„დონალდ ტრამპმა უკრაინას უღალატა” – რას წერს „ფაინენშელ თაიმსი“

44
spot_img

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 6 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია ანალიტიკური სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა უკრაინას უღალატა: რესპუბლიკელთა უარი იარაღის მიწოდებაზე კიევის არმიის წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟს წარმოადგენს“ (ავტორი – გიდეონ რიხმანი – პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორსაა – ნოემბრამდე 9 თვეა დარჩენილი, მაგრამ დონალდ ტრამპი უკვე ახორციელებს დამღუპველ გავლენას ამერიკული საგარეო პოლიტიკის მიმართ. პირადად დონალდ ტრამპის მითითებით რესპუბლიკელ კონგრესმენთა უმრავლესობა ბლოკავს იმ კანონპროექტის მიღებას, რომელიც უკრაინისადმი განკუთვნილ სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

კონგრესის ზედა პალატის – სენატის წევრ დემოკრატ სენატორებს აქვთ შესაძლებლობა შედარებით უფრო ლიბერალ რესპუბლიკელ სენატორებთან – უმცირესობასთან – ამ კვირაში უკრაინისადმი დახმარების პაკეტი შეათანხმონ, მაგრამ ქვედა პალატის – წარმომადგენელთა პალატის წევრი რესპუბლიკელები აბსოლუტურად ურყევები რჩებიან. ამის შედეგად სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება იმისა, რომ დახმარების კანონპროექტი არჩევნებამდე ან სულაც წლის ბოლომდე იქნება მიღებული.

ამგვარი პოზიციის შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს: უკრაინა უკვე განიცდის საბრძოლო მასალების, განსაკუთრებით კი საარტილერიო ჭურვების უკმარისობას. მიმდინარე წელს ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდება, მისგან გამომდინარე ყველა სახიფათო გარემოების მიხედვით.

ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ჯეკ უოტლინგი ხშირად იმყოფება ხოლმე უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე. მისი თქმით, სიტუაცია უკვე „უკიდურესად სერიოზულია“. საბრძოლო მასალების დეფიციტი უკვე იწვევს უკრაინის დანაკარგების ზრდას. გარდა ამისა, რადგანაც უკრაინელმა სამხედროებმა არ იციან როდის მიიღებენ საბრძოლო მასალებისა და ტექნიკის ახალ პარტიას, მათ სამომავლო ოპერაციების დაგეგმვა არ შეუძლიათ.

შეიარაღების უკმარისობა ნეგატიურ გავლენას ახდენს აგრეთვე იმ უკრაინელ მოქალაქეებზე, რომლებსაც ნებაყოფლობით სურთ იმსახურონ არმიაში, მაგრამ ისეთ არმიაში, რომელიც მომარაგებული იქნება იარაღით. ისინი თავს არიდებენ ჯარში გაწვევასაც. ამ მხრივ სამხედროები მთავრობაზე მზარდ ზეწოლას ახორციელებენ. სწორედ ეს არის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი.

უკრაინისათვის ერთ-ერთი პოზიტიური ახალი ამბავი ისაა, რომ გასულ კვირაში ევროკავშირმა კიევს 50 მილიარდიანი ფინანსური დახმარება გამოუყო, ოთხ წელიწადზე გათვლილი. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ევროკავშირის ოთხ სხვა ლიდერთან ერთად, ყველას მოუწოდა, რომ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება გაზარდონ.

სამწუხაროდ, ევროპის სამხედრო ქარხნებს ჯერ არ შეუძლიათ საბრძოლო მასალების უკმარისობის აღმოფხვრა და უკრაინის არმიის იარაღით უზრუნველყოფა. ამერიკელების გამო წარმოქმნილი დეფიციტის გამოსასწორებლად ევროპელებს თითქმის მთელი 2024 წელი დაჭირდებათ. შესაბამისად, უკრაინისათვის ყველაზე საშიში „უირაღო“ პერიოდი, სავარაუდოდ, ივლისიდან დაიწყება.

როგორც ჯეკ უოტლინგი თვლის, საბრძოლო მასალების უკმარისობის შედეგები „ჯერ  შედარებით დაყოვნებულად გამოჩნდება, შემდეგ კი სწრაფად“. იგი გამაფრთხილებლად ამბობს: „როცა შედეგი თვალსაჩინო გახდება, რაიმე ზომების მიღება უკვე ძალიან გვიან იქნება“. შესაბამისად, მოიმატებს კრემლის წარმატების შანსი.

დონალდ ტრამპსა და მის მომხრე რესპუბლიკელებს, როგორც ჩანს, რუსეთის გამარჯვების საკითხი მაინცდამაინც არ ადარდებთ. ისინი მზად არიან რისკზე წავიდნენ – მათთვის მთავარია დონალდ ტრამპი იქნას არჩეული პრეზიდენტად, ჯო ბაიდენის ნაცვლად.

რესპუბლიკელების უარი უკრაინის დახმარებაზე ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მათ ომის შედეგების მიმართ სერიოზული და გულწრფელი ეჭვი აქვთ, მაგრამ მათი შეყოვნება ძირითადად უფრო უბრალოდ შეიძლება აიხსნას: დონალდ ტრამპს არ სურს ჯო ბაიდენს არანაირი ისეთი არგუმენტი და შანსი მისცეს, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მას „წარმატებად“ ჩაუთვლიან.

