Home Blog Page 1682

პოლონეთში ინტერპოლით ძებნილი ქართველი დააკავეს

პოლონეთში ინტერპოლით ძებნილი ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, 42 წლის ქართველი ერთ-ერთ მაღაზიაში ქურდობის დროს დააკავეს.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ კაცი რუსეთში ჩადენილი მკვლელობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

გდანსკის რაიონული პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით დროებითი პატიმრობა შეეფარდა.

საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემების მიუხედავად, ამ დღეს უკან არ უნდა დაიხიოთ. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები გირჩევენ, ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. თუ სიტუაციას სხვა მხრიდან შეხედავთ, შეიძლება უამრავი შეცდომა აღმოაჩინოთ. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

კურო

რთული და საინტერესო დღეა. უამრავი საინტერესო შეხვედრა გელით და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და დებატებში არ დანებდეთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. გახსოვდეთ, რომ ემოციები თქვენში არ უნდა დააგროვოთ – ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

ტყუპები

ეცადეთ, ყველაფერი თავად აკეთოთ და კოლეგებს დახმარება არ სთხოვოთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და განწყობას გიფუჭებთ. გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და გამოსავალი იპოვოთ. აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

ბოლო დროს მეტისმეტად ბევრი საქმე და პასუხისმგებლობა დაგემატათ. სანამ გადაღლა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ, გირჩევთ, ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ და პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. შესაფერისი დღეა ძველი და რთული საქმის დასრულებისთვის.

ლომი

რთული და დაძაბული დღეა, როცა პროფესიულ საკითხებზე მუშაობის პარალელურად, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. დროა, ხელმძღვანელობასთან ერთად, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ. დღის მეორე ნახევარში ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ – ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა წვრილმანი საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც დაგიგროვდათ. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულებაზე დაიხარჯება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. თუკი გარშემო მყოფები ყურადღებას გიფანტავენ, კარგი იქნება, შეძლებისდაგვარად, განმარტოებით იმუშაოთ.

სასწორი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დღევანდელი მუშაობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ. თქვენი შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მიუხედავად, სიტუაციის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას ვერ შეძლებთ, მაგრამ ამაზე არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

მორიელი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და აუჩქარებლად იმოქმედოთ. ეცადეთ საკუთარი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ 7 თებერვლის საღამო სახლის მყუდრო გარემოში გაატაროთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოთ.

მშვილდოსანი

გინდათ თუ არა, შექმნილ ვითარებასთან შეგუება, კომპრომისების ძიება და ოპონენტების პირობების მიღება მოგიწევთ. შეთავაზებაზე პასუხის გაცემას ნუ იჩქარებთ – კარგად დაფიქრდით, რათა შეთანხმების მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოტოვოთ. გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერით, სასურველ შედეგს უფრო სწრაფად მიაღწევთ. ეცადეთ, ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ – შეიძლება შემოსავალმა ხარჯები ვერ დაფაროს.

თხის რქა

დროა, ადრე მიცემული დაპირების შესრულებაზე იზრუნოთ. თუ რთული საკითხის დამოუკიდებლად მოგვარებას ვერ ახერხებთ, დახმარება გამოცდილ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეცადეთ მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.

მერწყული

ამ დღეს მაქსიმალურად ეცადეთ, ყურადღება პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილოთ და მეორეხარისხოვან დავალებებზე დრო არ დაკარგოთ. შეამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია – არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება თქვენი უყურადღებობით ისარგებლოს და თქვენი დაზარალება სცადოს.

თევზები

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დიდი პროექტების დაწყებას მოერიდოთ, სანამ წარსულის შეცდომის კვალს საბოლოოდ არ გააქრობთ. ეცადეთ საღამო აქტიურად და მხიარულად გაატაროთ. ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ ძალიან საინტერესო ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე”- ირაკლი ქარსელაძე

როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, გეტყვით ციფრებით, 2012 წლამდე აშენებული იყო 68 კმ. მაგისტრალი, ჩვენ ავაშენეთ – 203 კმ. გასულ წელს მხოლოდ ერთ წელიწადში გავხსენით 37 კმ. მაგისტრალი, წელს კი 90 კმ-მდე მაგისტრალის გახსნა გვაქვს დაგეგმილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვების პასუხად განაცხადა.

