისკაცები მწარედ ხუმრობენ: „რუსეთის ჯარი არც კარგია და არც ცუდი. ის, უბრალოდ, მრავალრიცხოვანია“. ჯარისკაცურ ხუმრობებში სიმართლის დიდი ნაწილი მოჩანს: მოსკოვს ყველაფერი ბევრი აქვს: მეტი საბრძოლო მასალები, მეტი სატრანსპორტო საშუალებები და ჰყავს მეტი ჯარისკაცები. მოსკოვის ჯარი, მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, მაინც ომობს და წინ მიცოცავს. დღეისათვის აშკარად შეიმჩნევა ის ტექნოლოგიური სიახლეები, რომელიც რუსეთის არმიას ომის დაწყებისას არ გააჩნდა. ამჟამად სიტუაცია პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის მოდერნიზებულ ვერსიას ჰგავს –

„უზარმაზარი მასა მასის წინააღმდეგ“.

სწორედ ასეთი ტაქტიკა უზრუნველყოფს რუსეთის უპირატესობას, რომლის მთავარ მიზანს დღეს – შარშან კიევთან, ხერსონთან და ხარკოვთან დამარცხების შემდეგ – დონბასისა და ყირიმის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს. რუსეთს ადამიანთა ანუ ცოცხალი ძალის დიდი რესურსი აქვს – მისი მოსახლეობა სამჯერ აღემატება უკრაინის მოსახლეობას, ხოლო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი სრული დატვირთვით მუშაობს.

„რუსეთის უპირატესობა ამ ეტაპზე გადამწყვეტ ფაქტორს არ წარმოადგენს და ჩემი აზრით, ომი ჩიხში ჯერ არ არის შესული“, – ამბობს მაიკლ კოფმანი, აშშ-ის კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, – „2024 წლის სამხედრო სიტუაციის განვითარებაზე ბევრად დამოკიდებული 2025 წლის პერსპექტივა: უკრაინის არმია ან ისევ კონტრშეტევას დაიწყებს და ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს დაიბრუნებს, ან ომს მართლაც წააგებს, თუ დასავლეთის დახმარების გარეშე დარჩება“.

ამჟამად კი უკრაინა მძიმე მდგომარეობაში არის ჩავარდნილი. პრობლემები, რომლებმაც არმიაში თავი იჩინეს ჯერ კიდევ ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის დროს, ახლა უფრო გამწვავებულია. უკრაინელი ჯარისკაცები დაიღალნენ ისეთი განუწყვეტელი ბრძოლებით, რომელიც თავისი ინტენსიურობით, ხშირად მეორე მსოფლიო ომზე უარესია. მათ არ აქვთ ნორმალური დასვენების შესაძლებლობა, იშვიათად ხდება როტაცია და დანაკარგების ჩანაცვლება, თანაც მხოლოდ გაუწვრთნელ-მოუმზადებელი ახალწვეულებით და შუა ხნის ასაკის მქონე მამაკაცებით.
„ჩვენთან მოყვანილი ათი ჯარისკაციდან სამი თითქმის ლოთია. შეიძლება ითქვას, რომ მათ დაიძინეს და სამხედრო ფორმაში გამოიღვიძეს“, – ამბობს ერთ-ერთი ოფიცერი იმ „მეომრების“ შემყურე, რომლებიც მათ ბრიგადაში სამსახურისთვის გაამწესეს.

სამხედრო ჩინოვნიკთა აზრით, ომში გაგრძელებისა და გამარჯვებისათვის ჯარისკაცთა დამატებითი რაოდენობაა აუცილებელი (დაახლოებით 500 ათასი), ამიტომ ისინი მხარს უჭერენ ფართო მობილიზაციის ჩატარებას. ამ საკითხის გამო სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფრთხილობს, რომ ჯარში გაწვევის არაპოპულარული მეთოდების მუდმივი გამოყენება მოსახლეობაში უკმაყოფილებას გააჩენს. ექსპერტების თქმით, არმიაში კიდევ ნახევარი მილიონი ჯარისკაცის გაწვევის აუცილებლობა იმას მოწმობს, რომ უკრაინას ცოცხალი ძალის მართლაც უდიდესი დანაკარგები აქვს.

უკრაინაში ომის მსხვერპლთა ზუსტ მონაცემებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაახლოებით მაინც შეაფასეს დანაკარგები – მათი ვარაუდით, უკრაინამ ომში უკვე 150 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგა. რასაკვირველია, რუსებიც ბევრი დაიღუპნენ, მაგრამ მათ კიდევ აქვთ რესურსები – ჯერ ერთი, რომ კიევის ზაფხულის კონტრშეტევა წარმატებით შეაჩერეს, მეორეც ის, რომ თვითონ ცდილობენ საპასუხო შემტევი ოპერაციების განხორციელებას, თანაც მკაცრი ზამთრის პირობებში.

„ჩვენ დავიღალეთ“, – მეუბნება უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური, რომელმაც გვარი არ გამიმხილა, მისი კომენტარების დელიკატურობის გათვალისწინებით, – „თავის დროზე უნდა ეფიქრათ [მთავრობას], რომ ომში მეტი ხალხი დაგვჭირდებოდა“.
ჯარისკაცთა უკმარისობა უკრაინის არმიისათვის მხოლოდ ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს. უფრო მწვავეა იარაღის დეფიციტი, მით უმეტეს, რომ დასავლური დახმარება მცირდება. უკრაინელი მეთაურები იძულებულნი არიან საბრძოლო მასალები ეკონომიურად გამოიყენონ, რადგან იციან, რომ შეიძლება ჭურვების, ყუმბარებისა და ნაღმების რომელიმე ახალი პარტია ბოლო აღმოჩნდეს.

მახსენდება 2023 წლის დეკემბერი, როცა უკრაინის არმიის მე-10 მსროლელი ბრიგადის საარტილერიო განწესის პირადი შემადგენლობა რამდენიმე დღე ბუნკერში იჯდა და თავიანთი 122-მილიმეტრიანი ქვემეხისათვის ჭურვების მიღებას ელოდებოდა და როცა მანქანა მოვიდა, მხოლოდ… ორი ყუთი ჭურვი მოიტანა, რომელიც იმავე დღეს დაიხარჯა.

„დღეს ჩვენ მხოლოდ ორი ჭურვი გავისროლეთ რუსების პოზიციებისაკენ, ხშირად კი არცერთს არ ვისვრით. ოთხი დღის წინ ჩვენი ქვემეხისათვის მხოლოდ ხუთი ჭურვი მოგვიტანეს“, – ამბობს განწესის მეთაური, მეტსახელად „მონკი“, – „ხვალ-ზეგ შეიძლება რუსები ვეღარ შევაჩეროთ“.
კუპიანსკთან დისლოცირებული 68-ე მსროლელი ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური, მეტსახელად „იტალიელი“, „მონკის“ ნათქვამს ეთანხმება და მეუბნება: „ორი ტანკი მყავს, მაგრამ მაქვს მხოლოდ ხუთი ჭურვი… მესმის, რომ ახლა ავდეევკაში ჩვენს მებრძოლებს ძალიან უჭირთ და საბრძოლო მასალებით უპირატესად მათ ამარაგებენ, მაგრამ რა ვქნათ? აქ რომ რუსებმა შემოგვიტიონ, ცარიელი ხელით ვერ შევაკავებთ“.
თუმცა ტრადიციული არტილერიის უმოქმედობას დრონები ანაცვლებენ, რომლებსაც ორივე მხარე ინტენსიურად იყენებს. განსაკუთრებით FPV-ებს, რომლებიც ვიდეოკამერებით, ბომბებით და მართვადი მცირე რაკეტებით არიან აღჭურვილნი. ბოლო თვეებში მათი რაოდენობა უკრაინის არმიაში თითქმის ათჯერ და მეტად გაიზარდა. ფრონტის ზოგიერთ უბანზე დრონები მოწინააღმდეგეს უფრო მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე არტილერია. დრონები თავიანთი ეფექტურებით კასეტურ ნაღმებსაც კი აჭარბებენ. ამავე დროს უკრაინელი ჯარისკაცები ამჩნევენ, რომ რუსებმა შედარებით უფრო ღრმად დაიწყეს სანგრების გათხრა და მათი კარგად შენიღბვა, რაც მიზნის მოძებნასა და მის განადგურებას ხელს უშლის.

