Home Blog Page 1680

“თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში”

თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში,” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე საუბრისას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს”, რომელზეც თქვენ აპელირებთ – არანაირი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან. ევროკავშირის მხრიდან იყო ამის შეფასება და თვითონ პლატფორმაც კი არ იღებს ანგარიშზე პასუხისმგებლობას, რადგან ექსპერტების მიერ შექმნილი დოკუმენტია, თავად ექსპერტების შეფასებებს გამოხატავს და ამ ინფორმაციის სიზუსტეზე  პასუხისმგებლობას არ იღებს სამოქალაქო პლატფორმა. შესაბამისად, მოგიწოდებთ, რომ თავი დაანებოთ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას,” – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინდექსში მოყვანილი ინფორმაცია და დასკვნები შეუსაბამობაშია თავად ევროკავშირის ანგარიშებში არსებულ მონაცემებთან, რომლის თანახმადაც საქართველოს პროგრესის მზარდი დინამიკა აქვს მრავალი მიმართულებით.

„მე არ მესმის, რატომ გიხარიათ ნებისმიერი მსგავსი ტიპის ნეგატიური ინფორმაცია. თუ თქვენ გინდათ, რომ გაიგოთ, ევროკავშირის რეალური შეფასებები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თავად ევროკავშირის შეფასების ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გასულ წელს, სადაც ძალიან ცალსახად და კარგად არის აღწერილი ქულები. ზოგადად, მე არ ვემხრობი ქვეყნის ასე დეტალურ შედარებებს  ერთმანეთთან  – ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინდივიდუალური გამოწვევები, სადღაც ვიღაცა წინ არის, სადღაც ვიღაც უკან არის, თუმცა თუ რეალურად გინდათ ნახოთ საქართველოს პროგრესი, წაიკითხეთ ევროკავშირის ანგარიში,” – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა ოპოზიციის შეფასებებთან დაკავშირებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსთან დაკავშირებით.

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა

ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი 13 საჯარო სკოლაში შეფერხდა. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის 7 და ქედის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლაში არ განახლდა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე რთული ვითარება ქედის მუნიციპალიტეტში სოფელ პირველ მაისთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არის, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა.

ადგილზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებული და გზის გაწმენდითი სამუშაოები, რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

პარალელურად უხვი ნალექისგან შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ქართველი კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სამწუხარო ინფორმაციას ვაჟა აზარაშვილის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ცნობისათვის, ვაჟა აზარაშვილმა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს დაამთავრა. ამავე წლიდან შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი და პროფესორი.

ავტორია: სიმფონია (1966, სამ ნაწილად), ორი სავიოლინო კონცერტი (სამ ნაწილად, 1967 I, 1972 II), კონცერტი ვიოლონცელოსათვის(1969, ერთნაწილად), კონცერტი ალტისა და კამერული ორკესტრისათვის (1973), ორი ოპერეტა, რომლებიც დაიდგა თბილისის „მუსკომედიის“ სცენაზე (1969 I, 1972 II), კონცერტინო კვარტეტისათვის(1963), ვოკალურ–სიმფონიური პოემა(1961), ორი პიესა სიმებიანი ორკესტრისათვის(1964), სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1961, ოთხ ნაწილად), ინსტრუმენტული, კამერული და საესტრადო ნაწარმოებები, მუსიკა სპექტაკლებისა და სატელევიზიო ფილმებისთვის.

“ჯორჯიან თაიმსი” მწუხარებას გამოთქვამს ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გაიცანით თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ ფინალისტები არიან  „პეტიტ ბაზარი“, „ბაბალე“ და „ტენე“.

კომპანია „პეტიტ ბაზარი“, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. დღეს მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი მეწარმეების ნარჩევი საბავშვო პროდუქცია ავეჯით, დეკორით და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული.

„პეტიტ ბაზარს“ აქვს შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთილებს იგივე მეწარმეები ატარებენ, წრეები ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებას, ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას ემსახურება.

„სულ წელიწადნახევრის წინ გაიხსნა „პეტიტ ბაზარი“ და ძალიან გვიხარია რომ უკვე შეგვამჩნია თიბისიმ. პირველ რიგში იმიტომ ვმონაწილეობთ ბიზნეს დაჯილდოებაში, რომ ჩვენი კომპანიის ხილვადობა გავზარდოთ.

ჩვენი დევიზია „მეტი ვიდრე მაღაზია“, დაარსების დღიდან ვცდილობთ ეს დევიზი ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედად ვაქციოთ. კომპანია ცდილობს იყოს მეტი ვიდრე მაღაზია სოციალური განზომილებით, მეტი ვიდრე მაღაზია გარემოს დაცვითი ინიციატივებით, მეტი ვიდრე მაღაზია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, ქალთა გაძლიერებით,“  – ქეთი მესხი „პეტიტ ბაზარის“ დამფუძნებელი. 

„პეტიტ ბაზარი“ უკვე აერთიანებს 150-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს, რომელთა 80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ და რომელთათვისაც კომპანია დამატებით შემოსავალს ქმნის.

მეორე ფინალისტი კომპანია სოციალური საწარმო „ბაბალეა“, რომელიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებმა 9 წლის წინ სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებისთვის დაარსეს.  კომპანია „ბაბალე“ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება.

„გარდა იმისა რომ ბიზნესის მიმართულებას ვავითარებთ და ადამიანების დასაქმებას ვუწყობთ ხელს, ამ საქმიანობამ დაგვანახა, რომ ადვილი არ არის ისეთი ადამიანების დასაქმება, ვისაც ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, ამიტომ შევქმენით პროგრამა, რომელიც იწყება 12 წლიდან. ვიწყებთ პირველი საფეხურიდან, რომლის დროსაც მნიშვნელოვანია ბავშვმა გამოიმუშაოს ნატიფი მოტორიკა, რაც შემდეგ საქმიანობაში გამოადგება. ვეხმარებით პროფესიული ორიენტაციაშიც და ამ საფეხურზე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საწარმოებთან.  ჩვენი მიზანი არ არის, რომ ისინი მარტო „ბაბალეში“ დავასაქმოთ, ჩვენ მათ არჩევანის გაკეთებაში და უნარების გამომუშავებაში ვეხმარებით.

დაუნის სინდრომის მქონე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ჩაერთოს ჩვენს პროგრამაში, თუმცა რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, რადგან „ბაბალე“ თავისი შემოსავლებიდან აფინანსებს ამ ბავშვების განათლებასა და განვითარების ხელშეწყობას,“ –  ლია ტაბატაძე „ბაბალეს“ დამფუძნებელი.

ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.

მესამე ფინალისტი კომპანია „ტენეც“ გამორჩეულია თავისი სოციალური პასუხისმგებლობით.

კომპანიამ, რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს, უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.

ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი კომპანია  მეორე სიცოცხლეს ჩუქნის,  შეაკეთებს და  მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს.

პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა „ბოთლიყლაპია“ აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.

„ტენემ“ ხმარებიდან ამოიღო კაბელის ლამინირებული შეფუთვა, რისი გადამუშავებაც შეუძლებელია საქართველოში და მის ნაცვლად შემოიღო მეორადი მუყაოსგან დამზადებული კრაფტ შეფუთვები.

„თიბისის ბიზნეს დაჯილდოებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ბიზნესისთვის, რომც ვერ გავიმარჯვოთ, ეს უკვე დიდი აღიარებაა. თიბისი ძალიან დაგვეხმარება ცნობადობის ამაღლებაში და ინფორმაციის გავრცელებაში. ჩვენს სფეროში კონკურენცია დიდია, მართალია არ გვყავს პირდაპირი კონკურენტები ანუ საქართველოში, „ტენეს“ გარდა, USB კაბელებს, არავინ აწარმოებს, მაგრამ არსებობს ბევრი კომპანია, რომელსაც შემოაქვს მზა კაბელები უცხოეთიდან. ჩვენი საკუთარი სადისტრიბუციო ქსელის შექმნით  მოვახერხეთ და 3500 მაღაზიაში შევიტანეთ ჩვენი პროდუქცია, მიუხედავად ამისა, არიან  მომხმარებლები რომლებიც არჩევანს ქართული წარმოების პროდუქტზე არ აკეთებენ, გარკვეული სტიგმა არსებობს, რომლის მიხედვითაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ხარისხით ჩამოუვარდება შემოტანილს. ეს სტიგმა აფერხებს ჩვენი ბიზნესის განვითარებას, იმედი გვაქვს, თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა დაგვეხმარება ამ სტიგმის დაძლევაში,“ – სანდრო ლილუაშვილი „ტენეს“ დამფუძნებელი.

გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად „ტენეს“ წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე – მზის პანელებზე გადავიდა.

საწარმო კი წეროვანის დევნილთა დასახლებაში გადაიტანეს, სადაც პირველ რიგში 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებს ასაქმებენ.

R

„ტყუპი გოგოები არიან, ერთი ბიჭი და მამა… დედა წასულია საზღვარგარეთ შვილებისთვის, რომ უჭირდათ“ – ადგილობრივი ბაღდათში მეწყერში მოყოლილ ოჯახზე

ბაღდათის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა ამ დროის მონაცემებით ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ ეტაპზე 200-ზე მეტი მაშველი კინოლოგიური ჯგუფისა და ტექნიკის დახმარებით 5 დაკარგულს ეძებს.

ადგილობრივის ინფორმაციით, ერთ-ერთ სახლში მამა და სამი შვი­ლია მოყოლილი.

„ერთი ოჯახიდან სამი უპოვიათ, ანგელოზი სამი შვილი, ტყუპი გოგოები, ერთი ბიჭი და მამა, დედა წასული შვილებისთვის, რომ უჭირდა, საზღვარგარეთ, რა ექნა.

იქით ორი მოხუცი ცხოვრობდა კიდევ, ისინიც არ ჩანან“, – ამბობს ადგილობრივი „მთავარ არხთან“.

“დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი” – დარჩიაშვილი ვაშაძეს

დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი, – ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა რუსეთიდან გასულ კომპანიებზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს კითხვას.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას სურს, რომ რომელიმე კომპანია საქართველოში შემოვიდეს, ამისთვის სათავო ოფისებში მიმდინარეობს მუშაობა.

„დაანებეთ, ბატონო გიორგი, რუსეთიდან გამოქცეულ კომპანიებს თავი. ჩვენ თუ გვინდა, რომელიმე კომპანია შემოვიდეს საქართველოში, ვმუშაობთ მათ სათავო ოფისებში და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ,“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ცნობისთვის, ვაშაძემ დარჩიშვილს მიმართა კითხვით: „თქვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჩაატარეთ თუ არა რაიმე სამუშაო? რა სამუშაო ჩაატარეთ, რომ რუსეთიდან გასული კომპანიებიდან ერთი მაინც შემოგვეყვანა საქართველოში? რა სამუშაო გასწიეთ იმისთვის, რომ კონკრეტული ინვესტიციები, რომელიც რუსეთიდან გავიდა, რაღაცა მაინც შემოსულიყო, რომ რაღაც სიკეთე საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ყოფილიყო“.

„დონალდ ტრამპმა უკრაინას უღალატა” – რას წერს „ფაინენშელ თაიმსი“

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 6 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა უკრაინას უღალატა: რესპუბლიკელთა უარი იარაღის მიწოდებაზე კიევის არმიის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს წარმოადგენს“ (ავტორი – გიდეონ რიხმანი – პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორსაა – ნოემბრამდე 9 თვეა დარჩენილი, მაგრამ დონალდ ტრამპი უკვე ახორციელებს დამღუპველ გავლენას ამერიკული საგარეო პოლიტიკის მიმართ. პირადად დონალდ ტრამპის მითითებით რესპუბლიკელ კონგრესმენთა უმრავლესობა ბლოკავს იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც უკრაინისადმი განკუთვნილ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

კონგრესის ზედა პალატის – სენატის წევრ დემოკრატ სენატორებს აქვთ შესაძლებლობა შედარებით უფრო ლიბერალ რესპუბლიკელ სენატორებთან – უმცირესობასთან – ამ კვირაში უკრაინისადმი დახმარების პაკეტი შეათანხმონ, მაგრამ ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები აბსოლუტურად ურყევები რჩებიან. ამის შედეგად სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება იმისა, რომ დახმარების კანონპროექტი არჩევნებამდე ან სულაც წლის ბოლომდე იქნება მიღებული.

ამგვარი პოზიციის შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს: უკრაინა უკვე განიცდის საბრძოლო მასალების, განსაკუთრებით კი საარტილერიო ჭურვების უკმარისობას. მიმდინარე წელს ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, მისგან გამომდინარე ყველა სახიფათო გარემოების მიხედვით.

ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ჯეკ უოტლინგი ხშირად იმყოფება ხოლმე უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე. მისი თქმით, სიტუაცია უკვე „უკიდურესად სერიოზულია“. საბრძოლო მასალების დეფიციტი უკვე იწვევს უკრაინის დანაკარგების ზრდას. გარდა ამისა, რადგანაც უკრაინელმა სამხედროებმა არ იციან როდის მიიღებენ საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ახალ პარტიას, მათ სამომავლო ოპერაციების დაგეგმვა არ შეუძლიათ.

შეიარაღების უკმარისობა ნეგატიურ გავლენას ახდენს აგრეთვე იმ უკრაინელ მოქალაქეებზე, რომლებსაც ნებაყოფლობით სურთ იმსახურონ არმიაში, მაგრამ ისეთ არმიაში, რომელიც მომარაგებული იქნება იარაღით. ისინი თავს არიდებენ ჯარში გაწვევასაც. ამ მხრივ სამხედროები მთავრობაზე მზარდ ზეწოლას ახორციელებენ. სწორედ ეს არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი.

უკრაინისათვის ერთ-ერთი პოზიტიური ახალი ამბავი ისაა, რომ გასულ კვირაში ევროკავშირმა კიევს 50 მილიარდიანი ფინანსური დახმარება გამოუყო, ოთხ წელიწადზე გათვლილი. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ევროკავშირის ოთხ სხვა ლიდერთან ერთად, ყველას მოუწოდა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაზარდონ.

სამწუხაროდ, ევროპის სამხედრო ქარხნებს ჯერ არ შეუძლიათ საბრძოლო მასალების უკმარისობის აღმოფხვრა და უკრაინის არმიის იარაღით უზრუნველყოფა. ამერიკელების გამო წარმოქმნილი დეფიციტის გამოსასწორებლად ევროპელებს თითქმის მთელი 2024 წელი დაჭირდებათ. შესაბამისად, უკრაინისათვის ყველაზე საშიში „უირაღო“ პერიოდი, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება.

როგორც ჯეკ უოტლინგი თვლის, საბრძოლო მასალების უკმარისობის შედეგები „ჯერ  შედარებით დაყოვნებულად გამოჩნდება, შემდეგ კი სწრაფად“. იგი გამაფრთხილებლად ამბობს: „როცა შედეგი თვალსაჩინო გახდება, რაიმე ზომების მიღება უკვე ძალიან გვიან იქნება“. შესაბამისად, მოიმატებს კრემლის წარმატების შანსი.

დონალდ ტრამპსა და მის მომხრე რესპუბლიკელებს, როგორც ჩანს, რუსეთის გამარჯვების საკითხი მაინცდამაინც არ ადარდებთ. ისინი მზად არიან რისკზე წავიდნენ – მათთვის მთავარია დონალდ ტრამპი იქნას არჩეული პრეზიდენტად, ჯო ბაიდენის ნაცვლად.

რესპუბლიკელების უარი უკრაინის დახმარებაზე ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მათ ომის შედეგების მიმართ სერიოზული და გულწრფელი ეჭვი აქვთ, მაგრამ მათი შეყოვნება ძირითადად უფრო უბრალოდ შეიძლება აიხსნას: დონალდ ტრამპს არ სურს ჯო ბაიდენს არანაირი ისეთი არგუმენტი და შანსი მისცეს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მას „წარმატებად“ ჩაუთვლიან.

