ევროპელი პოლიტიკოსები ევროვიზიის 2024 წლის კონკურსიდან ისრაელის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ

32
spot_img

20-ზე მეტმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს წერილით მიმართა და 2024 წლის ევროვიზიის კონკურსიდან ისრაელის დისკვალიფიკაცია მოითხოვა. მათი თქმით, ისრაელის მონაწილეობა კონკურსში „ათეთრებს რეჟიმს, რომელიც პალესტინაში ეთნიკურ წმენდასა და ომის დანაშაულებს ჩადის“. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირს, რომელიც საზოგადოებრივი მედიაორგანიზაციების გაერთიანებაა, სურს, „ევროვიზია“ აპოლიტიკურ ღონისძიებად დარჩეს. თუმცა, ამის საპირისპიროდ, წერილის ავტორები ამბობენ, რომ ევროვიზიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ 2022 წლიდან რუსეთის კონკურსში მონაწილეობას ვეტო დაადო. ასევე, 2019 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა ისლანდია დააჯარიმეს იმის გამო, რომ ისლანდიელმა კონკურსანტმა თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პალესტინის დროშა გამოფინა.

ისრაელის კონკურსიდან გამორიცხვის მოთხოვნით ევროპის მაუწყებელთა კავშირს წერილი შვედმა მუსიკოსებმა, ფინელმა არტისტებმა, ნორვეგიელმა და ირლანდიელმა აქტივისტებმაც გაუგზავნეს.

ცნობისთვის, ევროვიზიის 2024 წლის კონკურსში წელს 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ისრაელი პირველი არაევროპული ქვეყანაა, რომელიც კონკურსში 1973 წლიდან მონაწილეობს და 2019 წელს თელ-ავივში ღონისძიებასაც უმასპინძლა.