“უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ დასავლეთის ფულით არის შესაძლებელი” – Deutsche Welle

96
spot_img

გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ დასავლეთის ფულით არის შესაძლებელი“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ აშშ და ევროკავშირი კიევს საარჩევნო კამპანიისა და ხმის მიცემის დაფინანსებაში დაეხმარება“, – ასეთი პასუხი გასცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი ჟურნალისტის ნატალია მოსეიჩუკის კითხვას, უკრაინის ტელემარათონის ეთერში 28 აგვისტოს ღამით, როცა მან კომენტარი გაუკეთა დასავლეთი მოწოდებას უკრაინაში არჩევნების ჩატარების თაობაზე.

უკრაინის ლიდერის თქმით, მშვიდობიან დროს არჩევნების ჩასატარებლად 5 მილიარდი გრივნაა საჭირო. „რაც შეეხება იმას, თუ ომის დროს რამდენი ფული იქნება საჭირო, ეს მე არ ვიცი. არჩევნებს კი იმ ფულით ვერ ჩავატარებ, რომელიც იარაღის შესყიდვას უნდა მოხმარდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დამკვირვებლები და ჯარისკაცების ხმები

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ამერიკამ და ევროპამ უკრაინაში დამკვირვებლები უნდა გამოგზავნოს, მათ შორის ფრონტის წინა ხაზზეც. „ყველაზე მთავარს ახლა ვიტყვი: თუ რისკია, მაშინ ყველამ ერთად გავრისკოთ. დამკვირვებლები სანგრებში, ტყვიის ქვეშ უნდა ისხდნენ. ეს აუცილებელია, რომ ჩვენი არჩევნები მსოფლიომ სამართლიანად და ლეგიტიმურად ჩათვალოს. დამკვირვებლების ცეცხლის ხაზზე გაგზავნა აბსოლუტურად სამართლიანი მოქმედება იქნება“, – ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეთ არა მარტო სამხედრო მოსამსახურეებს, არამედ მთელ მსოფლიოში გაბნეულ უკრაინელ ლტოლვილებსაც. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს შეახსენა, რომ უკრაინის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს.

დასავლეთი მოუწოდებს, უკრაინა უარზეა

ამას წინათ ამერიკელმა სენატორმა-რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინის ხელისუფლებას არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდა, რომელიც არაუგვიანეს 2024 წელს უნდა მოხდეს.

წესით და რიგით, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 29 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ პარლამენტმა – „ვერხოვნა რადამ“ – სამხედრო მდგომარეობის ვადა ნოემბრამდე გადასწია.

თუ კვლავ ასე გაგრძელდება, მაშინ „საფრთხე ელოდება“ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასაც: ვოლოდიმირ ზელენსკის უფლებამოსილება 2024 წლის 31 მარტს ეწურება. სავარაუდოდ, ის ქვეყნის მეთაური ომის დასრულებამდე იქნება.

წყარო