“მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტისთვის” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

88
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 425-ე დღე

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა 187 080 ჯარისკაცი, 3683 ტანკი, 2849 საარტილერიო სისტემა და 7139 ჯავშანტექნიკა. განახლებულ მონაცემებს უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“რუსული ძალები ძირითად ძალისხმევას ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე მიმართავენ,” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, უკრაინელებმა აღნიშნული მიმართულებებით მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს.

გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტისა და მარინკასათვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას. მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქ ბახმუტისთვის. ასევე, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგოროვკას, ბოგდანოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში. მტრის დაბომბვის შედეგად არაერთი დასახლება დაზარალდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოსა და პერვომაისკის ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგები განიცადა.

„მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს მარინკას ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ასევე დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას რაიონში. ამავდროულად, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და პრასკოვეევკას დასახლებები დაბომბა“, – აცხადებენ გენშტაბში.

სევასტოპოლში მყოფ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონებით შეუტიეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

როგორც სევასტოპოლის გუბერნატორმა მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, შეტევა 3.30-ზე განხორციელდა და მასში საზღვაო დრონები მონაწილეობდნენ. ერთი დრონი ანტიუდივერსიულმა თავდაცვამ გაანადგურა, ხოლო მეორე თავისით აფეთქდა.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის დაჭგუფების პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა განაცხადა, ყირიმში მყოფი რუსები განგაშის სირენების ხმებს ხშირად გაიგებენ. მისი თქმით, „პლაჟზე სილაში თამაშის დრო დასრულდა“.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის შეჭრა მოიგერიოს და გამარჯვებას მიაღწიოს.

„ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ყოველდღიური წარმატებებით, ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ოკუპირებული მიწები დაიბრუნონ და თავიანთი ქვეყანა განავითარონ.

უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მისი ქვეყანა იბრძვის და ძლიერდება.

„ვერ აღვწერ სიტუაციას, როგორც კარგს, მაგრამ ვიბრძვით. ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის არმია რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადება.

”ჩვენი არმია ემზადება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ იგი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარებით ისინი საკუთარ თავსაც უჭერენ მხარს.

„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის გასაგებია. ასე რომ, მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაგვიჭირეთ, რადგან უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაბალი ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, რადგან რუსეთი ამაზე არ გაჩერდება”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საკუთარი სიცოცხლისთვის და არა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის.