Home Blog Page 1682

“ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული”- პაველ ჰერჩინსკი კეზერაშვილის საქმეზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს ის, ვინც უკანონო ქმედებაზეა პასუხისმგებელი.

აღნიშნულის შესახებ ჰერჩინსკიმ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

“მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტისთვის” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 425-ე დღე

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა 187 080 ჯარისკაცი, 3683 ტანკი, 2849 საარტილერიო სისტემა და 7139 ჯავშანტექნიკა. განახლებულ მონაცემებს უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“რუსული ძალები ძირითად ძალისხმევას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე მიმართავენ,” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა აღნიშნული მიმართულებებით მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს.

გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტისა და მარინკასათვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას. მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქ ბახმუტისთვის. ასევე, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგოროვკას, ბოგდანოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში. მტრის დაბომბვის შედეგად არაერთი დასახლება დაზარალდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოსა და პერვომაისკის ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგები განიცადა.

„მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს მარინკას ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ასევე დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას რაიონში. ამავდროულად, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და პრასკოვეევკას დასახლებები დაბომბა“, – აცხადებენ გენშტაბში.

სევასტოპოლში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, შეტევა 3.30-ზე განხორციელდა და მასში საზღვაო დრონები მონაწილეობდნენ. ერთი დრონი ანტიუდივერსიულმა თავდაცვამ გაანადგურა, ხოლო მეორე თავისით აფეთქდა.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაჭგუფების პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, ყირიმში მყოფი რუსები განგაშის სირენების ხმებს ხშირად გაიგებენ. მისი თქმით, „პლაჟზე სილაში თამაშის დრო დასრულდა“.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჭრა მოიგერიოს და გამარჯვებას მიაღწიოს.

„ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ყოველდღიური წარმატებებით, ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ოკუპირებული მიწები დაიბრუნონ და თავიანთი ქვეყანა განავითარონ.

უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მისი ქვეყანა იბრძვის და ძლიერდება.

„ვერ აღვწერ სიტუაციას, როგორც კარგს, მაგრამ ვიბრძვით. ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის არმია რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადება.

”ჩვენი არმია ემზადება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ იგი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებით ისინი საკუთარ თავსაც უჭერენ მხარს.

„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის გასაგებია. ასე რომ, მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაგვიჭირეთ, რადგან უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაბალი ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, რადგან რუსეთი ამაზე არ გაჩერდება”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საკუთარი სიცოცხლისთვის და არა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის.

“პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, რომლის შეწყალებაც სურს.

„ასე რომ, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც იცით, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ამ და სხვა საქმეებს. ჯერ კიდევ არის დრო, ვიდრე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასებას. ეს მოხსენება ოქტომბერში, გამოქვეყნდება და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ შემდეგ ნაბიჯებს, რომელიც ეხება საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მიმდინარე წლის დეკემბერში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ლარის კურსის გავლენა სავაჭრო ბალანსსა და ეკონომიკის ზრდაზე

ლარის ბოლოდროინდელი გამყარება აჩენს კითხვებს მის ზეგავლენაზე სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე. თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასების მიხედვით, ჩანს მხოლოდ სუსტი მტკიცებულება იმისა, რომ გაუფასურებული ლარი ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების ეფექტის დახმარებით, შესაძლოა ეკონომიკურ ზრდას უწყობდეს ხელს. მოდელი შექმნილია ისე, რომ გამოავლინოს ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსისა და აშშ დოლართან ნომინალური გაცვლითი კურისის სავაჭრო და ფინანსური ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე. გაანგარიშებები მოიცავს რეალურ მშპ-ს, ლარის ნომინალურ გაცვლით კურსს აშშ დოლართან, ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსსა და ისეთ საკონტროლო ცვლადებს, როგორიცაა სასაქონლო ფასები და საგარეო მოთხოვნა.

შედეგების მიხედვით, ლარის გამყარება დოლართან მიმართებით იწვევს რეალური მშპ-ის ზრდას ძირითადად ფინანსური/შემოსავლის ეფექტის გამო, მაშინ როცა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მატერიალური ზეგავლენა არ იკვეთება. თავისთავად, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგები ანალოგიურია ყველა ინდუტრიისა თუ ბიზნესის დონეზე, საუბარია მხოლოდ ჯამურად, მაკროეკონომიკურ შეფასებაზე. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია დამატებითი კვლევა მომსახურების სფეროს კუთხით, უპირველესად ტურიზმის სექტორის მხრივ. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორების ცალკე აღებული ვალუტების მიმართ ზეგავლენის შეფასება და შემოსავლის ეფექტის მხრივ ლარის ევროსთან კურსის განხილვა.

