საგარეჯოში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

80
spot_img

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა.

მედიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს თავად დაჭრასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის, იაკუბ ხიხავაროვის ბიძა.

ასევე, ბიძის განცხადებით, კაცს ყოფილ ცოლსა და მის მეუღლესთან, რომელიც, ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი იყო, კონფლიქტი ჰქონდა. მისი განმარტებით, მეგობრებს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქალმა ქმრის მეგობართან მიმოწერა დაიწყო“.

„მეგობარი იყო, ჰქონდათ ოჯახში მისვლა-მოსვლა და ყველაფერი. ამ ბიჭს მის ცოლთან ჰქონია ურთიერთობა, ტელეფონზე მათი მიმოწერები ნახეს. ოჯახში კონფლიქტის გამო, ქალმა პოლიციაში უჩივლა. პოლიციიდან ციხეში გაუშვეს, 2 თვე იჯდა“, – აცხადებს ბიძა.

ინფორმაციისთვის, ბრალდებული მიმალვაშია. მას პოლიცია ეძებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში გუშინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაშია მოთავსებული.