“ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, სტატუსი უკვე გვექნებოდა” – პაატა მანჯგალაძე

73
spot_img

მიშელის განცხადება ევროპის მხრიდან პოზიტიური გზავნილია, რომ ევროპა გადასულია საქმეზე და მხოლოდ საუბარი არ არის. საქმეა ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ათამდე ქვეყანა ელოდება, მათთვის კარი ღიაა და პროცესი 2030 წელს დასრულდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უკვე ექნებოდა.

„„ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოს სტატუსიც კი არ აქვს. იმაზე დიდი რუსული საქმე არ არსებობს, ვიდრე ქვეყანა ისევ რუსული გავლენის სფეროში დატოვო. „ქართულ ოცნებას“ ამის მცდელობა აქვს, რაც არ გამოუვა, რადგან ამ ქვეყნის პატრონია საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, ვისაც ევროპა უნდა. თუ საკითხი დადგება – „ქართული ოცნება“ თუ ევროპა, ქართველი ხალხი აირჩევს ევროპასა და სტატუსს, ხელისუფლებას კი პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს, რადგან ქართველი ხალხის რეალიზებას ვერ ახდენს და ქვეყანას სტატუსი აქვს სახვეწარი. ეს რეალობაა და სწორედ ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ოპოზიციაზე ან ევროპელ პარტნიორებზე ხელის შეწმენდა და ევროსკეპტიციზმზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდა. ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, კანდიდატის სტატუსი უკვე გვექნებოდა და მოლაპარაკებებს საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე დავიწყებდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სლოვენიაში, სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენი პოზიციაა გაწევრიანებაზე უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, ასევე ველოდები, რომ ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს საკითხიც დაბრუნდება მოლაპარაკების მაგიდასთან“.