Home Blog Page 1681

“ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა?” – ანა ფოტიგა

ციხეში ყოფნა დაუდასტურებელი ბრალდებებით, ეს რა ტიპის დემოკრატიაა? ის, რაც მოხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსაზღვრავს საქართველოს მომავალს დიდი ხნის განმავლობაში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ პოლონეთში, სმოლენსკის ტრაგედიის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს“ ჯილდო გადასცეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, დააფასო ადამიანები, რომლებმაც ამდენი გააკეთეს ქვეყნის განვითარებისთვის. მიხეილ სააკაშვილი ახლა საკუთარ ქვეყანაშია დატყვევებული, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც მან საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა, რომ დაემარცხებინა კორუფცია, ის მამაცურად გაუმკლავდა რუსულ ხუთდღიან აგრესიას 2008 წლის აგვისტოში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს პოლონეთთან მეგობრობისთვის და მინდა დავპირდე, ვფიქრობთ, შესაძლებელია მისი სამედიცინო დახმარება პოლონეთში, ან სადმე სხვაგან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდით.

მე ვიცი, რომ ბევრი პოლონელი, იაროსლავ კაჩინსკის ჩათვლით, პარლამენტის სპიკერის ჩათვლით, ჩართულები არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერასა და საქართველოს ხელისუფლებისგან ამის მოთხოვნაში. ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მათი მესამე პრეზიდენტი ცოცხალი იყოს“,- განაცხადა ანა ფოტიგამ.

“ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წამყვანი პარამეტრი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკაა “

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წამყვანი პარამეტრი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დინამიკაა საშუალი და გრძელვადიან პერიოდებში.

სწორედ გრძელვადიანი პროგნოზით არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022-2028 წლების განახლებული შეფასება.

ნიშანდობლივია, რომ ბოლო ორ წელიწადში ორნიშნა ზრდის ფონზე, საქართველო ოთხი მიმართულებით გავიდა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეც კი:

1. ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის მიხედვით 2022-2028 წლებში მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის საქართველო მეორე ადგილზეა(!!!), მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) კი სულაც პირველ ადგილზე(!!!). ამ წლებში ერთ სულ მოსახლეზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 51 (!) პროცენტით იზრდება.

2. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, რასაც მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს ყველა ქვეყნისთვის, რადგან PPP-ს მიხედვით დათვლილი მაჩვენებლები ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შესადარებლად გამოიყენება ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით 2022-2028 წლებში მსოფლიოს 193 სახელმწიფოს შორის საქართველო მეორე ადგილზეა(!!!), მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზეა(!!!).

თუ 2023 წელს GDP per capita (PPP) ხდება 21 922 დოლარზე მეტი, 2028 წლისთვის კი აჭარბებს 31 458 დოლარს ანუ იზრდება მთელი 44 % -ით. ამასთან თუნდაც გასული 2022 წლის მიხედვით. საქართველოს მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულზე აჭარბებს 20 243 დოლარს და კავკასიაში გასულია პირველ ადგილზე.

უახლოესი 7 წლის განმავლობაში (2022-2028წწ) საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში წლიურად საშუალოდ ორნიშნა მაჩვენებლით, 12.4%-ით იზრდება.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ იგივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზს დავეყრდნობით, რაც როგორც წესი უფრო კონსერვანტულია და აცდენილია რეალურ მაჩვენებლებს(მაგალითისათვის თუნდაც 2 წელიწადში მათივე 4-5 პროცენტიანი ზრდის პროგნოზები აშკარად ჩამორჩებოდა ეკონომიკის რეალური ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებს) მომდევნო წლებშიც ამ საშუალო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კი საქართველოს მშპ ერთ სულზე 2030 წელს თავისუფლად გადააჭარბებს 15 000 აშშ დოლარს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით.

ზოგადად კი ციფრებში ასახული 2028 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა ამერიკულ დოლარში 41 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რითაც გაუთანაბრდება ისლანდიის ეკონომიკის მთლიან მოცულობას, იქამდე კი 2027 წლიდან 600 მილიონი დოლარით გადააჭარბებს კვიპროსის ეკონომიკას( ეს სხვაობა 2028 წლიდან უკვე 1 მილიარდ 900 მილიონი დოლარი გახდება).

