“ეფექტიანი გამოძიებისა და სამსახურის ხელმისაწვდომობისთვის, ახალი სათავო ოფისი აშენდება, რუსთავსა და გორში კი რეგიონალური ოფისები დაგვემატება” – კოკა კაციტაძე 

73
spot_img

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კოკა კაციტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რაც სამსახურის გაძლიერების კუთხით განხორციელდა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასათანადო მოპყრობის და მისი ქვემდებარე დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმის ფარგლებში, ახალი ოფისების გახსნას ქ. გორში და ქ.რუსთავში გეგმავს.” – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

2022 წლის 1 მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მნიშვნელოვნად გაზრდილი ფუნქციებით ამოქმედდა. შესაბამისად, სამსახურის წინაშე წარმოშობილი გამოწვევების საპასუხოდ, აუცილებელი გახდა  ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული გაძლიერება.

კოკა კაციტაძის განცხადებით, სამსახურის გაძლიერების აუცილებლობა ასევე ხაზგასმულია ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, რომლის თანახმადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, უნდა მოხდეს სამსახურის გაძლიერება, რომელიც თავისთავად მოიცავს ინსტიტუციურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და მათ შორის ინფრასტრუქტურულ გაძლიერებასაც.

სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში რეგიონალური სამმართველოები გაიხსნა.

ახალი რეგიონალური სამმართველოების ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვისა და ამოცნობის ოთახებით. ასევე დაგეგმილია ბავშვზე მორგებული არასრულწლოვვანთა სივრცეების მოწყობა და ტელეხიდის სისტემების დამონტაჟება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა რეგიონში მყოფ სამსახურის თანამშრომლებს, მაღალი ხარისხის თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სამუშაო შეხვედრებს დისტანციურად დაესწრონ ან/და ჩაატარონ.

ახალი ოფისების დამატების შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში, რაც საშუალებას გვაძლევს უფრო მეტ მოქალაქეს გავუწიოთ სათანადო დახმარება.

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სათავო ოფისის მშენებლობის პროცესი დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოები სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კმ. მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 4 440 მ2 მიწის ნაკვეთზე განხორციელდება.

ადმინისტრაციული შენობა ენერგოეფექტური და სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული. აღიჭურვება უსაფრთხოებისათვის აუცილებელი თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ტექნიკითა და ინვენტარით. ასევე,  მოეწყობა საკონფერენციო სივრცე, არასრულწლოვანთა გამოკითხვის, მოქალაქეებთან შეხვედრების და ამოცნობის ჩასატარებელი ოთახები. ადმინისტრაციული შენობის საერთო და სამუშაო დანიშნულების სივრცეები შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული და  არასრულწლოვანთა ინტერესებზე მორგებული იქნება.

ახალი შენობა გააუმჯობესებს სამუშაო გარემოს, ხელს შეუწყობს თანამშრომლებს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში, უფრო მეტად ეფექტურს გახდის საგამოძიებო პროცესს და მომდევნო წლებში შეამცირებს იჯარით აღებული შენობისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას.