Home Blog Page 1681

რუსეთში „შიველუჩის“ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ფერფლმა ზღვის დონიდან 20 კილომეტრს მიაღწია

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის რეგიონული ფილიალის ცნობით, რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვულკანმა „შიველუჩმა“, რომელიც წუხელ ამოიფრქვა, კვლავ გამოუშვა ვულკანური ფერფლის ღრუბელი და მისმა სიმაღლემ დაახლოებით 12 კილომეტრს მიაღწია, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ვულკანი „შიველუჩი“ აგრძელებს ამოფრქვევას. თანამგზავრის საშუალებით მოპოვებული მონაცემების თანახმად, ვულკანმა ფერფლის ღრუბელი გამოუშვა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 12 000 მეტრს აღწევდა”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, „შიველუჩის“ ვულკანმა ამოფრქვევა წუხელ დაიწყო, დღეს დილით ვულკანური ფერფლის ღრუბელმა ზღვის დონიდან 20 კმ-ს მიაღწია, რის შედეგადაც ფერფლის ნალექმა 240-დან 400 კილომეტრამდე ფართობი დაფარა.

„შიველუჩი“ კამჩატკას ერთ-ერთი უდიდესი ვულკანია, რომლის სიმაღლე 3283 მეტრია.

“სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქნით ერთი გამაგებინეთ” – თეა გოდოლაძე

რიკოთის მონაკვეთზე ქვათაცვენის ფაქტს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ეხმაურება:

“რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას!

აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა! დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს.

თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა,”– წერს თეა გოდოლაძე.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ- ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114- კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

“ბიძინა ივანიშვილი 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას” – ადვოკატი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის Credit Swiss საქმეებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბანკი, აგრეთვე, ბანკის მიერ დაარსებული ტრასტები აცნობიერებენ, რომ მათმა უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებებმა გამოიწვიეს ზიანი, მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესების დარღვევა და მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან ხელოვნული დაბრკოლებები, რომ დროში გაჭიანურდეს მათი მხრიდან ვალდებულებების შესრულება.

საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო, მათ შორის, დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილი ფულადი სახსრებისა და აქტივების განკარგვასთან დაკავშირებით შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებების თაობაზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი არის, ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში. Credit Suisse-ს აღნიშნული თანხებთან მიმართებით რაიმე ინტერესი ვეღარ ექნებოდა, რადგან თანხები, როგორც ითქვა, აღარ ირიცხებოდა Credit Suisse-ში, ის გადატანილი/განთავსებული იყო სხვა ბანკში. სხვა ბანკში გადატანილი აქტივების მმართველად კი დარჩა Credit Suisse-ის ტრასტი, დაფუძნებული გენზის კუნძულზე.

ტრასტის ფუნქცია ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედება რომ არის, დამატებით აღარ გავამახვილებთ ყურადღებას. უნდა ითქვას, რომ ტრასტი თავის ვალდებულებებს მეტ-ნაკლები წარმატებით თავს ართმევდა 2022 წლის მარტამდე.

შემდეგ ეტაპობრივად შეიცვალა ტრასტის დამოკიდებულება თავისი ვალდებულების შესრულების მიმართულებით.

ტრასტი სხვადასხვა უსაფუძვლო/გამოგონილი/ხელოვნური მიზეზებით შეეცადა, მინიმუმ, თავისი პასუხისმგებლობის შესრულების დროში გაჭიანურებას და, მაქსიმუმ, მის თავიდან არიდებას.

აღნიშნული კი გამოიხატა შემდეგში:

ტრასტმა, თავდაპირველად, თანხების გადმორიცხის შეფერხების საფუძვლად მიუთითა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენები“.

ტრასტი ორი თვის განმავლობაში აღნიშნული მიზეზით უარს ამბობდა თანხების გადმორიცხვაზე.

შემდეგ ტრასტმა, თანხა რომ არ გადმოერიცხა, ახალი საბაბი, ევროპარლამენტის 2022 წლის ივნისის რეზოლუცია, მოიმიზეზა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ ევროპულ საბჭოს არ ჰქონდა რეზოლუცია გაზიარებული.

აშკარა იყო, რომ ტრასტი ცდილობდა, არ შეესრულებია ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო მოსარჩელეთა მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილების ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

საქმის განხილვა დაინიშნა 2022 წლის სექტემბერში. სხდომები გადაიდო არაერთხელ (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი და 2023 წლის მარტი). საქმის არსებითი განხილვა დასრულდა 2023 წლის 20 მარტს.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ტრასტის ლიკვიდაცია ხდება მხარეთა შორის შეთანხმებით, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გამონაკლისი კი არის მხოლოდ ორი შემთხვევა: (1) როდესაც არის აზრთა სხვადასხვაობა ტრასტის მართვის ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით ან/და (2) როდესაც არის შეუთანხმებლობა ტრასტის ბენეფიციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან და აქტივების განაწილების წესთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა არც აზრთა სხვადასხვაობა ხარჯებთან მიმართებით (არსებობდა თანხმობა ტრასტის მიერ შემოთავაზებულ დაანგარიშების ფორმულასთან დაკავშირებით) და არც უთანხმოება ბენეფიაციარებს შორის ტრასტის ლიკვიდაციასთან მიმართებით. პირიქით, არსებობდა ბენეფიაციართა ერთობრილივი სურვილიც და მოთხოვნაც. მიუხედავად იმისა, რომ ტრასტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ტრასტმა უარი განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაზე და მიუთითა, რომ ტრასტის ლიკვიდაციისთვის საჭირო იყო სასამართლოსთვის მიმართვა.

