Home Blog Page 1698

ენტონი ბლინკენი ბრიუსელში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელში გაემგზავრება, რათა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას დაესწროს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ბრიუსელში 27-29 ჩავა.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2023 წლის 27-29 ნოემბერს გაემგზავრება ბრიუსელში, ბელგიაში, რათა დაესწროს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, მათ შორის ნატო-უკრაინის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მდივანი ბლინკენი ხაზს გაუსვამს ნატოს მტკიცე ვალდებულებას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიისა და რეგიონული სტაბილურობის მხარდაჭერას და განიხილავს 2024 წლის ივლისში ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებს.

რუსეთმა სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები S-400 უკრაინის ფრონტზე გადაიტანა

რუსეთმა სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები S-400 კალინინგრადიდან უკრაინის ფრონტზე გადაიტანა, – ამის შესახებ RBC-Ukraine ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები დანაკარგების გაზრდის შემდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს გადაიტანა.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი კალინინგრადს სტრატეგიულად ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ რეგიონად მიიჩნევს, კერძოდ, იმის გამო, რომ ის სამი მხრიდან ესაზღვრება ნატოს წევრ ქვეყნებს.

„კალინინგრადის რეგიონი რუსეთის ყველაზე დასავლური ფორპოსტია და სამი მხრიდან ესაზღვრება ნატოს წევრ ქვეყნებს, რუსეთის ფედერაცია მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ სტრატეგიულ რეგიონს. ის ფაქტი, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაიტანა საჰაერო თავდაცვის სისტემები, ხაზს უსვამს იმას, რომ ომმა შექმნა სირთულეები რუსეთის ზოგიერთი თანამედროვე შესაძლებლობებისთვის“, – აღნიშნავს სადაზვერვო სააგენტო.

,, ევროპაში აღარ უნდა დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები”- ბერბოკი

უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირს გააძლიერებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „მწვანეების“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა აუცილებლობას, რომ საქართველოს, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჰქონდეთ.

გერმანიის პირველი დიპლომატი ყრილობაზე ევროკავშირის გაძლიერებისა და რეფორმირების მოწოდებითაც გამოვიდა.

„დღეს ცხადია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. უკრაინის გაწევრიანებ ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა უნდა ვრცელდებოდეს მოლდოვაზე, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთზეც. ევროპაში აღარ უნდა დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

27 ნოემბრიდან 20 დეკემბრის განმავლობაში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე პერიოდში,  წყალსადენი მილის დაერთების სამუშაოების გამო, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

 

სამუშაოები იწარმოებს IV ეტაპად:

 

პირველ ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, მუხრან მაჭავარიანისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვალენტინ თოფურიძისა და ვასო გოძიაშვილის ქუჩების კვეთამდე. სამუშაოები იწარმოებს მხოლოდ ღამის საათებში, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, ხოლო დღის განმავლობაში მოხსნილი იქნება სქემით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა და ავტომობილები შეძლებენ შეუფერხებლად გადაადგილებას.

 

შეზღუდვის პერიოდში, ვასო გოძიაშვილის ქუჩაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები  ცალმხრივად იმოძრავებენ,  ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით.

 

ხოლო მ. მაჭავარიანის ქუჩიდან ვ. თოფურიძის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მ. მაჭავარიანისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთიდან, ვ. თოფურიძისა და ვ. გოძიაშვილის ქუჩების კვეთის მიმართულებით, მ. მაჭავარიანის, ვ. თოფურიძის შესახვევისა და ვ. თოფურიძის ქუჩების გამოყენებით.

 

I ეტაპის პარალელურად იწარმოებს II, III და IV ეტაპის სამუშაოებიც.

 

II ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 5 დეკემბერს 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე.

 

III ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 6 დეკემბერს 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე.

 

IV ეტაპის სამუშაოები იწარმოებს 10 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე.

 

II, III და IV ეტაპზე, სამუშაოების პერიოდში, შევიწროვდება საავტომობილო გზა, თუმცა მოძრაობა დარჩება არსებული მდგომარეობის შესაბამისად და ავტომობილები ვ. გოძიაშვილის ქუჩაზე გადაადგილებას შეძლებენ ორმხრივად.

მომღერალი კახა აბუაშვილი დააკავეს

ქართველი მომღერალი და მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

შსს-ს ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც ძალადობას და მუქარას გულისხმობს.

