Home Blog Page 1684

“ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთლიანად ოპოზიციას აზიანებს” – რომან გოცირიძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აზიანებს, არამედ მთლიანად ოპოზიციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ეს პროცესები კომიკურ ფორმაში გადაიზარდა.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც ის ძალიან აზიანებს ოპოზიციას. დანარჩენი მხარე ჩემი ინტერესების სფერო არ არის. სწორედ იმიტომაც დავტოვე ეს პარტია, რა პროცესებიც იქ ხდებოდა და, სამწუხაროდ, გრძელდება. რაც ხდება, ამას მარტივად ჰქვია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თვითგვემა გრძელდება, რომელიც ერთ პერიოდში რაღაც ფორმას, ტანჯვის ფორმას თუ იღებდა, რასაც ახლა ვაკვირდებით, უკვე კომიკურში გადაიზარდა. ასე გაგრძელება აზიანებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ოპოზიციამ კითხვები კი არ უნდა დასვას, შემოთავაზება მიიღოს და სამუშაო ჯგუფებში ჩაერთოს” – ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთონ.

როგორც მან ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო სივრცეში იმ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩაერთონ, რომელიც რეფორმებთან მიმართებით არის შექმნილი.

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი აქტივობების დღის წესრიგს, თითოეულ რეკომენდაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პოზიციონირება, თუ როგორ ვხედავთ ამ რეკომენდაციის შესრულებას, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში იგულისხმება 2024 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და გავხსნით დისკუსიას. რაც შეეხება ინკლუზიურობას, კითხვები კი არ უნდა დასვას ოპოზიციამ, უნდა მიიღოს შემოთავაზება, რომელიც არაერთხელ გაკეთებულა მმართველი გუნდის მხრიდან, მიიღონ მონაწილეობა სამუშაო რეჟიმში საპარლამენტო სივრცეში იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია რეფორმებთან მიმართებით. თუკი ისინი ამ პროცესში ჩაერთვებიან, ინკლუზიურობა დაცული იქნება“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.

როდესაც გყავს პარტიის ისეთი თავმჯდომარე, რომელიც შენი ტელევიზიის წამყვანის მორჩილებაშია ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა -რატი იონათამიშვილი ხაბეიშვილზე

მხოლოდ ღიმილის მომგვრელი არ არის, ეს გამოხატავს მთელ იმ ტრაგედიას, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება და იმ ტრაგედიას, რომელიც დაიმსახურა ამ პარტიამ თავისი რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებაზე საუბრისას.

„როდესაც გყავს პარტიის ისეთი თავმჯდომარე, რომელიც შენი ტელევიზიის წამყვანის მორჩილებაშია ეს კიდევ უფრო სამარცხვინოა. ძალიან კარგია და ეს ყველაფერი აისახება იმ შედეგებზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააქრობს ქართული პოლიტიკიდან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

მოგვიანებით განცხადება პარტიის სახელითაც გავრცელდა, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.

“ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას” – „ნაციონალური მოძრაობა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“.

„მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებულიყო პარტიაში, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ თავად აცხადებს, რომ ის „არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ჰამასი“ ღაზაში ზავის გაგრძელების პირობებს ასახელებს

„ჰამასი“ ღაზაში ზავის გაგრძელების პირობებს ასახელებს. ლიბანში „ჰამასის“ წარმომადგენელმა, უსამა ჰამდანმა განაცხადა, რომ ღაზაში ზავი ყოველი 10 ახალი პატიმრის გათავისუფლებისთვის ერთი დღით გახანგრძლივდება.

„ჩვენ ვეცდებით ზავის გახანგრძლივებას და გადაწყვეტილება, გაგრძელდეს თუ არა ზავი, პატიმართა არსებული რაოდენობის მიხედვით იქნება მიღებული“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.

უსამა ჰამდანის თქმით, პატიმართა რაოდენობა, შესაძლოა, დღეს გახდეს ცნობილი.

“უხვი ნალექისა და შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა” – აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, ასევე, ბათუმის სანაპირო ზოლში, გარკვეულ პერიმეტრზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

უწყების ცნობითვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის სანაპიროზე არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

„უხვი ნალექის, უამინდობისა და შტორმის შედეგად ბათუმის სანაპირო ზოლზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. მობილიზებულია მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურები. გამოდარებისთანავე მოხდება ინფრასტრუქტურის აღდგენა. მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, მაქსიმალურად თავი შეიკავონ სანაპირო ზოლში გადაადგილებისგან. ყველაფერი გაკეთდება, რომ დაცული იქნას როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, მერიის და საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახურების, ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

„დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სრული სალიკვიდაციო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება. ასევე, შტორმის შედეგად დაზიანდა ქობულეთის სანაპირო ზოლი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის ფორმა ცოტა „ქრინჯი“ იყო და უხერხულობის გრძნობა დამეუფლა” – ჰერმან საბო

პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის ფორმა ცოტა „ქრინჯი“ იყო, რაღაცნაირად უხერხულობის გრძნობა დამეუფლა, თუმცა „ნაცმოძრაობამ“ თავისი საქმე თავად იცის, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჰერმან საბოს შეფასებით, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას პარტიაში ჩრდილოვან მმართველობაზე პრეტენზიები ჰქონდა, პარტიიდან დროულად უნდა გამოსულიყო და დამოუკიდებელი გზა ენახა.

„საბოლოო ჯამში, ნიკა მელიამ ასეთი ფორმით გარიყვა მიიღო, რაც არც პარტიას და არც მას არ წაადგება. ლამაზი არაა, როცა პარტიის წევრის გარიცხვას ასე პირდაპირ ეთერში აანონსებ. ფორმა და ის, თუ როგორ დაიშალნენ, არ არის ნორმალური. ბავშვების ჩხუბის განცდას ტოვებს, რაც არც მელიას და არც პარტიის სერიოზულობას არ აჩენს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

პარლამენტის ბიურომ რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვების შემოღების თაობაზე „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს მსვლელობა არ მისცა

პარლამენტის ბიურომ „ლელოს“ რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს დაცვის აქტი“ – მსვლელობა არ მისცა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა.

ბიურომ რეზოლუციის პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომელიც საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა წარადგინა.

როგორც გვიდიანმა განაცხადა, რეზოლუციის პროექტში მოსალოდნელი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ის წინააღმდეგობაში მოდიოდა საბიუჯეტო სისტემის უნივერსალურობის პრინციპთან.

„ლელოს“ დეპუტატების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი შემდეგი ნაბიჯების გადადგმას ისახავს მიზნად: – უნდა დაუწესდეთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს სავიზო შეზღუდვები; შეეზღუდოთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოს დასაქმების ბაზარზე წვდომა; აეკრძალოთ რუსეთის მოქალაქეებს ქართული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა; აიკრძალოს რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების შემოსვლა საქართველოში; აეკრძალოთ რუსულ კომპანიებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა; დაუწესდეთ რუსულ ბიზნესს საოკუპაციო მოსაკრებელი; აიკრძალოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები; აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული სატელევიზიო არხების მაუწყებლობა საქართველოში და კრემლის საოკუპაციო პოლიტიკის მსახურ რუსულ ფონდებს აეკრძალოთ საქართველოში საქმიანობა.

პროკურატურამ სოფელ ლამბალოში, 14 წლის არასრულწლოვნის ქორწინების იძულებისა და მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმა, – ამის შესახებ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, ბრალდებულმა 14 წლის არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.

„აღნიშნულის მიუხედავად, არასრულწლოვანმა მოახერხა გაპარვა. თუმცა მისი ოჯახის წევრებმა ის უკან დააბრუნეს.
ბრალდებული ქორწინებაში ყოფნის პერიოდში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არასრულწლოვანს აუპატიურებდა.

6 ოქტომბერს, ბრალდებულმა, თვლიდა, რა რომ დაზარალებულმა გაქცევით შეურაცხყოფა მიაყენა და როგორც ქალს არ ჰქონდა საკუთარი პირადი ცხოვრების განკარგვისა და მასთან ქორწინებაზე უარის თქმის უფლება, 14 წლის არასრულწლოვანს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვის მიზნით თელავის რაიონულ სასამართლოში გააგზავნა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 14 წლის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნის დედასა და ბიძას ბრალდება ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს აქვთ წარდგენილი“, – აცხადებენ პროკურტურაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-სთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სპეციალურად ამერიკული ტელეკომპანია CNN-სთვის ქართული ღვინის შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეორგოლის „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ პრეზენტაცია თბილისში გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, მეღვინეობის დარგის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ვეტერანი მეღვინეები დაესწრნენ.

ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მიმართა.

მინისტრის განცხადებით, CNN-ის ეთერში ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის განთავსება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს წარმოსაჩენად.

„ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, რაზეც უკვე წლებია აქტიურად ვმუშაობთ – ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს პრიორიტეტულ ბაზრებზე. ჯერ კიდევ 2014 წელს დავიწყეთ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. 2017 წელს, კვლევის შედეგებმა დაადასტურა და მსოფლიო საზოგადოებამ გაიგო, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო, ღვინის წარმოების რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორიით”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

უწყების ცნობით, მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი ვიდეორგოლი ქართული ღვინის შესახებ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მომზადდა. ვიდეორგოლს CNN-ის ეთერით, ერთი თვის განმავლობაში, ათეულ მილიონობით ადამიანი ნახავს.

ამასთან, ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ ქართული ღვინის მარკეტინგულ გეგმებზე ისაუბრა.

„ამერიკელი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლის წინაშე საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის კულტურისა და ისტორიის, ასევე თანამედროვე მრავალფეროვანი და უნიკალური მეღვინეობის ინდუსტრიის მქონე ქვეყნის შესახებ CNN-ის ეთერში ვიდეორგოლის განთავსება მიზნად ისახავს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და მისი, როგორც კატეგორიის ჩამოყალიბებას. ამ კუთხით, ჩვენ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს; შესაბამისად, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები უფრო მასშტაბური გახდება“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

„ქართული ღვინის საიმიჯო ვიდეორგოლის ეთერში განთავსებაზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია CNN-თან მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ასოციაციის „ქართული ღვინო“ წამომადგენლები შედიოდნენ. ჯგუფის წევრების მიერ შეთანხმდა ვიდეორგოლის ძირითადი კონცეფცია, რომ მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო ქართული ღვინის წარმოების უწყვეტი ტრადიცია, მარადიულ ღირებულებებთან ერთად. ვიდეორგოლი მომზადდა საქართველოში. გადაღებები სექტემბრის თვეში მიმდინარეობდა.

ვიდეორგოლი, რომლის ხანგრძლივობა 30 წამია, ერთი თვის განმავლობაში, დღეში 6-ჯერ, CNN international-ზე განთავსდება. არხი მსოფლიოს 200 ქვეყანაში მაუწყებლობს; ვიდეორგოლი დღეში 3-ჯერ გაეშვება CNN North America-ის ეთერშიც. CNN-თან თანამშრომლობა ასევე მოიცავს ონლაინ კამპანიას, რაც გულისხმობს, ერთი თვის განმავლობაში, CNN-ის ოფიციალურ გვერდზე: https://edition.cnn.com/travel, ქართული ღვინის შესახებ სტატიების გამოქვეყნებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ”- მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენს გარშემო გამოწვევები ყოველდღიურად მატულობს და ევროპული იდეის მნიშვნელობა და ერთობის აუცილებლობა სულ უფრო მეტად იზრდება. ესპანეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის დასრულებამდე რამდენიმე კვირა რჩება და საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების დროც ახლოვდება.

გასული წლის ივნისის გადაწყვეტილებიდან დღემდე ბევრი რამ გავაკეთეთ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მიუხედავად გამოწვევებისა, არ შეგვინელებია ევროკავშირთან დაახლოებისთვის საჭირო რეფორმები. შედეგად, გაფართოების ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გამოსცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

დღეს ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ევროკავშირის ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას ელის საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთვისაც ევროპა საკუთარი სახლია.

ეს გადაწყვეტილება ერთნაირად ჭირდება საქართველოსაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან სწორედ მან უნდა უნდა ჩაუყაროს საფუძველი იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა” და „მუზეუმების გაერთიანებას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და მუზეუმების გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლონ ერთობლივი საგანმანათლებლო, პროექტების, გამოფენების, კონფერენციების და სხვა საქმიანობის ერთობლივ განხორციელებაზე.

„მუზეუმების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს, დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკოლოზ კვეზერელს და სამსახურის თანამშრომლებს, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პირადად უმასპინძლა და მუზეუმი დეტალურად დაათვალიერებინა.

მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ და მუზეუმების გაერთიანების” გენერალურმა დირექტორმა ნინო სანადირაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.