თუმცა, უკვე არსებული შედეგები საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებიდან გამომდინარე ვალიდური ჩანს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც არ იკვეთება იმის მტკიცებულება, რომ თავის გრძლვადიან ტენდენციასთან შედარებით გამყარებული ლარი, სამომავლოდ წმინდა სავალუტო შემოდინებებს შეამცირებს.

რა შეიძლება ითქვას ამ არგუმენტით ლარის კურსის პროგნოზთან მიმართებით? თავისთავად, ეს ლარის სამომავლო გაუფასურების საწინააღმდეგო არგუმენტია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ავტორების შეფასებები ლარის გრძელვადიანი ტენდენციის გაანგარიშებასა და ასევე ლარის კურსის სავალუტო შემოდინებებსა და ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენასთან დაკავშირებით სულ მცირე შესაძლოა განსხვავებული იყოს. ასევე, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს მოლოდინს, რომ ინფლაციის პროგნოზი ლარის კურსისათვის ნეიტრალური ან უფრო ნეგატიურია. ამდენად, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, მომდევნო დაახლოებით 12 თვის პერიოდში, ლარის მართალია შედარებით მცირედით, თუმცა მაინც დასუსტება კვლავ საბაზო სცენარია.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

R

სუდანის დედაქალაქიდან რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო

სუდანის დედაქალაქში არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებების გამო რამდენიმე ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

აშშ-მა სუდანიდან 100-მდე მოქალაქე უკვე გაიყვანა, რის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

დიპლომატებისა და მათი ოჯახების სწრაფი ევაკუაცია განახორციელა დიდმა ბრიტანეთმაც. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთის სამხედროებმა ოპერაცია აშშ-სთან, საფრანგეთთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად ჩაატარეს.

სუდანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამაც. მედიის ცნობით, ამ დროისთვის სუდანში ინტერნეტკავშირი მთლიანად გათიშულია, რამაც შეიძლება, სერიოზულად შეაფერხოს ხარტუმში და სხვა ქალაქებში ჩარჩენილი ადამიანების დახმარება.

შეგახსენებთ, სუდანში მიმდინარე ბრძოლას 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 2000-ს აღემატება.

,,როგორ უნდა უღირდეს ვოკერს, რომ შეხვდეს კეზერაშვილს?!” – მამრაძე

როგორ უნდა უღირდეს ვოკერს, რომ შეხვდეს კეზერაშვილს?! თურმე, უღირს! ასევე, ზოგიერთ ევროპარლამენტარებს უღირთ და ეს გვარები მართლაც, უნდა იყოს ჩამოწერილი და გახმოვანებული, – ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ქართულმა სასამართლომ გაასამართლა და 10 წელი მიუსაჯა.

„იცით, 5,060 მლნ ლარი როგორაა გაფლანგული – ხელმოწერილია, რომ უნდა ჩატარდეს წვრთნები და ეს თანხა ამ წვრთნებისთვისაა და საერთოდ არ ჩატარებულა. იმიტაციაც არ გაუკეთებიათ, როგორც ეს სხვა დროს იყო. ახლახან, თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, ისეთი რაღაცებია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რამდენი ფული ჩამოწერეს ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში. კეზერაშვილს ამნისტიის შემდეგ 5 წელი დარჩა და ამის ფონზე კურტ ვოკერი, რომელიც ცნობილი დიპლომატია. ბოლოდ იგი აშშ-ის წარმომადგენელი იყო უკრაინაში. იგი კეზერაშვილს ლონდონში ხვდება. ეს ადამიანები როგორი ფრთხილი არიან, როგორ გაურბიან ნებისმიერი დონის შეხვედრას, როდესაც იციან, რომ ადამიანის რეპუტაცია შელახულია. თუნდაც უსამართლოდ შელახული როცაა! მთავარია, რომ შელახულია. შეხვდა და ამის ფოტოები არსებობს. მე მაშივე დავსვი კითხვა – როგორ უნდა უღირდეს ვოკერს, რომ შეხვდეს ამ ადამიანს?! თურმე, უღირს! ზოგიერთ ევროპარლამენტარებს უღირთ და ეს გვარები მართლაც, უნდა იყოს ჩამოწერილი და გახმოვანებული. ყველას ხომ ვერ დაიმახსოვრებ?!

