Home Blog Page 1687

“ძალიან გამიკვირდება, თუ პუტინი პრიგოჟინზე შურს არ იძიებს” – CIA-ის დირექტორი

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, გასაკვირი იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინზე შურს არ იძიებს.

როგორც ბერნსმა ასპენის ინსტიტუტის ფორუმზე განაცხადა, პუტინი შეეცდება, მაქსიმალურად დაარეგულიროს „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის შედეგები, რათა შემდეგ პრიგოჟინზე შური იძიოს.

„ვფიქრობ, პუტინი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თვლიან, რომ შურისძიება ცივად მისართმევი კერძია. ის შეეცდება სიტუაცია მაქსიმალურად დაარეგულიროს. გამიკვირდება, თუ პუტინი პრიგოჟინს სამაგიეროს არ გადაუხდის“, – აცხადებს ბერნსი.

მისივე თქმით, პრიგოჟინის ნეიტრალიზებამდე პუტინი შეეცდება, ის „ვაგნერისგან“ განაცალკევოს, ვინაიდან ის კრემლს უკრაინაში, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სჭირდება.

CIA-ის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ. მისი განცხადებით, პრიგოჟინის მხრიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის მეთაურის მისამართით კრიტიკის ფონზე მოვლენების ასეთი განვითარება დიდწილას მოსალოდნელი იყო.

“მოვუწოდებთ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი ჩაატარონ”

თბილისის საკრებულოს პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კორუფციის ხელშემწყობი სისტემების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებელი აუდიტი უნდა ჩატარდეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140-ე მუხლი საკრებულოს აძლევს შესაძლებლობას, მოწვეულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა აუდიტი ჩაატაროს, რაც თბილისის მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

2023 წლის 7 ივლისს დანიური გამოცემამ დაწერა, რომ თბილისის მერიამ 2021 წელს 60 მილიონი ლარით ძვირად შეიძინა თურქული კომპანია BMC-სგან 226 ცალი 12 მეტრიანი ავტობუსი ვიდრე სხვადასხვა ქვეყანაში მისი რეალური ღირებულებაა. თბილისის მერიამ ეს თანხა განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან EBRD-დან მიიღო, სწორედ ამიტომ არის საინტერესო როგორ დაიხარჯა ევროკავშირის ფული, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დონორების მიერ დაფინანსებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

ამ სტატიაში ნათლად ჩანს ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების რისკი მაღალია თბილისის მუნიციპალიტეტში შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა საქმეში ევროკავშირის აუდიტის განყოფილება და ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლო ჩაერთოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ბუნდოვანია სად მიდის ქართველი ხალხის ფული, თუმცა ახლა ვხედავთ რომ ევროკავშირის ფულიც თბილისის მერიისა და კალაძის სავარაუდო კორუფციულ ჭაობში იძირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კორუფციის ხელშემწყობი სისტემების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სახელით მოვუწოდე ხელისუფლებას და ოპოზიციას – გამოვიყენოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კანონისმიერი დანაწესი და ჩავატაროთ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებელი აუდიტი, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვლინდეს ყველა სავარაუდო კორუფციული ბუდე თბილისის მერიაში და როგორც საკრებულომ მივიღოთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაცია კორუფციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ყველასთვის“, – განაცხადა ნინო წულაძემ, რომლის კომენტარს პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

“სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად”

ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს – “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე”.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად. ისინი საკუთარ ქვეყანას იცავენ და რეფორმებს ახორციელებენ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

“მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი” – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა” -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ოთხდღიან დარტყმებსა და რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების მოკვლას აბსოლუტური ბოროტება უწოდა და პირობა დადო, რომ ამ ქმედებებს უკრაინის მხრიდან პასუხი მოჰყვება.

„რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა. […] 2007 წელს დაბადებული გოგონა და 2013 წელს დაბადებული ბიჭი დაიღუპნენ.

დღეს რუსული რაკეტები და დრონები კვლავ ბომბავდნენ ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან მხოლოდ ოდესის რეგიონში რუსული ტერორისგან 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

ასეთი დარტყმის განხორციელება მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია. იქნება პასუხი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

“ვფიქრობ, სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით”

იმის ნაცვლად, რომ პოლონურ მხარეს ბოდიში მოეხადა და ასეთი ექიმისთვის ლიცენზია შეეწყვიტა, კრიტიკა მივიღეთ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ პოლონეთი სააკაშვილთან დაკავშირებით გარკვეულ როლს ასრულებს.

„პოლონელი ექიმების ჩხრეკის ჩანაწერის გასაჯაროება კარგი თანამშრომლობა არ არისო, პოლონეთის საგარეო უწყებამ და პალატიდან ბიოლოგიური მასალის ფეხსაცმლით, უკანონოდ გამოტანა თურმე კარგი თანამშრომლობა ყოფილა.

