Home Blog Page 1681

“დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს”

დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. მესმის, გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.

„რაში მდგომარეობს სტრატეგიული ჩიხი? დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს და პეკინს არ გაუჩნდეს ბირთვული სატელიტი მოსკოვის სახით, რასაც ისინი შესაძლებლად მიიჩნევენ რუსეთის სრული მარცხის შემთხვევაში. მესმის, გასაგები მიზანია, მაგრამ ამის მისაღწევად სხვა გზებიც არსებობს, ხოლო უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია. მეორე მიზეზია ჩვენი პოლიტიკური კლასის და ხელმძღვანელობის სიბრიყვე და კორუფცია, მესამე კი პატრიოტული სურათი, რომელიც ხელოვნურად შექმნეს და რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში − ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ნორვეგიელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
განიხილეს საქართველოსა და  ნორვეგიის სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახლადდანიშნული ელჩის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხარისხობრივად მაღალ დონეზე აყვანას.
პრემიერმა ნორვეგიის სამეფოს ელჩს მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე − არაღიარების პოლიტიკის მიმართ.
აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ნორვეგიის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მრავალწლიან ჩართულობას საქართველოში.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების დინამიკას, განსაკუთრებით − პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციის გუნდი Agile Prague-ის კონფერენციას დაესწრო

Agile Prague ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონფერენციაა, რომელიც უკვე 16 წელია ტარდება. თიბისიდან კონფერენციას 23 ადამიანი დაესწრო, მიზანი ერთმანეთისთვის წარმატების ისტორიისა და გამოცდილების გაზიარება, ცოდნის მიღება, აზრების გაცვლა და ახალი იდეების ჩამოტანაა.

 თიბისიმ საქართველოში Agile ტრანსფორმაციას ჩაუყარა საფუძველი. გუნდი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, პროგრესირებდეს და მოთხოვნების შესაბამისად, ცვლიდეს მიდგომებს. სწორედ ამ გეგმისკენ მიმავალი გზის ნაწილია კონფერენციები, რომლებსაც Agile ექსპერტიზის ცენტრის გუნდი ეტაპობრივად ესწრება.

 “ჩვენი გუნდი მსგავს ღონისძიებებს აქამდეც დასწრებია, თუმცა, ამჯერად Agile Prague-ზე პრაქტიკულად მთელი შემადგენლობით ვიმყოფებოდით. კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა – იყო სხვადასხვა ვორქშოფი, სემინარი, Agile-თან დაკავშირებული აქტივობები და სხვა. ჩვენ ყველაფერში აქტიურად ვიყავით ჩართულნი და მაქსიმალურად ვცდილობდით კოლეგების გაცნობასა და მათთან აზრების გაცვლას”- კონსტანტინე კევლიშვილი, თიბისის Agile ქოუჩი.

 თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, არამხოლოდ ადგილობრივ პრაქტიკებს, არამედ საერთაშორისო მაგალითებსაც აქტიურად აკვირდება და ახალ გადაწყვეტილებებამდე სწორედ მათზე დაყრდნობით მიდის.  თიბისის გუნდის წევრები Agile Prague-ზე სხვა ორგანიზაციების ქეისებს გაეცნენ და სწორი მიმართულებით განვითარება გააგრძელეს, რაც წინსვლისთვის გადამწყვეტია.

 (R)

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქი დაბომბეს, არიან დაღუპულები, მათ შორის 7 წლის გოგონა

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა სუმის რაიონზე 22 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის არის 7 წლის გოგონა, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სუმის რაიონში სულ 106 აფეთქება დაფიქსირდა. დაბომბვები ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელდა.

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ბათუმში, ნაცნობი მამაკაცი – 1983 წელს დაბადებულ გ.მ., ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა ა.მ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ბრიტანეთის და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.

„დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ღაზაში მიმდინარე პაუზის გაგრძელებას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე პაუზის გახანგრძლივებას და მომავალ ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა შესაძლებელი გახდეს მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების დაჩქარება და ყველა მძევლის გათავისუფლება“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ განცხადებაში.

აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს- ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა და ქმედებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“[აზერბაიჯანის] სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის მიერ 2023 წლის 15 ნოემბერს გაკეთებული შენიშვნები ჩვენი ქვეყნის შესახებ მიკერძოებული იყო და არ ასახავდა რეალობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, სახელმწიფო მდივანმა, [ენტონი] ბლინკენმა ითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის აზერბაიჯანში ვიზიტის დაშვება დეკემბერში. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დათანხმდა ამ წინადადებას იმ პირობით, რომ ამ ვიზიტის შემდეგ მოიხსნება აზერბაიჯანის მაღალი დონის ოფიციალური პირების შეერთებულ შტატებში ვიზიტების უსაფუძვლო აკრძალვა. მდივანმა ბლინკენმა მიიღო ეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულმა სესიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციამ, რომელიც ქ. მადრიდში გაიმართა დეკლარაცია მიიღო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირეს და საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიზნების მიღწევისთვის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დელეგაციამ კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებმა კონფერენციის ფარგლებში შეაჯამეს ევროკავშირის ესპანეთის თავმჯდომარეობა და განიხილეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მიგრაცია და ენერგეტიკული კრიზისი, უკრაინაში არსებული სიტუაცია და ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია.

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში ესპანეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებთან და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერაზე და კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისაკენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ დისკუსიაში, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოტენციალსა და მის მნიშნველოვან პროექტებზე.

სხდომაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიღწევები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა და მხარი დაუჭირეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საქმეთა კომიტეტების პლენარულ სესიაში ესპანეთის მოწვევით მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები და ესპანეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პირები.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველად ლავროვი ნატოს წევრ ქვეყანას ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეუთოს კონფერენციაზე დასასწრებად, 3 დეკემბრამდე გეგმავს ჩრდილოეთ მაკედონიაში გამგზავრებას. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი ნატოს წევრ ქვეყანაში მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა 2022 წლის 24 თებერვალს. ამის შესახებ Euronews წერს.

ცნობისთვის, რუსეთი არის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) 57 წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც შეიქმნა ცივი ომის დროს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაძაბულობის განმუხტვისათვის და ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელსაც ჯგუფის ამჟამინდელი თავმჯდომარეა, გასულ კვირას ლავროვი ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც 30 ნოემბერს დაიწყება სკოპიეში.

ნატოს წევრებმა აკრძალეს ფრენები რუსეთიდან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სამხედრო მოქმედება დაიწყო უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. ჩრდილოეთ მაკედონიაში მისასვლელად ლავროვის თვითმფრინავს ბულგარეთის ან საბერძნეთის საჰაერო სივრცეში ფრენა დასჭირდება, რომლებიც ასევე დასავლეთის სამხედრო ალიანსს ეკუთვნის.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გამონაკლისი დაუშვა და 27 ნოემბერს განაცხადა, რომ მან ლავროვის თვითმფრინავის ბულგარეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენის გამონაკლისი ნებართვა მისცა, თუმცა მათივე განცხადებით, ნებართვა არ ვრცელდება რუსეთის სხვა დელეგაციის წევრებზე, რომლებიც ასევე არიან სანქცირებული პირები, ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოში, პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მაღალი რანგის სტუმარს „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში სიტყვით გამოვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმზე. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, კოლეგებთან ერთად, გაეცნობა 2024 წლის 2-5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოებს.

,,მე არ მსურს, რომ ევროკავშირის სავარძელი ცარიელი იყოს”- ბორელი

ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალზე ჩავა, რომელსაც უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. აღნიშნული ქვეყნების ბოიკოტის მიზეზი მინისტერიალზე რუსეთის დელეგაციისა და პირადად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობაა.

როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, მას აქვს რთულ ვითარებაში სერგეი ლავროვთან საუბრის გარკვეული გამოცდილება.

„მე გავემგზავრები ეუთო-ს შეხვედრაზე, ჩვენ ვართ ამ ორგანიზაციის წევრები, ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი პოზიცია და რაიმე დავუპირისპიროთ რუსეთის პოზიციას. მე არ მსურს, რომ ევროკავშირის სავარძელი ცარიელი იყოს“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ლავროვთან პირისპირ შეხვედრა არ ექნება.

ცნობისთვის, ეუთო-ს მინისტერიალი 30 ნოემბრიდან პირველ დეკემბრამდე პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ, სკოპიეში გაიმართება. მას დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეხვედრაზე გამგზავრებას გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც, რომელიც ამჟამად ბრიუსელშია.

რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია განცხადებაში.