როგორც წესი, ერთდღიან სასამართლო პროცესებს აქვს ადგილი, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა და შეიძლება ითქვას, რომ თავისი უსაფუძვლო და ხელოვნური სტრატეგიული ნაბიჯებით მიაღწია საქმის განხილვის გაჭიანურებას.

ჩვენი ადგილობრივი ადვოკატები (გენზის კუნძული) ფიქრობდნენ, რომ საქმის განხილვა ტრასტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დასრულდებოდა ერთ დღეში, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა.

შემდეგ ელოდებოდნენ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი იქნებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა მოლოდინი ამ მიმართულებითაც გაუცრუვდათ.

შეიძლება ითქვას, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ როგორც ხდებოდა ხელოვნურად საქმის განხილვის გაჭიანურება, ისე ხდება პროცედურების დაბრკოლება გადაწყვეტილების წერილობითი ფორმით ჩამოყალიბების მიმართულებითაც.

ფაქტიურად, გამოდის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღსდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, თუმცა იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის, პრაქტიკული რეალიზება. ამდენად, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადებული აქვს, 2023 წლის 20 მარტიდან დღემდე ვერ ახერხებს აქტივებზე წვდომას.

და ბოლოს, გაცნობებთ, რომ მაქსიმალურად შევეცდებით მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე საქმეებთან მიმართებით“, – აცხადებს ადვოკატი.

“ევროპა უკრაინას წელიწადში მილიონ ჭურვს დაჰპირდა – დაეხმარება თუ არა ეს კიევს რუსეთთან ბრძოლაში?”

„ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ქარხანაში, რომელიც საბრძოლო მასალებს ამზადებს, უკრაინაში ომის დაწყებიდან გიგანტური რობოტი-მანიპულატორები და მაღალტექნოლოგიური დანადგარები განუწყვეტლივ, დღე და ღამ მუშაობენ, რათა კიევის არმიისათვის აუცილებელი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები გამოუშვან. თუ ყველაფერი ისე განხორციელდება, როგორც არის ჩაფიქრებული, კომპანია Nammo-ს ქარხანა 2028 წლისათვის წელიწადში 200 ათას ჭურვს დაამზადებს, რაც 20-ჯერ აღემატება ომამდელი წარმოების მოცულობას“, – ნათქვამია ამერიკული გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ევროპა უკრაინას წელიწადში მილიონ ჭურვს დაჰპირდა. დაეხმარება თუ არა ეს კიევს რუსეთთან ბრძოლაში? ალბათ, არა“ (ავტორი – ლარა ჯეიქსი).

 

„დიახ, ჭურვების ეს რაოდენობა არასაკმარისია და მათი დამზადების ტემპიც ნელია. არადა, უკრაინის არმია დღეს აცხადებს რომ მას ყოველთვიურად 250 ათასი 155-მილიმეტრიანი ჭურვი ჭირდება რუსეთის შეტევის მოსაგერიებლად. ფაქტობრივად, უკრაინის მოთხოვნას ჭურვების დამამზადებელი ევროპის 11 ქარხნის ერთობლივი სიმძლავრეც კი ვერ დააკმაყოფილებს“, – წერს ავტორი.

 

„ეს პრობლემა ნატოს ყველა წევრი-ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი: „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ უკვე სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა და ბევრმა თავისი სამხედრო ხარჯები მინიმუმამდე შეამცირა, რათა უფრო მეტი თანხა სოციალურ სფეროს მოხმარებოდა. ახლა კი, როცა ამერიკა მთელი ძალების დაძაბვით ცდილობს იარაღზე უკრაინის არმიის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ჩინოვნიკებს და ანალიტიკოსებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ კითხვა – შეძლებს თუ არა ევროპა გაზარდოს წარმოების მოცულობა თავის სამხედრო-სამრეწველო სექტორში იმდენად, რომ უკრაინას აუცილებელი დახმარება აღმოუჩინოს?

 

და როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი უკვე ახლავე უარყოფითია; „ვერ შეძლებს, მოკლევადიან პერსპექტივაში“. ნატოელი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ უკრაინას იარაღს იმ რეზერვებიდან მისცემენ, რომლებიც ამჟამად მათ საწყობებში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, აგრეთვე საზღვარგარეთაც. გარდა ამისა, ისინი ცდილობენ სწრაფად გაზარდონ წარმოების მოცულობა იმ შემთხვევისათვის, თუომი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება.

„დღეს სამხედრო წარმოება დიდ პრობლემებს აწყდება. ჩვენ გვინდა უკრაინაც დავაკმაყოფილოთ და საკუთარი რეზერვებიც შევავსოთ“, – ამბობს კომპანია Nammo-ს დირექტორი მორგენ ბრანდცეტი, – ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე უფრო ადრე უნდა გვეფიქრა… მაგრამ რას ვიზამთ – რაც მოხდა, მოხდა“.

