Home Blog Page 1701

„ყოველ წირვაზე მოსვლა მისთვის ეს არის რაღაც ახალი მორიგი გმირობა”- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ პატრიარქი ილია მეორე ძალიან  დასუსტებულია.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ეპისტოლეში არცერთი სიტყვა არ დაწერილა.

„ყოველ წირვაზე მოსვლა მისთვის ეს არის რაღაც ახალი მორიგი გმირობა, იმიტომ, რომ  ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია და ჩვენ გვითხრეს, რომ მოვიდოდა წირვისთვის. წირვაში მონაწილეობა მიიღო, ეზიარა თვითონ. შემოსით არ შემოსილა და რამდენიმე სიტყვით კიდევაც მიმართა მრევლს. ისეთ ფაზაში შედის უკვე ჯანმრთელობა, რომ აი, რამდენ ხანს შეძლებს, ასე რომ ითქვას. ავად არ არის, მაგრამ სუსტდება თანდათანობით. პატრიარქი თავისი ხელით ვერ დაწერს ამ ეპისტოლეს, ეს ყველასათვის ცხადია, მაგრამ არცერთი სიტყვა მასთან შეთანხმების გარეშე ამ ეპისტოლეში არ იქნება“, – აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. 

შეგახსენებთ, წელს პირველი აღდგომა იყო, როდესაც სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ ვერ ჩაატარა. სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიომ აღავლინა.

,,ილია მეორის ტაძარში მისვლა გმირობა იყო” – მამა გიორგი ზვიადაძე

წელს  პირველი აღდგომა იყო, როდესაც სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ილია მეორემ ვერ ჩაატარა.

სადღესასწაულო ლიტანიობა სამების საკათედრო ტაძარში მოსაყდრე შიომ აღავლინა.

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ ილია მეორის ტაძარში მისვლა გმირობა იყო.

„ღვთის მადლით, სტაბილურია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,  რასაც ადასტურებს ის, რომ მან შეძლო გუშინ მობრძანებულიყო სამების საკათედრო ტაძარში და ვიდრე არ დასრულდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძარში იმყოფებოდა. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან რთულია, მაგრამ პატრიარქი ქართველი ხალხის უდიდესი სიყვარულით, ქართველი ხალხისადმი უდიდესი პატივისცემით, მაინც უდიდესი ძალისხმევის ფასად ახერხებს იმას, რომ ამხელა მსახურებაზე, მაინც იმყოფებოდა ტაძარში“, – აცხადებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

გარწმუნებთ, მთავრობა არაა განწყობილი, პრეზიდენტს გეგმებში ხელი შეუშალოს – ბექა ოდიშარია

საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, რომ ხელოვნურად შეუშალოს ხელი პრეზიდენტს მის გეგმებში“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც  გამოეხმაურა ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გადადებულ ვიზიტს.

ოდიშარიას თქმით, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობისთვის დრო საკმარისზე მეტი იყო.

„შემოვიდა წერილი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, მეორე დღესვე იყო თანხმობა. წერილობით იყო მიწერილი თანხმობა საქართველოს პრეზიდენტისთვის. აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობისთვის დრო საკმარისზე მეტი იყო. გარწმუნებთ, საქართველოს მთავრობა არ არის განწყობილი, მით უმეტეს, ხელოვნურად შეუშალოს ხელი პრეზიდენტს მის გეგმებში“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ბათუმის და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 რეისს ნიშნავს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი რეისები, შიდა ფრენების მიმართულებით 13-22 აპრილის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:

„17 აპრილი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა – 15:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა – 16:30 საათზე.

18 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა – 13:00 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი – მესტია გაფრენა -13:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 15:00 საათზე;

22 აპრილი: ნატახტარი – ბათუმი გაფრენა – 9:45 საათზე, ბათუმი – ნატახტარი გაფრენა 11:45 საათზე;

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ იმოძრავებს დღეს და ხვალ მუნიციპალური ტრანსპორტი

სასაფლაოების მიმართულებით დღეს და ხვალ ახალი მარშრუტებია დანიშნული.  მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები დილის 08:00-დან 20:00-მდე იმოძრავებენ. მგზავრობა უფასოა.

ავტობუსები მეტროსადგურებიდან გავლენ.

“ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან” – ილია მეორე

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან” – ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.

“მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. ამ სიტყვებით კარგად ჩანს, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი პიროვნება თავისუფალია ეგოიზმისგან და მისი ცხოვრება სიყვარულზე, ზნეობასა და სათნოებაზეა დამყარებული. ასეთ ადამიანთა სიმრავლე ქვეყნის სიძლიერეა.

ჩვენს საზოგადოებაში კი ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.

ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან.

სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე;

წმ. პატრიარქი ამბროსი ხელაია მოგვიწოდებს: „თუ დავუდებთ ჩვენს თავისუფლებას საფუძვლად ქრისტეს ზნეობრივ სწავლას და მისი იდეალების ცხოვრებაში განხორციელებას, მაშინ და მხოლოდ მაშინ, შეგვიძლია ვიყოთ სასარგებლო წევრნი სახელმწიფოსი,” – აღნიშნულია ეპისტოლეში.

პუტინი სააღდგომო წირვას ისევ მარტო დაესწრო

ვლადიმერ პუტინი სააღდგომო წირვას ისევ მარტო დაესწრო. მსახურებას მოსკოვის ქრისტეს მაცხოვრის ტაძარში რუსეთის პატრიარქი კირილი ატარებდა, რომელმაც კრემლის ლიდერის გადაწყვეტილებას უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ მხარი მტკიცედ დაუჭირა.