არ დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მეგობარი იყო და დღეს თუ პოლონეთში პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ვსაუბრობთ, შეიძლება ითქვას, რომ არაფორმალურად, მაგრამ ძალიან ძლიერად წარმოდგენილი არის კაჩინსკის ძმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი შიდა, პოლონური პოლიტიკისთვის სჭირდება, რადგან პოლონურმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა მიხეილ სააკაშვილისა და გარდაცვლილი კაჩინსკის ურთიერთობა. ამიტომ არის პოლონეთი ამ საქმით ასე განსაკუთრებულად დაინტერესებული.

ასევე, არ დაგავიწყდეს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს, მას სწორედ პოლონეთიდან გაუხსნეს საზღვრები დასაბრუნებლად. ანუ, ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთი ამ ყველაფერში ასრულებს გარკვეულ როლს. სწორედ ამიტომ იყვნენ პოლონელი ექიმები ჩამოსულები და არა შვეიცარიელები ან – იტალიელები. პოლონელ ექიმს რომ გამოეტანა ეს ბიოლოგიური მასალა, რაც, რა თქმა უნდა, გაყალბებისთვის სჭირდებოდათ, ამას უკვე პოლონური მხარე გამოიყენებდა. ამის თქმის საფუძველს მათი საგარეო უწყების განცხადება მაძლევს. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ და ასეთი ექიმისთვის ლიცენზია შეეწყვიტათ, რაც ადეკვატური პასუხი იქნებოდა, მივიღეთ პირიქით – კრიტიკა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით. შემდეგ, ალბათ, რამე ვორკშოფს მოაწყობდნენ და გამოფენდნენ მასალებს, თუ როგორ „წამლავენ“ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

“მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან”

მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ეს დოკუმენტები არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ.

ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ასე რომ, ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია რუსეთს შევხედოთ და ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმრავლესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა.

ასე რომ, კიდევ ერთხელ, ამერიკული კანონი ფოკუსირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა მათ ინტერესებში იმუშაონ. აქ, საქართველოში, თქვენ ისედაც მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა გაქვთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ასე რომ, ძალიან განსხვავებული სიტუაციებია“, – განაცხადა დეგნანმა.

დონეცკის ოლქის დაბომბვას ორი უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.

„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს – ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში.

შუადღის დაახლოებით სამ საათზე “რაშისტებმა” სოფელი არტილერიით დაბომბეს – ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს.

გარდა ამისა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაშავდა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – წერს კირილენკო.

შავი ზღვის აკვატორიაში ყველა გემის შემოწმებას გეგმავენ

epa04665120 The US cruiser USS Vicksburg sails during a NATO naval drill held on the Black See, off the coast of Constanta, Romania, 16 March 2015. NATO Standing Maritime Group-2 (SNMG-2), a multinational naval NATO forces group commanded by US Admiral Williamson held a multi-purpose war exercise, planned last year. The group is composed by frigates from Turkey, Italy, Canada and Romania, an US cruiser as commander ship, and a fuel tanker from Germany. Participant vessels are US cruiser USS Vicksburg, frigates HMCS Fredericton of Canada, TCG Turgutreis of Turkey, ITS Aliseo of Italy and auxiliary ship FGS Spessart from Germany. EPA/ROBERT GHEMENT

რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში ყველა გემის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში მიმავალ ყველა გემს განიხილავს, როგორც სამხედრო ტვირთის მქონეს, მაგრამ რამე ზომების მიღებამდე მათ შემოწმებას გეგმავს.

„საუბარია იმაზე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გემს რამე ცუდი არ გადააქვს. ეს ნიშნავს მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, ასეა ეს თუ არა. უკვე აღარ არის საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი. ახლა უკვე გაზრდილი სამხედრო საფრთხის ზონაა“, – განაცხადა ვერშინინმა.

იტალიის პოლიციამ რეკორდული რაოდენობის – 5.3 ტონა კოკაინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ სიცილიის სანაპიროსთან რეკორდული რაოდენობის (5.3 ტონა) კოკაინი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოპერაციის ფარგლებში, იტალიელმა სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს: ხუთი პირი სათევზაო გემიდან და 15 პირი პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემიდან, საიდანაც კოკაინი იყო გადაზიდული. ამოღებული ნარკოტიკული ტვირთის ღირებულება 850 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

დაკავებულებს შორის არიან იტალიის, ტუნისის, საფრანგეთის, ალბანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამართულ შეხვედრაზე რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ და კიდევ უფრო გაძლიერდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა.

შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ღვინის ექსპორტი, შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც, 6 თვეში ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის მასშტაბით დაანონსებული შეხვედრა გამართა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი, იმერეთის საბჭოს ხელმძღვანელ მარეხი ნიჟარაძესთან ერთად, ორგანიზაციის საბჭოს წევრებს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ქალებს შეხვდა.

მათივე ცნობით, ქალთა ორგანიზაცია გამუდმებით ფართოვდება და სულ უფრო მეტ ძალასა და რესურსს იკრებს.

ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე პროექტები და ამავე დროს პრობლემური საკითხები, რომელთა განხორციელებაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმერეთის მოსახლეობისთვის.