 

მორგენ ბრანდცეტის აზრით, „ევროპას გრძელი გზის გავლა მოუწევს“, რათა დაარწმუნოს ცალკეული ქვეყნები სამხედრო მრეწველობის აღდგენაში.

მარტში ევროკავშირი დათანხმდა, რომ უკრაინისათვის 2,14 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე 155-მილიმეტრიანი ჭურვები 12 თვის განმავლობაში მიეცა. ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის განკარგულებაში უფრო მეტი რეზერვებია და დაფინანსების უფრო ოპტიმიზირებული სქემა აქვს, კიევს უკვე თითქმის ამდენივე რაოდენობის ჭურვს აწვდის, ევროპას კი დიდი ძალისხმევა დაჭირდება თავისი დაპირების შესასრულებლად.

„ისეთი პირი უჩანს, რომ შესაძლოა, ჩვენ უკრაინისადმი მიცემულ პირობას ვერ შევასრულებთ“, – თვლის გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

წყარო

„ევროპის ბრძოლის მიზანი სტრატეგიული ავტონომია უნდა იყოს“ – ინტერვიუ ემანუელ მაკრონისთან

ფრანგული ჟურნალი „ლეზ ეკო“ (Les Echos) აქვეყნებს ინტერვიუს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონისთან სათაურით „ევროპის ბრძოლის მიზანი სტრატეგიული ავტონომია უნდა იყოს“. ჟურნალისტი ნიკოლ ბარე ფრანგ ლიდერს ჩინეთში ვიზიტის შედეგებსა და ევროპის პერსპექტივაზე ესაუბრება.

გთავაზობთ ინტერვიუს შინაარსს:

კითხვაზე, „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან თქვენი დიალოგის შემდეგ, რას უნდა ველოდოთ ჩინეთისაგან უკრაინასთან მიმართებით?“, ემანუელ მაკრონი პასუხობს:

„ვფიქრობ, რომ ჩინეთიც იმას აკეთებს, რასაც ჩვენ – კერძოდ, იმას, რომ დღეს სამხედრო მოქმედებების ამინდია და ორივე სიტუაციას ვაკვირდებით. უკრაინას წინააღმდეგობას უწევს რუსეთს, ჩვენ კიევს ვეხმარებით. სამწუხაროდ, ამჟამინდელ მდგომარეობაში მოლაპარაკების დრო არ არის – თუნდაც მომზადებულნი ვიყოთ ამისათვის. ჩინეთთან ჩვენი დიალოგის მიზანი ისაა, რომ ჩვენი მიდგომების კონსოლიდირება მოვახდინოთ: პირველი – ესაა გაეროს წესდების დებულებებისადმი მხარდაჭერა; მეორე – მკაფიო გაფრთხილება ბირთვული პრობლემის თაობაზე. ჩინეთმა უნდა მიიღოს ზომები იმის გამო, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი ბელარუსში განალაგა – თანაც ორიოდე დღის მას შემდეგ, რაც კრემლმა მისი გაუვრცელებლობის ვალდებულება აიღო; მესამე – მკაფიო გაფრთხილება ჰუმანიტარული სამართლის ერთგულებისა და ბავშვების დაცვასთან დაკავშირებით და მეოთხე – სწრაფვა მტკიცე მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკების გზით.

სი ძინპინმა ბევრი ილაპარაკა უსაფრთხოების ევროპულ არქიტექტურაზე, მაგრამ შეუძლებელია ევროპულ უსაფრთხოებაზე ლაპარაკი მანამ, სანამ ევროპაში „გაყინული“ კონფლიქტებისა და დაპყრობილი ტერიტორიების მქონე ქვეყნები არსებობენ. ანუ, როგორც ხედავთ, ამ ყველაფრისაგან ერთი საერთო მატრიცა იქმნება… არის თუ არა უკრაინა ჩინური დიპლომატიისათვის პრიორიტეტი? შესაძლოა, არ არის. მაგრამ ეს დიალოგი შესაძლებელს ხდის იმ კომენტარების შერბილებას, რაც ჩვენ მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით – მათში რუსეთის მიმართ ერთგვარი თვითკმაყოფილებაა გამოხატული“.

ტაივანთან დაკავშირებული კითხვაზე, „რამდენადაც ჩინელები ამერიკელებთან კონფრონტაციაში არიან, განსაკუთრებით ტაივანის საკითხის გამო, ხომ არ განიხილავენ ისინი ევროპას ორ დიდ სახელმწიფოს შორის მოქცეულ პაიკად?“, – საფრანგეთის პრეზიდენტი პასუხობს: „ჩვენი, ევროპელების მთავარი საზრუნავი ერთიანობის შენარჩუნებაა. ჩინეთს ვაჩვენებთ, რომ ევროპა ერთიანია. სწორედ ეს აზრი იყო ჩადებული ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ვიზიტში. ჩინელებიც შეშფოთებულნი არიან ერთიანობის საკითხით, ტაივანთან დაკავშირებით, რომელიც, პეკინის აზრით, მის ნაწილს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, თუ რატომ მსჯელობენ ასე ჩინელები. ჩვენ, ევროპელებს, ხშირად გვისვამდნენ კითხვას: დაინტერესებულები ვართ თუ არა ტაივანის პრობლემის სწრაფი გადაწყვეტით? არა, არ ვართ დაინტერესებულები. ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ ევროპელები ამერიკის ტემპებს ავყვეთ ამ საკითხში და ჩინეთი გავაღიზიანოთ“.

„ჩვენ, ევროპელებმა, უნდა გავიღვიძოთ. ჩვენი პრიორიტეტი იმაში არ უნდა იყოს, რომ სხვა რეგიონებში მდებარე ქვეყნების დღის წესრიგს შევეწყოთ“, – ხაზს უსვამს ემანუელ მაკრონი. ფრანგი პრეზიდენტის აზრით, „ევროპა ხაფანგში აღმოჩნდება, თუ ის სტრატეგიული ავტონომიის პირობებში მაინც იქნება ისეთ კრიზისებში ჩათრეული ევროპის მიღმა მდებარე ქვეყნების მიერ, რომლებიც მას პირდაპირ არ ეხება. თუ მსოფლიო ორპოლუსიანი იქნება, ჩვენ არანაირი სახსრები არ გვეყოფა ჩვენი ავტონომიის შესანარჩუნებლად, ჩვენ ან რომელიმე პოლუსის ვასალები გავხდებით, ან მესამე პოლუსი უნდა ვიყოთ“.

„მართალია, ევროპის სტრატეგიული ავტონომიის უზრუნველსაყოფად ბოლო წლებში ბევრი რამ იქნა გაკეთებული, მტკივნეულ ადგილად მაინც რჩება საერთო თავდაცვა“, – ამბობს ემანუელ მაკრონი. იმის გამო, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყნის სამხედრო წარმოება განუვითარებელია, ისინი იძულებულნი არიან იარაღისათვის ამერიკას და აზიის ქვეყნებსაც კი მიმართონ: „ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, უნდა გავძლიერდეთ“.
ინტერვიუში საფრაგეთის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ევროპის დამოკიდებულება აშშ-ზე, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში [თხევადი გაზის იმპორტის სახით], უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, მისი თქმით, ეს აუცილებელი იყო რუსულ „ცისფერ საწვავზე“ უარის თქმის გამო.
„ამერიკელებზე ჩვენი დამოკიდებულება და შევზღუდოთ და შევამციროთ, ამის გასაღები ევროპის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერებაშია, ასევე ატომური და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების საერთო სტანდარტების შემუშავებაში. რასაკვირველია, ევროპის სტრატეგიული ავტონომია არ ნიშნავს კარჩაკეტილობას და ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციასთან დაახლოებასაც, მაგრამ ევროპას არ სურს დაემორჩილოს ორი ბლოკის დაპირისპირების ლოგიკას“, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონი.

„პარადოქსი იმაში გამოიხატება, რომ იმ მომენტში, როცა ჩვენ ნამდვილ ევროპულ სტრატეგიულ ავტონომიას ვქმნით, მაინც პანიკური რეფლექსით ვხელმძღვანელობთ და აშშ-ის პოლიტიკას უკან მივყვებით“, – აცხადებს ფრანგი ლიდერი და იქვე ამატებს – „ევროპა რ უნდა იყოს დამოკიდებული დოლარის ექსტერიტორიულ ძალაუფლებაზე“.

წყარო

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა.  ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ყოფილი პრეზიდენტის ორი სარჩელი ერთდროულად შევიდა.

ადვოკატები  მიხეილ სააკაშვილისთვის  სასჯელის გადავადებას და დაუყონებლივ აღსრულებას ითხოვენ.  მეორე სარჩელით კი  მესამე პრეზიდენტის წამებას და მის მიმართ არაადამიანური  მოპყრობის ფაქტებს ასაჩივრებენ.

“დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ძალიან ვცდილობ, რომ ჩემი შვილის ჯანმრთელობა გადავარჩინო” – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია.

“მესამე პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია, დეტალებზე საუბარს მოვერიდები ანუ რა მოთხოვნებზეა საუბარი და ა.შ იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე”

საქმის პოლიტიზირება უნდოდათ, ის ისტერია რაც ვნახეთ კობახიძისგან და სხვა ლიდერებისგან გეგმა A ჩაეშალათ და ჩვენი ამოცანა იქნება, რომ კვლავ არ გავგრძელოთ საქმის პოლიტიზირება და ისე განვავითაროთ საქმე როგორც ეს მესამე პრეზიდენტს და ჩვენს ქვეყანას შეეფერება. ჩვენ არ ვიტყვით რა არის და რა ფორმით არის საჩივარი და ასევე არ ვიტყვით არის თუ არა 39-ე მუხლის შესახებ საუბარი ამ საჩივარში. მე დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდნეტის გადასარჩენად არის სხვა ღონისძიებებიც დაგეგმილი,”- აცხადებს  ენმ-ს წევრი, სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.

“კონცეპტ art” აღარ დააფინანასებს ხელოვანებს, რომლებიც posttv-ზე მივლენ”- თეონა ჯორბენაძე

“კონცეპტ art” აღარ დააფინანასებს ხელოვანებს, რომლებიც posttv-ზე მივლენ,” – ამის შესახებ “კონცეპტ art – ის ” ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე სოციალურ ქსელში წერს.
ჯორბენაძე სოციალურ ქსელის საშუალებით ტელეკომპანიის ხელმძღვანელს, შალვა რამიშვილის მიმართავს.
“შენ უკვე გვამის ორგანოებისგან აწყობილ ზომბს დაემსგავსე, მალე ალბათ, მეტყველების ნაცვლად მხოლოდ ყმუილი შეგეძლება. უბრალოდ, შენს შემქმნელზე ადევნებასაც ვერ შეძლებ, ის გაგასწრებს აუცილებლად.
როგორ მოექეცი შენს ნიჭს, შვილებს, რის ფასად გიღირს? არ მჯერა, რომ მხოლოდ ლარებმა გადაწონა. იმდენად ღიაა უკვე შენი ტროლობა, რომ „გასაშავებელი“ არტისტების სიას აღარც მალავ, პირდაპირ შეგაქვთ სტუდიაში რომელიმე რომ არ გამოგრჩეთ. გუშინდელი ეთერის შემდეგ შექება დაიმსახურე თუ დღეს გადაუგზავნიან?
მივმართავ ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, არტისტებს. როგორ არ გიჩნდებათ პროტესტი, ასეთი რა გაჭირვებაა, რომ სტუმრად დადიხართ გადაცემებში Postv-ზე, რომლის ეთერიდან თქვენს კოლეგებს ასე გულისამრევად ამცირებენ, დასცინიან, ცილსწამებენ?
არხი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და სოციალური მოვლენის ფონდ „იავნანას“ დარბევით გაიხსნა! ეს იყო მათი პირველი მაშტაბური მავნებლობა, რის შემდეგაც დააჯილდოვეს ბიუჯეტით და ონლაინ სივრციდან ტელევიზიად გახადეს. ინვესტიცია ჩაიდო სიძულვილის და სიცრუის პროპაგანდაში და ყოველი ვიზიტი მათთან სწორედ ამ სიბოროტის ხელშეწყობაა.
გუშინ მათი დავალება იყო პაატა ბურჭულაძის, თამრიკო ჭოხონელიძის და მერაბ სეფაშვილის დისკრედიტაცია, ხვალ თქვენი პოზიცია არ მოუვათ თვალში და აუცილებლად მოგდგებიან. არასდროს ვყოფილვარ რადიკალური, მაგრამ საჯაროდ გეტყვით, ვისაც ჩვენს შემოქმედებით გუნდთან მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გაქვთ იცოდეთ, რომ ეს წითელი ხაზია და არჩევანი თქვენთვის მომინდვია.
Ps. ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ შალვა რამიშვილი როცა დაიჭირეს და 202 უპატრონოდ დარჩა მე და მაკა რაზმაძე სრულიად უანგაროდ, არხი რომ არ გაჩერებულიყო, საეთეროს არ მოვშორებივართ. შემდეგ წარმოებაში ჩავუშვით „დარდუბალა 2“. მართლაც სარისკო იყო იმ დროს ბევრი რამ და შალვა ღია ხაზით შენ იმედზე ვარო ციხიდან მირეკავდა :))) ჩემთვის მთავარი მოტივი მაშინაც უსამართლობასთან უგუებლობა იყო და დღესაც!
როდესაც ჩემი და მრავალი საამაყო ქართველი თუ უცხოელი არტისტის აშენებული სიკეთის სახლის „იავნანას“ დარბევა დაევალა ვერ დავიჯერე, ვურეკავდი და სატელეფონო ზარებსაც კი დაემალა.. მანამდე მეგონა, რომ ცუდი ტიპის როლის თამაში არავის უნდოდა და მას ეს ნიღაბი რაღაც გამოწვევად მიაჩნდა. დღეს უკვე ვიცი, მისი თანამონაწილეობით ცხოვრებაში გადმოტანილი „დარდუბალა 3“ რა ფინალით დაუსრულდება,” – წერს თეონა ჯორბენაძე.

რა იყო მაკრონის ჩინეთში ვიზიტის რეალური მიზანი – რას წერს „სფექთეითორი“

BEIJING, CHINA - APRIL 06: French President Emmanuel Macron walks with Chinese President Xi Jinping after inspecting an honor guard during a welcome ceremony outside the Great Hall of the People on April 6, 2023 in Beijing, China. French President Macron is in China for a three-day state visit, seeking to change Chinese President Xi's stance on the Russia-Ukraine war, and improving European trade ties. (Photo by Ng Han Guan - Pool/Getty Images)

დიდი ბრიტანეთის ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მაკრონმა ჩინეთში საკუთარი თავი მოატყუა“ (ავტორი – იან უილიამსი). მასალაში გაანალიზებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში და მისი შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მართალია, პეკინში სი ძინპინი ემანუელ მაკრონს, ვლადიმერ პუტინივით, ექვსმეტრიან მაგიდაზე არ შეხვედრია, მაგრამ მოლაპარაკება ისეთივე უშედეგო გამოდგა, როგორც მისი უწინდელი შეხვედრა კრემლში, რუსეთის ლიდერთან.

საფრანგეთის პრეზიდენტის ჩინურ ვიზიტში რაღაც რეტროსპექტივა ჩანდა: შეხვედრის სცენა ჰგავდა მრავალი საუკუნის წინანდელ სურათს, როცა უცხოელი ელჩები „ცისქვეშეთის“ მფლობელთან საჩუქრებით მიდიოდნენ და იმპერატორის წყალობას იღებდნენ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი გამოძახილი უფრო გვიანდელი პერიოდისა, როცა ჩინეთის მონარქები ევროპელ სტუმრებს სახის ცივი, აუღელვებელი გამომეტყველებით ხვდებოდნენ.

სი ძინპინის ჩინეთი ამჟამად ბნელ და რეპრესიულ ქვეყანას წარმოადგენს. მისი მზარდი საერთაშორისო აგრესია, მსოფლიოს რიგ ქვეყნებზე ეკონომიკური ზეწოლა და ვლადიმერ პუტინისადმი მხარდაჭერა დასავლურ სამყაროში შეშფოთებას იწვევს და აიძულებს მათ ჩინეთთან ურთიერთობა გადასინჯონ. თუმცა, თუ ემანუელ მაკრონის სამდღიანი ვიზიტის შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს ფრანგმა ლიდერმა ყურადღება არ მიაქცია – ერთი ყურიდან შეუშვა და მეორიდან გაუშვა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ამალა 50 წევრისგან შედგებოდა – ბიზნეს-ლიდერებისაგან, კინემატოგრაფისტებისგან და მუსიკოსებისაგან. საჩუქრებს შორის, რომელიც ფრანგმა სტუმარმა ჩინელ კოლეგა-მასპინძელს ჩაუტანა, იყო ფრანგი ფოტოგრაფის მიერ მე-20 საუკუნის შუახანებში გადაღებული ჩინეთის იშვიათი ფოტოსურათები, აგრეთვე სევრში დამზადებული ცისფერი ფაიფურის ვაზა, ოქროს თევზებით დამშვენებული.

ემანუელ მაკრონის ვიზიტის მთავარი მიზანი, სავარაუდოდ, იყო ის, რომ მას სი ძინპინი დაერწმუნებინა რუსეთზე ზეწოლის მოხდენასა და უკრაინასთან ომის შეწყვეტაში. „მე მინდა თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გრძნობაზე მოიყვანთ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამთ“, – უთხრა ფრანგმა სტუმარმა ჩინელ მასპინძელს. მაგრამ სი ძინპინმა ვერ ან არ მოისურვა რუსეთის დაგმობა, კვლავ გაიმეორა ვლადიმერ პუტინისეული არგუმენტები და გააჟღერა უკვე ცნობილი ბანალური განცხადება – „ჩინეთი მზად არის საფრანგეთთან ერთად მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას მოწოდებით, რომ რაციონალობა და სიმშვიდე შეინარჩუნონ“.

ემანუელ მაკრონი ჩქარობდა, ერთი-ორჯერ ენაც კი დაება, მან სი ძინპინზე ორჯერ მეტი ილაპარაკა, რაც ფრანგ სტუმარს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევად ჩაუთვალეს. სი ძინპინს სახეზე მოუთმენლობა ეტყობოდა, მან რამდენჯერმე ღრმად ამოიოხრა და როგორც ჩანს, პრეს-კონფერენციის სწრაფად დასრულებას ნატრობდა.

და მაინც, აშკარაა, რომ სი ძინპინს ძალიან მოსწონს, როცა მას თავს ევლებიან, როგორც პოტენციურ მშვიდობისმყოფელს, თუნდაც მშვიდობა და ზავი სრულიად განუხორციელებელი იყოს. სი ძინპინისათვის პრიორიტეტი საკუთარი თავი და ჩინეთია. უკრაინის ომი? დაე, გაგრძელდეს, ეს მას სრულებით აწყობს. სი ძინპინისათვის უკრაინის ომი სასარგებლოა, რადგან დასავლეთის ყურადღება ახლა კიევისკენ და მოსკოვისკენ არის მიპყრობილი და არა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონისაკენ. სი ძინპინისათვის უკრაინის ომი რუსეთიდან იაფი ნავთობისა და გაზის მიღებისათვის კარგ საშუალებას წარმოადგენს. უკრაინის ომი განამტკიცებს სი ძინპინის როგორც ვლადიმერ პუტინის უფროსი პარტნიორის როლს. იმავდროულად ჩინეთის ლიდერს არ გადაუკვეთია „დასავლური წითელი ხაზები“ და რუსეთისათვის იარაღი არ მიუწოდებია.

პეკინური მშვიდობა ნამდვილ და უტყუარ მშვიდობად არ უნდა ჩავთვალოთ. ჩინეთის ლიდერის ნათქვამი ცარიელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ბანალურ ფრაზებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ცეცხლის შეწყვეტა, რომლისკენაც იგი მხარეებს თითქოსდა მოუწოდებს, კრემლისათვის ჯილდო იქნებოდა. სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ძალიან ჰგავნან, ისინი ერთმანეთის მსოფლმხედველობას იზიარებენ, რომელიც ახალ წესრიგს ემყარება. ასეთი მსოფლიო წესრიგი უსაფრთხოა ავტოკრატებისათვის და ის იმპერიული დიდების აღდგენას ემსახურება. ისინი ორივე თავს დასავლეთის მსხვერპლად თვლიან, რომელმაც მათი ქვეყნები დაამცირა და ტერიტორიები წაართვა.
სავარაუდოდ, სი ძინპინმა თავისი ჭეშმარიტი გრძნობები სწორედ მაშინ გააჟღერა, როცა გასულ თვეში, მოსკოვში, თავის რუს კოლეგას ემშვიდობებოდა: „მალე მოხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც ასი წლის განმავლობაში არ მომხდარა… და ჩვენ ამ ცვლილებებს ხელს ერთად შევუწყობთ“.