გასულ წელს რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ უკრანისადმი სამხედრო დახმარება „მიბმული“ ყოფილიყო აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების დაცვაზე. დემოკრატები მათ დაეთანხმნენ, მაგრამ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერი რესპუბლიკელები ახლა ცდილობენ, რომ  ყველაფერი ჯო ბაიდენს გადააბრალონ – დაწყებული სამხრეთი საზღვრის დაცვაში შექმნილი ქაოსიდან (იგულისხმება საზღვარი მექსიკასთან, საიდანაც ამერიკაში არალეგალურად შედიან მიგრანტები), დამთავრებული ქაბულითა და კიევით.

როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი უპირატესობას ანიჭებს თეთრ სახლში დაბრუნებას, ვიდრე უკრაინის თავისუფლებას და ევროპის უსაფრთხოებას. ანუ დონალდ ტრამპი თვლის, რომ ეს სრულიად მისაღები ფასია, რომელიც გადახდილი უნდა იყოს – მთავარია იგი ისე შევიდეს ოვალურ კაბინეტში. სრულიად შესაძლებელია, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის დამარცხება სურს – თუ კიევი კაპიტულაციას განაცხადებს საბრეზიდენტო არცევნების წინ. ასეთი სიტუაცია მას ნებას მისცემს დაადასტუროს თავისი საყვარელი თეზისი ჯო ბაიდენის სისუსტისა და დემოკრატთა ადმინისტრაციის ჩავარდნებზე.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მხოლოდ დონალდ ტრამპი ვერ გააკეთებს. კონგრესში რესპუბლიკელთა მდუმარე თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შტატებში გამართულ პარტიულ პრაიმერებში დონალდ ტრამპის გამარჯვებებმა რესპუბლიკელთა უმეტესობა დაარწმუნა, რომ იგი უალტერნატივოა და ამიტომ მის მიმართ მეტი „მონური მორჩილება“ უნდა გამოიჩინონ. თუ იგი მოითხოვს, რომ კონგრესში უკრაინისადმი დახმარების საკითხი საერთოდ არ გავიდეს (არ იქნას განხილული), წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები მის კარნახს დაეთანხმებიან.

ვაშინგტონში მოქმედ იმ ძალებს, რომლებიც სერიოზულად უყურებენ აშშ-ის გლობალურ ლიდერობას, გასაგები მიზეზების გამო თავზარი აქვთ დაცემული. სენატორმა მარკ უორნერმა, რომელიც სენატში დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, თავის „X-ქსელში” დაწერა: თუ ცვენ არ შევასრულებთ ვალდებულებას უკრაინის წინაშე, არცერთი ერი აღარ დარჩება – მეგობრულიც და მტრულიც – რომლებიც ჩვენ დაგვიჯერებს ან სრულად გვენდობა“.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ბილ ბერნსმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის უკრაინისადმი დახმარებაზე უარის თქმა დღევანდელ მომენტში „ისტორიული მასშტაბის მქონე შეცდომა იქნება“. უარის თქმა უგუნურება იქნებოდა იმის გათვალისწინებითაც, რომ ავღანეთისა და ვიეტნამისაგან განსხვავებით, უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან და არ იხოცებიან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ალბათ, მოვლენებით გაკვირვებულია და ფიქრობს, რომ იღბალი აქვს. იგი, ალბათ, კარგ ხასიათზეა. თუმცა მან კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში „ბედი კი არ უღიმის“, არამედ წლების წინ გაწეული რუსეთის გრძელვადიანი ძალისხმევის შედეგი მოქმედებს. დონალდ ტრამპი „სიყალბეს“ უწოდებს იმას, რომ 2016 წელს იგი აშშ-ის პრეზიდენტად კრემლის დახმარებით აირჩიეს, მაგრამ არსებობს მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ მოსკოვი ნამდვილად ჩაერია არჩევნებში დონალდ ტრამპის დასახმარებლად – მაგალითად, 2016 წელს რუსმა ჰაკერებმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დემოკრატიული პარტიის ელფოსტა გატეხეს და შიდაპარტიულ მიმოწერას დაეუფლნენ.

