Home Blog Page 1687

ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა დახურულ ფორმატში გაიმართა

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვა დახურულ ფორმატში გაიმართა. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური იტყობინება.

„დაახლოებით საათ-ნახევრის წინ პრიგოჟინი დაკრძალეს“, – ინფორმაცია RTVI-ს კორესპონდენტს პოროხოვსკის სასაფლაოს ადმინისტრაციის თანამშრომელმა დაუდასტურა.

ამასთან, როგორც „რია ნოვოსტისთან“ საუბარში წყარომ აღნიშნა, დაკრძალვა პრიგოჟინის ახლობლების სურვილის შესაბამისად ჩატარდა.

მათ სურდათ, რომ ბიზნესმენის დაკრძალვაზე მხოლოდ ოჯახის ახლობლები და უახლოესი მეგობრები ყოფილიყვნენ.

27 აგვისტოს საგამოძიებო კომიტეტმა დაასრულა გენეტიკური კვლევა.

როგორც TASS-ს საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა დაღუპულის ვინაობა დადგენილია, მათ შორის არის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი.

ცნო­ბის­თვის, 23 აგვისტოს ტვერის ოლქში ავიაკატასტროფა მოხდა, რომელზეც რუსული მხარის ინფორმაციით, ბორტის 10 წევრს შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები, მათ შორის მისი ხელმძღვანელიც, იმყოფებოდნენ.

იტალიაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

იტალიური მედიის ცნობით, დააკავეს საქართველოს 8 მოქალაქე, რომლებსაც სალერნოში ბინებისა და კომერციული ობიექტების ძარცვა, ასევე, მოპარულის გასაღება ედებათ ბრალად.

სამართალდამცავები ამბობენ, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებამ რვა თვის განმავლობაში მოიპარა 100 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა, საათები და ელექტრონული პროდუქცია. მოპარული საქონლის ნაწილი გამოძიების შედეგად ამოიღეს.

პოლიციის ცნობით, დაკავებულების უმეტესობა იტალიაში არალეგალურად ცხოვრობდა.

კობა კობალაძემ საერთაშორისო ლაიონს კლუბის პრეზიდენტს პატი ჰილს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ საერთაშორისო “ლაიონს კლუბების”(LIONS CLUBS INTERNATIONAL) პრეზიდენტს, პატი ჰილსა და “ლაიონს კლუბების” კოორდინატორს საქართველოში, ბენტ იესპერსენს უმასპინძლა.

კობა კობალაძემ, სტუმრებს გააცნო სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა, სამსახურის, სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები; საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები; მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა_საქართველოსა და სამსახურს შორის არსებულ მრავალწლიან, პარტნიორულ ურთიერთობებს, იმ საქველმოქმედო-სამედიცინო აქციებს, რომელსაც კლინიკა, სამსახურის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთათვის ატარებს. კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ სამსახურის ბენეფიციართა წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

პატი ჰილმა განაცხადა, რომ მისთვის პატივია, სტუმრობდეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომელიც იმ ღირსეულ ადამიანებს და მათ ოჯახებს აერთიანებს, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და მისთვის სასიხარულოა, რომ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამსახურის ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

პატი ჰილმა ისაუბრა ”ლაიონს კლუბების” საქმიანობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ საქართველოში ორგანიზაციის მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ვრცლად ისაუბრა მისი აქტივობის სფეროს გაფართოების გზებსა და შესაძლებლობებზე.

სტუმარმა, ასევე, ისაუბრა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის ახალ პერსპექტივებსა და ერთობლივ პროექტებზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა -საქართველოს გენერალური დირექტორი, თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო კარანაძე, საერთაშორისო “ლაიონს კლუბების” ფონდის (LCIF) წარმომადგენელი საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაცია”ლაიონს ქუესტ საქართველო-განათლების ლაბორატორიის” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ბესელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, დავით პავლიაშვილი და სამედიცინო ექსპერტი, ვახტანგ ჩხეიძე.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო “ლაიონს კლუბი” მსოფლიოში ცნობილი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1917 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ქვეყანაში, ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. „საერთაშორისო ლაიონს კლუბების” ქსელი ორასზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის დევიზია -” ჩვენ ვემსახურებით!” „საერთაშორისო ლაიონს კლუბმა”, საქართველოში, 2003 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარსდა თხუთმეტი “ლაიონს კლუბი”. დაარსებიდან დღემდე, საქართველოს “ლაიონს კლუბებმა”, მრავალი სოციალური, საქველმოქმედო, საგანმანათლებლო, ჯანმრთელობის პროექტი განახორციელეს “ლაიონს კლუბების” საერთაშორისო ფონდისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით,11 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1193 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 1564 სათვალე;

„ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა – საქართველო”, „ლაიონს ქლაბს ინთერნეიშენალ ფაუნდეიშენის” მიერ დაფუძნებული ერთადერთი კლინიკაა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში;

 სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის სახელით G20-ის სამიტს უხელმძღვანელებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის პრეზიდენტის სახელით ინდოეთში G20-ის სამიტს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პროსამთავრობო „რიანოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განუცხადა.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პრეზიდენტის სახელით უხელმძღვანელებს დელეგაციას G20-ის სამიტზე ინდოეთში“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მანამდე კი, როგორც კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრისას განიხილეს G20-ის მოახლოებული სამიტი.

ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტრო ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან (10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს სამხედრო მოსამსახურე, სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდათ. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სტიქიის ზონაში, სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე, ონისა და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანომობილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დაღუპულის ოჯახის წევრებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 30 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6268 ლარი ეღირება, ევრო – 2.8398 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3098 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6299 ლარი ღირდა, ევრო – 2.8400 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3131 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 30 აგვისტოს ამოქმედდება.

„შემცდარი ევროპა ვერ ამჩნევს, რომ მისი დრო დასრულებულია” – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „შემცდარი ევროპა ვერ ამჩნევს, რომ მისი დრო დასრულებულია: სანამ კონტინენტი მოსახლეობის სიბერეს ებრძვის, მსოფლიოში ძალაუფლების ახალი ცენტრები ჩნდება“ (ავტორი – ჟერარ აგო, საფრანგეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩვენ, ევროპელები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი პატარა კონტინენტი დღემდე არამხოლოდ მსოფლიო ისტორიის ცენტრია, არამედ ამჟამინდელ მსოფლიოსაც აყალიბებს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დანარჩენ ისეთ ფასეულობებს, რომელთა უნივერსალურობაში ეჭვიც კი არ შეგვაქვს. ჩვენ საკუთარ თავს დიდსულოვან, უძლიერეს და კეთილზნეობრივ ადამიანებად ვთვლით…. მაგრამ ევროპული ძლიერების ჭეშმარიტი პერიოდი სინამდვილეში უკვე მხოლოდ გავლილ ისტორიულ ეპიზოდს წარმოადგენს.

დიახ, ევროპელები მსოფლიოში მბრძანებლობდნენ მე-18 საუკუნიდან 1945 წლამდე და ახლაც ჩვენ მხოლოდ ამერიკას ჩამოვრჩებით, მაგრამ მბრძანებლობის პერიოდი რაღაც ორასიოდე წელი თუ გრძელდებოდა. ჩვენ რომ ავიღოთ და 1950 ან 1750 წლის ინდოეთისა და ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ევროპისას შევადაროთ, მათი მშპ, ალბათ, უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყნისა.

ამრიგად, ნიუ-დელი და პეკინი ჩვენი აყვავებისა და ბატონობის დროს ევროპელებს მხოლოდ მეტიჩრებად გვთვლიდნენ, ხოლო დღევანდელი ეკონომიკური ბალანსის აღდგენის მცდელობა აზიასა და ევროპას შორის (რომელიც ოცი წელიწადია გრძელდება), მათი ხედვით, მხოლოდ ძველი ისტორიული ნორმისადმი დაბრუნებას წარმოადგენს. ჩვენ, მეტიჩრებს, ჩვენი ადგილი გვაჩვენეს.

გასაკვირი არაა, რომ 2016 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჟურნალ The Atlantic-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ივარაუდა, რომ კაცობრიობის მომავალს ერთად გადაწყვეტენ ნიუ-დელი, პეკინი და ვაშინგტონი.

აშშ-ში ელჩად ყოფნის დროს ყურადღება მივაქციე იმას, თუ როგორ გულგრილად, მოწყენილად და უგულებელყოფით გვიყურებენ ჩვენ, ევროპელებს, ჩვენივე მემკვიდრე ამერიკელები. ჩვენ მათთვის ბებერი დეიდები ვართ, რომელთა ნათქვამი სერიოზულად არ უნდა მიიღო.

ვაშინგტონისათვის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი და იმავდროულად ძირითადი გამოწვევებიც აზიაში მდებარეობენ, ამიტომაც აშშ-თვის სრულიად ლოგიკურია სწორედ აზიისაკენ მიიხედოს და აზიელების მიმართულებით იმოქმედოს. ამ საკითხში ყველაფერი ერთმნიშვნელოვნადაა: იმიტომ, რომ ამერიკა რუსეთს რეგიონულ სახელმწიფოდ მიიჩნევს და ყურადღების ცენტრად აღარ თვლის. თეთრ სახლს სურს რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს უკრაინის ომის საკითხი და გაერკვეს რეალურ საფრთხესთან – ჩინეთთან მიმართებით.

შეგვიძლია თუ არა ჩვენ, ევროპელებს, დავამტკიცოთ, რომ ძველებურად მნიშვნელოვანი ვართ და ტურისტებისათვის მხოლოდ პერიფერიულ ღირსშესანიშნაობას არ წარმოვადგენთ?

ვეჭვობ, რომ არა და თანაც ძალზე კონკრეტული მიზეზით: როგორც ფრანგი, ჩემს ქვეყანას ყურადღებით ვაკვირდები, რომელსაც 1815 წლიდან, მცირე პერიოდების გამოკლებით, ჩინეთი საფრანგეთს ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ თვლიდა. დღეს კი საფრანგეთი დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ქვეყნის ბედს სწორედ დემოგრაფია განსაზღვრავს.

აქედან გამომდინარე, ევროპა უპრეცედენტო სიტუაციის წინაშე დგას. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლამდე ევროპის მოსახლეობა 5-10%-ით შემცირდება, ხოლო შრომისუნარიან ასაკში უფრო მეტად – 17%-ით.

რას ნიშნავს ეს?

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ნაკლები მოსახლეობა, იქნება ნაკლები მოთხოვნილება და, შესაბამისად, ნაკლები ეკონომიკური ზრდა. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, საფრთხე ელოდება იმ „ევროპულ მოდელს“, რომელიც კომპრომისს გულისხმობს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსა და ეკონომიკურ რეალობას შორის.
დაბერებული ევროპელი ამომრჩეველი ითხოვს პირველს მეორის ხარჯზე. უახლოეს ათწლეულში ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპის დაბერებული მოსახლეობა (80 წელზე ზევით) გაორმაგდება.