სი ძინპინის უახლოეს მიზანს ევროპის ამერიკისაგან ჩამოშორება წარმოადგენს. ამ მხრივ იგი ემანუელ მაკრონს „სასარგებლო ინსტრუმენტად“ მიიჩნევს, რომელსაც „ჩინური ოცნების“ შესრულებაში დახმარების გაწევა შეუძლია. „ჩინეთი ევროპას ტრადიციულად განიხილავს როგორც დამოუკიდებელ პოლუსს მრავალპოლუსიან მსოფლიოში და მხარს უჭერს მას სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში“, – განაცხადა სი ძინპინმა პრეს-კონფერენციაზე.

ძნელი იმის თქმა, თუ რა გაიფიქრა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, როცა იგი ემანუელ მაკრონის გამოსვლას უსმენდა. იგი ფრანგ პრეზიდენტთან ერთად იყო პეკინში და ისიც შეხვდა სი ძინპინს, თუმცა, როგორც ამბობენ, ჩინეთის ხელმძღვანელმა ფრაუ ურსულა ცივად მიიღო. სხვათა შორის, მისი მარშრუტი, ემანუელ მაკრონთან შედარებით, შეზღუდული იყო და საფრანგეთის პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე… მიწვეული არ ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩინელებმა კარგად იციან მისი ხისტი პოზიცია: ამას წინათ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ ჩინეთზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ უნდა იყონ. სწორედ ამ განცხადების გამო ფრაუ ურსულა ჩინურმა სახელმწიფო მასმედიამ „ამერიკულ მარიონეტად“ მონათლა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა პეკინში ვიზიტის დროს პირდაპირ აღნიშნა, რომ „ჩინეთი დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე იმით, რომ რუსეთთან ათწლეულობის განმავლობაში მეგობრობს“. ურსულ ფონ დერ ლაიენმა ჩინეთს სთხოვა (და იმავდროულად გააფრთხილა), რომ რუსეთს იარაღი არ მიაწოდოს. ამასთან, მან ისიც თქვა, რომ სი ძინპინი ვლადიმერ ზელენსკის მხოლოდ მაშინ დაელაპარაკება, „როცა ამის დრო მოვაო“. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, უკრაინის ლიდერთან საუბრის დრო არასოდეს არ დადგება. ზელენსკის სურვილის მიუხედავად, რაც ომი დაიწყო, მათ ერთმანეთთან არ უსაუბრიათ. ამაშიც ჩანს პეკინის ინიციატივის სრული აბსურდულობა შუამავლობის თაობაზე. რა შუამავლობას გასწევს პეკინი, როცა თავს არიდებს ლაპარაკს კონფლიქტის მსხვერპლთან?

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ემანუელ მაკრონის ვიზიტი ჩინეთში ფაქტობრივად სპექტაკლს წარმოადგენდა და მიმართული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის – როგორც საერთაშორისო სახელმწიფო მოღვაწის – რეპუტაციის განმტკიცებისაკენ, ქვეყნის შეგნით მიმდინარე არეულობის ფონზე. ელისეის სასახლის ერთ-ერთმა მრჩეველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ემანუელ მაკრონის ჩინეთში ვიზიტის გამო წაიტრაბახა – „ის მსოფლიო ლიდერები, რომლებიც სი ძინპინს ხვდებიან და მასთან [პრობლემურ საკითხებზე] ღრმად ლაპარაკობენ, იმდენად ცოტაა, რომ მხოლოდ თითებზე თუ ჩამოითვლებიან“. გარკვეულწილად ასეთი თვალსაზრისი სასაცილოც არის, არასერიოზულიც და იმავდროულად, სახიფათოც: ჩინეთის ლიდერის როგორც შუამავლის ქება-დიდება ავტორიტეტს მხოლოდ სი ძინპინს მატებს და არა ემანუელ მაკრონს.

მათ შორის, ვინც საფრანგეთის პრეზიდენტს პეკინში ახლდა, მუსკოსი ჟან-მიშელ ჟარიც იყო, რომელსაც დამსახურებულად შეუძლია დაიკვეხნოს – მან, როგორც დასავლელი კულტურის პირველმა წარმომადგენელმა, ჩინეთში კონცერტები ჯერ კიდევ 1981 წელს გამართა. სხვათა შორის, ჟან-მიშელ ჟარმა გასული წლის ბოლოს დაასრულა თავისი ეპიკური პროექტი სახელწოდებით Oxymore („ოქსიმორონი“), სადაც იგი ცდილობს „შეუთავსებელი“ და ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებები ერთმანეთთან დააკავშიროს. ეს სწორედ ისაა, რომელიც ჩინეთში ემანუელ მაკრონის სამდღიან პოზიორობას გამოხატავს.

წყარო

“სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის”

სასამართლო ხელისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. ამ ინსტიტუტზე შეტევა ძალიან სახიფათოა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას ახსოვს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რა მდგომარეობა იყო სასამართლო სისტემაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს.

„ნურავის დაგვავიწყდება, რომ კონსტიტუციური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი ხელისუფლება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, გვქონდეს სუვერენული ქვეყანა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ამ ინსტიტუტზე შეტევა, ორკესტრირებული შეტევა ძალიან სახიფათოა.

ძალიან კარგად ვიცით, გვახსოვს და ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორებსაც კარგად უნდა ახსოვდეთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი მმართველობის დროს არ არსებობდა არანაირი ხელისუფლების დანაწილება, იყო ერთი ძალა, რომელსაც ერქვა ქვეყნის დაქცევის მოსურნე ხელისუფლება, რომელსაც ჯიბეში ჰქონდა ჩადებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია. ასე ვთქვათ, დანაწილების სისტემა არ არსებობდა, მოშლილი იყო. არ არსებობდა არათუ კრიტიკული მედია, ცალკეული პირებიც კი ვერ ბედავდნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ. ყველაზე ნიშანდობლივი ინდიკატორი იყო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ამ მეცოცხეების პარტიის მმართველობის დროს საქართველოს ჰყავდა 120-ზე მეტი დაკავებული, ტყვეობაში მყოფი ადვოკატი. ისეთ დიდ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა, ჩინეთი, იმის ნახევარიც კი არ იყო. კომუნიზმი პიკში როცა იყო, ადამიანებს ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ასამართლებდნენ და იყო ტერორი, იმ დროს არ ჰქონია ეს რეალობა ქვეყანას. ამიტომ როდესაც საუბარია ზოგადად, სასამართლოზე, სასამართლო არის მართლმსაჯულების განხორციელების ორგანო, რომლის შემადგენელი ნაწილია ადვოკატურა. ტესტი იმისა, როგორი მძიმე სურათი იყო არა მარტო კონკრეტული მოსამართლეების თვალსაზრისით, არამედ მართლმსაჯულების განხორციელების კუთხით, ამის კლასიკურ მაგალითად და ტესტად შეგვიძლია ავიღოთ, რამდენი ადვოკატი იყო გასამართლებული და ტყვეობაში ჩავარდნილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“უკრაინის გენერალური შტაბი დამოუკიდებლად წყვეტს კონტრშეტევას” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დამოუკიდებლად წყვეტს უკრაინის ჯარების კონტრშეტევას. ასეთი გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვმა კომენტარი გააკეთა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების „გაჟონვაზე“ და მედიის ცნობებზე, რომ ამის შემდეგ უკრაინას გარკვეული სამხედრო გეგმები უნდა შეეცვალა.

„სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როდესაც საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტებს“, – აღნიშნა დანილოვმა.

ამასთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და მისი შტაბი კონტრშეტევაზე გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებენ.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, მაშინ ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი“, – დასძინა დანილოვმა.

“უნდა მოვიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს” – ოპოზიციის ნაწილი გომელაურს პარლამენტში იბარებს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით იბარებს.

შესაბამისი განცხადება, რომელსაც 9 ოპოზიციონერი დეპუტატი უერთდება, პარლამენტში დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააჟღერა.

დეკანოიძის თქმით, მინისტრთან კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, დაისაჯა თუ არა რომელიმე სამართალდამცავი 7-8 მარტის აქციებზე ადამიანებზე ძალადობის გამო.

„7-8 მარტს არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები. დააკავეს ბევრი ადამიანი, ასევე, ბევრს ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს. გამოიყენეს სპეციალური საშუალებები – ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება, სადაც გაშლილად იდგა ბევრი ადამიანი, აზრი არ ჰქონდა და შესაბამისად, იყო არაპროპორციული. ერთმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. არცერთი პოლიციელის დასჯაზე ინფორმაცია არ გვაქვს, არცერთი უწყების მიერ გაკეთებული თვითრეფლექსიის განცხადება არ გვინახავს, რომ ესა და ეს პოლიციელი ამ და ამ ადამიანზე ძალადობისთვის დაისაჯა. შესაბამისად, იმის გამო, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გჭირდება, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრს ვიბარებთ ინტერპელაციის წესით. უნდა მოვიდეს და კონკრეტულ კითხვებს პასუხი გასცეს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძე.

მინისტრის მიმართ ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას ხელს აწერენ დეპუტატები: ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია.

“ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ენმ-დან მიდის?!

“ნაცმოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ენმ-დან მიდის?!

ერთ-ერთი ინფორმაციით, მელია ენმ-ს მაისში დატოვებს. სავარაუდო გეგმის მიხედვით, ნინო ლომჯარია და ნიკა მელია ახალ პარტიას შექმნიან, რომელსაც “საქართველოს ბანკის” მფლობელი, ირაკლი გილაური დააფინანსებს.

ბანკირი ირაკლი გილაური ყოფილი პრემიერის, ნიკა გილაურის ძმაა. ძმებ გილაურებს ბანკის გარდა, სხვადასხვა ბიზნესი აქვთ, რომელიც საფინანსო სტრუქტურების პარალელურად სხვა სფეროებს მოიცავს.

შეიძლება ითქვას რომ მალე “საქართველოს ბანკის” მფლობელის მიერ დაფინანსებულ პარტიას ვიხილავთ. არსებობს ვერსია, რომ ლომჯარიას აშშ ტექნიკურ მთავრობაში მოისაზრებს.

თუმცა, მელია, ჯერჯერობით, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. თუმცა პოლიტიკაში მსგავსი უარებიც გვიხილავს და შემდეგ კი სულ სხვა მოცემულობა.

ეკა სეხნიაშვილი