ახლაც კი ვლადიმერ პუტინი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ დონალდ ტრამპის უკონტროლო თავმოყვარეობას როგორმე აამოს და მისი გული მოიგოს. რუსული სასკოლო სახელმძღვანელოები ადასტურებენ დონალდ ტრამპის საყვარლ კონსპიროლოგიურ თეორიას, რომ მან 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამა დემოკრატებმა ეს წარმატება მოპარეს.

ვლადიმერ პუტინს გრძელვადიანი ფსონი დონალდ ტრამპზე აქვს დადებული. თუ კონგრესში ბოლო წუთს  მაინც არ მოეშვებიან ჯიუტობას და არ დათანხმდებიან უკრაინისადმი დახმარებას, მაშინ ეს ფსონი, ალბათ, საბოლოოდ ანაზღაურდება. ეს ყველაფერი უკრაინაში ბრძოლის ველზე გამოჩნდება.

წყარო

“ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ”

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა – ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.

„სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ წინადადება

„ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში გარკვეული ცვლილებები უკვე შევიტანეთ” – ირაკლი ხმალაძე

ჩვენ გარკვეული ცვლილებები „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია და ახალი გზათა ქსელის შესაბამისად უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამუშაონ, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხმალაძის თქმით, ის „ელიავას“ ბაზრობის მესაკუთრეებთან აქტიურად მართავს შეხვედრებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღონ.

„ელიავას“ ბაზრობასთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს. მე ინტენსიურად შეხვედრებს მესაკუთრეებთან ვმართავ, კერძოდ, ერთ-ერთ მსხვილ მესაკუთრესთან. ისინი უკვე გარკვეულ გეგმარებაზე მუშაობენ, ჩვენ აქამდე თუ გვქონდა ცოტა გარკვეული შეუთანხმებლობის პრობლემები, დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ეს პრობლემა აღარ გვაქვს. ჩვენ გარკვეული ცვლილებები „ელიავას“ ბაზრობის არეალთან დაკავშირებით ქალაქის გენერალურ გეგმაში უკვე შევიტანეთ, გზათა ქსელი უკვე დატანილია და ახალი გზათა ქსელის შესაბამისად უკვე ყველას აქვს შესაძლებლობა თავიანთი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამუშაონ და ერთ-ერთი მსხვილი არეალის გეგმარებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. მე ამ დღეებში მაქვს შეხვედრები, თუმცა დეტალურ ინფორმაციას ახლა არ და ვერ გაგიმხელთ. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება შეთანხმების ფორმატში რაიმე აქტის ოფიციალური სახით დადგენა/დამტკიცების ეტაპზე, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ უახლოს თვეებში გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

“ქალბატონი სალომე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც მათ მითითებებს ასრულებს”

ხალხი, ვისაც იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა – ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად „ქართული ოცნების“ ხელში, რომელიც „ქართული ოცნების“ დავალებებს და მითითებებს ასრულებს, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ერთობის პლატფორმის” შექმნის თაობაზე პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმედი დიდი ხანია დაკარგა.