მოსახლეობის დაბერება დაკავშირებულია მედიცინის ხარჯების ზრდასთან, სოციალური შეღავათების გადიდებასთან. დემოგრაფიული კრიზისი სულ უფრო მეტად შეიტანს განხეთქილებას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის – შრომისუნარიანებსა და პენსიონერებს შორის. კიდევ უფრო გამწვავდება დავა მიგრანტებთან დაკავშირებით. შობადობის წახალისების პროგრამების ჩავარდნების გამო მთავრობები, დემოგრაფიული კრიზისის გამოსწორების მიზნით, ქვეყანაში სულ უფრო მეტ მიგრანტს შეუშვებენ. რა თქმა უნდა, დღევანდელ ევროპაში ასეთი გადაწყვეტილება ენთუზიაზმს არ იწვევს. როცა ფრანგმა მინისტრმა ამას წინათ განაცხადა, რომ რიგ სფეროებში კადრების უკმარისობის გამო მიგრანტების გარკვეული მიღება მოგვიწევსო, საზოგადოებაში ისეთი პროტესტი გაისმა, რომ მან სწრაფად „უკუსიჩქარე“ ჩართო.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ყველაზე მეტად იმ მიზნით გავიდა, რომ იმიგრაციის ტალღა შეეჩერებინა, თანაც თვით ევროკავშირის ქვეყნებიდან. გერმანიამ 2015 წელს ახლო აღმოსავლელ მიგრანტებს კარი გაუღო – ჰუმანიტარული კრიზისის გამო, მაგრამ დღეს სანანებლად გაუხდა. გერმანელები და ევროპელები სამუშაოს საძებნელად აშშ-ში მიდიან. რასაკვირველია, ევროპიდან ამერიკაში მიგრაცია უკიდურესად არასასურველია – ჩვენ ვკარგავთ მაღალგანათლებულ ახალგაზრდებს, რადგან ამერიკაში მათ დიდი შესაძლებლობები ელოდებათ.

აშშ-ში ჩემი ელჩად ყოფნის დროს მოგზაურობის შესაძლებლობა მქონდა, ბევრი შტატი მაქვს მოვლილი და ყველგან ვხვდებოდი ევროპელ სწავლულებს, ქირურგებს, მასწავლებლებს და ბიზნესმენებს. ჩემთვის ძალიან საწყენი იყო ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მათ სწავლაზე თანხები დახარჯეს, ისინი კი თავიანთი შრომით ამერიკას ამდიდრებდნენ.

ჩემს კითხვაზე, თუ რატომ დატოვეს საფრანგეთი (ან გერმანია, იტალია და ა.შ.), მათი ერთადერთი არგუმენტი ასეთი იყო: უკეთესი დაფინანსება და ცოტა საკანონმდებლო ბარიერები. დიახ, სამწუხაროა, რომ დაბერების პროცესში მყოფ ქვეყნებში ბევრად ცოტა ფულია და მთავრობები სულ უფრო მკაცრ საფინანსო განკარგულებებს იღებენ.

ამ სტატიის წაკითხვისას ნუ გაიფიქრებთ იმას, ჩემი პესიმიზმი ტიპური ფრანგული ბუზღუნია და იტყვით, რომ ბრიტანული და ფრანგული დემოგრაფია კარგ მდგომარეობაშია.

ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ევროპა სიბერისაგან თანდათან სუსტდება. ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ მართლაც ძველი სამყარო ვართ. კაცობრიობის მომავალი კი სადღაც სხვა ადგილზე გადაწყდება.

წყარო

ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გამოცდებზე ჩაიჭრა

2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

უფრო კონკრეტულად, მათემატიკის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 15.75 %-მა ვერ გადალახა, კონკურსში მონაწილეობას კი 84.25 % აგრძელებს. ბიოლოგიის გამოცდაზე ჩაიჭრა 14.71 %, შესაბამისად, 85.29 %-მა ზღვარი გადალახა, ქიმიის კონკურსში მონაწილეობას აბიტურიენტთა 80.47 % აგრძელებს, მინიმალური ზღვარი კი აბიტურიენტთა 19.53 % -მა ვერ გადალახა, ხოლო ფიზიკის გამოცდაზე აბიტურიენტთა 30,95% ჩაიჭრა და მინიმალური ზღვარი 69.05 %-მა გადალახა.

რაც შეეხება სხვა საგნებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა მხოლოდ 3.44% -მა ვერ გადალახა და კონკურსში მონაწილეობას 96.56% აგრძელებს.

