Home Blog Page 1690

“ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, რას მალავენ, სასამართლოში კლანი თუ არ არსებობს”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განაცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„რას მალავენ? – მესმის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პროცედურით ეწინააღმდეგებიან, მაგრამ თუ არაფერი ხდება, სასამართლოში კლანი არ არსებობს, უკეთესი არ იქნება, კომისია შეიქმნას და ვნახოთ, რომ არაფერი ხდება – არც კორუფცია არსებობს, არც კეთილსინდისიერების პრობლემა. სათქმელი თუ არ გვექნება, „ქართული ოცნება“ უფრო გამარჯვებული არ იქნება, ვიდრე ოპოზიციას ჩაუსაფრდეს, იქნებ, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელმა ფეხი მოიტეხოს და პარლამენტში არ მოვიდესო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი. რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 51-მა წევრმა. კვორუმის არარსებობის გამო, კენჭისყრა ვერ შედგა. სხდომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მიიღეს გადაწყვეტილება, არ გაიარონ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. „ეს არის სოლიდარობის აქტი ქართველი მოსამართლეების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

” სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის”- თალაკვაძე

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„თუ რამე კომისიის შექმნა შეუძლიათ, თუ რამე მხარდამჭერი გუნდის გაკეთება შეუძლიათ, დღეს ყველაზე მთავარი არის, რომ ისინი მივიდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაარწმუნონ და დაეხმარონ მას, რომ აღადგინოს სრულფასოვანი კვება, შეასრულოს დანიშნულება და რეკომენდაციები, რომელიც გასცეს ექიმებმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, კომისიამ დაადგინოს, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის უფლებები და კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება თუ არა პატიმარი სათანადო პირობებში.

უკრაინამ ბელარუსიდან ელჩი გაიწვია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსში უკრაინის ელჩი იგორ კიზიმა კონსულტაციებისთვის გაიწვია.

ამის მიზეზი ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე – ფაქტო ხელმძღვანელთან დენის პუშილინთან შეხვედრა გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელიც უკრაინის მართლმსაჯულებას ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო ემალება და არის უკრაინისა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ, ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან განვიხილავთ მორიგ არამეგობრულ აქტად, რომელიც მიმართულია აგრესორი სახელმწიფოს მხარდაჭერისკენ.

ამასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში კონსულტაციებისთვის გამოიწვიოს“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ოფიციალურ მინსკს თავი შეიკავოს მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებისგან და შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მხარდაჭერა.

“დავბრუნდებით უფრო ძლიერები, წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება” – ხვიჩა კვარაცხელია

„მილანთან“ წაგებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების (0:1, 1:1) შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს წაგებისა და გამოუყენებელი პენალტისთვის ბოდიში მოუხადა.

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“, – დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ დამარცხების მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებგვერდებმა Whoscored-მა და sofascore-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.

ორი მატჩის ჯამში „მილანმა“ მოიგო 2:1 (1:0, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

“წერეთლის გამზირზე მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება” – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც, “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 19 აპრილს, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

კერძოდ, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.

რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის აკაკი წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თითო მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ ერთი სამოძრაო ზოლი.

ავტომობილების მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება საგურამოს, არჩილ ქურდიანის, ბათუმის, არჩილ კერესელიძის,  სულიკო   კოროშინაძისა და წყალტუბოს ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით და პირიქით.

საგურამოს, არჩილ ქურდიანის და ბათუმის ქუჩებიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩიდან გიორგი ცაბაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, დავით ყიფიანის ქუჩიდან, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

არჩილ კერესელიძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რაჟდენ გვენეტაძის ქუჩით, ან, რაფაელ აგლაძისა და ალექსი გოგოლაურის ქუჩების გამოყენებით, აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

სულიკო კოროშინაძის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილდებიან გოგოლაურის ქუჩის გავლით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

წყალტუბოს ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ აგლაძის ქუჩის გავლით, როგორც მირცხულავას, ასევე, სამტრედიის ქუჩების გამოყენებით აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად, ღამის საათებში, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, გადაადგილება შეიზღუდება, როგორც  გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით ჩამსვლელი ავტომობილებისთვის, ასევე, მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირისკენ, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარედ ამსვლელი ნაკადისთვის.

აღნიშნული შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები  გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზის გამოყენებით, მარცხენა სანაპიროდან სამტრედიის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდისა და გრიგოლ რობაქიძის გამზირის მიმართულებით. ხოლო, გრიგოლ რობაქიძის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე ჩამსვლელი ნაკადი გადაადგილებას შეძლებს აკაკი წერეთლის გამზირისა და სამტრედიის ქუჩების გამოყენებით.
გიორგი ცაბაძის ქუჩიდან აკაკი წერეთლის გამზირისა და მარცხენა სანაპიროს მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება დარჩება უცვლელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, მიმდებარე ქუჩებიდან  აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სუდანში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა

სუდანში ქვეყნის არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებებს, რომელიც 15 აპრილს დაიწყო, 270 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 2,6 ათასი ადამიანი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დაღუპულთა შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 3 თანამშრომელია. ჯანმოს ხელმძღვანელმა თედროს გებრეისუსმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა სინანული გამოთქვა.

სუდანში 15 აპრილს სწრაფი რეაგირების ძალებმა სამხედრო გადატრიალება სცადეს, მაგრამ მათ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მხარი არ დაუჭირეს. მას შემდეგ ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს.

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში სხვადასხვა პირზე საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა, ჯამში, 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება და დაკავება. გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენობის ცხრა ცალი ყალბი კუპიურა და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“უკრაინელებმა ოდესაში 12 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს” – ომის 420-ე დღე

ომის 420-ე დღეს, რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე Shahed-ის დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს.

„საჰაერო სარდლობის ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა 12 Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში.

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 183 750 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, მათ შორის, 620 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკლეს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 665 ტანკს, 7 110 ჯავშანტექნიკას, 2819 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 308 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 692 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2376 უპილოტო საფრენ აპარატს, 911 ფრთოსან რაკეტას და 538 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას.

გერმანიამ კი, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი გადასცა, – ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო მესაზღვრეებისთვის ორი მანქანა, Zetros-ის მარკის 16 სატვირთო ავტომობილი და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა რაკეტებთან ერთად.

ამასთან, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის უკრინისთვის გადაცემული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების რაოდენობა.

ცნობისათვის, 2022 წლის ბოლოს ვაშინგტონმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. თეთრი სახლის ამ ინიციატივას 2023 წლის 5 იანვარს ბერლინიც შეუერთდა.

“მარიინკაში ვითარება უცვლელია, ავდეევკაშიც ჩვენები წარმატებით იგერიებენ ურდოს შემოტევებს”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“14 ერთეული ბრიტანული სუპერ ტანკი ჩელენჯერ 2 უკვე უკრაინაშია;

ფრანგული მსუბუქი ტანკები (უფრო ზუსტად თვითმავალი არტილერიული სისტემა) უკვე უკრაინელი საზღვაო ქვეითების განკარგულებაშია;
გერმანიის მიერ დაპირებული ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა პატრიოტი ადგილზეა, ანუ ისიც უკრაინაშია;
ამასობაში ურდოსიამ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო “ტ-90-ებით და ტ-80-ებით”, ახლა კი ჩამოგორდა “ტ-55-ებზე” და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის არტილერიაზე;

“ომი ძალიან, ძალიან მალე დასრულდება”; “ყირიმის გათავისუფლება გეგმის მიხედვით მოხდება” – ასეთი ოპტიმისტური განცხადებები ეკუთვნის არც მეტი, არც ნაკლები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელს, გენერალ კირილო ბუდანოვს;

ამავე დროს, ურდოსიაში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე პანიკა სულ უფრო მატულობს როგორც პროპაგანდისტულ არხებზე, ისე ადგილზე. ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მოსახლეობას ნავებს ართმევენ, ხოლო ზაპოროჟიეში მოსახლეობას მოუწოდებენ დატოვონ საცხოვრებელი და გადავიდნენ რუსეთში, იმიტომ რომ სულ მალე დაიწყება უკრაინელების შეტევა;

პრეზიდენტი ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ავდეევკა ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია და სწორედ იქ ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი; მან დააჯილდოვა უკრაინელი მებრძოლები, გაამხნევა და მადლობა გადაუხადა მათი გმირული ბრძოლისთვის;

შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილია განსხვავების პოვნა, რამდენად ბუნებრივია ზელენსკი თავის სამხედროებთან ურთიერთობაში საბრძოლო მოქმედებების 5კმ-იან რადიუსში და რამდენად ყალბი და ხელოვნურია პუტლერი თუ მისი ორეული ვითომ ხერსონის და ლუჰანსკის ოლქებში ყოფნის დროს; თანაც პუტლერის პიარის მანქანაც ირღვევა უკვე ფაჩიკოს გარმონივით – პუტლერი ამბობს, მალე აღდგომააო, პიარი ამტკიცებს აღდგომის მერე 2 დღეში ჩავიდაო. თანაც, რომც დავუშვათ, რომ უშუალოდ რეალური პუტლერი იმყოფებოდა ადგილზე, ღია სადაზვერვო წყაროების ანალიზზე დაყრდნობით, ის იმყოფებოდა ხერსონის ოლქში საბრძოლო მოქმედებების არეალიდან 130-150 კილომეტრში (სადაც მას ჩვენი რაკეტები ვერ მიწვდებოდა); ეს მართლა ბუნკერის ვირთხა ესა.

ფრონტის ხაზზე ყველაზე მძიმე ვითარება მაინც ბახმუტშია. მის დასავლეთ ნაწილში მიდის გაცხარებული ბრძოლები. ჩვენები ანადგურებენ როგორც ურდოს რეგულარულ ნაწილებს, ისე ვაგნერელ ორკ-ესტრანტებს. ძალიან სერიოზულად ფიტავენ ურდოს რესურსს; სავსეა სანგრები ურდოს ტვირთი 200-ებით; თანაც ჩვენების დრონებიც ჩინებულად მუშაობს – უშვებენ და უშვებენ კობოზნის კონცერტზე “იღბლიანებს”; სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი სირსკი კვლავ აცხადებს, რომ ადგილზე ვითარება კრიტიკულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება; უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ჩვენები პირველ რიგში ცოცხალ ძალას ზოგავენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ჩვენების მსხვერპლი და მაქსიმალური ზიანი მიაყენონ მტერს;

მარიინკაში ვითარება უცვლელია; ავდეევკაშიც ჩვენები წარმატებით იგერიებენ ურდოს შემოტევებს; კრემინა-სვატოვო-ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებაზე პოზიციურ ბრძოლები გრძელდებოდა მთელი დღის განმავლობაში;

დიდი შვიდეულის საგარეო მინისტრები შეიკრიბნენ იაპონიაში; შემაჯამებელ კომუნიკეში მათ კვლავ მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები მთელი უკრაინის ტერიტორიიდან;

ბლუმბერგის ინფორმაციით, მაკრონი ამზადებს სამშვიდობო გეგმას და იმედი აქვს, რომ ჩინეთის დახმარებით ზაფხულში მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს უკრაინას და რუსეთს; სავარაუდოდ, მაკრონიც კი უკრაინის ფართომასშტაბიან შეტევას დაელოდება;

ბრაზილიის პრეზიდენტს ოფიციალურმა კიევმა ხომ უპასუხა, არ ვიცით რაზე საუბრობს ბატონი ლულა, ჩვენ ჩვენი მშვიდობის ფორმულა გვაქვსო; მერე საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში მოყვა ლულა ბატონი და იძულებული შეიქნა, დაეკორექტირებინა თავისი გზავნილები. მან დაგმო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები;

მოკლედ, ვინც რა “სიბრძნე არ უნდა აფრქვიოს”, ყველაფერი მაინც ბრძოლის ველზე გადაწყდება! ამასთან დაკავშირებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უახლოესი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება და აშშ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის დასახმარებლად!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ერიკა ოლსონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

“ჩემო უმაგრესო ქართველებო! უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის!”-ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე ქართველ გულშემატკივარს მიმართავს და ხმის მიცემის შედეგების გამოცხადების დროს ასახელებს.

“ჩემო უმაგრესო ქართველებო! უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის! ყველაზე მეტად მაძლიერებს და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს! ძალიან მიყვარხართ და უფრო მაბედნიერებს ხოლმე ის როცა ყველანი ერთად ვერთიანდებით მიზნის მისაღწევად, საოცარი შეგრძნებაა შედეგებს გავიგებთ მომავალ ლაივზე ანუ შემდეგ ორშაბათს, გკოცნით და მიყვარხართ!” – წერს ნუცა ბუზალაძე.

 

https://www.facebook.com/NutsaBuzaofficial/posts/pfbid0i6eVdXNkrku3uAS44czqi4DQZHiE9k69GnyADsKNqwJsjAn2GRBXCf6X1RB1ijacl

19 აპრილს სასწაულთმოქმედი ხატის„მსწრაფლშემსმენელის“ დღესასწაულია

19 აპრილს ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის„მსწრაფლშემსმენელის“ დღესასწაულია.
ეს ხატი იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს:
მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმიდა ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მე-10 ს-ში ცხოვრობდა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედია და წარმოშობით საკმაოდ დაცილებული ჩვენს ხანას. მის ფერებს თითქოს დაუკარგავს თავდაპირველი კოლორიტი, მაგრამ არც თუ მთლად. გარკვეულ წილად ამაში ჩანს განგება ღვთისა: საუკუნეების მანძილზე იგი შემონახულია უვნებლად, სწორედ იმიტომ, რომ აღასრულოს სასწაულები და კურნებანი სადიდებელად ღვთისა.
თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წ. გამოავლინა:
ხატის წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ. ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა-ხოლმე. ერთხელაც, ტრაპეზარმა ბერმა ნილოსმა, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და შემოესმა ხმა: „აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ სჭვარტლავ ჩემს სახეს“.
უჟამო ჟამს ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო გზა; არც ანთებული კვარით სიარულისათვის დაუნებებია თავი. გამოხდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?“ და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაჰკარგა. ახლა კი გაახსენდა უწინ გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი ცოდვის მთელი სიმძიმე და მიხვდა, რომ ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობისა და დაუდევრობის გამო. ნილოსი, სრულიად დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა: ეგდო ხატის წინ დამხობილი, სანამ არ დადგა დღე.
შეშინებული ბერები მოწიწებითა და კრძალვით დაემხნენ სასწაულთმოქმედი ხატის წინ, აანთეს მის წინ კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს მის წინ ეკმია საკმეველი. ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღე და ღამე დამხობილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ გოდებდა და შეწყალებას ევედრებოდა. ჭეშმარიტი სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას, რომ ყური არ ათხოვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიტყვებს.
ყოველთა მონანულთა შემწემ არ უგულებელჰყო უსინათლო მლოცველის ღაღადისი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერი ცრემლებით ლოცულობდა ხატის წინ, ესმა ხმა მისგან: „ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანისა. დე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მსწრაფლშემსმენელად“, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“.
ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს თვალები აეხილა.
ამ სასწაულის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა წმიდა მთაზე და მრავალი ბერი, მსურველი სასწაულის ხილვისა, მოაწყდა დოქიარის სავანეს. ისინი მოწიწებით თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებას და გაოცებულნი შესცქეროდნენ მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარს.
ამასობაში, ძმებმა ზღუდით გამოჰყვეს ეს ადგილი და რამდენადაც ხატი დასავლეთის კედელზე იყო დაწერილი, სატრაპეზოს შესასვლელისგან მოპირდაპირე მხარეს, მოაწყვეს მშვენიერი ტაძარი მისი სახელობისა. ამ დღიდან მოყოლებული, გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთს მღვდელმონაზვნებიდან ყველაზე უფრო ღვთისმოშიშსა და გამოცდილს, რომ მუდმივად იმყოფებოდეს ხატთან და მის წინ დილას და საღამოს აღასრულებდეს პარაკლისს. გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ მორიგე მსახური მღვდელი იწყებს გალობას შუა ტაძარში და იმავე წამს მამები და ძმები უდიდესი მოკრძალებით გამოდიან ტაძრიდან, მიემართებიან ამ ხატთან და მის წინაშე აღასრულებენ ღვთისმშობლის პარაკლისს და იხსენებენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ლოცულობენ მსოფლიო მშვიდობისათვის.
მსახურ მღვდელს ევალება თვალყური ადევნოს სისუფთავის დაცვას. „მსწაფლშემსმენელის“ სამლოცველოში კვირაში ორჯერ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხატის წინ მუდმივად ენთოს კანდელი. მათი რიცხვი 20-ს აღწევს, ამათგან ექვსი მუდმივად ანთია. ყველა ეს კანდელი ღვთისმოსავი ქრისტიანების შემოწირულობას წარმოადგენს ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების სამადლობელად. ამ კანდელების ზეთიც შემოწირულია.
ღვთაებრივი „მსწარაფლშემსმენელის“ ხატის მადლით მრავალ უსინათლოს აეხილა თვალი, კოჭლებმა იწყეს სიარული, დაუძლურებულნი განმტკიცდნენ, ბევრჯერ ჩაძირვას გადაურჩნენ გემები, გათავისუფლდნენ ტყვები და მრავალი სხვა. დღემდე იგი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებით და შემუსრვილი გულით.
1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველისმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს. ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9 ნოემბერს (ახ. სტ. 22 ნოემბერს), დოქიარის მონასტერს, რომელშიც იმყოფება ეს ხატი, აქვს საკათედრო ტაძარი მთავარანგელოზის სახელობისა, რომლის დღესასწაულიც 8 ნოემბერს (ახ. სტ. 21 ნოამბერს) აღინიშნება. მეორე დღეს აღესრულება წირვა ამ ხატის სახელზე.
1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში, ერთ-ერთი ასლი კი საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ
ევედრებიან მრავალთა უძლურებათა – სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს, ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას
ტროპარი, ხმა 4
ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.
ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა – უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.