ავდეევკასთან ახლოს რუსული არტილერიის გრიალი ერთ წუთითაც კი არ წყდება. ასეთი საარტილერიო კანონადა მხოლოდ შარშან, ბახმუტთან ბრძოლის დროს თუ მომისმენია – საბოლოოდ ეს ქალაქი რუსებმა დაიკავეს..
ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2024 წელს უკრაინის არმიის თავდაცვაზე გადასვლა (როგორც ამას პენტაგონი ურჩევს, საბრძოლო მასალების დეფიციტის გამო) ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუ მას სამყოფი საბრძოლო მასალები არ ექნება. იარაღის გარეშე კიევის ჯარი პოზიციების შენარჩუნებას ვერ შეძლებს.

„ჩვენი ბიჭები რუსების განუწყვეტლივი ცეცხლის ქვეშ არიან“, – ამბობს „ეგერთან“ ერთად მყოფი ჯარისკაცი, სახელად „ბარდაკი“, – კარგად გვესმის, რომ ახლა ყველგან „ცხელა“.

წყარო:

რომის პაპმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომელმაც ეთნაირსქესიანთა წყვილების კურთხევაზე თანხმობა გასცა

სატელევიზიო ინტერვიუში რომის პაპმა ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა ეკლესიაში გამოწვეული ფართო დებატების შემდეგ.

„ზოგჯერ გადაწყვეტილებები არ არის მისაღები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს იმიტომ ხდება, რომ ის არ არის გააზრებული. თუ გადაწყვეტილება არ მოგწონს, წადი და ისაუბრე მასზე. გამოთქვი შენი ეჭვი და ჩაერთე დისკუსიებში. ასე ხდება პროგრესირება“, – აღნიშნა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ ნება დართო კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს, დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები.

პაპის განცხადებით, კურთხევა არ უნდა იყოს რეგულარული საეკლესიო რიტუალების ნაწილი.

დოკუმენტში ასვევე აღნიშნულია, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილების დალოცვა არ ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევას. ვატიკანი ქორწინებად განიხილავს კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის.

“ჩინეთში კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია”

საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების – ევროკავშირის, აშშ-ის დამოკიდებულება. რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჩინეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რესურსების დიდი განსხვავების მიუხედავად, თანამშრომლობის პროცესში, სახელმწიფოებს შორის თანასწორუფლებიანობა შენარჩუნებულია.

„საუბარი შეეხო დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში საქართველოს მონაწილეობას. მიუხედავად ჩინეთსა და საქართველოს შორის რესურსებში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, თანამშრომლობის სტანდარტი, რომელიც თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, აქ შენარჩუნებულია. ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო, ძალიან საინტერესო ხედვები მოდერნიზაციის თაობაზე, ჩინეთში მიმდინარე პროცესებზე, ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რაზედაც ასევე ადრე ნაკლებად საუბრობდნენ ჩინეთში და მათი დაძლევის გზებზე. ხვალაც ძალიან საინტერესო შეხვედრებია დაგეგმილი და შემდეგ გავემგზავრებით შანხაიში, სადაც იქნება კონკრეტული საუბარი ეკონომიკური დარგის განვითარებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.