2028 წლიდან საქართველოს ნომინალური ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 114 მილიარდი დოლარს გადააჭარბებს, რითაც პრაქტიკულად გაუთანაბრდება ლუქსემბურგს (115 მილიარდი).

საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2028 წელს ერთ სულ მოსახლეზე 31 458 დოლარი გახდება და ამ მაჩვენებლით უკვე გადაასწრებს ჩინეთს, რომლის ეკონომიკა ამ დროისთვის ერთ სულზე 31 424 დოლარამდე გაიზრდება.

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით შსს-მ 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მუნიციპალიტეტში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი: 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.-მ მიმდინარე წლის 12 აპრილს, მარნეული – სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა. გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა. ა.ბ.-მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი. ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა. პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინაში დაღუპული დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დავით ქუჩუკიანი საქართველოში ჩამოასვენეს.

ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან იბრძოდა და 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 42 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

“ზაპოროჟიეში მაგრად ემზადებიან ურდოსები თავდაცვისთვის” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“უკრაინის პრემიერი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა აშშ-ს თავდაცვის მდივანს. დენის შმიჰალის მთავარი თხოვნა ამერიკული მხარისადმი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, ავიაცია და მძიმე ტექნიკა იყო;

ვაშინგტონში იმყოფება პოლონეთის პრემიერ მინისტრი მათეუშ მორავიეცკიც, რომელმაც საკმაოდ ოპტიმისტური განცხადება გააკეთა: აშშ უკრაინას მიაწვდის დამატებით აბრამსის ტანკებს და ბრედლის ჯავშანმანქანებს;
დენის შმიჰალმა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში დაუშვა, რომ შეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს;
შეიარაღება კი მიედინება მწყობრად უკრაინაში; მაგალითად უახლოეს დღეებში ადგილზე იქნება ესპანური ლეოპარდ 2 ტანკები და ჯავშანმანქანები; ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეტევის დაწყების შესაძლო გადავადების არის წვიმიანი ამინდები. უახლოესი 2 კვირის განმავლობაში კიდევ წვიმებია მოსალოდნელი, მერე კი ნიადაგი უნდა გაშრეს. თუმცა, ეს ყველაფერი არის სპეკულაციები და მარჩიელობა; არავინ ზუსტ თარიღს არ გვეტყვის ცხადია. არც უნდა თქვან. მთავარია, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი აუცილებელი შეტევის წარმატებით განსახორციელებლად და ნიადაგი გაშრება როცა იქნება;

კიდევ იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი არ დაბლოკავს ჭურვების შესასყიდად თანხების გამოყოფას ევროკავშირის ფონდიდან. ახლა ოფიციალური მიზეზია, რომ ჭურვებთან ერთად რაკეტებიც ევროკავშირმა ევროკავშირში უნდა შეისყიდოს, ეჰ მანიუ, მანიუ რაა.

9 მაისს ჩვენ რო ვხოცავთ აქ, 8-ში დადგა გამარჯვება თუ 9-ში, აგერ რუსეთის 4 სასაზღვრო რეგიონში – კურსკი, ბელგოროდი, ბრიანსკი და როსტოვი – საერთოდ გააუქმეს 9 მაისის ღონისძიებები; გამოიცანით აბა კიდევ ვინ გააუქმა აღლუმი და ზეიმი? ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციამ. შიში ოხერია; იციან, რომ მოხვდებათ ბაშკაში;
ამ საყოველთაო “მშვიდობისმქმნელობის” კონკურსში ახლა ბელარუსის საგარეო კუმ გამოყო ფეხი, მეც ნახირ ნახირო. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ მოუწოდა უკრაინას და ურდოსტანს. გითხრეს თქვენ ყველას გარკვევით, დაახვიოს ბოლო ოკუპანტმა მთელი უკრაინის ტერიტორიიდან და შეიძლება ლაპარაკის დაწყება.

ასევე მოგიწევთ რეპარაციების გადახდა. უკრაინის დანგრეული ქალაქების და ინფრასტრუქტურის აღდგენაში თანხების უდიდესი ნაწილი რუსეთმა უნდა გადაიხადოს! პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთი დამარცხებულად ჩაითვლება, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე ნანგრევები აღარ იქნება;

მაგალითად ბახმუტში შენობა აღარ დარჩა მთელი; არტილერიის და ცოცხალი ძალის უდიდესი მარაგები აქვთ გადმოსროლილი ბახმუტში; ჟენევის კონვენციით აკრძალულ შეიარაღებასაც იყენებენ; ელიტური რეგულარული ნაწილებიც აქ არიან ვაგნერელ დაქირავებულ მკვლელებთან ერთად, მაგრამ ბახმუტის აღებას ურდო ვერ ახერხებს; მაგალითად გუშინ დღისით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აიღეს რკინიგზის სადგური, მაგრამ საღამოს უკვე ურდოს ბლოგერებმა აღიარეს, რომ რკინიგზის სადგურს აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს; ასევე მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ქალაქის მთავარი მომარაგების არტერია კვლავ ჩვენების კონტროლის ქვეშ არის და ხდება დამატებითი ცოცხალი ძალის და საჭირო შეიარაღების გადასროლა ქალაქში;

მარიინკაზე მოგვაწვენ, მაგრამ დგანან ისევ მყარად ცენტრში ჩვენები;
ავდეევკაში ვითარება უცვლელია;

ზაპოროჟიეში მაგრად ემზადებიან ურდოსები თავდაცვისთვის. ატომური ენერგო სადგურიდან ემზადებიან როსატომის და კოლაბორანტების ევაკუაციისთვის; მელიტოპოლის დასაცავად 3 ზღუდე მოაწყვეს; იციან, რომ სამხრეთში გავარღვევთ ბოლომდე ურდოს და მივადგებით ყირიმს;

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“ვლადიმერ პუტინს დააკავებენ, თუ ის ავსტრიაში ჩავა”- ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვლადიმერ პუტინს დააკავებენ, თუ ის ავსტრიაში ჩავა, – ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება.

„კანონზე მაღლა არავინ დგას, ყველა დანაშაული უნდა იყოს გაშუქებული და არ შეიძლება, რომ დაუსჯელი დარჩეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ავსტრია, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ვალდებულია, განახორციელოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

„ეს ნიშნავს სასამართლოს მიერ გამოტანილი დაკავების ორდერის მიხედვით ძებნილის დაკავებას. რა თქმა უნდა, ეს ეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან ერთად, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი აზრით, პუტინი არ წავა ამ რისკზე და არ ჩავა იმ 123 ქვეყანაში, სადაც სასამართლოს მიერ დადგენილი დაკავების ორდერი მოქმედებს.

“კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა?” – ლევან ხაბეიშვილი

დღეს მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე, ხვალაც რომ დავკარგავთ, კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? გელათი აღარ დაინგრევა? სასამართლოში კლანი აღარ არის? ეს საკითხები აღარ გვაინტერესებს? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ეს არის თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა.

„თუ სადმე გამოძიება დაიწყება, დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილი თავისი ადვოკატებით თავის თავს აუცილებლად მიხედავს. ერთი კითხვა უნდა დავსვა, კეზერაშვილზე რომ ლაპარაკობენ, ისტერიკა აქვთ, მაინტერესებს, ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ამით ეშველება კორუფციული სასამართლო რომ გვაქვს? ამით გელათს ეშველება? ამით რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება და ასობით მილიონია გაფლანგული და შეჭმული, ამას ეშველება?  ეს არის კონკრეტული თემიდან თემაზე ყურადღების გადატანა და ამის გამოყენების მცდელობა. ქვეყანაში ბევრად მეტი პრობლემები გვაქვს, კეზერაშვილზე ვლაპარაკობთ ათი წელია, კაცს საქართველოში ფეხი არ დაუდგამს, დათო მიხედავს თავის თავს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 414-ე დღე

რუსულმა ჯარებმა, გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ოთხი მიმართულებით – ბახმუტის, ავდიივკას, ლიმანსა და ბახმუტის მიმართულებებით 45-ზე მეტი შეტევა განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

უწყების ცნობით, ლიმანის მიმართულებით, რუსემა წინსვლა სცადეს ბელოგოროვკას ტერიტორიაზე. პარალელურად, მათ დაბომბეს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვსკოეს, ნევსკოეს, კუზმინოსა და ბელოგოროვკას დასახლებები, ასევე დონეცკის ოლქის ტორსკისა და სპორნოეს დასახლებები.

„ყველაზე სასტიკი ბრძოლები ბახმუტის რაიონში გრძელდება. რუსები ცდილობენ ქალაქი სრულად გააკონტროლონ. მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფება ვასიუკოვკა, ორეხოვო-ვასილიევკა, ნოვომარკოვო, გრიგოროვკა, ბოგდანოვკა, ბახმუტი, ივანოვსკოე, ნოვოდმიტროვკა, კურდიუმოვკა, დრუჟბა, სევერნოე და ჟელეზნო“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრანის გენშტაბის ცნობით, ავდიივკასა და მარიკას მიმართულებებზე ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარინკასთვის მიმდინარეობს. უწებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა, ამ მიმართულებით, 13 დასახლება, მათ შორის კერამიკი, ნოვოკალინოვოე, კრასნოგოროვკა, სტეფნოიე, პერვომაისკოე, გეორგიევკა, პობედა, დაბომბეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის მიუხედავად, უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა და რუსეთი აანაზღაურებს ზარალს, მათ შორის ოლიგარქებისა და ოფიციალური პირების ხარჯზე. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური. მსოფლიომ რუსეთის აქტივების მიხედვით იცის, რა გამოსავალი არსებობს ამისთვის. რუსი ჩინოვნიკები, ოლიგარქები გამდიდრდნენ მაშინ, როცა მათი სახელმწიფო ტერორისტად იქცა. მთელი ეს აქტივები უნდა იყოს გამოყენებული მათი ზარალის კომპენსაციისთვის, ვისაც რუსეთმა ტკივილი მოუტანა. რუსული აქტივები აგრესიის შემდგომი ზარალის გამოსასწორებლად უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და აღნიშნა, რომ ომი ყველაზე ძვირი უნდა აღმოჩნდეს აგრესორისთვის.

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუკი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, ეს რუს ჯარისკაცებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს.

პრეზიდენტის განმარტებით, ჩანაწერის ავთენტურობა არ დადგენილა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა, მისი თქმით, არსებობს მრავალი სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, რომელიც დასაგმობია და რომლის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.

„თუ დადასტურდება, ის რუს ჯარისკაცებს „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს, რაც ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვისთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული.

მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა, ანა ბიერდემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ვაშინგტონში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, დამატებით 200 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.

“მსოფლიო ბანკი უკრაინას დამატებით 200 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს ენერგეტიკის აღსადგენად! ვაშინგტონში ახლახან გაფორმდა ხელშეკრულება მსოფლიო ბანკის მმართველ დირექტორთან ანა ბიერდესთან“, – წერს შმიგალი „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, უკრაინის აღდგენა წელს იწყება და ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკიდან შემოსული თანხები მოხმარდება კიევის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიის ქალაქებში ელექტროქსელებისა და გათბობის სისტემების აღდგენას.

ამასთან, უკრაინის პრემერის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დონორთა კოორდინაციის უწყებათაშორისი პლატფორმის („Financial Ramstein“) ფარგლებში ერთობლივი მუშაობის საკითხები განიხილეს.

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის ახალი მოდელი გამოცადა, – ინფორმაციას Reuters-ი სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტამ, რომელიც ფხენიანის ახლომდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს, დაახლოებით, 1000 კმ მანძილი დაფარა. სამხრეთ კორეა რაკეტის გამოცდას „მძიმე პროვოკაციად აფასებს“.

ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მჭიდრო კოორდინაციაში არიან მთავარ მოკავშირესთან, შეერთებულ შტატებთან.

განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც, სადაც აღნიშნულია, რომ „მკაცრად გმობენ“ შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოცდას.

რაკეტის გაშვებამ შეშფოთება გამოიწვია იაპონიაშიც. იაპონიის ხელისუფლებამ კუნძულ ჰოკაიდოს მოსახლეობის ევაკუაციისა და თავშესაფრებში გადასვლის განკარგულება გასცა, მაგრამ გაფრთხილება ცოტა ხნის შემდეგ გააუქმა. იაპონიის თავდაცვის მინისტრის, იასუკაზუ ჰამადას განცხადებით, რაკეტა იაპონიის ტერიტორიაზე არ ჩავარდნილა.

“სააკაშვილის რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია” -რატი ბრეგაძე

აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომლებზეც აპელირებდა მსჯავრდებულ სააკაშვილის მხარე, არის აბსოლუტურ ნორმაში სისხლში და, შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ე.წ. მძიმე მეტალებით მოწამვლის თემა იყო მილიონდოლარიანი კამპანია, რომელიც კრახით დასრულდა.

„ის, ასევე, გასინჯეს უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც შემდგომ მონაწილეობდნენ მის სასამართლო პროცესში, და როდესაც მათ მიერ აღებული ნიმუშები გაიგზავნა ერთ-ერთ ამერიკულ ლაბორატორიაში, იქ მითითებული მონაცემებიც კი, საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ნორმის ფარგლებში. სწორედ ამ ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი იყო ნორმაში და, მათ შორის, ნორმის ქვედა ზღვართან. მთელი ეს ისტორია მიუთითებს ნათლად იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონდოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით. მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული მთელ ამ კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ რამეს, რომ რაიმე სახით სააკაშვილმა მოიპოვოს უკანონოდ თავისუფლება და, ამავდროულად, დააზარალოს სახელმწიფო. ჩვენი თითოეული სიტყვის უკან არის მტკიცებულება, ხოლო მათი თითოეული ქმედების უკან არის ძალიან დიდი სიცრუე და ცილისწამება, რაც არაერთხელ დადასტურდა მრავალი ფაქტით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის გაგზავნაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო როდესაც გაუზიარებთ  დოკუმენტაციას, საზოგადოებას საქმის კურსში ჩააყენებენ.

„რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი დაცვის მხარის განცხადებებით, მათ შეიტანეს სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში, ვიდრე სასამართლო ჩვენ არ გაგვიზიარებს ამ დოკუმენტაციას, ჩვენ არ გვაქვს შინაარსის შესახებ რაიმე სახის წინასწარი ინფორმაცია. როდესაც გვექნება, ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ. ჯერ არ გვქონია კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოსთან, მათ ჩვენთვის რაიმე კითხვა ან რაიმე სახის დოკუმენტები არ გამოუგზავნიათ. შესაბამისად, ჩვენთვის სარჩელის შინაარსი არის უცნობი. მზად ვართ, როდესაც გვექნება ინფორმაცია, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

დღეს დიდი ხუთშაბათია საიდუმლო სერობის დღე – ვნების კვირის გამორჩეული დღე

13 აპრილს დიდი ხუთშაბათია საიდუმლო სერობის დღე. უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა.

დიდი ხუთშაბათი არის დღე, როცა უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა.
ორი დღის შემდეგ ეგვიპტის ტყვეობიდან მათი გამოხსნის აღსანიშნავად ებრაელები უდიდეს დღესასწაულს, პასექს ზეიმობდნენ. პასექის მიღება წინა დღითაც შეიძლებოდა, განსაკუთრებით – გალილეიდან მოსულთათვის. უფალმა, რაკი იცოდა, რომ თავი პასექის დღესასწაულზე უნდა შეეწირა, სერობა სწორედ წინა დღეს, ხუთშაბათს გამართა.

საღამოს უფალი მოციქულებთან ერთად მივიდა ერთ სახლში. როცა პასექის საჭმელად დასხდნენ, მაცხოვარმა მოწაფეებს ამცნო, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა. უფლისაგან ფარულად მხილებულმა იუდამ წარბი არ შეიხარა და იკითხა: “ვინ არის გამცემი?” – მაცხოვარმა სხვებისგან შეუმჩნევლად პირდაპირ უთხრა იუდას, რომ სწორედ ის იყო გამცემი. იუდაზე არც ამან გაჭრა. მაშინ უფალმა მოციქულებს დაუფარავად განუცხადა, რომ გამცემი მასთან ერთად ჯამში ამოაწობდა ლუკმას.

ძველაღთქმისეული პასექის დასრულების შემდეგ უფალმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მოწაფეებს საჭმელად მისცა და უთხრა: “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19), – შემდეგ აიღო სასმისი, მისცა მათ და უთხრა: “სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა” (მათ. 26, 27-28). ამით უფალმა დააწესა ახალი აღთქმის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო – ზიარება.

შემდეგ უფალმა ზედა შესამოსელი გაიხადა, არდაგი (შესამშრალებელი ნაჭერი) წელზე შემოირტყა, წყალი საბანელში ჩაასხა და მოწაფეებს ფეხები დაბანა. ამით მან ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულის უმაღლესი მაგალითი გვიჩვენა და გვასწავლა, რომ ერთმანეთსაც ასეთივე მორჩილებით ვემსახუროთ.

იუდას განზრახვის მიუხედავად, უფალმა პირველს სწორედ მას დაბანა ფეხები, მაგრამ ვერც ამით შეძლო მისი ბოროტების აღმოფხვრა.

საიდუმლო სერობას აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს დაადგინა. სერობაზე “რომელთა ქერუბიმთას” ნაცვლად იგალობება: “სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე”… სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. თორმეტი სახარება, ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

“სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია კრახით დასრულდა”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, “ლიმბახის” გერმანული ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია კრახით დასრულდა”. მისივე თქმით, ანალიზის პასუხები ექსპრეზიდენტის მოწამვლას გამორიცხავს.

როგორც რატი ბრეგაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაცია მიმდინარეობს, რომელიც მიზნად ისახავს განხორციელდეს საქართველოს დისკრედიტაცია და სიტუაცია წარმოჩინდეს იმგვარად, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული.

“მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან, მოსახლეობა აკვირდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს განხორციელდეს საქართველოს დისკრედიტაცია და სიტუაცია წარმოჩინდეს იმგვარად, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოწამლული, ან მას ვინმე აწამებს, ან არღვევს მის რომელიმე უფლებას, რაც იმთავითვე ვთქვით, რომ აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა და არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

ჩვენ მსჯავრდადებულს იმთავითვე გავუკეთეთ შეთავაზება, რომ გაეკეთებინა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა და ამის შემდგომ, მან ასევე უარი განაცხადა, რომ ნიმუშები გამოძიებისთვის მიეცა. შესაბამისად, გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი არის მოწამლული, მის ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, რატომ არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით და შესაბამისი მკურნალობით. მე აქაც ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის სურათი საკმაოდ ნათელია. ეს კვლევა, ჯერ ერთი, ჩვენ არ ჩაგვიტარებია. იმ კვლევაზე, რომელზეც მე ვსაუბრობ, ეს იყო ჩვენი შეთავაზება და ამ შემთხვევაში საავადმყოფო ატარებს ჩვეულებრივ შემოწმებას, სისხლის ანალიზებს და ბუნებრივია, სისხლის ანალიზის დროს ხდება სხვადასხვა ტიპის შემოწმება. აქაც აღმოჩნდა, რომ ყველა ის მეტალი, რომელზეც მსჯავრდადებულის მხარე აპელირებდა, აბსოლუტურად ნორმაშია სისხლში და შესაბამისად, აქ რაიმე სახის მოწამვლაზე საუბარი გამორიცხულია. ამერიკული ლაბორატორიის ანალიზების მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ყველა მონაცემი ნორმაში იყო. შესაბამისად, მთელი ეს ისტორია მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული მილიონ დოლარიანი კამპანია დასრულდა კრახით”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, როგორც დღეს “ვივამედის” კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, “ლიმბახის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილთან მძიმე მეტალებით მოწამვლას ადგილი არ ჰქონია.

მისივე განცხადებით, ყველა ჩამოთვლილი მძიმე მეტალი, რომელსაც იკვლევდნენ, ნორმის ფარგლებშია.