Home Blog Page 1685

“ისრაელი უკმაყოფილოა „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელ პირთა სიით, რომელიც მან დღეს მიიღო” – „როიტერსი“

ისრაელი უკმაყოფილოა „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელ პირთა სიით, რომელიც მან დღეს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელი აპროტესტებს გასათავისუფლებელ პირთა სიის შემადგენლობას. ამასთან, იმავე წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ თავად „ჰამასიც“ პრობლემურად მიიჩნევს იმ პირთა სიას, რომელთა გათავისუფლებას ისრაელი შეთანხმების ფარგლებში აპირებს.

„როიტერსის“ ცნობით, კატარი ჩართულია მედიაციის პროცესში, რათა დღეს მძევალთა გაცვლის პროცესი არ გადაიდოს.

მდაბიო საქციელი ვიხილეთ ხაბეიშვილის მხრიდან -გიორგი პატარაია

მდაბიო საქციელი ვიხილეთ ხაბეიშვილის მხრიდან. წარმოუდგენელია, ადამიანმა, ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის და ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი პატარაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავად პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

„სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან. ანალოგი თუ მოიძებნება, ეს გახლავთ, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლებს რომ ადამიანებს პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელს უწესებდნენ. წარმოუდგენელია, ადამიანმა ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა და სეირნობდა აქეთ-იქით „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პარტიის წარმატებისთვის იბრძოდნენ. სამწუხარო და მდაბიო საქციელია მისი მხრიდან. რაც შეეხება მე მივდივარ თუ არა პარტიიდან, მე ნამდვილად არსად წავსულვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არასდროს – უკვე 22 წელია ამ პარტიაში ვარ და არც ახლა ვაპირებ წასვლას. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პიროვნება, ვიხილავთ. რაც ყველაზე მთავარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო, რომ შიდაპარტიულ პროცესებში მუდმივად იყო კამათი, განსხვავებული აზრები და არასდროს არავის მოსვლია აზრად ვინმეს გარიცხვა, გამორიცხვა თუ გაგდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვიხილეთ,“- განაცხადა პატარაიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პენიტენციურ სამსახურს რეკომენდაციებით მიმართავს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პენიტენციური სამსახურისთვის გაცემულ რეკომენდაციებსაც მოიცავს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ როგორც ერთ-ერთი საქმის გამოძიებისას გამოვლინდა, პრაქტიკაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები არ ახორციელებენ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების უშუალო მონიტორინგს.

„მიზანშეწონილია სამართლებრივ აქტებში მკაფიოდ დარეგულირდეს საექსპერტო დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა ქცევაზე ზედამხედველობის, მეთვალყურეობის წესები და დაევალოს პენიტენციურ სამსახურს ასეთი ტიპის პატიმრებზე ზედამხედველობის განხორციელება“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში საუბარია კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, სუიციდის პრევენციის პროგრამის ეფექტიანობის ხარისხზე. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სუიციდისკენ მიდრეკილ ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა გამოვლენა და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება.

„მიზანშეწონილია, პროგრამით განსაზღვრული მიზნის შესასრულებლად – სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იდენტიფიცირება და სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, დაიხვეწოს სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასებისას ქულების მინიჭების სქემა, რათა არ მოხდეს ისეთი პატიმრებისთვის დაბალი რისკის განსაზღვრა (რაც ნიშნავს პატიმრის დარჩენას სუიციდის პრევენციის პროგრამის მიღმა), რომლებიც ობიექტურად არიან საშუალო ან/და მაღალი რისკის მატარებელნი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის მიხედვით მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზები.

მიზანშეწონილია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ერთობლივად შეიმუშაონ და გააუმჯობესონ მათი კომპეტენციის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო-უსაფრთხოების წესები. სასურველია ინსპექტორის თანამდებობაზე მყოფ პირს გააჩნდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება და სამართლებრივი აქტით მკაფიოდ გაიწეროს მისი ფუნქცია-მოვალეობები.

მიზანშეწონილია, პენიტენციურ დაწესებულებებში მოეწყოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა.