იორდანეს სანაპიროზე მასობრივი არეულობები მსხვერპლით დასრულდა

მასობრივი არეულობები მსხვერპლით დასრულდა იორდანეს სანაპიროზე, სადაც ისრაელელმა სამხედროებმა რეიდი მოაწყვეს. ქალაქ ჯენინში ისინი აგვისტოს ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად შევიდნენ, რასაც ადგილობრივებთან შეტაკება მოჰყვა.

წითელი ნახევარმთვარის ინფორმაციით, შეტაკებებს 6 პალესტინელი ემსხვერპლა. 5 ჯენინში, 1 კი ქალაქ ელ ბირის სიახლოვეს დაიღუპა.

„სულიერად ნაცემი, განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში”- მეუფე შიო

„სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში“, – ამის შესახებ საპატრიარქოა ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წმინდა სახარებიდან ჩვენ წავიკითხეთ მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალ იესო ქრისტესთან მივიდა რჯულის მეცნიერი და ჰკითხა: „რა გავაკეთო, რომ მარადიული ცხოვრება დავიმკვიდრო?“ უფალმა მიუგო, რჯულში როგორ წერიაო? და აი, ამ კაცმა პასუხად წარმოთქვა ორი მცნება, რომლებიც თავად უფალ იესო ქრისტეს მიერ უმთავრეს მცნებებად მიიჩნეოდა რჯულში: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.

უფალმა უთხრა, სწორად მიპასუხე, წადი, ასე მოიქეცი და ცხონდებიო. შემდეგ, რჯულის მეცნიერი ეკითხება უფალს და მასთან ერთად ჩვენც ვსვამთ ამ შეკითხვას: „ვინ არის ჩვენი მოყვასი?“ უფალი იესო ქრისტე უპასუხებს შესანიშნავი იგავით მოწყალე სამარიტელის შესახებ:  იყო ერთი ებრაელი კაცი, რომელიც მიდის იერუსალიმიდან. მას გზაში შემოხვდებიან ავაზაკები, თავს ესხმიან, გაძარცვავენ, სცემენ და ასე ცოცხალ-მკვდარს დატოვებენ გზაზე. ჩამოიარა მღვდელმა, რომელმაც დაინახა იგი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მღვდელმა იფიქრა, ეს კაცი მკვდარიაო (როგორც გახსოვთ, მათთვის მკვდრის შეხება აკრძალული იყო, რადგან მკვდარი სხეული ითვლებოდა უწმინდურებად) და ამიტომაც ჩაუარა.

შემდეგ მოდის ლევიტელი. ლევიტელები იყვნენ მღვდლების დამხმარენი, ღვთისმსახურებაში ეხმარებოდნენ და თვითონაც ემზადებოდნენ მღვდლობისთვის. სავარაუდოდ, მანაც იგივე იფიქრა. დაინახა მან ეს დავარდნილი ადამიანი, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია და გვერდი აუარა.

დაბოლოს, ჩამოიარა სამარიტელმა. შეგახსენებთ, რომ ებრაელების მიერ სამარიტელები იმდენად მოძულებული იყვნენ თავიანთი არასწორი სარწმუნოების გამო, რომ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდათ, არც ესალმებოდნენ და მათთან ერთად სუფრასთან ჯდომაც კი ეკრძალებოდათ. და აი, მიუხედავად ამისა, სამარიტელმა დაინახა ეს კაცი, მივიდა მასთან, შეებრალა, ღვინო და ზეთი დაასხა წყლულებზე, შეუხვია, სახედარზე შემოსვა, მიიყვანა სასტუმროში და ბოლომდე უპატრონა.

ბოლოს უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს ამ იგავს, რომ თუ გვინდა, სული გადავირჩინოთ, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

ახლა ვინმე იკითხავს: – სად ვნახოთ ავაზაკების მიერ ნაცემ-ნაგვემი და გაძარცვული ადამიანი და ძირს დავარდნილი? მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, რა მდგომარეობაში ვართ თავად ჩვენ, დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენ გარშემო. განა ცოტაა ასეთი ადამიანი? იმიტომ, რომ იმ ავაზაკების გარდა, რომლებიც სხეულს თავს ესხმიან, ძარცვავენ და ჭრილობებს აყენებენ, ფიზიკურად ტანჯავენ ადამიანებს, არიან კიდევ სულიერი ავაზაკები, რომლებიც ადამიანის სულს ესხმიან თავს, ძარცვავენ, წყლულებს და ჭრილობებს აყენებენ. განა ცოტაა ჩვენ გარშემო ასეთი ადამიანი?

და ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით მათ. ჩვენ მათთან მივდივართ არა იმიტომ, რომ მალამო დავადოთ მათ წყლულებს და ვუმკურნალოთ, არამედ, სამწუხაროდ, უფრო იმიტომ, რომ გავუღიზიანოთ ეს ჭრილობები და დავუმძიმოთ.

ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რისკენ მოგვიწოდებს ამ იგავით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

როდიდან გაუარესდება ამინდი საქართველოში

საქართველოში ამინდი გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,პარტიაში, პროცესები ე.წ. კვიპროსის კულიბიდან, მუნჯად დაყუდებული მილიონრებისგან იმართება”- ზოდელავა

რაც პარტიაში ხდება, ესაა “კვიპროსის კლუბის” გადაწყვეტილებები, მერე როდესაც აღმოჩნდება რომ ეს გადაწყვეტილებები პრობლემურია, გაახსენდებათ მიშა და ატენიან მიხეილ სააკაშვილს.” – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა (მელიას გუნდიდან) მურთაზ ზოდელავამ  “მთავარი არხი”-ს ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები იმართება ე.წ კვიპროსის კულიბიდან (დავით კეზერაშვილისგან) და ე.წ მუნჯად დაყუდებული მილიონრებისგან, რაც ანგრევს პარტიას.

“სამწუხაროდ, ნაციონალურ მოძრაობაში ჩამოყალიბდა ე.წ მდუმარე მილიონერთა კლუბი, რომელთაც თავისი ბიზნესწილები ამძიმებთ, რომ ჩაერთონ რეალურ ბრძოლაში და პოლიტიკურ პროცესებში, იქნება ეს პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ამის ფონზე ამომრჩეველთა 65% თვლის, რომ ყველა ერთნაირია, არა არ ვართ ერთნაირები, თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა გაყო პარტია ორ ნაწილად, ხალხი ვინც შეითქვა და წესიერი, მებრძოლი”- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

,,ჯო ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა”- politico

„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი კვლავ ეცემა. როგორც გავლენიანი გამოცემა „ენბისი“ ამ კვირაში ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, ახალგაზრდა ამომრჩევლებს შორის, რომელთა ასაკიც 35-ს არ აღემატება, ჯო ბაიდენის რეიტინგი 42%-ია, როდესაც მის მთავარ კონკურენტს, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ტრამპი ასევე ლიდერობს კიდევ ოთხი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ამ თვეში ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვებში.

ამას გარდა, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობით უკმაყოფილოთა რიცხვიც იზრდება. როგორც ნოემბერში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ბაიდენის მიერ შესრულებული სამუშაოთი ამომრჩეველთა მხოლოდ 35%-ია კმაყოფილი. პარალელურად კი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგი იზრდება და ამ თვეში მის საქმიანობით კმაყოფილთა რაოდენობა 47%-ს აღწევს.

„პოლიტიკოს“ ცნობით, საერთო ჯამში, ნოემბერში ჩატარებული 13 გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი, წინა გამოკითხვებთან შედარებით, გაუარესებულია.

,,უკრაინელ ხალხს არა იარაღი, არამედ მშვიდობა სჭირდება და აუცილებელია მოლაპარაკებები“- აქცია ბერლინში

ბერლინში უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები მემარცხენე პარტიის ყოფილი წევრი სარა ვაგენკნეხტი და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი კორესპონდენტი გაბრიელე კრონე-შმალცი იყვნენ.

პოლიციის ცნობით, აქციაში 7000 ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ დემონსტრაციას 20 000 მოქალაქე შეუერთდა.

როგორც აქციაზე გამოსვლისას სარა ვაგენკნეხტმა განაცხადა, „უკრაინელ ხალხს არა იარაღი, არამედ მშვიდობა სჭირდება და ამისთვის აუცილებელია მოლაპარაკებები“. მან გააკრიტიკა გერმანიის მოქმედი მთავრობა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გამო, ხოლო გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს „ომის მინისტრი“ უწოდა.

აქციის მონაწილეებმა ასევე გააკრიტიკეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რომელმაც, მათივე მტკიცებით, „დაპირებები არ შეასრულა“. აქტივისტების განცხადებით, უკრაინაში ომი დიპლომატიური გზით უნდა დასრულდეს, ხოლო გერმანიამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე უნდა იზრუნოს.

ერევანში საქართველოს მოქალაქე, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

ერევნის ცენტრში ფიზიკური დაპირისპირების დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სომხური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი ვიტალი ავდიანი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ვიტია ტბილისკის სახელით იცნობენ.

ასევე, დაკავებულია მისი თანმხლები ოთხი პირი, რომლებიც რამდენიმე მოქალაქის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ. ე.წ. კანონიერი ქურდის ავტომობილის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები.