Home Blog Page 1696

“ნაცმოძრაობას“ თავისი პოლიტიკა აკნინებს” – ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა 2024 წლის არჩევნებზე მათი სრული დამარცხების განმაპირობებელი იქნება, ამას ჩვენ ხელს შევუწყობთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის და, რა თქმა უნდა, ეს მათთვის ძალიან მწარე ნაყოფს გამოიღებს.

„„ნაციონალური მოძრაობა“ რადარებზეა, მაგრამ მათი რადარებზე ყოფნა რადარის დაბინძურებაა. მათი პოლიტიკიდან გაქრობის წინაპირობა ის კი არ იქნება, რომ „ქართული ოცნება“ რეპრესიების ქვეშ ამყოფებს, არამედ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობები შეექმნა და ამის ბევრი მაგალითია.

„ნაცმოძრაობას“ თავისი პოლიტიკა აკნინებს და რეიტინგი იკლებს. მათი პოლიტიკა 2024 წლის არჩევნებზე სრული დამარცხების განმაპირობებელი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ხელს შევუწყობთ. საქართველოში დღეს საკუთარი აზრის გამოხატვა არავის ეშინია. „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის და, რა თქმა უნდა, ეს მათთვის ძალიან მწარე ნაყოფს გამოიღებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“ევროკავშირის ანგარიში სინამდვილეში ძალიან კრიტიკული და მძიმეა” – თინა ბოკუჩავა

ევროკავშირის ანგარიში სინამდვილეში ძალიან კრიტიკული და მძიმეა, სადაც აღნიშნულია, რომ სერიოზული პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციის მიმართულებით და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „რუსული ოცნება“ ყველაფერს უკუღმა კითხულობს და ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არც ევროკავშირის ანგარიში წარმოადგენს.

„სინამდვილეში, ანგარიში ძალიან კრიტიკული და მძიმეა, სადაც აღნიშნულია, რომ სერიოზული პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციის მიმართულებით და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და ევროინტეგრაციის გზაზე სვლა წარმატებით გავაგრძელოთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ სათანადოდ ბოდიშიც კი არ მოიხადა” – შალვა პაპუაშვილი

ეს არის სრული დეჟავიუ იმისა, რაც ხდებოდა ჩვენთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვხედავთ ახლა, თუ რა არის ამერიკული სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ამერიკის საპირისპირო სტანდარტი იხილა საქართველოში 2020 წლის არჩევნების დროს, როდესაც მტკიცებულებების გარეშე ხდებოდა აპელირება იმაზე, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა.