თურმე, კეზერაშვილი იდევნება იმის გამო, რომ არის დამოუკიდებელი მედიის მესვეური. ნახეთ, რა საინტერესოა: საქართველოში რურუა იმიტომ იდევნებოდა, რომ მასმედიის დამფინანსებელი იყო. ხომ ვიცით, ვინც არის?! გვარამია და აგერ, კეზერაშვილი. ანუ, სხვა მასმედიის ხელმძღვანელი არ ყოფილ, რომ იდევნებოდეს?!, – განაცხადა მამრაძემ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

,,ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს”- ლაშა ტალახაძე

„მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე ახალი გამოცდა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე“, – ამის შესახებ შვიდგზის ევროპის ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან კარგი შედეგით ბრუნდებიან საქართველოში.

 „ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ძალიან ბევრი ჩამოვიდა და ფაქტობრივად, ვერ ვიგრძენი, რომ სხვა ქვეყანაში ვიყავი. მოვახერხე და მეშვიდედ შევინარჩუნე ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე ახალი გამოცდა იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე. ძალიან კარგი შედეგით ვბრუნდებით საქართველოში და ვპირდები გულშემატკივარს, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მოგიტანთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცდეთ, უფრო მეტად იაქტიუროთ და მოვლენებისა და ადამიანების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება თამამად გამოხატოთ. მაშინ თქვენი ყველა წამოწყება წარმატებული იქნება და ქებას დაიმსახურებს. არ იზარმაცოთ – სამომავლოდ ნუ გადადებთ საქმეს, რომლის დასრულება ახლა შეგიძლიათ.

კურო

თუ მიმდინარე საქმეებში მეტად იაქტიურებთ და ინიციატივას გამოიჩენთ, შეიძლება გავლენიანმა ადამიანმა შეგნიშნოთ. მუშაობის დროს გამოცდილი კოლეგების რჩევა და მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. ნუ მოდუნდებით და ეცადეთ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ადამიანთან, რომელსაც დღეს გაიცნობთ, ხანგრძლივი და საინტერესო ურთიერთობა გელით.

ტყუპები

ეცადეთ, ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან საღამოს ახალი, მნიშვნელოვანი პროექტის კეთება მოგიწევთ, რომელსაც დიდი ხანია ელით. სავარაუდოდ, ტელეფონით მოულოდნელ ამბავს შეიტყობთ. საღამოს ძველ პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ.

კირჩხიბი

რთული და დაძაბული დღე გელით. შესაძლოა, გარემოებები თქვენს საზიანოდ შეიცვალოს და შედეგის მისაღწევად მეტი ძალისხმევა დაგჭირდეთ. ეცადეთ პოზიტიურად იაზროვნოთ და მომხდარში სარგებელი იპოვოთ. გირჩევთ დასვენებისთვის დრო გამონახოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანია ნებისმიერ სიტუაციაში ზომიერების დაცვა და უსიამოვნებების თავიდან აცილება შეძლოთ. ეს კვებასაც ეხება, გართობასაც და მუშაობასაც. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარმა თავშეუკავებლობამ შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ და ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. ბოლოს და ბოლოს თქვენს ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებების დრო დადგა.

ქალწული

ამ დღეს ყველაზე მეტად კონფლიქტურ სიტუაციებს და ნერვიულობას უნდა ერიდოთ. ეცადეთ დღე მაქსიმალურად მშვიდად და მოდუნებულად გაატაროთ, სასიამოვნო ადამიანებს შეხვდეთ და მხოლოდ დადებითად იფიქროთ. ირჩევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.

სასწორი

აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. საკუთარმა შეცდომებმა და დაუფიქრებელმა მოქმედებამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. ეცადეთ დამშვიდდეთ და თქვენი ყოველი მოქმედება საგულდაგულოდ დაგეგმოთ. კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის ან ახალი თანამოაზრეების მოსაძებნად.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება ბოლო დღეების დაძაბულობამ თავი იჩინოს და ნერვულ აშლილობად ჩამოყალიბდეს. თუ შესაძლებელია, რთულ და სანერვიულო საკითხებისგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ და დასვენებისთვის მეტი დრო გამონახოთ. მხიარულ და პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობა განწყობას აგიმაღლებთ.

მშვილდოსანი

თქვენმა ბობოქარმა ტემპერამენტმა და მოზღვავებულმა ენერგიამ შეიძლება სარგებელზე მეტი პრობლემა მოგიტანოთ. ეცადეთ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ და უსიამოვნო შემთხვევები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ეცადეთ უფროსობასთან ურთიერთობაში მეტი ტაქტი და თავაზიანობა გამოიჩინოთ და საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გაახაროთ.

თხის რქა

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ სახლსა თუ სამსახურში მიმდინარე საქმეები მშვიდად აკეთოთ და სარისკო ფინანსურ ტრანზაქციებსა და შესყიდვებს მოერიდოთ. საღამოს დიდი ხნის უნახავი მეგობრების ვიზიტი და სასიამოვნო ემოციების ზღვა გელით.

მერწყული

ამ დღეს წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. გირჩევთ შესაძლებლობით ისარგებლოთ და პირველ რიგში, რთულ და უსიამოვნო საქმეებს გაუმკლავდეთ, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. დროა, ოდესღაც ყველაზე ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაარკვიოთ და შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ.

თევზები

თავს შესანიშნავად გრძნობთ და მზად ხართ ნებისმიერ საქმეს გაუმკლავდეთ. გამორიცხული არაა, რომ ვიღაცამ დაუფიქრებელი სიტყვით ან საქმით შეურაცხყოფა მოგაყენოთ. თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესებს თვალი ადევნეთ – შესაძლოა, გარემოებებმა თქვენგან ფსიქოლოგიური მოქნილობა და სამსახიობო უნარები მოითხოვოს.

,,პარტია შინაარსისგან არის დაცლილი”- თალაკვაძე ენმ- ზე

ახლა მელიას უნდა რომ გადააყენოს ხაბეიშვილი. შემდეგ სერიაში ალბათ, ისევ ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც ქვეყნისთვის უნდოდათ, ის მათ პარტიაში მოხდა.

„ყველაფერი ცუდი, რაც უნდოდათ ქვეყნისთვის, მათ პარტიაში მოხდა. ანუ, ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს და მოუწიათ პარტიაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და საკუთარი თავმჯდომარე გადააყენეს. ახლა მელიას უნდა რომ გადააყენოს ხაბეიშვილი. შემდეგ სერიაში ალბათ, ისევ ხაბეიშვილი გადააყენებს მელიას. ჩანს, რომ პარტია შინაარსისგან არის დაცლილი და პოლიტიკურ თავდაღმართში მიემართება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„რაც უფრო მარტივ-მამრავლებად დაიშლება „ნაციონალური მოძრობა“, მით უკეთესი საქართველოსთვის“- ცაგარეიშვილი

„რაც უფრო მარტივ-მამრავლებად დაიშლება „ნაციონალური მოძრობა“, მით უკეთესი საქართველოსთვის“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა კეზერაშვილი-მერაბიშვილის პარტიულ ერთობაზე საუბრისას განაცხადა.

 

„ისეთ ზიზღს აფრქვევენ ყოველდღიურად, რომ კიდევ იქ ვინმე დარჩეს მელიას ბანაკიდან, ამაში მე ეჭვი ძალიან მეპარება. ვფიქრობ, აქეთკენ მიდის ეს პარტია. ამ შემთხვევაში, ღმერთმა ხელი მოუმართოთ! რაც უფრო მარტივ-მამრავლებად დაიშლებიან ისინი მით უკეთესი საქართველოსთვის“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

რუსეთი გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამოწვევით იმუქრება

კრემლი დასავლეთის ქვეყნებს ემუქრება, რომ სანქციების საპასუხოდ, ეკონომიკურ კრიზისს მიიღებენ.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ G7 ქვეყნები სრულად აკრძალავენ რუსეთში საქონლის ექსპორტს, მოსკოვი ამას შესაბამისად უპასუხებს. კერძოდ, მათი ქმედების განხორციელების შემთხვევაში, შეწყვეტენ საქონლის იმპორტს G7-ის იმ ქვეყნებში, რომელთათვისაც ეს აკრძალვა „ყველაზე მგრძნობიარე” იქნება.

„მათთვის დასრულდება მარცვლეულის შეთანხმება და შეუწყდება ბევრი სხვა რამ, რაც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა მედვედევმა.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი, დამატებითი სანქციებით, დაზარალდება მსოფლიო ეკონომიკაც და ეს იქნება სვლა გლობალური ეკონომიკური კრიზისისაკენ.

როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები და G7-ის ქვეყნების წარმომადგენლები განიხილავენ რუსეთში ექსპორტის სრულ აკრძალვას. Bloomberg -ის ინფორმაციით, ეს საკითხი G7-ის ლიდერებმა სამიტზე უნდა განიხილონ, რომელიც მაისში გაიმართება.