Home Blog Page 1682

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6827 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6827 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6827 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6773 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9080 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8963 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა.

“იმედია, გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა გაიაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე”

გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დაკავებულების შესახებ.

მეგრელიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ორივე პირი გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე.

„გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დააკავეს.

გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ჯგუფურად) მე-2 ნაწილით წარუდგინეს.

ორივე მათგანს ედავებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას. გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენება, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა იმ შემთხვევაში იქნება გამოყენებული თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. იმედია ორივე პირი გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე და სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

“მშვიდობას აქვს სახელი – დონალდ ტრამპი” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფრანგული Le Point-სთვის მიცემულ ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და თქვა, რომ “საერთაშორისო ასპარეზზე ის ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია”.

„მას არცერთი ომი არ დაუწყია. აბრაამის შეთანხმება – “ისრაელისა და არაბული სახელმწიფოების ურთიერთობის ნორმალიზაციის შესახებ” – ერთადერთი სერიოზული შანსი იყო ახლო აღმოსავლეთის ძალიან რთულ რეგიონში მშვიდობის, ბალანსისა და ცხოვრების მისაღები წესის დასამყარებლად“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

ორბანი დარწმუნებულია, რომ 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, „ევროპაში ომი არ იქნებოდა“.

“დღეს მე ვერ ვხედავ სხვა ლიდერს ევროპაში ან ამერიკაში, რომელიც საკმარისად ძლიერი იქნება ომის შესაჩერებლად. მშვიდობას აქვს სახელი – დონალდ ტრამპი”, – განაცხადა ორბანმა.

თუკი, ოდესმე, ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებებში ისეთ „მწვერვალებს“ მივაღწევ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს დემონსტრაციულად გადავახევ სახელმწიფოს, გთხოვთ, არ მოითხოვოთ ჩემი ციხიდან გამოშვება! -დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მოთხოვნას, რომ კეკელიძის ქუჩაზე მევახშის მიერ ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ავტომობილის დამტვრევისთვის დაკავებულები გათავისუფლდნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კანონის დარღვევა არავის არ ეპატიება.

„მიჩვეული ვარ დატაკებასა და ქვებით ჩაქოლვის მუქარას ჩვენი საზოგადოების როგორც „ურწმუნო“, ასევე „ძაანმორწმუნეთა“ მხრიდან. მიჩვეული ვარ ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში „მეგობრობის“ გრძნობებს აყოლილ „გედევანებს“ – ციხეში მოხვედრილი „ნიკების“ გულისთვის გუნდს, რომ ღალატობენ. ამიტომ, გულწრფელად დავწერ იმას, რასაც დავწერ.

ხელისუფლებამ აღსრულების პოლიციის მანქანის გამანადგურებელ მეცნიერებს შესთავაზა – აღიარონ დანაშაული, მოიხადონ ბოდიში, აანაზღაურონ ზარალი და მათ თავისუფლების აღკვეთას არასაპატიმრო ფორმით ჩაუნაცვლებენ. სახელმწიფოს მხრიდან ამ ჰუმანურობის აქტში, ზემოთ ნახსენები ორივე დაინტერესებული მხარე ალბათ ან ეგრევე მოითხოვს, ან სახელმწიფოს შეახსენებს – მსგავსი ჰუმანურობა გამოჩენილი იქნეს „პრაიდის“ დროს დაპატიმრებული ბიჭების, „მოლოტოვის“ მსროლელის თუ დროშების გადაწვაზე დაკავებულისთვისაც.

მეეჭვება ეს ოთხივე კატეგორია თავის ბრალეულობას აღიარებდეს. მათ ოთხივე შემთხვევაში მიმართეს თავისი სოციალური პროტესტის უკიდურეს ფორმას, თუნდაც უწყოდნენ რა, რომ არსებულ კანონთან გარდაუვალ წინააღმდეგობაში შედიოდნენ. ეს იყო მათი შეგნებული ნაბიჯი, მათი პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც: 1) საქართველოში ლგბტ ტომი უნდა დაესუსტებინა; 2) ქვეყანას რუსული კანონი აეცილებინა; 3) ევროკავშირი კათოლიკური ეკლესიის წიაღში შეერეკა და 4) მევახშეობისა და აღსრულების მექანიზმებისთვის მოუშუშებელი იარა მიეყენებინა.