,,ამერიკული სტანდარტი არის ის, რომ პირველი, მტკიცების ტვირთი არის მის მხარეს, ვინც ამტკიცებს, რომ არჩევნებს ჰქონდა ხარვეზები და მეორე, როდესაც დადასტურდება, რომ ეს ხარვეზები არ არსებობდა, პასუხისმგებლობა არის იმის მხარეს, ვინც ამას ამტკიცებდა და ხედავთ, რამდენად მძიმეა ეს პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამწუხაროდ, ამის საპირისპიროს ვხედავდით ჩვენ საქართველოში, როდესაც მტკიცებულებების გარეშე ხდებოდა აპელირება, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის უცხოელი მფარველების მხრიდან, რომ თითქოს იყო არჩევნების გაყალბება. შემდეგ ყველაფერი გაირკვა. აბსოლუტურად ყველა პრეტენზია რიგრიგობით გაბათილდა და ვხედავთ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა არავინ არ აიღო. პირიქით, ამ ყალბ კამპანიაში მთავარი იყო ISFED-ი, რომლის მიზანიც იყო საზოგადოებაში ბრაზის გამოწვევა, უნდობლობის ატმოსფეროს შექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ რწმენის შერყევა – ზუსტად ის, რაც ითქვა ამერიკაში. ეს მიზნები ჰქონდა მაშინ საქართველოში ოპოზიციას და მის გვერდში მყოფ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. პასუხისმგებლობა მაშინ არავინ აიღო. პირიქით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ სათანადოდ ბოდიშიც კი არ მოიხადა და კვლავ იღებს მილიონობით დაფინანსებას დონორების მხრიდან. არც დონორებმა გამოთქვეს რაიმე სახის კრიტიკული მოსაზრება მიუხედავად იმისა, რომ პირადად მეც მათთან რამდენჯერმე მქონდა საუბარი, რომ არ შეიძლებოდა ამ საკითხის ასე გატარება, როდესაც ორგანიზაცია, მათი ფინანსებით საქმიანობს და ასეთ დარტყმას აყენებს დემოკრატიულ პროცესებს და შემდეგ ეს დადასტურდა, რომ იყო ყალბი კამპანია; რომ ამის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ კრიტიკულები იყვნენ ამ ორგანიზაციის მიმართ, კვლავ ხელი დააფარონ და უფრო მეტი დაფინანსებაც კი მისცენ ,,სამართლიან არჩევნებს’’ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვებისთვის. ეს გვაძლევს შედეგად იმას, რომ საბოლოო ჯამში თავად არასამთავრობო სექტორში ხდება არაჯანსაღი პროცესები და ვხედავთ, საბოლოო შედეგი, რაც არის. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩუმად იყვნენ მაშინ. ისინიც ხვდებოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო სრული სიყალბე, მიუხედავად ამისა, ხმა არ ამოიღო არცერთმა ორგანიზაციამ. ყველა გაჩუმდა და ყველამ ამ სიჩუმით გაწირა ჩვენი ქვეყანა არეულობისთვის. რომ არა „ქართული ოცნების“ მხრიდან დაჟინებული მხილება – პირველი მხილების შემდეგ ჩვენ გვქონდა კრიტიკის ტალღა დონორებისგან, რომ არ ყოფილიყო შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მაშინ ეს ასე ფასდებოდა – თუმცა, ჩვენ არ მოვეშვით და საბოლოო ჯამში გავიტანეთ ჩვენი სიმართლე. რომ არა ეს ჩვენი დაჟინებული მცდელობები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგიერთი დონორების მხრიდან, საქართველო გაწირული იყო არადემოკრატიული პროცესებისათვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ერდოღანის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმირ პუტინი თურქეთში ჩავა

ვლადიმირ პუტინი თურქეთს ესტუმრება. ამის შესახებ შეთანხმებას რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახური იუწყება, სატელეფონო საუბრისას, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გასაგრძელებლად თურქეთი ძალისხმევას განაგრძობს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების დიდი ხნით შეჩერება სარგებელს არავის მოუტანს.

პუტინის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით კრემლს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

უცხოური ვალუტის კურსი 3 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6185 ლარი ეღირება, ევრო – 2.8749 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3475 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6215 ლარი ღირდა, ევრო – 2.8768 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3555 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 აგვისტოს ამოქმედდება.

“მინდა ვკითხო ქალბატონ კელის, ეს რანაირი მიდგომაა?! თუ აქ ყველაფერი “მოსულა”?! ნურას უკაცრავად!”

NGO-ები და ოპოზიცია ცდილობდნენ შეენჯღრიათ ქვეყანა. ანალოგიური საქმისთვის ბრალი წაუყენეს ტრამპს და აქ არავინ დასჯილა. ეს რანაირი მიდგომაა?! მინდა ვკითხო ქალბატონ კელის და აშშ-ს საელჩოს, ორმაგი მიდგომა გვაქვს?! თუ აქ ყველაფერი “მოსულა”?! ეს მიდგომა აქვთ?! – ნურას უკაცრავად! – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ 2020 წლის არჩევნები და ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებში უზუსტობა გაიხსენა და განაცხადა, რომ აშშ-ში ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სწორედ არჩევნების შედეგების შეცვლის ფაქტზე წარუდგინეს ბრალი.

“ზუსტად ერთი და იგივე ხელწერა და თემაა. გახსოვთ 2020-ში ჩვენთან ეს ხელმოცარულები და რევოლუციური სცენარის მხარდამჭერები, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, უტიფრად აგრძელებდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რყევას. გახსოვთ “სამართლიანი არჩევნები” – “ფორმულაში გვქონდა შეცდომაო”. ზეპირად იცოდნენ რომ ასე იყო, მაგრამ მაინც ცდილობდნენ შეენჯღრიათ ჩვენი ქვეყანა. ანალოგიური საქმისთვის ბრალი აქვს ახლა წაყენებული ბატონ ტრამპს და აქ კიდევ არავინ დასჯილა და ეს რანაირი მიდგომაა?! მინდა ვთხოვო (ვკითხო) ქალბატონ კელის და ამერიკის საელჩოს, რადგან ისინი აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, რანაირად ხდება ეს, ორმაგი მიდგომა გვაქვს?! იქ თუ დანაშაულად ითვლება, საქართველოში შესაბამისი რეაგირება არ უნდა მოჰყვეს?! მე მათი პოზიცია მაინტერესებს უბრალოდ. თუ აქ ყველაფერი მოსულა?! ეს მიდგომა აქვთ?! ნურას უკაცრავად, საქართველო უდიდესი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, წარსულის მქონე სახელმწიფოა. ის, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ვართ, არავის არ უნდა შეეშალოს. ეს ღირსეული სახელმწიფოა, რომელიც ყოველთვის თავის სიტყვას ამბობდა, ისევე, როგორც ვაპირებთ, 21-ე საუკუნეშიც თავისი როლი შეასრულოს სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით საქართველომ ევროპასა და აზიას შორის. ამას ჩვენ მივაღწევთ მწყობრად, ქართველ ხალხთან გვერდში დგომით,” – განაცხადა ზარქუამ.

“ამერიკა დაცემის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით” – ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ ფედერალური ბრალდებების შემდეგ არასდროს ჰქონია ასეთი მხარდაჭერა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მის წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა გააღვიძა მსოფლიო კორუფციით, სკანდალით და წარუმატებლობით, რომელსაც შეერთებულ შტატებში ბოლო სამი წლის განმავლობაში აქვს ადგილი.

ტრამპის მტკიცებით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ლიდერობს ეროვნულ გამოკითხვებში როგორც რესპუბლიკელების ნომინაციაში, ასევე 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში.

„ამერიკა დაცემის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

პირველ ოქტომბერს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები გაიმართება

პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს და გურჯაანის მერს აირჩევენ.

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველი ოქტომბრის არჩევნებს. ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში. რაც, რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეების ცნობიერების ამაღლებას, ასევე საარჩევნო ადმინისტრატორები ელექტრონულ ტექნოლოგიებთან მუშაობის კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ გამოცდილებას შეიძენენ.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს სწორედ ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენებით ჩავატარეთ შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, რომელიც დადებითად შეფასდა. ამ დროისათვის ჩვენ უკვე შესწავლილი გვაქვს ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიში, იდენტიფიცირებულია ხარვეზები და საჭიროებები და გათვალისწინებული იქნება პირველ ოქტომბერს. რა თქმა უნდა, ამ არჩევნების გამოცდილებასაც შევისწავლით და გავითვალისწინებთ 2024 წლის არჩევნებისთვის. ასევე უნდა აღვნიშნოთ ამ პროცესში ჩართული მხარეების მონაწილეობის მნიშვნელობა – ელექტრონული არჩევნების დანერგვა საქართველოს არჩევნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს საარჩევნო პროცესის წარმატებით წარმართვაში.

მიგვაჩნია, რომ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის პასუხისმგებლობაა საარჩევნო რეფორმის წარმატებით განხორციელება. არჩევნები საერთო საქმეა და ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

აქვე გაგაცნობთ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ დეტალებს. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის სულ 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85.3% მიიღებს. დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კი კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის”, – განაცხადა პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს.

იუსტიციის სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე იუსტიციის სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ამ დროისთვის იუსტიციის სახლის მიმდებარე პერიმეტრი და შენობაში შესასვლელები პოლიციას აქვს გადაკეტილი.

როგორც იუსტიციის სახლის თანამშრომლები აცხადებენ, შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც დაცვამ შენობის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.

“მაღალი რომ ხარ და კიდევ „ხაბეზე“ მეტად პოპულისტი, ამიტომ გინდა დაჩაგრო?!” – ზარქუა ვაშაძეს

მივიდა ვაშაძე (პარტიაში) და ჩაგრავს “ხაბეს”, ამის გამო “ცხელ შემოდგომას” მოვუწყობ პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არასწორია. ახლა შენ იმიტომ, რომ მაღალი ხარ და კიდევ პოპულისტი ხარ “ხაბეზე” მეტად, ამიტომ გინდა დაჩაგრო?! – “არ მოსულა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “გამარჯვების პლატფორმაზე” საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ამ პლატფორმას “პოპულიზმის და ხელმოცარულების” პლატფორმას დაარქმევდა და ხალხი არჩევნებზე კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს.

