„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე”- ირაკლი ქარსელაძე

30
spot_img

როდესაც საუბარია იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ამ წლების განმავლობაში, გეტყვით ციფრებით, 2012 წლამდე აშენებული იყო 68 კმ. მაგისტრალი, ჩვენ ავაშენეთ – 203 კმ. გასულ წელს მხოლოდ ერთ წელიწადში გავხსენით 37 კმ. მაგისტრალი, წელს კი 90 კმ-მდე მაგისტრალის გახსნა გვაქვს დაგეგმილი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების შეკითხვების პასუხად განაცხადა.

„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ, ცოტა უხერხული მგონია იმის კითხვა, კეთდება თუ არა რამე. 2013 წლიდან დღემდე 16 000 კმ.-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამაში მაგისტრალები არ შედის, ეს არის მუნიციპალური და შიდასახელმწიფოებრივი ცენტრალური გზები, მაგრამ არა აშენებული მაგისტრალები. როდესაც ზოგადად ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა საუბარი კიდევ რამდენიმე შედარების გაკეთება შეიძლება, საავტომობილო გზების ბიუჯეტი 2012 წელს იყო 378 მილიონი, ხოლო წელს 1.9 მილიარდია. მთლიანობაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ცხრანახევარი მილიარდი ლარი აქვს უკვე დახარჯული სხვადასხვა პროექტში”-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრობის კანდიდატმა წყალმომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ 2010 წელს უწყების ბიუჯეტი 25 მილიონს შეადგენდა, 2012 წელს 34 მილიონს, წელს წყალმომარაგების ბიუჯეტი 530 მილიონია და ის ყოველწლიურად მზარდია. წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულებით 2 მილიარდ ლარზე მეტის პროექტები უკვე განხორციელებულია.

,,სამი მილიარდი ლარის პროექტები ამჟამად მიმდინარეობს, როგორც უკვე მოგახსენეთ 100 მდებარეობაში, აქედან 20 ქალაქია, დანარჩენი არის დაბა, სოფელი, კურორტი და ასე შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.