Home Blog Page 1680

“როცა მინისტერიალზე ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს მინიმუმ გაუგებარია” – ირაკლი კობახიძე

ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დასწრებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არ დასწრება სწორი არ იქნება.

„საქართველო არის ეუთო-ს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი და ასეთ პირობებში ჩვენი არ დასწრება იქნება არასწორი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა.

მედიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს თავად დაჭრასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის, იაკუბ ხიხავაროვის ბიძა.

ასევე, ბიძის განცხადებით, კაცს ყოფილ ცოლსა და მის მეუღლესთან, რომელიც, ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი იყო, კონფლიქტი ჰქონდა. მისი განმარტებით, მეგობრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქალმა ქმრის მეგობართან მიმოწერა დაიწყო“.

„მეგობარი იყო, ჰქონდათ ოჯახში მისვლა-მოსვლა და ყველაფერი. ამ ბიჭს მის ცოლთან ჰქონია ურთიერთობა, ტელეფონზე მათი მიმოწერები ნახეს. ოჯახში კონფლიქტის გამო, ქალმა პოლიციაში უჩივლა. პოლიციიდან ციხეში გაუშვეს, 2 თვე იჯდა“, – აცხადებს ბიძა.

ინფორმაციისთვის, ბრალდებული მიმალვაშია. მას პოლიცია ეძებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში გუშინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაშია მოთავსებული.

მედიის ცნობით, „ჰამასი“ ისრაელთან ზავის კიდევ ოთხი დღით გახანგრძლივებაზე მზადყოფნას გამოთქვამს

„ჰამასი“ ისრაელთან ზავის კიდევ ოთხი დღით გახანგრძლივებაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

მედიის ცნობით, „ჰამასმა“ ინიციატივის შესახებ შუამავლებს უკვე აცნობა, რომ ზავის გახანგრძლივების შემთხვევაში, მოძრაობას შეეძლება ისრაელელი ტყვეების გათავისუფლება.

არსებული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ისრაელელი ბავშვები, ასევე ის ქალები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებში არ მსახურობდნენ.

ღაზაში ცხრა ბავშვი რჩება მძევლად, ყველაზე პატარა ათი თვისაა. ისრაელმა უკვე მიიღო მძევლების სია, რომლებსაც „ჰამასი“ დღეს მოგვიანებით გაათავისუფლებს.

“ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება” – ირაკლი ზარქუა

„ხაბე“ არის მკაცრი – 4 საათამდე მისცა ვადა მელიას და არ გადათქვამს! – ის კაცი შევარცხვინე, რომ აგდებენ, პანჩურს ურტყამენ და კიდევ იმ პარტიას ებღაუჭება, – ასე ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

ზარქუას შეფასებით, მელია და ხაბეიშვილი „ხელმოცარულები“ არიან.

„მელია, ჩემო ძმაო, 4 საათამდე გაქვს ვადა, ასე რომ, ჩამოყალიბდი, გინდა ,,ნაცებში“ ყოფნა? 4-მდე მისცა ვადა, „ხაბე“ არის მკაცრი, დაუნდობელია, შეუბრალებელი, არ გადათქვამს! ვუყუროთ ახლა ამ ხელმოცარულებს. ის კაცი შევარცხვინე, „ხაბე“ რომ გამოგაგდებს პარტიიდან და მეორედ შევარცხვინე კიდევ, ისევ ამ პარტიას რომ ებღაუჭები – გაგდებენ, პანჩურს გირტყამენ ხან პირდაპირ ეთერში, ხან ეთერს მიღმა და მაინც ებღაუჭები. ჩემს „ხაბეზე“ არაფერს ვიტყვი, რაც ვთქვი, ისიც ეყოფა”, – განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საზოგადოებას დღეს, 16:00 საათის შემდეგ ექნება კონკრეტული ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად იქნება „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

„მე კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს – ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს, სადაც ცალსახად წერია ერთობის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ პარტია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“მოლდოვის მიერ სანქციებთან შეერთება კიდევ ერთი მტრული ნაბიჯია” – მარია ზახაროვა

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან შეერთებისთვის რუსეთი მოლდოვას საპასუხო ზომების მიღებით დაემუქრა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც, მისივე განმარტებით, მიზნად ისახავს მოსკოვსა და კიშინეუს შორის ურთიერთობების განადგურებას.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-მოლდოვური ურთიერთობების განადგურებას. ეჭვგარეშეა, რომ ეს ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მანამდე, მოლდოვის პარლამენტში მხარი დაუჭირეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ზომებთან მიერთებას.

“რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში” – ნიკოლოზ სამხარაძე

რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში. რა აზრი აქვს ამას? – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ NPR-ის ეთერში განაცხადა.

„უკრაინული სცენარი ზუსტი ასლია იმისა, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ როდესაც რუსეთი დაგვესხა თავს, მას მარტო ვებრძოდით. დიახ, გვქონდა დასავლეთის მორალური მხარდაჭერა, მაგრამ სამი თვის შემდეგ რუსეთთან ბიზნესი ჩვეულებრივად გაგრძელდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საკუთარი ინტერესები – რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ მათ ეკონომიკას ზიანს ვერ მივაყენებთ, მაგრამ ეს იქნება გასროლა საკუთარ ფეხში. რა აზრი აქვს ამას? თუ ზიანს ვერ აყენებ რუსეთს, რატომ უნდა დაიზიანო საკუთარი თავი?“ – აღნიშნა სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო გაზდელიანი და თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნეს, ლევან ხაბეიშვილისა და პარტიის ახალი მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა გადაწყვეტილებებმა, „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.

„ყველანი თვალყურს ვადებთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე იმ მძიმე პროცესებს, რამაც პრაქტიკულად, პარტია გახლიჩა. ერთობა იყო ყოველთვის უნიკალური ფორმულა იმისთვის, რომ წარმატებებისთვის მიგვეღწია. „ნაციონალური მოძრაობა“ თუ ოდესმე ძლიერი ყოფილა, სწორედ ამ ერთობის პერიოდში. სამწუხაროდ, შიდა არჩევნების შემდგომ, ყველაზე მეტად თუ რამე დაზიანდა, სწორედ ეს ერთობა იყო. დღეს აქ, რა ოფისიდანაც ჩვენ ამ მიმართავს ვწერთ, ეს ის ცნობილი ოფისია, რომელიც სამწუხაროდ, მაისის თვეში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით დაგვიკეტეს, რომ ჩვენ განსხვავებულად ვფიქრობდით. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაგვიკეტეს, რომ ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციაზე ნიკა მელიასთან ერთად მივედით. მეორე დილიდანვე ოფისი დაიკეტა, თუმცა, ოფისს ვინ ჩივის, ჩემს გვერდით დგანან ადამიანები, რომლებიც, სამწუხაროდ, ახალმა მენეჯმენტმა პარტიული სივრციდან გარიყა და ყველა პოზიციას ჩამოაცილა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ ხმა არ მივეცით ლევან ხაბეიშვილს და ნიკა მელიას მხარდამჭერები ვიყავით. სამწუხარო რეალობა, რის წინაშეც დღეს ვგავართ, გამოიწვია პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის და ახალი მენეჯმენტის არასწორმა გადაწყვეტილებებმა, რომელმაც პარტია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, პრაქტიკულად, ჩიხში შეიყვანა, ორად არის გახლეჩილი. ჩვენი აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მოქმედი თავმჯდომარე გადაადგეს“, – განაცხადა ბესო გაზდელიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის” თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს მიმართავენ, რომ თანამდებობას ნუ ჩაეჭიდება.

„ჩემო მეგობარო, ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები. არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი თავმჯდომარეობა ისევე, როგორც დღევანდელი მენეჯმენტის. ამიტომ, მოგიწოდებთ, დაკავებული თანამდებობიდან გადადგე!“ – განაცხადა გაზდელიანმა.

„უკრაინა არმიის განმტკიცებას ცდილობს, მაგრამ რის ხარჯზე?” – Reuters

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა არმიის განმტკიცებას ცდილობს, მაგრამ რის ხარჯზე? მოსახლეობაში ომით დაღლა შეიმჩნევა, ხელისუფლებისადმი ნდობა მცირდება“ (ავტორები – ელენე გარმაში და ტომ ბალმფორტი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„უკრაინა მთელი ძალით ცდილობს თავისი არმიის გაძლიერებას, ამ დროს კი მოსახლეობა ომისაგან თანდათან იღლება. უკრაინელებს, რომლებიც კონტრშეტევის წარმატების იმედზე იყვნენ, ახლა ძალიან უძნელდებათ უფრო მეტად გაჭიანურებული და ძვირადღირებული ომისადმი შეგუება. ისინი გულგატეხილები და იმედგაცრუებულნი არიან. ზოგიერთები უკვე იმასაც აღიარებენ, რომ რუსეთის დამარცხების არანაირი გარანტიები აღარ არსებობს.

კონტრშეტევას ისეთი ფართო რეკლამა ჰქონდა, რომ ბევრმა დაიჯერა – ყირიმისა და დონბასის დაბრუნების დრო დგებოდა.

დღეს კიევს ფული კი აქვს, მაგრამ არ აქვს საბრძოლო მასალები. დასავლეთი თანხებს ურიცხავს, მაგრამ რეალურ იარაღს ვერ აწვდის. აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების იარაღის არსენალები ნელ-ნელა ცარიელდება, იქაურ მთავრობები და მოსახლეობა კი სულ უფრო ცივად უყურებენ უკრაინელებს. ძველებური მაღალი დონის ფართო მხარდაჭერა აღარ არის.

უფრო მეტიც: ამ შემოდგომაზე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა და ოჯახის წევრებმა კამპანია წამოიწყეს, რომ განუწყვეტელი ორწლიანი ომით დაღლილი თავიანთი ქმრები, ძმები და მამები ფრონტიდან სახლებში დაებრუნებინათ. მთავრობის მიერ გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინის რიგ ქალაქებში საპროტესტო მიტინგებიც გაიმართა, ფრონტზე მობილიზების მტკიცე ვადების დადგენის მოთხოვნით.

ასეთი პროტესტები წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, როცა უკრაინელთა მორალური სულისკვეთება ძალიან მაღალ დონეს აღწევდა, განსაკუთრებით 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში, ხარკოვის ოლქში ტერიტორიების დაბრუნების შედეგად.

მაგრამ მას შემდეგ „ბევრმა წყალმა ჩაიარა“: დღეს ვეღარ ვხედავთ სამხედრო კომისარიატებთან მოხალისეთა რიგებს, ჯარში გაწვევა რთულად მიმდინარეობს: გასაწვევი ასაკის მქონე ახალგაზრდები იმალებიან და ხშირად მათი დაკავება პირდაპირ შუა ქუჩებში ხდება ხოლმე. უკრაინის ხელისუფლება მძიმე არჩევანის წინაშეა: არმიას დანაკარგების შევსება ჭირდება, მაგრამ ყველა მამაკაცი თუ ფრონტზე გაიგზავნება, ისედაც დანგრეული ეკონომიკის შენარჩუნებას სამუშაო ძალა მოაკლდება.

როგორც ზოგიერთი სოციოლოგი აღნიშნავს, უკრაინაში საპროტესტო პოტენციალი თანდათან მატულობს. მოსახლეობის განწყობა უარესდება. საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, რომ უკრაინის მთავრობისა და პარლამენტის რეიტინგი მკვეთრად კლებულობს: თუ გასულ წელს, შემოდგომაზე, მთავრობას ნდობას უცხადებდა უკრაინელთა 74% და პარლამენტს 58%, დღეს შესაბამისად, მათდამი ნდობა 39 და 21 პროცენტამდეა დაცემული.

რაც შეეხება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგს, ის ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა მხარდამჭერები მასაც მოაკლდა.

წყარო

“დიდი მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის” – ილია დარჩიაშვილი

რუმინეთის პარლამენტმა დეპუტატთა პალატისა და სენატის გაერთიანებულ სხდომაზე დაამტკიცა „რეზოლუცია მოლდოვის რესპუბლიკის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივის შესახებ“.

აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დიდი მადლობა რუმინეთის პარლამენტს საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის მიღებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ასეთ გადამწყვეტ მომენტში“, – წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

 

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, სამხრეთ იაპონიის მახლობლად ოკეანეში ჩამოვარდა

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, სამხრეთ იაპონიის მახლობლად ოკეანეში ჩამოვარდა, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი კაგოშიმას პრეფექტურის კუნძულ იაკუშიმასთან ახლოს ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი იოკოტას საჰაერო ბაზას ეკუთვნოდა და ოკინავასკენ მიფრინავდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი პირების სტატუსი უცნობია და იაპონიის სანაპირო დაცვა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებს.

„ქართული ოცნება“ რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს” – პაატა მანჯგალაძე

ივანიშვილი გონიერი კაცია და დამარცხებულ რუსეთს არ გაჰყვება სამარეში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძე გამოეხმაურა Politico-ს სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამრევების სიაშია და ოლიგარქად არის მოხსენიებული. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ეს სტატია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

„იცით, რომ აშშ-მა დაასანქცირა ფარცხალაძე, რომელიც იყო პირი ივანიშვილის გარემოცვიდან. მის ირგვლივ წრე ფართოვდება. მე ვიტყვი, რომ ივანიშვილი გონიერი კაცია და დამარცხებულ რუსეთს არ გაჰყვება სამარეში. რუსეთი დამარცხდება. ივანიშვილს განცდა ჰქონდა, რომ რუსეთი მალე მოიგებდა, იმიტომ იყო, რომ თებერვალში ღარიბაშვილმა ლამის წარმატება უსურვა რუსეთს. შემდეგ ვნახეთ, რომ რუსეთმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია, მეტიც დამარცხებისთვისაა განწირული უფრო და არა გამარჯვებისთვის. თუ უდიდეს შეთქმულებაში არ მონაწილეობენ საქართველოს წინააღმდეგ, ყველა გონიერი ადამიანი უნდა მიხვდეს, რუსეთს არ უნდა გაყვეს პოლიტიკურ სამარეში,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობას, სადაც, ასევე, სერგეი ლავროვი მონაწილეობს და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს.

„უკომპრომისოა“ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და ისევ დავითაშვილი გაუშვან სჯობს, რამე კონფლიქტი არ მოხდეს ლავროვთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? – ეს ხალხი, იმის ნაცვლად, ქართული ინტერესის გამტარებლები იყვნენ, რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებენ, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ არის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

“უკრაინა, უფრო სწორედ მისი „პატრონები“ აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება”

უკრაინა, უფრო სწორედ მისი „პატრონები“ აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინტერვიუს.

ნიკოლეიშვილის თქმით, ვის რას დააბრალებს არესტოვიჩი ან არახამია მეორეხარისხოვანია, თუმცა ესეც იმ სცენარის მცირე ნაწილია, რომელსაც ომის დასრულება ჰქვია.

არესტოვიჩი ? არახამია? საინტერესოა ამ ავანტიურისტების აზრების მოსმენა თუ წაკითხვა? უფრო კი ვიდრე არა, მიზეზი კი რამდენიმე გახლავთ: უკრაინა, უფრო სწორედ მისი „პატრონები“ აქტიურად ცდილობენ ახალი სცენარის წარმოჩენას, რომელიც ომის შეწყვეტის შემთხვევაში ამუშავდება! ომი კი როგორც ჩანს უნდა დამთავრდეს, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ამას რა დაერქმევა-ცეცხლის შეწყვეტა, დაზავება, გაყინული კონფლიქტი თუ სხვა რამ, ფაქტია ომის დამთავრების სურვილი (თუ გნებავთ იძულება) უკვე გამოჩნდა კონტურებზე. ამას ხელს ბევრი ფაქტორი უწყობს, როგორც ევროპულ ასევე ამერიკულ წრეებში, ხოლო რას იტყვის და ვის რას დააბრალებს არესტოვიჩი ან არახამია ერთმხრივ მეორეხარისხოვანია, თუმც პირდაპირ უნდა ითქვა ესეც იმ სცენარის მცირე ნაწილი გახლავთ, რომელსაც ომის დასრულება ჰქვია…შემდგომში ალბათ რუსეთთან ურთიერთობების ნელ ნელა, მაგრამ მაინც აღდგენა…აი, იმ 300 000 ადამიანის დაღუპვაზე ვინ აგებს პასუხს ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა, იმედია არა მხოლოდ საუბრის!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.