თუკი, ოდესმე, ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებებში ისეთ „მწვერვალებს“ მივაღწევ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს დემონსტრაციულად გადავახევ სახელმწიფოს, გთხოვთ, არ მოითხოვოთ ჩემი ციხიდან გამოშვება! -დავით ქართველიშვილი

28
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მოთხოვნას, რომ კეკელიძის ქუჩაზე მევახშის მიერ ბინიდან ოჯახის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ავტომობილის დამტვრევისთვის დაკავებულები გათავისუფლდნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კანონის დარღვევა არავის არ ეპატიება.

„მიჩვეული ვარ დატაკებასა და ქვებით ჩაქოლვის მუქარას ჩვენი საზოგადოების როგორც „ურწმუნო“, ასევე „ძაანმორწმუნეთა“ მხრიდან. მიჩვეული ვარ ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში „მეგობრობის“ გრძნობებს აყოლილ „გედევანებს“ – ციხეში მოხვედრილი „ნიკების“ გულისთვის გუნდს, რომ ღალატობენ. ამიტომ, გულწრფელად დავწერ იმას, რასაც დავწერ.

ხელისუფლებამ აღსრულების პოლიციის მანქანის გამანადგურებელ მეცნიერებს შესთავაზა – აღიარონ დანაშაული, მოიხადონ ბოდიში, აანაზღაურონ ზარალი და მათ თავისუფლების აღკვეთას არასაპატიმრო ფორმით ჩაუნაცვლებენ. სახელმწიფოს მხრიდან ამ ჰუმანურობის აქტში, ზემოთ ნახსენები ორივე დაინტერესებული მხარე ალბათ ან ეგრევე მოითხოვს, ან სახელმწიფოს შეახსენებს – მსგავსი ჰუმანურობა გამოჩენილი იქნეს „პრაიდის“ დროს დაპატიმრებული ბიჭების, „მოლოტოვის“ მსროლელის თუ დროშების გადაწვაზე დაკავებულისთვისაც.

მეეჭვება ეს ოთხივე კატეგორია თავის ბრალეულობას აღიარებდეს. მათ ოთხივე შემთხვევაში მიმართეს თავისი სოციალური პროტესტის უკიდურეს ფორმას, თუნდაც უწყოდნენ რა, რომ არსებულ კანონთან გარდაუვალ წინააღმდეგობაში შედიოდნენ. ეს იყო მათი შეგნებული ნაბიჯი, მათი პროტესტის უკიდურესი ზომა, რომელსაც: 1) საქართველოში ლგბტ ტომი უნდა დაესუსტებინა; 2) ქვეყანას რუსული კანონი აეცილებინა; 3) ევროკავშირი კათოლიკური ეკლესიის წიაღში შეერეკა და 4) მევახშეობისა და აღსრულების მექანიზმებისთვის მოუშუშებელი იარა მიეყენებინა.

თუკი, ოდესმე, ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებებში ისეთ „მწვერვალებს“ მივაღწევ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს დემონსტრაციულად გადავახევ სახელმწიფოს ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე კეთილშობილური მიზნის მისაღწევად, გთხოვთ, არ მოითხოვოთ ჩემი ციხიდან გამოშვება! მომეცით უფლება საკუთარ თავთან დარჩენისა, ჩემი ქმედებების (ქვეყნისა და ოჯახის წინაშე) გაანალიზების მიზნით!

P.S.: ჰო, ხასია და ჩიქობავა როგორ მოიქცევიან, არ ვიცი. ორივე შემთხვევაში – წარმატებას ვუსურვებ!“, – წერს დავით ქართველიშვილი.