დედაქალაქში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანები პიკის საათებში შეზღუდულად გადაადგილდებიან

37
spot_img

თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დადგენილია ის არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს. ასევე, განსაზღვრულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის შესაბამისი გამონაკლისები.

„არსებობს არეალები, სადაც ეს შეზღუდვები მოქმედებს და დადგენილია შესაბამისი გამონაკლისები აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის – ეს არის სპეცტექნიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების ავტომანქანები, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკა, ასევე, ტურისტული სატრანსპორტო საშუალებები. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აკრძალულ ზონაში, შეზღუდვის საათებში გადაადგილება 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„ვინც დაარღვევს აღნიშნულ კანონს, 1 000 ლარით ჯარიმდება. ჩვენ არავის დაჯარიმება არ გვიხარია. მთავარია, დაიცვათ წესი და ამ კონკრეტულ არეალებში გადაადგილებისგან თავი შეიკავოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.