„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე. 2013 წლიდან დღემდე 16 000 კმ.-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამაში მაგისტრალები არ შედის, ეს არის მუნიციპალური და შიდასახელმწიფოებრივი ცენტრალური გზები, მაგრამ არა აშენებული მაგისტრალები. როდესაც ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა საუბარი კიდევ რამდენიმე შედარების გაკეთება შეიძლება, საავტომობილო გზების ბიუჯეტი 2012 წელს იყო 378 მილიონი, ხოლო წელს 1.9 მილიარდია. მთლიანობაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ცხრანახევარი მილიარდი ლარი აქვს უკვე დახარჯული სხვადასხვა პროექტში”-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრობის კანდიდატმა წყალმომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ 2010 წელს უწყების ბიუჯეტი 25 მილიონს შეადგენდა, 2012 წელს 34 მილიონს, წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი 530 მილიონია და ის ყოველწლიურად მზარდია. წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულებით 2 მილიარდ ლარზე მეტის პროექტები უკვე განხორციელებულია.

,,სამი მილიარდი ლარის პროექტები ამჟამად მიმდინარეობს, როგორც უკვე მოგახსენეთ 100 მდებარეობაში, აქედან 20 ქალაქია, დანარჩენი არის დაბა, სოფელი, კურორტი და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭირეს

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე წარდგენილი იყო სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა მათ მიერ მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ხელახლა ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები გააცნეს დეპუტატებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საუბარი მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებით დაიწყო. მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და გამართლებულია.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მისი თქმით, 2024 წელს დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, საკუთარი აქტივები დამატებითი სასესხო რესურსების მოსაზიდად გამოიყენონ. მისი თქმით, პარალელურად, გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები – მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.

მინისტრობის კანდიდატმა ისაუბრა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის, მეწარმეების ტრენინგებისა და მომზადების პროგრამებზე, გამოფენებში მონაწილეობის და ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის დაფინანსების შესაძლებლობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე. ლევან დავითაშვილმა ისაუბრა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, როგორიცაა ავიაცია, შავი ზღვის კაბელი, ტურიზმი, სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების ურბანული გეგმები.

„ყველა ეს რეფორმა, პროექტი თუ ღონისძიება არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის. თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა ჩვენი უპირველესი მიზანია. ვფიქრობ, ჩვენი სახელისუფლო გუნდისთვის ეს მიღწევადი ამოცანაა. რაც მთავარია, ჩვენი საქმიანობის მთავარი კურსი და ორიენტირი კვლავაც საქართველოს ევროკავშირთან სწრაფი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა მთავრობის ხედვაზე, ქვეყნის ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის, სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის და ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნის მიმართულებით.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. ამ ამოცანის შესასრულებლად მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისკენ, ევროკავშირთან ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავების, სიღარიბის შემცირების და ქვეყნის რეგიონულ, ლოჯისტიკურ და საინვესტიციო ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის საქართველომ გასულ წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სხვადასხვა მიმართულებით. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45%-მდე იქნება.
მისივე განცხადებით, აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით საქართველო მთელი რიგი მიმართულებით არ ჩამოუვარდება და მოწინავე პოზიციაზე ეკონომიკურ ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის და პანდემიის შემდგომ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის, როგორც რეგიონული ჰაბისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება. მისი თქმით, ამ მიზნით გაგრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. ჯამურად, 2024 წელს განხორციელდება არანაკლებ 400 კმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, გაგრძელდება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა. აღნიშნული გამშვები პუნქტი ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს.

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, 2025 წლის ბოლოსთვის, მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა ქალაქი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, 2024 წელს სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პროექტები 20 ქალაქში განხორციელდება“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, 2024 წელს გაგრძელდება რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში ევროკავშირის კარგი პრაქტიკის გამოყენება.

„მომდევნო წლების განმავლობაში ყურადღება დაეთმობა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებას. გაგრძელდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სახელმწიფო სერვისების განვითარება. დაგეგმილია მთაში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნა/გაუმჯობესება და მაღალმთიანი რეგიონების საჭიროებებზე მორგებული საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს, ოთარ შამუგიას მოუსმინეს, რომელმაც სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრა, როგორც აგრარული დარგის შემდგომი განვითარების ასევე გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით.

„ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა გახლდათ და წლებია, ვახორციელებთ არაერთ პროგრამას დარგის განვითარებისთვის, რის შედეგადაც გვაქვს ყოველწლიური სტაბილური ზრდა როგორც აგრობიზნესის გამოშვების, ასევე ექსპორტის მიმართულებით. წინასწარი მონაცემებით ველოდებით, რომ 2023 წლის აგრობიზნესის გამოშვება დაახლოებით 16 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წელს გვქონდა რეკორდული ექსპორტი მილიარდ 440 მილიონი დოლარის ფარგლებში. რაც 15%-იანი ზრდაა 2022 წელთან შეფარებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდება ყველა მნიშვნელოვანი მიმდინარე პროგრამა. ასევე, დაიწყება პრიორიტეტული მიმართულებების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ: ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ასევე, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა და სხვა პროგრამები. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის სააგენტო სულ მცირე 15 პროგრამას განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებების მხარდასაჭერად. რაც შეეხება ქვეყანაში გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას, მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმებს ამ მიმართულებით.

მინისტრობის კანდიდატების გამოსვლების დასრულების შემდეგ, მათ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას, ასევე სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო რამდენიმე რეისს აუქმებს

საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო რამდენიმე რეისს აუქმებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით რკინიგზა განცხადებას ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:

🔴 თბილისი-ბათუმი

🔴 თბილისი-ზუგდიდი

🔴 თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი

🔴 ბათუმი-თბილისი

🔴 ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი

🔴 ფოთი-თბილისი

🔴 ხაშური-ზესტაფონი

🔴 ზესტაფონი-ხაშური

გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ“, – აცხადებენ რკინიგზაში.

,,9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება”- ლაშა ხუციშვილი

მგონი ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ „ლელოს“ ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა გაორმაგდება.

„ფინანსთა მინისტრობა არ სჭირდება იმის შეფასებას, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდით, ვერც ბიუჯეტს და ვერც ეკონომიკას გააორმაგებ. მგონი, მათ შორის ოპოზიციური სპექტრიც თანხმდება, რომ აღნიშნული ინიციატივა და პროგრამა ვერ გადის მე-6 კლასის მათემატიკის ტესტსაც კი. შესაბამისად, ის რომ 9%-იანი ზრდით, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში თუ არ გულისხმობენ იმას, რომ ამავე დროს ინფლაცია 4 წლის განმავლობაში მუდმივად იქნება ორნიშნა მაჩვენებელი, სხვა შემთხვევაში, ვერც ბიუჯეტი და ვერც ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში ბუნებრივია ვერ გაორმაგდება, შესაბამისად, აქ ზედმეტია შეფასების გაკეთება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

„მოლითში მეწყერი ჩამოწვა…“ – საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:

„ძვირფასო მგზავრებო!

უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“

მაღალმთიან აჭარაში განვითარებულ სტიქიას და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

მაღალმთიან აჭარაში განვითარებულ სტიქიას და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„დღეს სამწუხაროდ ორი ადამიანი გარდაიცვალა ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის შედეგად და ქედის მუნიციპალიტეტში მეწყრის შედეგად. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ქედაში, შუახევსა და ხულოში განვითარებული სტიქიის შედეგად 90-ზე მეტი ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. მიმდინარეობს ტექნიკის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში. მეწყრული პროცესები განვითარდა არაერთ მონაკვეთზე. ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მითითებები და თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან. საქმე გვაქვს მასშტაბურ სტიქიასთან და ყველაფერი კეთდება, რომ ყველა ოჯახს მაქსიმალურად დავეხმაროთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრას აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ხალს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ”- გურამ მაჭარაშვილი

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ხალს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ. ესაა ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს არჩევნების შემდეგ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნასთან დაკავშირებით.

„ადრე არ ყოფილა ასეთი აშკარა, საჯარო მტკიცებულებები, რაც ბოლო თვეების განმავლობაშია, იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობდით, რომ გლობალური ომის პარტია საქართველოში სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით, მათ შორის უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით, ცდილობს მეორე ფრონტის გახსნას.

გუშინ დაიდო ფაქტები, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა, რომ ორი კურდღლის დაჭერა სურთ: ერთი, საქართველოში დაეტოვებინათ მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერება, რომ აქ მომხდარიყო ტერორისტული აქტი; მეორე, საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუსეთში მომხდარიყო ტერორისტული აქტი, იმიტომ, რომ სამხედრო კონფლიქტი გაღვივებულიყო – აბა რუსეთი ყავაზე არ დაგპატიჟებს, როცა საქართველოს გავლით მოხდებოდა მის ტერიტორიაზე ტერაქტი.

შესაბამისად, ამით პირდაპირ აღიარებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიშა სააკაშვილის დესანტის გადმოსხმით არაფერი გამოუვიდა, არც მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებით და ახლა შეეცადნენ ხელი შეეწყოთ სამხედრო კონფლიქტისთვის. დღეს კი რას ვხედავთ? „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დღეს გამოვიდა და განაცხადა, რომ ის რაც გავიდა ეთერში, არაა სწორი და ამის არ მჯერაო.

ასე არ სჯეროდათ 2008 წელსაც. გახსოვთ, რომ გვიმტკიცებდნენ, ეს რუსეთი არაა, პროვოკაცია ოსების მიერ არის მოწყობილიო, მაგრამ მათ რომ არ სჯეროდათ, ამით რა მიიღო საზოგადოებამ – ტერიტორიების დაკარგვა, რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან, ლტოლვილები, ეკონომიკის ჩამოშლა და ა.შ. ამათ დაჯერებაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული? ეს არის ის რეალობა, როცა კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ხალხს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია. ესაა ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

,,ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის”- ანა ბუჩუკური

პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათთვის მიუღებელია დღეს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმის შექმნის შესახებ ინიციატივა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ.

როგორც ანა ბუჩუკური „ფეისბუქზე“ წერს, პარტია „საქართველოსთვის“ ამ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

„ქალბატონი პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში იყო ძალიან კარგი, სწორი გზავნილებით და სწორი აქცენტებით. ფაქტობრივად დაემთხვა ჩვენი გუნდის ლიდერისა და გუნდის პოზიციებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მხარდაჭერას, ქალბატონ სალომესთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. მით უფრო, თავიდანვე ვამბობდით, რომ პრეზიდენტის როლი არჩევნების დაცვაში მნიშვნელოვანია.

თუმცა, მის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებდნენ და დღესაც აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს დამოკიდებულებას ქალბატონი პრეზიდენტის მიმართ არ შეცვლის.

მე ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – დიახ, მე მივეცი ხმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას და ეს არასოდეს მინანია. ასევე, ვამაყობ, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქალბატონი სალომეს იმპიჩმენტის პროცესის ჩაშლაში“, – წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტის მიერ დღეს პარლამენტში მოულოდნელად გაჟღერებული მრავალპარტიული პლატფორმა, სადაც მონაწილეობას ასევე იღებენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ევროპული მომავლის და ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების წინაპირობად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აყენებენ, ჩვენთვის მიუღებელია. შესაბამისად, ამ ფორმატში მონაწილეობას არ მივიღებთ.

ევროპელი პოლიტიკოსები ევროვიზიის 2024 წლის კონკურსიდან ისრაელის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ

20-ზე მეტმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს წერილით მიმართა და 2024 წლის ევროვიზიის კონკურსიდან ისრაელის დისკვალიფიკაცია მოითხოვა. მათი თქმით, ისრაელის მონაწილეობა კონკურსში „ათეთრებს რეჟიმს, რომელიც პალესტინაში ეთნიკურ წმენდასა და ომის დანაშაულებს ჩადის“. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომელიც საზოგადოებრივი მედიაორგანიზაციების გაერთიანებაა, სურს, „ევროვიზია“ აპოლიტიკურ ღონისძიებად დარჩეს. თუმცა, ამის საპირისპიროდ, წერილის ავტორები ამბობენ, რომ ევროვიზიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ 2022 წლიდან რუსეთის კონკურსში მონაწილეობას ვეტო დაადო. ასევე, 2019 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა ისლანდია დააჯარიმეს იმის გამო, რომ ისლანდიელმა კონკურსანტმა თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პალესტინის დროშა გამოფინა.

ისრაელის კონკურსიდან გამორიცხვის მოთხოვნით ევროპის მაუწყებელთა კავშირს წერილი შვედმა მუსიკოსებმა, ფინელმა არტისტებმა, ნორვეგიელმა და ირლანდიელმა აქტივისტებმაც გაუგზავნეს.

ცნობისთვის, ევროვიზიის 2024 წლის კონკურსში წელს 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ისრაელი პირველი არაევროპული ქვეყანაა, რომელიც კონკურსში 1973 წლიდან მონაწილეობს და 2019 წელს თელ-ავივში ღონისძიებასაც უმასპინძლა.