„რეკომენდებულია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებაში განხორციელდეს ცვლილებები, ან დეპარტამენტის უფროსის მიერ გამოიცეს სამართლებრივი აქტი და მკაფიოდ განისაზღვროს ამავე დეპარტამენტში შემავალი ინფრასტრუქტურული განვითარების სამმართველოს უფროსის მოვალეობები და პასუხისმგებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გაკონტროლებასთან დაკავშირებით. ასევე, სასურველია სამმართველოში გამოიყოს კონკრეტული პირი, რომელსაც დაევალება აღნიშნული ფუნქციის შესრულება, რასაც იგი განახორციელებს გარკვეული პერიოდულობით“, – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ქმედება სამწუხაროა” – აკაკი მინაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავზე გამართული კონფერენცია და მანიფესტიც არა ერთიანობას, არამედ პარტიის გაყოფას ემსახურებოდა.

მინაშვილის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება ძალიან სამწუხაროა.

ამასთან, აკაკი მინაშვილის შეფასებით, ახალი მენეჯმენტის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ ზიანდება.

„„ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კონფერენცია გამართა „ვარდების რევოლუციაზე“ და მანიფესტი გამოიტანა, ეს მანიფესტიც და კონფერენციაც, საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა არა ერთიანობას, არამედ პარტიის გაყოფას, იმას, რაც გუშინ დადასტურდა – პარტიიდან ადამიანების გაგდებას, რაც არასწორი, ძალიან მძიმე და სამწუხარო საქციელია. ეს არ მოუტანს პარტიას წარმატებას. ჩემი პოზიცია იგივე რჩება, კრიტიკულად ვიყავი განწყობილი ამ მენეჯმენტის მიმართ და რვა თვის განმავლობაში რა ნაბიჯებიც გადადგეს და რა გზავნილებიც ჰქონდათ, ამან კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტის მიმართ. ჯერ ერთი, პარტიიდან გარიცხვა ასე არ ხდება. ადამიანები, ვინც პარტიში ჯერ მოვიდნენ, შემდეგ წავიდნენ, შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ „სიკვდილს“ ეძახდნენ წლების წინ, ვიღაცები მიხეილ სააკაშვილზე შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ, სინამდვილეში, ის ადამიანები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვერავის გარიცხავენ. ფორმალურად რა ხდება, როგორ ხდება, რა ცვლილებები შეიტანეს იმ იდუმალ პოლიტსაბჭოზე, რომელიც ჩატარდა 8 თვის წინ, ამაზე მე ვერ მოგახსენებთ, მენეჯმენტს უნდა ჰკითხოთ. მთავარი არის, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში „ნაციონალური მოძრაობა“ ზიანდება, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. თუ გვინდა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმატებას მიაღწიოს, მენეჯმენტში ცვლილებები უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

“ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო, დეკემბერში სტატუსს ველოდებით”

დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითიც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ევროკომისიის გადაწყვეტილებით კარგად გამოჩნდა, რამდენად შედეგიანი იყო რეკომენდაციების შესასრულებლად მმართველი გუნდის მიერ წარმართული სამუშაო პროცესი.

„რამდენად „ფარსი“ იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები, ბოლოს კარგად გამოჩნდა, როცა საქართველოს ევროკომისიამ მწვანე შუქი აუნთო სტატუსის მისაღებად. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ წარმართული სამუშაო პროცესი შედეგიანი იყო და ჩვენმა ხელისუფლებამ საზოგადოებასა და ევროკავშირთან ერთად შეძლო, ისტორიული გადაწყვეტილებისთვის ვიზა მიეღო. დეკემბერში სტატუსს ველოდებით, რითიც საქართველო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. გეგმის შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო მწვანე შუქს მიიღებს გაწევრიანებაზე. სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის საგზაო რუკა სწორედ ის გეგმა იქნება, რითიც ევროკავშირში მივალთ და ევროპული ოჯახის წევრები გავხდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“მთავარი პრეტენზია მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც ომში მიგვატოვა” – ალექსეი არესტოვიჩი

მთავარი პრეტენზია და მთავარი ტვირთი მათ წინააღმდეგ უნდა იყოს, ვინც დიდ ომში მიგვატოვა, სრულ მხარდაჭერას დაგვპირდა და ამის გარეშე დაგვტოვა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მთავრობამ სისულელით და კორუფციით ბევრი ფორმალური და არაფორმალური მიზეზი შექმნა უკრაინის მიტოვებისთვის.

ალექსი არესტოვიჩი წერს, რომ დავით არახამიას ინტერვიუ არის ომის გაგრძელებისთვის პასუხისმგებლობის გადატანა ბორის ჯონსონზე.

არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ზელენსკის ოფისში გადაწყვიტეს პასუხისმგებლობის განაწილება ჯონსონსა და ზალუჟნის შორის.

„ჩვენ მოვიგეთ ჩვენი ომი. ჩვენ გავტეხეთ რუსეთის ფედერაციის საკადრო არმია და შემოჭრის გეგმა დასავლეთის მინიმალური დახმარებით: პირველი რამშტაინი – უკვე 26 აპრილს, პირველი სერიოზული მიწოდება – ივნისის ბოლოს. ჩვენი ომი შეიძლება დაგვირგვინებულიყო სტამბოლის ხელშეკრულებებით და რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი ცოცხალი ყოფილიყო. და შემდეგ დაიწყო კიდევ ერთი ომი. ჩვენ ვერ მოვიგებდით ამ მეორე ომს თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების,, სახმელეთო ჯარების ხუთჯერ მეტი მარაგის გარეშე. არცერთი ეს არ მომხდარა. ჩვენ ამაში დიდი ფასი გადავიხადეთ, მაგრამ ეს მაინც პრობლემის ნახევარია. მეორე ნახევარი არის ახალი სამშვიდობო შეთანხმება, რომლის ჩვენთვის დაწესებას შეეცდებიან. „გარიგების“ ზოგადი მონახაზები ასეთი იქნება: იმდენი ინვესტიცია ჩავდეთ თქვენში, თქვენ კი ისეთი კორუმპირებული და სულელები ხართ, არ გამოგივიდათ, ახლა პუტინს დაუტოვეთ ოთხი რეგიონი და – კარგი“, – დაწერა ალექსეი არესტოვიჩმა.

ცნობისთვის, უკრაინის მმართველი ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ ზელენსკის რუსეთთან შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმა ბორის ჯონსონმა ურჩია, რომელიც კიევში რუსეთ-უკრაინის სტამბოლის მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა.

„როცა სტამბოლიდან დავბრუნდით, კიევში ჩამოვიდა ბორის ჯონსონი და თქვა, რომ ჩვენ მათთან საერთოდ არაფერს მოვაწერთ ხელს და მოდით უბრალოდ ვიომოთ“, – აღნიშნა არახამიამ.

„ქართული ოცნების“ ტყუილებით სიამოვნების მიღებას და სამუშაო ჯგუფებში შესვლას არ ვაპირებთ”

როდესაც მოგატყუებენ პირველად, შემდეგ მეორედ, მესამე მოტყუება იმას ნიშნავს, რომ გსიამოვნებს როცა გატყუებენ – „ქართული ოცნების“ ტყუილებით სიამოვნების მიღებას და სამუშაო ჯგუფებში შესვლას არ ვაპირებთ, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, ევრორეკომანდაციების თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებული წინა გამოცდილება მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან არაფრის დათახმებას არ აპირებს.

„დაახლოებით ცხრა სამუშაო ჯგუფი იყო და არც ერთ ჯგუფს ოპოზიციასთან შეთანხმებით გადაწყვეტილება არ მიუღია – ასეთი არც ერთი პრეცედენტი არ არსებობს. თუ ვინმე ერთობა და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამუშაო ჯგუფში ჯდომა უხარია, ჩვენ ამის წინააღმდეგი არა ვართ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში 62 სამართალდამცავი ვამხილეთ” -სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის მხილებული 153 პირიდან, 62 – სამართალდამცავია.

როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაზრდილი უფლებამოსილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა, სამსახური საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გარდა კი, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულებსაც იძიებს.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მხილებული 153 პირიდან, 62 – სამართალდამცავია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა. 69 პირი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში იქნა მხილებული, 16 პირი კი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.“ – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილი დატვირთვისა და მცირე ადამიანური რესურსის მიუხედავად, სამსახურმა 10 თვეში, 2514 შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება, გამოძიება 420 საქმეზე დაიწყო.

„237 (56%) სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება, 129 (31%) საქმე – მოქალაქეების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ხოლო 54 (13%) – სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებს”, – აღნიშნა კაციტაძემ.

“ეფექტიანი გამოძიებისა და სამსახურის ხელმისაწვდომობისთვის, ახალი სათავო ოფისი აშენდება, რუსთავსა და გორში კი რეგიონალური ოფისები დაგვემატება” – კოკა კაციტაძე 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კოკა კაციტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რაც სამსახურის გაძლიერების კუთხით განხორციელდა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასათანადო მოპყრობის და მისი ქვემდებარე დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების გახსნას ქ. გორში და ქ.რუსთავში გეგმავს.” – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. შესაბამისად, სამსახურის წინაშე წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი გახდა  ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება.

