Home Blog Page 1694

“გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს უკრაინის სამხედრო დახმარებას” – ზაზა შათირიშვილი

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები ევროკავშირში უკრაინული ხორბლის ექსპორტის თემის გარშემო. პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და სლოვენია კატეგორიულად ითხოვენ, გახანგრძლივდეს აკრძალვა ევროკავშირში უკრაინული ხორბლის ექსპორტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ორმხრივი აკრძალვის დაწესებით იმუქრებიან. პოლონეთის ხელისუფლებამ ხმამაღლა განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არა უკრაინა, არამედ პოლონელი ფერმერების ინტერესების დაცვაა. როდესაც ევროკავშირიდან ასეთ განცხადებებს ვისმენთ და მეორე მხრივ, საქართველოსგან ეკონომიკურ თვითდაზიანებას ითხოვენ, საზოგადოებისთვის მარტივად გასაგები უნდა იყოს, რასთანაც გვაქვს საქმე, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი განცხადებას ავრცელებს.

„ამ ყველაფრის გამო შეშფოთება გამოხატა უკრაინის ხელისუფლებამ, რომელმაც პოლონეთის ელჩი დაიბარა და განმარტებები მოსთხოვა. უკრაინელების პოზიცია სრულიად ლოგიკურია. მართლაც, გაუგებარია, რა დატვირთვა აქვს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუ მას, მეორე მხრივ, ეკონომიკურ თემებზე ევაჭრები და უკრაინელი ფერმერების მიერ სიცოცხლის ფასად მოწეულ ხორბლის მოსავალს დასალპობად წირავ. ის ფაქტი, რომ უკრაინული ხორბლის ექსპორტი რუსეთისა და დასავლეთის მიერ ორმხრივ ბლოკადაშია მოქცეული, არავითარ გამართლებას არ ექვემდებარება.

აქ დეტალებიც მნიშვნელოვანია. უკრაინის საექსპორტო ხორბლის მთლიანმა ღირებულებამ შარშან მხოლოდ ორნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სუბსიდია იქნებოდა საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინული ხორბლის ექსპორტმა ცენტრალური ევროპის ქვეყნებს პრობლემა არ შეუქმნას და უკრაინამაც ხორბლის თავისუფლად რეალიზება მოახერხოს. იმ პირობებში, როდესაც დასავლეთმა უკრაინას 80 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია, საიდანაც უშუალოდ პოლონეთის სამხედრო დახმარება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათი მხრიდან უკრაინული ხორბლის ბლოკადა ვერავითარი არგუმენტით ვერ გამართლდება. გაუგებარია, როგორ შეიძლება ქვეყანას, ერთი მხრივ, სამხედრო კუთხით ეხმარებოდე და მეორე მხრივ, ეკონომიკურ სანქციებს უწესებდე.

თუმცა, ერთია გამართლება და მეორე – ახსნა. ამ ყველაფრიდან მკაფიოდ იშიფრება ის უბედურება, რაც ჩვენი მეგობარი ქვეყნის – უკრაინის თავზე ტრიალებს. უკრაინა არის ინტერესების მსხვერპლი და მას რუსეთისა და ევროკავშირის დასასუსტებლად თავის გაწირვის უმძიმესი მისია აქვს დაკისრებული. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მიზანიც, რეალურად, არა უკრაინის დახმარება, არამედ ომის გახანგრძლივებაა, რაც მართალია, უკრაინას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს, მაგრამ რუსეთსა და ევროკავშირსაც დამატებით დაასუსტებს.

ამერიკელებს უკრაინისა და ევროკავშირის ინტერესები რომ ადარდებდეთ, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილ 43 მილიარდს ამის ზუსტად მეასედ თანხას, რამდენიმე ასეულ მილიონსაც დაამატებდნენ და ხორბალთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სირთულეებს უკრაინასაც და ევროკავშირის ქვეყნებსაც ერთი ხელის მოსმით მოუგვარებდნენ. თუმცა, ფაქტია, რომ ისინი სრულიად საპირისპირო ინტერესებით მოქმედებენ, რის გამოც უკრაინისა და ევროკავშირის ეკონომიკურ პრობლემებს შესაბამისი ენთუზიაზმით ეკიდებიან“, – წერს შათირიშვილი.

რა ხდება უკრაინაში ომის 526-ე დღეს

კიევში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა ირანული დრონებით განხორციელდა.

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 15-მდე უპილოტო საფრენი აპარატის ნეიტრალიზება შეძლო.

სერგეი პოპკოს განცხადებით, კიევის, სუმის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და ჩერკასის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების საფრთხე არსებობს.