თუკი, ოდესმე, ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებებში ისეთ „მწვერვალებს“ მივაღწევ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს დემონსტრაციულად გადავახევ სახელმწიფოს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე კეთილშობილური მიზნის მისაღწევად, გთხოვთ, არ მოითხოვოთ ჩემი ციხიდან გამოშვება! მომეცით უფლება საკუთარ თავთან დარჩენისა, ჩემი ქმედებების (ქვეყნისა და ოჯახის წინაშე) გაანალიზების მიზნით!

P.S.: ჰო, ხასია და ჩიქობავა როგორ მოიქცევიან, არ ვიცი. ორივე შემთხვევაში – წარმატებას ვუსურვებ!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

 

„უმძიმესი აღმოჩნდა ინფორმაცია” – სტუ გარდაცვლილი სტუდენტის სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი ნიკა შავიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, დიზაინის საერთაშორისო სკოლის მეორე კურსის სტუდენტის, ელენე ეფრემიძის გარდაცვალების გამო ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტის, ელენე ეფრემიძის სახელი მოუშუშებელ იარად დიდხანს დარჩება:

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა ინფორმაცია, როცა ჩვენი სტუდენტის, დიზაინის საერთაშორისო სკოლის ნიჭიერი, შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოებული და იმედისმომცემი ბაკალავრის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ელენე ეფრემიძის დაღუპვის ამბავი შევიტყვეთ.

ჩვენმა ქვეყანამ, კიდევ ერთი ახალგაზრდა დაკარგა. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს… საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტის, ელენე ეფრემიძის სახელი მოუშუშებელ იარად დიდხანს დარჩება. მსუბუქი იყოს ელენესთვის ქართული მიწა“, – წერია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

“რა პარადოქსია, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ადგილობრივი ფილიალი საპირისპირო დასკვნებს აქვეყნებს ხოლმე, კაპიტანი გიგაური კი პირდაპირ მტრობს სახელმწიფო ინტერესებს”

ისე, რა პარადოქსია, როცა ამ ორგანიზაციის ადგილობრივი ფილიალი საპირისპირო დასკვნებს აქვეყნებს ხოლმე, კაპიტანი გიგაური კი პირდაპირ მტრობს სახელმწიფო ინტერესებს, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერად რჩება და ევროკავშირის წევრ ექვს და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ევროპულმა ოფისმა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო რეგიონის ლიდერია – მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის ექვს ქვეყანას უსწრებს.

ისე, რა პარადოქსია, როცა ამ ორგანიზაციის ადგილობრივი ფილიალი საპირისპირო დასკვნებს აქვეყნებს ხოლმე, მაშინ, როცა კაპიტანი გიგაური პირდაპირ მტრობს სახელმწიფო ინტერესებს“, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

„ლელომ“ ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო საქმიანობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა, რას ითხოვს პარტიებისგან პოლიტიკური ცხოვრება -ირაკლი ქადაგიშვილი

გუშინდელი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ ნორმალურ ვითარებაში, ყველა მხარეს ჰქონდა საშუალება, წარმოედგინა თავისი მოსაზრება პროცესთან დაკავშირებითაც და მონახაზიც წარმოდგენილიყო, ვინ როგორ უყურებს, როგორ უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეხვედრა მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო.

„ლელომ“ ბოიკოტი გამოუცხადა ამ საპარლამენტო საქმიანობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია აღქმა, დღეს სად იმყოფება საქართველო, მისი პოლიტიკური ცხოვრება რას ითხოვს პოლიტიკური პარტიებისგან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, თავის თავს დააბრალონ მერე რა შედეგიც იქნება. ყოველ შემთხვევაში მე ვარ დარწმუნებული, რომ ის წილი გასაკეთებელი სამუშაოსი, რაც ცხრა რეკომენდაციის გზაზე პარლამენტის გასაკეთებელი იქნება, შესრულდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ლელოს“ წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო, არ დაესწრნენ.

“არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს ” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს.

„ნამდვილად არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან გაიმარჯვოს. ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას. თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც ძლიერი ქვეყნები ცვლიან საზღვრებს ისე, როგორც მათ სურთ და სუსტებს ძლიერები ჩაგრავენ. რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. რუსეთი შეამცირებს ზეწოლას თავის მეზობლებზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უკრაინის გზას უფრო მსუბუქს გახდის და საშუალებას მისცემს ევროპასა და მსოფლიოს თავიანთი ყურადღება სხვა გამოწვევებზე მიაპყრონ. ჩვენი დახმარებით, უკრაინას შეუძლია რუსეთის იმპერიული ამბიციები ისტორიის ნაგავსაყრელზე გაგზავნოს. ეს არის ის, რაც უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენს ქმედებებსა და აზრებს“, – წერს ბორელი ფრანგულ გამოცემა „ლე ნუველ ობსერვატორიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა, თუმცა ზოგჯერ, ეს დახმარება ჭიანურდებოდა.

„ხშირად ძალიან ნელა ვმოქმედებდით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში, ხშირად მხოლოდ მაშინ ვიღებდით გადაწყვეტილებას გვემოქმედა, როდესაც რუსეთი უპირატესობის მოპოვებით იმუქრებოდა. ეს ყოყმანი მრავალი ადამიანის სიცოცხლის ფასი დაჯდა. ჩვენ უნდა შევცვალოთ უკრაინის მხარდაჭერის პარადიგმა: „უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“ უნდა შევცვალოთ შემდეგი სიტყვებით: „უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რაც არ უნდა დასჭირდეს ამას“. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად საჭირო საშუალებები, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და სხვა მოწინავე იარაღის სისტემები. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა“, – წერს ბორელი.

“ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის დონე მაღალია და ჩვენ გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის”

კრემლში აცხადებენ, რომ ვითარება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულია და საჭიროა ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საერთოდ, დაძაბულობის დონე ახლა მაღალია და ჩვენ გვჭირდება ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციისთვის. ეს არის ერთადერთი რამ, რაც დაგვეხმარება კონფლიქტის შეჩერებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების თავიდან არიდება და დეესკალაციის მიღწევა“, – თქვა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასე უპასუხა ჟურნალისტს კითხვას, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ირანზე თავდასხმა განახორციელოს.

მანამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მიიღებს საჭირო ზომებს იორდანიაში ირანის მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფების მიერ განხორციელებულ თავდასხმაზე, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ ირანთან ომს არ აპირებს.

„ლელომ“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მათი ხედვა „9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ“ წარადგინა

პარლამენტში, პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მათი ხედვა “9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ” წარადგინა.

გეგმა მოიცავს კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც, როგორც “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, შედგენილია იმისთვის, რომ საქართველომ უმოკლეს დროში, ხელისუფლების ცვლილებიდან ერთ წელიწადში შეძლოს ევროკავშირის 9 -პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება.

როგორც პრეზენტაციაზე ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი ხელისუფლების და ძალაუფლების შენარჩუნებით და ბოლოდროინდელი ცვლილებები მმართველ ძალაში საბოლოოდ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს.

“ლელოს” გეგმა მოიცავს: რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებისა და რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, “ტროლების ქარხნის” მუშაობის სქემის გამოძიებას, სპეციალური მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნას, მედია წიგნიერების სავალდებულო სასკოლო საგნად დანერგვას, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და დეზინფორმაციისგან დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების განსაზღვრას, დეზინფორმაციასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან, სპეციალიზებულ სააგენტოებთან და სხვა.

ამასთან, „ლელოში” განმარტავენ, რომ გეგმა გულისხმობს ევროკავშირის სანქციებთან მიერთებას რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს დაცვის აქტის მიღებას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას.

გეგმა ასევე, მოიცავს შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმას პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ინსტიტუციური ძალაუფლების დაბალანსებულად გადანაწილების თაობაზე, რიგი კომიტეტების თავმჯდომარეებად ოპოზიციის წარმომადგენლების არჩევას.

ამასთან, როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გეგმის თანახმად, პარლამენტში გაუქმდება 2023 წლის სექტემბერში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ მიღებული “მედიის საქმიანობის შემზღუდველი უსაფრთხოების წესები”.

ამასთან, გეგმით გათვალისწინებულია, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებების საარჩევნო კანონმდებლობაში გატარება, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესისა და საარჩევნო ბარიერის შესახებ.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, გეგმის შესასრულებლად „ლელოს“ მომზადებული აქვს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, კანონპროექტები და კონკრეტული რეფორმები, რომელიც გულისხმობს მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სახელმწიფო ქონების, სახელმწიფო სახსრების, მსხვილი საგრანტო რესურსების და მსხვილი საბიუჯეტო დანახარჯების განკარგვის პროცესებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ კომისიაში შევა ყველა ფრაქციის, პოლიტიკური ჯგუფის თითო წარმომადგენელი და მას ოპოზიციაში მყოფი პარლამენტარი უხელმძღვანელებს. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია საპარლამენტო ნდობის ჯგუფის გაუქმება და ქმედითი მექანიზმების შექმნა უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად.

ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლო რეფორმის ნაწილში გათვალისწინებულია „კლანის“ დაშლა და ახალი კლანის წარმოქმნის საფრთხეების სრული დაზღვევა; მოსამართლეთა თავიდან შერჩევის საგანგებო პროცესის გამართვა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით; იუსტიციის საბჭოს ფუნქციების და ძალაუფლების შეზღუდვა; გამოსაცდელი ვადის და მოსამართლის „გადასახლების“ მექანიზმების გაუქმება და სხვ. მოსამართლეთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა, საქმეების დროული განხილვის უზრუნველყოფა და აშ. ამასთან, გეგმა ითვალისწინებს პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმირებას.

კორუფციის ნაწილში გათვალისწინებულია საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს – ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, ამასთან, კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლის უზრუნველსაყოფად ახალი მექანიზმების დანერგვა, მაგალითად, დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაციის მექანიზმის. ასევე, გეგმა ითვალისწინებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებას, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას საზოგადოების წინაშე.

ნაცვლიშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის მიმართულება გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის გაშვებას ხელისუფლებიდან 2024 წლის არჩევნებზე, ხოლო იმისათვის, რომ არ მოხდეს ოლიგარქიული გავლენების დაბრუნება, ან, ახალი ტენდენციების განვითარება, შეიქმნება სახელმწიფო უწყებებისაგან დამოუკიდებელი ოლიგარქიული გავლენების პრევენციის (მუდმივმოქმედი) საბჭო.

ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, “ლელოში” აცხადებენ, რომ გაუქმდება 1984 წელს მიღებული რუსული, საბჭოთა პერიოდის რეპრესიული „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“.

“ლელოში” აცხადებენ, რომ უფლებების დარღვევებზე მიმდინარე გამოძიებების არაეფექტურობის გამო, გეგმა ითვალისწინებს მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ახალი პროკურორის ფართო კონსენსუსით არჩევას.

„ლელოში” აცხადებენ, რომ გეგმას გააცნობენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს, მოქალაქეთა ჯგუფებს და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით გააგრძელებენ მუშაობას.

“ლელოს“ ტაქტიკას არ ვიზიარებ, აუცილებელია, მოქალაქეებმა ნახონ სხვაობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებიდან არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ რაიმეს ფუნდამენტალურად შეცვლის, თუმცა მიაჩნია, რომ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიების გასამართად.

„ჩვენ ფორმატს ვიყენებთ არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციისთვის. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ დისკუსიის საგანი შესვლა-არშესვლა კი არ უნდა იყოს, არამედ შინაარსი – სასამართლო რომ არ გვაქვს, კორუფციაა. შედეგზე ორიენტირებული დისკუსიები გვინდა. ამ პლატფორმას სწორედ ამისთვის ვიყენებთ და იმედი არ გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ რამეს ფუნდამენტალურად შეცვლის.

იმიტირებულია თუ რაც არის, მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ყველა პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული. „ლელოს“ პასუხს არ გავცემ, რადგან მეც ასე ვფიქრობდი წინა პერიოდში, თუმცა ვნახეთ, რომ შესვლა-არშესვლაზე დისკუსიას შინაარსზე დისკუსია სჯობს. „ლელოს“ ტაქტიკას არ ვიზიარებ. აუცილებელია, მოქალაქეებმა ნახონ სხვაობა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის“, – განუცხადა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს.

„ლელოს“ წარმომადგენლები გუშინ პარლამენტში გამართულ შეხვედრას, სადაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა დაიწყო, არ დაესწრნენ.

ვინ არის მამაკაცი, რომელიც ჭავჭავაძეზე გარდაცვლილი იპოვეს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო. შემთხვევა დღეს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

“პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – წერია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.