კოკა კაციტაძის განცხადებით, სამსახურის გაძლიერების აუცილებლობა ასევე ხაზგასმულია ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, რომლის თანახმადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, უნდა მოხდეს სამსახურის გაძლიერება, რომელიც თავისთავად მოიცავს ინსტიტუციურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და მათ შორის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასაც.

სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალური სამმართველოები გაიხსნა.

ახალი რეგიონალური სამმართველოების ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახებით. ასევე დაგეგმილია ბავშვზე მორგებული არასრულწლოვვანთა სივრცეების მოწყობა და ტელეხიდის სისტემების დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა რეგიონში მყოფ სამსახურის თანამშრომლებს, მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სამუშაო შეხვედრებს დისტანციურად დაესწრონ ან/და ჩაატარონ.

ახალი ოფისების დამატების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ სათანადო დახმარება.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათავო ოფისის მშენებლობის პროცესი დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კმ. მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 440 მ2 მიწის ნაკვეთზე განხორციელდება.

ადმინისტრაციული შენობა ენერგოეფექტური და სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისათვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით. ასევე,  მოეწყობა საკონფერენციო სივრცე, არასრულწლოვანთა გამოკითხვის, მოქალაქეებთან შეხვედრების და ამოცნობის ჩასატარებელი ოთახები. ადმინისტრაციული შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული და  არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული იქნება.

ახალი შენობა გააუმჯობესებს სამუშაო გარემოს, ხელს შეუწყობს თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში, უფრო მეტად ეფექტურს გახდის საგამოძიებო პროცესს და მომდევნო წლებში შეამცირებს იჯარით აღებული შენობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას. 

 

“გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ ჯერ ვერ გაარკვიეს, პარტიაში ირიცხება, თუ პარტიიდან” – არჩილ თალაკვაძე

გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, მაგრამ პარტიაში ირიცხება, თუ პარტიიდან ირიცხება, ჯერ ვერ გაარკვიეს. როგორც ჩანს, ნიკა მელია ჯერ კიდევ რჩება ლევან ხაბეიშვილის თავისტკივილად და ლევან ხაბეიშვილი – ნიკა მელიას გულისტკივილად, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის ფაზაშია.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებს დაშლილი და დასუსტებული შეხვდება, რაც ლოგიკური შედეგია – რაც დათესეს, იმას იმკიან. სინამდვილეში, ამ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავს. მათი ყოფილი ლიდერი, რომელიც დღეს პატიმრობაშია, ყველაფერს აკეთებს, რომ პარტიის შიგნით ბრძოლა იყოს და ვერავინ შეძლოს ლიდერობის მოპოვება. სწორედ ამ ხერხით ცდილობს, შეინარჩუნოს ლიდერობა და მითი, რომ თავად არის პარტიის უცვლელი ლიდერი. ამაზე მეტყველებს ყველა განცხადება და მოქმედება, რომელიც სააკაშვილსა და თავის გარემოცვას აქვთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი ქარის, შტორმისა და უამინდობის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელი ძლიერი ქარის, შტორმისა და უამინდობის გამო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად და კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ზღვისპირა რეგიონებში მყოფ მოქალაქეებს, შტორმისა და უამინდობის გამო, თავი შეიკავონ სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებისთვის” – ჩინეთის ელჩი

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებისთვის.

„ჩვენ უზრუნველვყავით ქალაქ გორისთვის ფინანსური დახმარება, რათა გაუმჯებესდეს სოციალური სახის აღჭურვილობა ქალაქის ირგვლივ და სოფლებში. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოს მთავრობის დახმარება, განავითაროს ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური სახის აღჭურვილობა, ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ასევე გვსურს, ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების საფუძველი. ასევე, მსურს, აღვნიშნო, რომ კოვიდის დროს ჩინეთმა უზრუნველყო 200 000-ზე მეტი ვაქცინა საქართველოსთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ დროს აშშ და ევროპის ქვეყნები ვაქცინების ექსპორტს კრძალავდნენ. ასევე, ჩინეთმა საქართველოს მთავრობას კოვიდის დროს მიაწოდა 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარება, მათ შორის, ნიღბები და ვენტილატორები კოვიდის შედეგების დაძლევის, ეკონომიკის გადატვირთვის მიზნით. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, ჩინეთი ყოველთვის მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს მისი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.