“დიდი ხანია დავკარგე სალომე ზურაბიშვილის იმედი, რომ რამე ხეირიანს გააკეთებს თავის საპრეზიდენტო ვადაში. შესაბამისად, მგონია, რომ ხალხი, ვისაც იმედი, აქვს რომ პრეზიდენტი რაღაცას გააკეთებს, ცრუ იმედების ქვეშაა. მგონია, რომ ქალბატონი სალომე უკვე ჩამოყალიბდა კარგ მსახიობად “ქართული ოცნების” ხელში, რომელიც “ქართული ოცნების” დავალებებს და მითითებებს ასრულებს. ეს თითქოს ისე გამოიყურება, რომ ოპოზიციური საქმეა და ჩემი კოლეგების ნაწილი გულუბრყვილოდ ხდება აღფრთოვანებული, რომ ახალი მოკავშირე იპოვა პოლიტიკურ ბრძოლაში. ეს ყოველთვის გულგატეხილობით და იმედგაცრუებით სრულდება. ამ პლატფორმის შინაარსიც დაახლოებით ისე გავიგე, როგორც სხვა პლატფორმების, რომელიც პრეზიდენტმა შექმნა. დანარჩენ ორ შემთხვევაში დავდიოდი, პრეზიდენტს ვაძლევდი რჩევას და ვეუბნებოდი, რა მიმაჩნდა იმის გაგრძელებად, რაც თვითონ წარმოედგინა, რათა ეს იდეა არ მომკვდარიყო. მაგრამ, ჩემი აზრით, პრეზიდენტი შეგნებულად კლავდა თავისივე ინიციატივებს, რომ შემდეგ “ქართულ ოცნებას” დაეცინა ოპოზიციისთვის, რომელიც პრეზიდენტს აჰყვა და რაღაცის იმედი ჰქონდა”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრებზე, ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტიიდან კონსულტაციებზე ალექსანდრე რაქვიაშვილი იქნება.

“მე იმდენად კრიტიკული ვარ და იმდენად არ მჯერა პრეზიდენტის, რომ ჩემი მონაწილეობა, შეიძლება უხერხული იყოს. მაგრამ ჩვენგან სანდრო რაქვიაშვილი იქნება, თუ დაგვპატიჟეს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობის დღეს დაგეგმილ მოსმენას, ხვიჩია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” დუმილი და “ნაცების” ჰაეროვნება საინტერესო სანახავი იქნება“.

„არავისთან არანაირი შეკითხვა არ მაქვს ჯერჯერობით. დავაკვირდები, დავინახავ რამდენად იქნება ვინმე სალაპარაკოდ განწყობილი. “ქართული ოცნება” არაფერზე ლაპარაკობს და „ნაცები“ უცებ ჰაეროვნები გახდნენ. “ქართული ოცნების” დუმილი და “ნაცების” ჰაეროვნება საინტერესო სანახავი იქნება. ამის დაკვირვება და ადამიანებისთვის მოყოლა გვაინტერესებს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დედაქალაქს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება

დედაქალაქს ნევროლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი დაუბრუნდება.

შესაბამისი ღონისძიებების გატარება თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაავალა.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ეზოში აღნიშნული ბიუსტი 1988 წელს განთავსდა, ხოლო დაწესებულების ადგილმდებარეობის ცვლილების შემდეგ, მისი დემონტაჟი განხორციელდა. მინდა, მივმართო ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას: როგორც ვიცი, აღნიშნული ბიუსტი „ნიუ ჰოსპიტალსს“ აქვს, მათი მხრიდანაც არის მზაობა მისი განთავსებისთვის -დავიწყოთ მუშაობა, რათა ურთიერთშეთანხმებით, ქალაქს საზოგადო მოღვაწის ბიუსტი დაუბრუნდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მერის თქმით, პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ქუჩაზე, ვაშლიჯვრის დასახლებაში, შესაბამისი საინფორმაციო დაფა განთავსდება.

„ასეთ ადამიანებს სჭირდება პატივისცემა, დაფასება და ჩვენი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ვფიქრობ, აუცილებელია“, – აღნიშნა მერმა.

დედაქალაქში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანები პიკის საათებში შეზღუდულად გადაადგილდებიან

თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დადგენილია ის არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. ასევე, განსაზღვრულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის შესაბამისი გამონაკლისები.

„არსებობს არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს და დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის – ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე, ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აკრძალულ ზონაში, შეზღუდვის საათებში გადაადგილება 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„ვინც დაარღვევს აღნიშნულ კანონს, 1 000 ლარით ჯარიმდება. ჩვენ არავის დაჯარიმება არ გვიხარია. მთავარია, დაიცვათ წესი და ამ კონკრეტულ არეალებში გადაადგილებისგან თავი შეიკავოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.