„მივიდა ვაშაძე და ჩაგრავს „ხაბეს“, ამის გამო „ცხელ შემოდგომას“ მოვუწყობ აქ, პარლამენტში, იმიტომ, რომ ეს არასწორია. ახლა შენ იმიტომ, რომ მაღალი ხარ და კიდევ პოპულისტი ხარ “ხაბეზე” მეტად, ამიტომ გინდა დაჩაგრო?! მიხვედი პარტიაში ხომ, კეთილი ინებე და გაითვალისწინე, ჯერ “ხაბე”, მერე ვაშაძე. პრემიერ- მინისტრის კანდიდატურაზეც მე მხარს ვუჭერ ბატონ ხაბეიშვილს, ეკუთვნის სამართლიანად, ეს რომ მივიდა იქ და აჩოჩებს, არ მოსულა ეს, არსად არ წერია.

სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ, ორივე წყალწაღებულები არიან. 2024 – ში ხალხი დაინახავს, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ იდეალურები ვართ, ჩვენც გვაქვს შეცდომები, მაგრამ ზუსტად ვიცით და საზოგადოებამ იცის, ქართული ინტერესებით ვხელმძღვანელობთ, ამის შედეგები გვაქვს, მერამდენე წელია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ჩინეთმა სტრატეგიულ პარტნიორად მიგვიღო და ეს საფუძველია, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ურთიერთობები და შემოსავლები საქართველოსთვის, საქართველო რუკაზე თავის ღირსეულ ადგილს იკავებს და აძლიერებს,”- განაცხადა ზარქუამ.

“ქართული ოცნების” პირობებში კანონის უზენაესობა არ გვექნება – ხატია დეკანოიძე

სასამართლო და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ყველაზე უფრო მძიმე პრობლემა ამ ქვეყნის – “ქართული ოცნების” პირობებში კანონის უზენაესობა არ გვექნება, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, თავისუფალი სასამართლო სისტემა შესაძლებელია იყოს მხოლოდ პროდასავლური კოალიციური ძალის მმართველობის პირობებში.

“მთავარი პრობლემა ამ ანგარიშში ეს არის ადამიანის უფლებები, სასამართლო, კანონის უზენაესობა და მინდა გითხრათ, რომ სასამართლო და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ყველაზე უფრო მძიმე პრობლემა ამ ქვეყნის. სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება კანონის უზენაესობა, არ მოვლენ კოალიციური პროდასავლური ძალები და სასამართლოში არ გაუქმდება “კლანი”, მანამ არ გვექნება საქართველოში კანონის უზენაესობა. “ქართული ოცნების” პირობებში ეს არ მოხდება. მე არ მგონია, რომ ეს მოხდეს, ასევე, ვიღაც კონკრეტული ადამიანების პირობებში. ეს უნდა გააკეთოს დიდმა პროდასავლურმა კოალიციურმა ძალამ, რომელიც კონტროლდება ერთმანეთის მიერ. სასამართლოს სჭირდება ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელზეც მე სექტემბრიდან გესაუბრებით,” – განაცხადა დეკანოიძემ.

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.

“ადამიანის უფლებათა სისტემა თუ მყარია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს სისტემა ბოროტმოქმედების ხელშია ჩავარდნილი”

ევროკავშირის ანგარიში არ მინახავს და ვერ გეტყვით, იქ რა წერია, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, „ადამიანის უფლებების დაცვას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ვერ შეძლებ“.

„რაც არ უნდა ანგარიშში ჩაწერო, ზუსტად ვიცოდი, რომ ადამიანის უფლებების დაცვას მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოთი ვერ შეძლებ. ანუ, ისეთია, როგორიც შეეფერება იმ ქვეყნის სასამართლოს, სადაც მოსამართლეები დასანქცირებული არიან მთავარი პარტნიორის მიერ. თუ სისტემა მყარია, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს სისტემა ბოროტმოქმედების ხელშია ჩავარდნილი. ბოროტმოქმედია სასამართლო, რომელიც სააკაშვილის პერიოდიდან დაწყებული ემსახურებოდა არა ხალხის ინტერესების დაცვას, არამედ ხალხისგან პოლიტიკური ხელისუფლების დაცვას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს. თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.