“ყურადღება! უპილოტო საფრენი აპარატი საფრთხეს უქმნის დედაქალაქს! გადადით თავშესაგრებში!” – განაცხადა კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი პოპკომ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვა ამუშავდა.

“საჰაერო განგაში გრძელდება! ოლქში, კიევის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვა მუშაობს. იყავით თავშესაფრებში საჰაერო განგაშის დასრულებამდე!” – განაცხადა სერგეი პოპკომ.

ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ არ გავრცელებულა.

რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, წარუმატებელად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კურდიუმოვკას დასავლეთით, ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას დასავლეთით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გენშტაბის ცნობით, ფრონტზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 44 შეტაკება მოხდა.

მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ქალაქ მარინკას მიდამოში.

ასევე, გენშტაბის ცნობით, შახტიორსკის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებლად სცადეს სტარომაიორსკის დასავლეთით და უროჟაინოეს ჩრდილოეთით დაკარგული პოზიციის აღდგენა.

ამასთან, ზაპოროჟიეს მიმართულებით რუსული ძალების ძალისხმევა მიმართულია უკრაინელების შემდგომი წინსვლის აღკვეთაზე.

მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევითი ოპერაციის ჩატარებას და მიღწეულ ხაზებზე კონსოლიდაციას განაგრძობენ.

გენშტაბის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპანტები ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს და უკრაინის დასახლებებს სხვადასხვა ტიპის იარაღიდან ბომბავენ.

” საით მიდიხართ, თუ მსოფლიოს მშვიდობის გზას არ უჩვენებთ”- რომის პაპი ევროპას

რომის პაპ ფრანცისკეს ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთის ქვეყნები სწორი მიმართულებით მოძრაობენ მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას „ვატიკან ნიუსი“ ავრცელებს.

„ევროპისადმი ღრმა სიყვარულით და დიალოგის სულისკვეთებით, რომელიც განასხვავებს ამ კონტინენტს, შეგვიძლია, ვკითხოთ მას: „სად მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და ამდენი სისხლისღვრის გამომწვევი კონფლიქტების დასასრულებლად?“ – აღნიშნა პაპმა.

პონტიფიკოსმა დაგმო იარაღის წარმოებაში ინვესტიციების ზრდა და აღნიშნა, რომ იარაღი არ არის სამომავლო ინვესტიცია, მას შეუძლია ადამიანური კაპიტალის ამოწურვა, ისეთის, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა და სახელმწიფოებრივი კეთილდღეობა.

„აუცილებელია განვითარდეს სამშვიდობო დიპლომატია, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მოგვარებისა და დაძაბულობის შესამცირებლად“, – განაცხადა პაპმა.

საფრანგეთში მაღალ ტემპერატურას 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ევროპის ქვეყნები კვლავ ძლიერ სიცხეს ებრძვიან. ხანძრის ათობით კერის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის რეგიონებში.

ივლისის შუა რიცხვების მონაცემებით, გაუსაძლისი სიცხეების გამო საფრანგეთში 80-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მედია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტატისტიკური კვლევების დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ ამ სეზონზე სიცხის გამო დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

არც პუტინი და არც ზელენსკი არ არიან მზად მშვიდობისთვის -ბრაზილიის პრეზიდენტი

არც ვლადიმერ პუტინი და არც ვოლოდიმირ ზელენსკი არ არიან მზად მშვიდობისთვის, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ვიდრე მისი ქვეყანა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს, არც უკრაინის ლიდერი და არც ვლადიმერ პუტინი არ არიან მზად სასაუბროდ.

მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთისა და უკრაინის ლიდერები მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის.

,,ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი”- ვოლსკი

ვაშაძე ჩქარობს: პრემიერ-მინისტრის იდეა აქვს. რომ იძინებს, იღვიძებს, ფიქრობს რომ ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც შექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერზე საუბრისას განაცხადა.

„რეალობაში კაბინეტს ვერასოდეს შექმნის, იცის და ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრის სავარძელში წარმოიდგინა საკუთარი თავი. საინტერესოა, მინისტრები ვინ ეყოლება – ადამიანები, რომლებიც დაღმა აშენებდნენ ყოველთვის, მიუხედავად იმისა რა სათაურს დაარქმევ“, – მიიჩნევს ვოლსკი.

გამარჯვების პლატფორმას აუცილებლად ეყოლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

G7-ის დეკლარაციას, უკრაინასთან დაკავშირებით 12 ქვეყანა შეუერთდა

2023 წლის მეორე ნახევარში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ კონკრეტული გახდება. დიდ შვიდეულთან ერთობლივ დეკლარაციას კიდევ 12 ქვეყანა შეუერთდა. ამის შესახებ RBC-Ukraine, უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„ამ წლის მეორე ნახევარში ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი საკმაოდ კონკრეტული გახდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

G7-თან ერთობლივ დეკლარაციას შეერთებული ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ბელგია, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, ნორვეგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, ფინეთი, ჩეხეთი და შვედეთი.

ზელენსკის თქმით, ელჩები განიხილავენ, რომელ ქვეყნებს შეეძლებათ კვლავ შეუერთდნენ უსაფრთხოების გარანტიებს.

ცნობისთვის, ნატოს სამიტზე დამტკიცებული დიდი შვიდეულის დეკლარაცია უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას ითვალისწინებს. ეს გარანტიები უნდა მოქმედებდეს მანამ, სანამ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი, რადგან მაშინ ისინი აღარ იქნება საჭირო.

მომავალში, G7-ის ამ დეკლარაციაში შეერთება ნებისმიერ ქვეყანას შეეძლება, რომელიც უკრაინას ორმხრივ დონეზე გარკვეული გარანტიების მიცემაზე ოფიციალურად დათანხმდება

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

 

ხელსაყრელი დროა ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, ახალი ურთიერთობისა და სიყვარულისთვის, ინფორმაციის მიღებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა კომუნიკაბელურობამ ან შემთხვევითმა ნაცნობობამ ფინანსური სარგებელი მოგიტანოთ.

 

კურო

 

თავს შესანიშნავად გრძნობთ. თანდათან ყველა ურთიერთობა მოგვარდება. თავი შეიკავეთ აგრესიისგან, რადგან ეს გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი სითბო და ყურადრება აკლია.

 

ტყუპები

 

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით. დაავადება, რომელიც ამ დღეს გამოვლინდება, ხანგრძლივი იქნება. მგზავრობისა და მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დღეა. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომა, რომელიც ცრუ ინფორმაციას ან სიტუაციის არასწორად შეწფასებას უკავშირდება.

 

კირჩხიბი

 

შესაძლოა, თქვენი გეგმები გავლენიანმა ადამიანებმა მოიწონონ და მათი ფინანსური მხარდაჭერა მიიღოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან რაც თქვენს ორგანიზმს ზიანს მიაყენებს – განსაკუთრებით ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტისგან.

 

ლომი

 

სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. შესაძლოა, დღის პირველ ნახევარში პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ – მეგობრების რჩვა ან დახმარება სიტუაციას უკიდურესობამდე გაამწვავებს. გირჩევთ ახლობელ ადამიანთან ან ნათესავებთან დიდი ხნის წინ დაწყებული დაპირისპირება დროულად დაასრულოთ.

 

ქალწული

 

ეს დღე სულიერი წონასწორობის მოპოვებასა და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას განასახიერებს. დღე სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყება, დიდი სიურპრიზით გაგრძელდება და საყოველთაო აღიარებით დასრულდება. ხელსაყრელი დღეა შეძენისთვის. ნათესავებთან და ახლობელ ადეამიანთან ურთიერთობის დროს ეცადეთ ტაქტი გამოიჩინოთ – ეს ერთადერთი საშუალებაა პრობლემების ასაცილებლად.

 

სასწორი

 

სიახლეების დღეა. ცვლილებებს, რომლებიც ამ დღეს გელით, როგორც დადებითი ისე უარყოფითი ტენდენციები ახლავს, ამიტომ ეცადეთ, გონივრულად და წინდახედულად იმოქმედოთ.

 

მორიელი

 

წინა დღეების დაღლილობა თავს იჩენს, ამიტომ შესაძლოა, თავი შეუძლოდ იგრძნოთ და ხასიათი გაგიფუჭდეთ. დაუფიქრდით რას ამბობთ და რას აკეთებთ და ოჯახის წევრების მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ. თქვენი დაუფიქრებელი სიტყვით შეიძლება ვიღაცას გული ძალიან ატკინოთ, რაც თქვენს ურთიერთობაზე ცუდად აისწახება. ასჯერ გაზომეთ დაერთხელ გაჭერით.

 

მშვილდოსანი

 

შესანიშნავი მეხსიერება, გამჭრიახობა და არასტანდარტული გამოსავლის პოვნის უნარი ნებისმიერ საქმეშჭი წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გაითვალისწინეთ, რომ დღეს გამოვლენილი დაავადება ხანგრძლივი იქნება. ეს განსაკუთრებით მამაკაცებს ეხებათ.

