მდაბიო საქციელი ვიხილეთ ხაბეიშვილის მხრიდან -გიორგი პატარაია

110
spot_img

მდაბიო საქციელი ვიხილეთ ხაბეიშვილის მხრიდან. წარმოუდგენელია, ადამიანმა, ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის და ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი პატარაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, თავად პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

„სამარცხვინო და მდაბიო საქციელი იყო ლევან ხაბეიშვილის მხრიდან. ანალოგი თუ მოიძებნება, ეს გახლავთ, ალბათ, საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლებს რომ ადამიანებს პარტიიდან რიცხავდნენ და სასჯელს უწესებდნენ. წარმოუდგენელია, ადამიანმა ვინც პარტიაში გასტროლიორად იყო წარმოდგენილი, ხან მიდიოდა, ხან მოდიოდა და სეირნობდა აქეთ-იქით „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის ადამიანები გარიცხოს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ პარტიის გამარჯვებისთვის, ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პარტიის წარმატებისთვის იბრძოდნენ. სამწუხარო და მდაბიო საქციელია მისი მხრიდან. რაც შეეხება მე მივდივარ თუ არა პარტიიდან, მე ნამდვილად არსად წავსულვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არასდროს – უკვე 22 წელია ამ პარტიაში ვარ და არც ახლა ვაპირებ წასვლას. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული პიროვნება, ვიხილავთ. რაც ყველაზე მთავარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო, რომ შიდაპარტიულ პროცესებში მუდმივად იყო კამათი, განსხვავებული აზრები და არასდროს არავის მოსვლია აზრად ვინმეს გარიცხვა, გამორიცხვა თუ გაგდება. სამწუხაროა ის ფაქტი, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვიხილეთ,“- განაცხადა პატარაიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ხელი მოაწერა ფურცელზე, სადაც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის და განაცხადა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.