ინგლისური – კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 96.43 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.57 %-მა.

ისტორია – კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 94.47 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 5.53 %-მა.

გეოგრაფია – კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს აბიტურიენტთა 91.58 %, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 8.42 %-მა.

“უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ დასავლეთის ფულით არის შესაძლებელი” – Deutsche Welle

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ დასავლეთის ფულით არის შესაძლებელი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ აშშ და ევროკავშირი კიევს საარჩევნო კამპანიისა და ხმის მიცემის დაფინანსებაში დაეხმარება“, – ასეთი პასუხი გასცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ჟურნალისტის ნატალია მოსეიჩუკის კითხვას, უკრაინის ტელემარათონის ეთერში 28 აგვისტოს ღამით, როცა მან კომენტარი გაუკეთა დასავლეთი მოწოდებას უკრაინაში არჩევნების ჩატარების თაობაზე.

უკრაინის ლიდერის თქმით, მშვიდობიან დროს არჩევნების ჩასატარებლად 5 მილიარდი გრივნაა საჭირო. „რაც შეეხება იმას, თუ ომის დროს რამდენი ფული იქნება საჭირო, ეს მე არ ვიცი. არჩევნებს კი იმ ფულით ვერ ჩავატარებ, რომელიც იარაღის შესყიდვას უნდა მოხმარდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დამკვირვებლები და ჯარისკაცების ხმები

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ამერიკამ და ევროპამ უკრაინაში დამკვირვებლები უნდა გამოგზავნოს, მათ შორის ფრონტის წინა ხაზზეც. „ყველაზე მთავარს ახლა ვიტყვი: თუ რისკია, მაშინ ყველამ ერთად გავრისკოთ. დამკვირვებლები სანგრებში, ტყვიის ქვეშ უნდა ისხდნენ. ეს აუცილებელია, რომ ჩვენი არჩევნები მსოფლიომ სამართლიანად და ლეგიტიმურად ჩათვალოს. დამკვირვებლების ცეცხლის ხაზზე გაგზავნა აბსოლუტურად სამართლიანი მოქმედება იქნება“, – ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეთ არა მარტო სამხედრო მოსამსახურეებს, არამედ მთელ მსოფლიოში გაბნეულ უკრაინელ ლტოლვილებსაც. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს შეახსენა, რომ უკრაინის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს.

დასავლეთი მოუწოდებს, უკრაინა უარზეა

ამას წინათ ამერიკელმა სენატორმა-რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინის ხელისუფლებას არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა, რომელიც არაუგვიანეს 2024 წელს უნდა მოხდეს.

წესით და რიგით, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 29 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პარლამენტმა – „ვერხოვნა რადამ“ – სამხედრო მდგომარეობის ვადა ნოემბრამდე გადასწია.

თუ კვლავ ასე გაგრძელდება, მაშინ „საფრთხე ელოდება“ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასაც: ვოლოდიმირ ზელენსკის უფლებამოსილება 2024 წლის 31 მარტს ეწურება. სავარაუდოდ, ის ქვეყნის მეთაური ომის დასრულებამდე იქნება.

წყარო

„ვიეტნამის ჯუნგლები“ უკრაინაში: „სერებრიანის ტყეში ისეთი ბრძოლებია, რომ იქიდან ცოტა თუ ვინმე გამოდის უვნებელი“

ნორვეგიული მაღალტირაჟიანი მთავარი გაზეთი „აფტენპოსტენი“ (Aftenposten) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სერებრიანის ტყიდან ცოტა თუ ვინმე გამოდის უვნებელი. ვინ დაიხევს უკან პირველი?“ (ავტორი – პერ-ანდერს იუჰანსენი), რომელშიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხარკოვის ფრონტზე მიმდინარე ბრძოლებია მიმოხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სანამ უკრაინის არმია სამხრეთში, ზაპოროჟიეს ფრონტზე ახალი ძალებით იბრძვის სამთვიანი კონტრშეტევის მთავარი მიზნის მისაღწევად, ჩრდილოეთში, ხარკოვის ფრონტზე რუსეთის არმიამ გასულ თვეში თავისი შეტევა წამოიწყო.

სერებრიანის ტყეში საშინელი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ მასზე ცოტას წერენ და ლაპარაკობენ. ამ ადგილას რუსები ნელ-ნელა წინ მიდიან, მაგრამ ძალზე სისხლისმღვრელი შეტაკებებით. დონბასის ჩრდილოეთით, ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე, სამხრეთის სტეპური რეგიონისაგან განსხვავებით, უღრანი ტყეები მდებარეობს, აქ მდინარეები და ჭაობებია.

„ჯოჯოხეთი“ და „ვიეტნამის ჯუნგლები“

უკრაინელი ჯარისკაცები სერებრიანის ტყეს „ჯუნგლებს“ უწოდებენ. სამწუხაროდ, ამ გაუვალ ადგილში ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იღუპება ისე, რომ შემდეგ მათი გვამების დასაფლავებასაც ვერ ახერხებენ. ვინ დაიხევს უკან პირველი?

„ეს ჯოჯოხეთია დედამიწაზე“, – ამბობენ ჯარისკაცები.

„ალბათ, ამ ადგილზე უარესი არსად არ არის. ვერც კი წარმოვიდგენ უფრო საშინელ მდგომარეობას, როგორიც სერებრიანის ტყეშია შექმნილი“, – ამბობს ჩემთან საუბარში უკრაინის არმიის ასეულის მეთაური, მეტსახელად „დაღიანი“, – ჩემი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობიდან მხოლოდ 30%-ღა დარჩა უვნებელი“.

ზოგიერთი ჯარისკაცი, რომელსაც ბახმუტის (არტემოვსკის – რუს.) ბრძოლებშიც მიუღია მონაწილეობა, ამბობს, რომ საომარი სიტუაცია სერებრიანის ტყეში ბევრად უარესია.

„აქ უკრაინის ვიეტნამია“, – აღიარებენ ისინი. იშვიათად, მაგრამ იგივეს წერს უკრაინის მასმედიაც.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ბრძოლა სტეპში მოგვიწევდა, მაგრამ აქ მოგვიყვანეს. ეს ტყე პირდაპირ ჯუნგლებია. ახლა რომ მშვიდობა იყოს, აქაური ბუნება მიმზიდველი იქნებოდა, მაგრამ ომის დროს აქ ყველაფერი საზარელი ხდება“, – აღნიშნავენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები.

საზაფხულო კონტრშეტევა თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. უკრაინის არმიამ უკვე მთლიანად ჩააბა საომარ ოპერაციაში თავისი უკანასკნელი რეზერვები. აქვთ თუ არა უკრაინელებს გამარჯვების შანსი? ეს ჯერ არავინ არ იცის.

სერებრიანის ტყეში ბევრ ადგილზე ხანძრებია და ცაში კვამლის ბოლქვები ადის. რუსები უკრაინელების ტყიდან გაძევებას მძიმე მექანიზებული ცეცხლმტყორცნებით ცდილობენ. რუსებს საკმაოდ გამაგრებული პოზიციები აქვთ, ტრანშეებით, საცეცხლე წერტილებით, მიწისქვეშა გვირაბებით. „სერებრიანის ტყეში გვამებისგან ისეთი სუნი დგას, რომ გამოცდილი ჯარისკაცებიც კი ვერ იტანენ“, – წერს ერთ-ერთი სამხედრო ბლოგერი ინტერნეტ-გამოცემაში, – მათ სახე სქელი ქსოვილით აქვთ შეხვეული, გააქტივებულ ნახშირთან ერთად“.

შიშის განცდა „ჯუნგლებში“

როგორც უკრაინელი მებრძოლი, მეტსახელად „ფუგასი“ ამბობს, მებრძოლებს ყველაზე ძალიან მაშინ ეშინიათ, როცა რუსეთის ავიაცია მართვად, პლანირებად ბომბებს ყრის. მათი აფეთქების შემდეგ გიგანტური კრატერები რჩება და ყოველივე ცოცხალი იღუპება.

„მტერი აქტიურად იყენებს პლანირებად ბომბებს. რუსები ზემოდან გვზვერავენ და ჩვენს სამეთაურო პუნქტებს პოულობენ. ისინი დიდი ძალებით გვიტევენ, რიცხობრივი უპირატესობა მათ მხარეზეა“, – ამბობს „ფუგასი“.

სერებრიანის ტყეში დაჭრილების გადარჩენა ძნელად ხერხდება. „უამრავი ამპუტაციის გაკეთება გვიხდება“, – ამბობს სანიტარული ექიმი ალინა, – ევაკუაციაც ძალიან ძნელია, დიდი და სახიფათო გზაა გასავლელი“.

საინტერესოა, რომ ალინა ეჭვის თვალით უყურებს უკრაინისა და დასავლური მასმედიის რიხიან მოწოდებებს „სრული გამარჯვების“ თაობაზე და კრიტიკულად არის განწყობილი. „მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა ხდება რეალურად ფრონტებზე. ვინ შეცვლის დაღუპულ-დაჭრილებს? ვინ ჩაანაცვლებს იმათ, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიღუპებიან? მე არავითარ გამარჯვებას არ ველოდები უახლოეს ხანში“, – აცხადებს სანიტარული ექიმი.

რა ხდება ფრონტებზე?

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბრძოლები გადამწყვეტ ფაზაში შედის – კიევის არმიის საზაფხულო შეტევა დასასრულს უახლოვდება.

– სამხრეთის ფრონტი: უკრაინელებმა კიდევ ერთი სოფელი დაიკავეს – რობოტინო. ზოგიერთ ადგილზე უკრაინის არმიამ დანაღმული ველები გადალახა, წინ 10-12 კილომეტრით წაიწია და რუსების სამხაზიანი თავდაცვის ზოლიდან მეორეს მიუახლოვდა.

– ჩრდილოეთის ფრონტი: რუსეთის არმია სერებრიანის ტყიდან კუპიანსკისაკენ წინ მიიწევს, თუმცა უკრაინელები დიდ წინააღმდეგობას უწევენ.

– აღმოსავლეთის ფრინტი: ბახმუტთან უკრაინელები რამდენიმე ასეული მეტრით წინ წავიდნენ, მაგრამ ბრძოლის ველზე თავიანთი საუკეთესო ჯარისკაცები დატოვეს.

კრიტიკა ქვეყნის შიგნით და გარეთ

ქვეყნის შიგნით კრიტიკა მატულობს. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კონტრშეტევის სავარაუდო წარუმატებლობას, ტაქტიკურ და სტრატეგიულ შეცდომებს სერიოზული [პოლიტიკური] შედეგები მოჰყვება. როგორც ჯერ-ჯერობით ჩანს, საბრძოლო მოქმედებები თანდათან ჩიხში შედის.

ამერიკული და გერმანული პრესა უკრაინელ გენერლებს აკრიტიკებს ძალების არასწორი განლაგებისა და მათი გაფანტვის გამო, თუმცა აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედი აქვთ, რომ უკრაინის არმია ცოტა ხანში სამხრეთის ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს. „რუსები უკვე დასუსტდნენ, მათ ბრძოლები ძალიან ძვირად უჯდებათ. რუსულ მეორე თავდაცვით ხაზს უკრაინელები უფრო იოლად გაარღვევენ“, – წერენ ისინი.

რატომაა მნიშვნელოვანი სერებრიანის ტყე?

გასული წლის ზაფხულის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ რუსეთის არმიას ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების (ე.წ. „რესპუბლიკების“) დარჩენილი ტერიტორიაც გაეთავისუფლებინა უკრაინელებისაგან. ამისათვის რუსებს სერებრიანის ტყეში შესვლა მოუწიათ. მოგვიანებით, შარშან, აგვისტო-სექტემბრის ცნობილი შეტევის დროს უკრაინელებმა რუსები ტყიდან გააძევეს, მაგრამ ახლა ისევ რუსები უტევენ.

საქმე იმაშია, რომ  სერებრიანის ტყეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: რუსებისათვის ტყე გასაღების როლს ასრულებს სლავიანსკისა და კრამატორსკის დასაკავებლად. უკრაინელებისთვის კი ლუგანსკის ოლქის რიგი ქალაქების გასათავისუფლებლად.

რუსეთის არმიის სარდლობას იმედი აქვს, რომ სერებრიანის ტყეში შეტევა უკრაინის არმიის ძალების გაფანტვას გამოიწვევს – კიევი იძულებული გახდება სამხედრო ქვედანაყოფები სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადაისროლოს.

პროგრესის ალბათობა

ანალიტიკოსები და ექსპერტები, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სხვადასხვანაირად მსჯელობენ: „ახლა ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ უკრაინელებმა სიტუაციის სტაბილიზება მოახერხეს“, – ამბობს ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი.

მაგრამ ყველაზე მთავარი საკითხია ის, თუ რამდენად შორს წავა უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთში. სავარაუდოდ, ამაზე პასუხი მაშინ გვექნება, როცა უკრაინელები რუსების მეორე თავდაცვის ხაზს მიადგებიან.

„შეტევა თეორიულად კიდევ შეიძლება გარკვეული პროგრესით განვითარდეს, მაგრამ რეალურად ისეთი სიტუაციაა, რომ მოსახდენი უკვე მოხდა – [უკრაინაში და საზღვარგარეთ] უმეტესობა პესიმისტურადაა განწყობილი“, – ასკვნის მაიკლ კოფმანი.

წყარო

უკრაინამ 84 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 84 დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხების კომისარზე, ოლეგ კოტენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრის ახლობლებისთვის დაბრუნება”, – აცხადებს კოტენკო.

მისივე თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების რეპატრიაცია უკრაინის სამართალდამცავი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით განხორციელდა.

„დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცესი გრძელდება. ეს ხდება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად”, – აცხადებს კოტენკო.

“ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, სტატუსი უკვე გვექნებოდა” – პაატა მანჯგალაძე

მიშელის განცხადება ევროპის მხრიდან პოზიტიური გზავნილია, რომ ევროპა გადასულია საქმეზე და მხოლოდ საუბარი არ არის. საქმეა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ათამდე ქვეყანა ელოდება, მათთვის კარი ღიაა და პროცესი 2030 წელს დასრულდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უკვე ექნებოდა.

„„ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოს სტატუსიც კი არ აქვს. იმაზე დიდი რუსული საქმე არ არსებობს, ვიდრე ქვეყანა ისევ რუსული გავლენის სფეროში დატოვო. „ქართულ ოცნებას“ ამის მცდელობა აქვს, რაც არ გამოუვა, რადგან ამ ქვეყნის პატრონია საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, ვისაც ევროპა უნდა. თუ საკითხი დადგება – „ქართული ოცნება“ თუ ევროპა, ქართველი ხალხი აირჩევს ევროპასა და სტატუსს, ხელისუფლებას კი პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს, რადგან ქართველი ხალხის რეალიზებას ვერ ახდენს და ქვეყანას სტატუსი აქვს სახვეწარი. ეს რეალობაა და სწორედ ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ოპოზიციაზე ან ევროპელ პარტნიორებზე ხელის შეწმენდა და ევროსკეპტიციზმზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდა. ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, კანდიდატის სტატუსი უკვე გვექნებოდა და მოლაპარაკებებს საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე დავიწყებდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.