“უკრაინელებმა ოდესაში 12 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს” – ომის 420-ე დღე

43
spot_img

ომის 420-ე დღეს, რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე Shahed-ის დრონებით თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 12 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს.

„საჰაერო სარდლობის ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ჯარისკაცებმა 12 Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონიდან 10 გაანადგურეს“, – აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში.

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 183 750 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, მათ შორის, 620 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკლეს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 665 ტანკს, 7 110 ჯავშანტექნიკას, 2819 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 308 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 692 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2376 უპილოტო საფრენ აპარატს, 911 ფრთოსან რაკეტას და 538 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას.

გერმანიამ კი, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი გადასცა, – ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

მთავრობაში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო მესაზღვრეებისთვის ორი მანქანა, Zetros-ის მარკის 16 სატვირთო ავტომობილი და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა რაკეტებთან ერთად.

ამასთან, ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის უკრინისთვის გადაცემული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების რაოდენობა.

ცნობისათვის, 2022 წლის ბოლოს ვაშინგტონმა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. თეთრი სახლის ამ ინიციატივას 2023 წლის 5 იანვარს ბერლინიც შეუერთდა.