 

თხის რქა

 

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უფროსთან ან პარტნიორებთან მოსალოდნელია კონფლიქტები. გამორიცხული არ არის უცნობი ადამიანების მხრიდან უხეშობა და აგრესია. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი კოლექტყიური საქმიანობის დროს. ილუზიებმა და არასწორმა ინფორმაციამ შესაძლოა, თქვენგან გამოუკიდებელი მიზეზების გამო ფინანსურად დაგაზარალოთ.

 

მერწყული

 

სავარაუდოდ, მთელ დღეს პირადი და ოჯახური პრობლემების მოგვარებას დაუთმობთ და სამსახური და ბიზნესი მეორეხარისხოვანი გახდება. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები. კამათი შეიძლება ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს. ერიდეთ მოზარდ შვილებთან მბრძანებლური ტონით საუბარს გაითვალისწინეთ, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება სიყვარულისა და პატივისცემის ატმოსფეროში.

 

თევზები

 

მოსალოდნელია ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული უსიამოვნო ამბავი, რაც თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება. ეცადეთ, ფსიქოლოგიურად დაიცვათ თავი ყველანაირი მოულოდნელობისგან და მშვიდად მიიღოთ ყველაფერი, რასაც ეს დღე გიმზადებთ. მოსალოდნელია შემთხვევითი ნაცნობობა, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან საქართველოდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. მათივე ცნობით, 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. „1-ელი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი“, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

,,იცოდნენ, რომ გაყალბება არ ყოფილა, მაგრამ უტიფრად აგრძელებდნენ ჩვენი ქვეყნის რყევას”- ზარქუა

იცოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა, მაგრამ უტიფრად მაინც აგრძელებდნენ ჩვენი ქვეყნის რყევას, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ISFED-ზე საუბრისას განაცხადა. მან 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის მცდარ შედეგებსა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე წაყენებულ ბრალდებას შორის გაავლო პარალელი.

„ზუსტად ანალოგიური საქმისთვის ახლა ბრალი აქვს წაყენებული ბატონ ტრამპს და აქ კიდე არავინ დასჯილა. მინდა ვთხოვო ამერიკის საელჩოს, იმიტომ რომ ისინი აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს – რანაირად ხდება ეს, ორმაგი მიდგომა გვაქვს? იქ თუ ეს დანაშაულად ითვლება, აქ ყველაფერი მოსულა?“ – ამბობს ზარქუა.

ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე.

დონალდ ტრამპის ბრალდებაზე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს იხსენებენ, რა დროსაც ადგილი ჰქონდა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. „ისფედი“ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მმართველი გუნდის ლიდერებმა ამხილეს.

,,დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის სამინისტრო ყველა სიტუაციაში მოქალაქეების ინტერესების სადარაჯოზეა. დღეს, იუსტიციის სახლში, ბოროტმოქმედის ცრუ შეტყობინების საფუძველზე მომხმარებელთა და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დროულად განხორციელდა ევაკუაცია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ იუსტიციის სახლის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული დაკეტვის მიუხედავად, მომხმარებლებს სათანადო მომსახურება გაეწიათ.

„საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დამნაშავე გამოიკვეთება და აგებს შესაბამის პასუხს.

მთავარი კი ის არის, რომ იუსტიციის სახლის, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, დაკეტვის მიუხედავად, შევძელით, რომ მომხმარებლისთვის გაგვეწია სათანადო მომსახურება და ადამიანებს იმედი და ნდობა გავუმართლეთ.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით. წარმატებული პროექტის შედეგად ჩვენს მოსახლეობას არა მარტო სოფლად, არამედ კრიზისულ სიტუაციებში ქალაქებშიც ვემსახურებით. ამის ერთი ნათელი მაგალითი ქუთაისშიც გვქონდა ცოტა ხნის წინ, როდესაც წყალდიდობით გამოწვეული შეფერხების მიუხედავად მოსახლეობას სპეციალური მიკროავტობუსების მეშვეობით მივაწოდეთ ყველა საჭირო სერვისი.

საამაყოა ჩვენი თანამშრომლების მონდომება, ორგანიზებულობა და კოორდინაცია არაორდინალურ სიტუაციებშიც. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ.

ვემსახურებით საქართველოს“, – წერს მინისტრი.

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს 9:00 საათიდან მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას

იუსტიციის სახლი ავრცელებს.

ამავე ცნობებით, მობილური იუსტიციის სახლების საშუალებით მზა დოკუმენტების გაცემა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომის ტერიტორიიდან შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მობილური იუსტიციის სახლები მომხმარებლებს, ამ რეჟიმში, 21:00 საათამდე მოემსახურება;

„მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა იქნა მიღებული, გატარდა შესაბამისი ღონისიძიებები.

იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრმა განაახლა მუშაობა და აგრძელებს მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, 24 საათი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.