პრეზიდენტი პუტინი ეკლესიაში ხალხისგან განცალკევებით, ხელში ანთებული წითელი სანთლით იდგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან,   მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან  ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

სააღდგომო ლიტურგიაზე  მთავრობის მეთაურთან ერთად პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გურიაში ტრადიციული თამაშის “ლელობურთის” სამზადისი დაიწყო

გურიაში ტრადიციული თამაშის – “ლელობურთის” სამზადისი დაიწყო. სოფელ შუხუთში სასულიერო პირები აღდგომას ულოცავენ ადგილობრივებს და სტუმრებს. სამზადისი ბურთის სილით დატენვის რიტუალს მოიცავს. ბურთი 16 კგ უნდა იყოს და მის მოსაპოვებლად ერთმანეთს სოფელ შუხუთის ორი უბანი, ე.წ. ზემოურები და ქვემოურები შეერკინებიან.

თამაში, რომელიც როგორც წესი აღდგომის დღესასწაულზე ტარდება, 17:00 საათზე დაიწყება.

აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება – ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი.

მისი თქმით, პუტინთან და ზელენსკისთან საუბრის დროს მსოფლიო ლიდერებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია იარაღის მიმწოდებელი და ომის წამახალისებელი ქვეყნების დარწმუნება იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შეწყდეს.

„აშშ-მა უნდა შეწყვიტოს უკრაინაში ომის წახალისება და დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი. ევროკავშირმა უნდა დაიწყოს მშვიდობაზე საუბარი. ამგვარად საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების დარწმუნებას იმაში, რომ მშვიდობა მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტის იმპორტი აკრძალეს

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის ორმა მეზობელმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობის ადგილობრივი სექტორის დასაცავად მიიღო.

„დღეს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კრძალავს პოლონეთში მარცვლეულის იმპორტს, ასევე სურსათის სხვა ათობით სახეობას“, – განაცხადა პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, ლეხ კაჩინსკიმ.

კაჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინის უცვლელ მეგობრად და მოკავშირედ რჩება.

„ჩვენ მას მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ. თუმცა, ყველა სახელმწიფოს, ყველა კარგი ხელისუფლების ვალდებულებაა, ნებისმიერ შემთხვევაში დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესი“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა.

პოლონეთის აკრძალვას მოგვიანებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობაც შეუერთდა. ამასთან, უნგრეთს ჯერ არ უთქვამს, როდის შევა აკრძალვა ძალაში, თუმცა მთავრობაში აღნიშნეს, რომ ის ივნისის ბოლომდე იმოქმედებს.

უნგრეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მოხდება ევროკავშირის დონეზე რეგულაციების შეცვლა.

რუსეთის ინტერვენციის შედეგად შავი ზღვის პორტების ბლოკირების გამო, უკრაინული მარცვლეულის დიდი ნაწილი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებულზე იაფია, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მიედინება, რაც ადგილობრივი ფერმერების ფასებსა და გაყიდვებზე აისახა.

გასულ თვეში ევროკომისიისადმი მიწერილ წერილში აღმოსავლეთ ევროპის ხუთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები აღნიშნავდნენ, რომ უპრეცედენტოა ისეთი პროდუქტების რაოდენობა, როგორებიცაა მარცვლეული, კვერცხი, ფრინველი და შაქარი. ისინი უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ტარიფების საკითხის განხილვის ინიციატივით გამოდიოდნენ.

უკრაინამ პოლონეთის გადაწყვეტილების გამო წუხილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკითხის ცალმხრივი რადიკალური ქმედებებით გადაჭრა სიტუაციის დადებით მოგვარებას არ დააჩქარებს.

უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, პოლონეთის აკრძალვა ეწინააღმდეგება ექსპორტის ორმხრივ შეთანხმებებს. უწყება საკითხის დასარეგულირებლად მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ გვესმის, რომ პოლონელი ფერმერები რთულ სიტუაციაში არიან, თუმცა ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ამჟამად უკრაინელი ფერმერები არიან“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

უკრაინას უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები NATO-ში გაწევრიანებამდე სჭირდება – ზელენსკი

უკრაინას უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები ნატო-ში გაწევრიანებამდე სჭირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„ლიეტუვაში, სამიტზე ჩვენი საერთო პოზიცია, ყველა მონაწილე სახელმწიფოს პოზიცია შეიძლება, იყოს მხოლოდ ისეთი ამბიციური, როგორსაც საჭიროებს ევროპული უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ ამაში. უსაფრთხოების ქმედითი გარანტიები უკრაინისთვის, ანუ სინამდვილეში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის, საჭიროა ალიანსში ჩვენს გაწევრიანებამდე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აბსოლუტურად რეალისტური და სავსებით კონკრეტული უწოდა მშვიდობის უკრაინულ ფორმულას.

„რუსეთი უნდა მოშორდეს უკრაინის ტერიტორიიდან, მთელი უკრაინიდან, ყველა ოკუპანტი. გაერო-ს წესდების თითოეული პუნქტი კვლავ უნდა ამუშავდეს, არ შეიძლება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის არც ერთი დარღვევის უგულებელყოფა. სწორედ ასეთი პრინციპების საფუძველზე დაბრუნდება უსაფრთხოება და სიმშვიდე საერთაშორისო ურთიერთობებში. სწორედ ამისთვისაა მშვიდობის უკრაინული ფორმულა, აბსოლუტურად რეალისტური და სავსებით რეალური. დღეს მაკრონთან დეტალურად განვიხილე მშვიდობის ფორმულა, ისევე როგორც საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებსაც წელს ვამზადებთ, კერძოდ ნატო-ს ვილნიუსის სამიტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.