გასულ წელს რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ უკრანისადმი სამხედრო დახმარება „მიბმული“ ყოფილიყო აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოების დაცვაზე. დემოკრატები მათ დაეთანხმნენ, მაგრამ დონალდ ტრამპი და მისი მხარდამჭერი რესპუბლიკელები ახლა ცდილობენ, რომ  ყველაფერი ჯო ბაიდენს გადააბრალონ – დაწყებული სამხრეთი საზღვრის დაცვაში შექმნილი ქაოსიდან (იგულისხმება საზღვარი მექსიკასთან, საიდანაც ამერიკაში არალეგალურად შედიან მიგრანტები), დამთავრებული ქაბულითა და კიევით.

როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტი უპირატესობას ანიჭებს თეთრ სახლში დაბრუნებას, ვიდრე უკრაინის თავისუფლებას და ევროპის უსაფრთხოებას. ანუ დონალდ ტრამპი თვლის, რომ ეს სრულიად მისაღები ფასია, რომელიც გადახდილი უნდა იყოს – მთავარია იგი ისე შევიდეს ოვალურ კაბინეტში. სრულიად შესაძლებელია, რომ დონალდ ტრამპს უკრაინის დამარცხება სურს – თუ კიევი კაპიტულაციას განაცხადებს საბრეზიდენტო არცევნების წინ. ასეთი სიტუაცია მას ნებას მისცემს დაადასტუროს თავისი საყვარელი თეზისი ჯო ბაიდენის სისუსტისა და დემოკრატთა ადმინისტრაციის ჩავარდნებზე.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მხოლოდ დონალდ ტრამპი ვერ გააკეთებს. კონგრესში რესპუბლიკელთა მდუმარე თანხმობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შტატებში გამართულ პარტიულ პრაიმერებში დონალდ ტრამპის გამარჯვებებმა რესპუბლიკელთა უმეტესობა დაარწმუნა, რომ იგი უალტერნატივოა და ამიტომ მის მიმართ მეტი „მონური მორჩილება“ უნდა გამოიჩინონ. თუ იგი მოითხოვს, რომ კონგრესში უკრაინისადმი დახმარების საკითხი საერთოდ არ გავიდეს (არ იქნას განხილული), წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრები მის კარნახს დაეთანხმებიან.

ვაშინგტონში მოქმედ იმ ძალებს, რომლებიც სერიოზულად უყურებენ აშშ-ის გლობალურ ლიდერობას, გასაგები მიზეზების გამო თავზარი აქვთ დაცემული. სენატორმა მარკ უორნერმა, რომელიც სენატში დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობს, თავის „X-ქსელში” დაწერა: თუ ცვენ არ შევასრულებთ ვალდებულებას უკრაინის წინაშე, არცერთი ერი აღარ დარჩება – მეგობრულიც და მტრულიც – რომლებიც ჩვენ დაგვიჯერებს ან სრულად გვენდობა“.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ბილ ბერნსმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის უკრაინისადმი დახმარებაზე უარის თქმა დღევანდელ მომენტში „ისტორიული მასშტაბის მქონე შეცდომა იქნება“. უარის თქმა უგუნურება იქნებოდა იმის გათვალისწინებითაც, რომ ავღანეთისა და ვიეტნამისაგან განსხვავებით, უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან და არ იხოცებიან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ალბათ, მოვლენებით გაკვირვებულია და ფიქრობს, რომ იღბალი აქვს. იგი, ალბათ, კარგ ხასიათზეა. თუმცა მან კარგად იცის, რომ ამ შემთხვევაში „ბედი კი არ უღიმის“, არამედ წლების წინ გაწეული რუსეთის გრძელვადიანი ძალისხმევის შედეგი მოქმედებს. დონალდ ტრამპი „სიყალბეს“ უწოდებს იმას, რომ 2016 წელს იგი აშშ-ის პრეზიდენტად კრემლის დახმარებით აირჩიეს, მაგრამ არსებობს მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ მოსკოვი ნამდვილად ჩაერია არჩევნებში დონალდ ტრამპის დასახმარებლად – მაგალითად, 2016 წელს რუსმა ჰაკერებმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დემოკრატიული პარტიის ელფოსტა გატეხეს და შიდაპარტიულ მიმოწერას დაეუფლნენ.

ახლაც კი ვლადიმერ პუტინი ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ დონალდ ტრამპის უკონტროლო თავმოყვარეობას როგორმე აამოს და მისი გული მოიგოს. რუსული სასკოლო სახელმძღვანელოები ადასტურებენ დონალდ ტრამპის საყვარლ კონსპიროლოგიურ თეორიას, რომ მან 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამა დემოკრატებმა ეს წარმატება მოპარეს.

ვლადიმერ პუტინს გრძელვადიანი ფსონი დონალდ ტრამპზე აქვს დადებული. თუ კონგრესში ბოლო წუთს  მაინც არ მოეშვებიან ჯიუტობას და არ დათანხმდებიან უკრაინისადმი დახმარებას, მაშინ ეს ფსონი, ალბათ, საბოლოოდ ანაზღაურდება. ეს ყველაფერი უკრაინაში ბრძოლის ველზე გამოჩნდება.

წყარო