“მოვუწოდებთ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი ჩაატარონ”

116
spot_img

თბილისის საკრებულოს პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კორუფციის ხელშემწყობი სისტემების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებელი აუდიტი უნდა ჩატარდეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140-ე მუხლი საკრებულოს აძლევს შესაძლებლობას, მოწვეულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა აუდიტი ჩაატაროს, რაც თბილისის მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

2023 წლის 7 ივლისს დანიური გამოცემამ დაწერა, რომ თბილისის მერიამ 2021 წელს 60 მილიონი ლარით ძვირად შეიძინა თურქული კომპანია BMC-სგან 226 ცალი 12 მეტრიანი ავტობუსი ვიდრე სხვადასხვა ქვეყანაში მისი რეალური ღირებულებაა. თბილისის მერიამ ეს თანხა განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან EBRD-დან მიიღო, სწორედ ამიტომ არის საინტერესო როგორ დაიხარჯა ევროკავშირის ფული, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დონორების მიერ დაფინანსებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

ამ სტატიაში ნათლად ჩანს ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების რისკი მაღალია თბილისის მუნიციპალიტეტში შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა საქმეში ევროკავშირის აუდიტის განყოფილება და ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლო ჩაერთოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ბუნდოვანია სად მიდის ქართველი ხალხის ფული, თუმცა ახლა ვხედავთ რომ ევროკავშირის ფულიც თბილისის მერიისა და კალაძის სავარაუდო კორუფციულ ჭაობში იძირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კორუფციის ხელშემწყობი სისტემების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სახელით მოვუწოდე ხელისუფლებას და ოპოზიციას – გამოვიყენოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კანონისმიერი დანაწესი და ჩავატაროთ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებელი აუდიტი, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვლინდეს ყველა სავარაუდო კორუფციული ბუდე თბილისის მერიაში და როგორც საკრებულომ მივიღოთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაცია კორუფციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ყველასთვის“, – განაცხადა ნინო წულაძემ, რომლის კომენტარს პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.