Home Blog Page 1679

“ნაცების”ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს”-გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ არხის გადაცემის „შენი შუადღის“ ეთერში, არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, მათ შორის სარედაქციო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები „არა მარტო კოსმეტიკური“, არამედ „ძირეულია“. მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან თავისუფალია.

„მთავარ არხზე“ არა მარტო კოსმეტიკურად, არამედ ძირეულად შეიცვალა რაღაცები, რადგან ამ ადამიანებს ბევრი წლის განმავლობაში გარკვეულ სიტუაციასა და მოცემულობაში უწევდათ მუშაობა. რთული იყო საკუთარ თავში გადაკეთება, იმიტომ რომ რეფლექსებად გაქვს ეს ყველაფერი ქცეული, რომ რაღაცნაირად შენს საქმეს არ აკეთებ. რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს ის, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა, რასაც რამდენიც არ უნდა გვეთქვა ჩვენ, რომ ასე არ არის, ყველა ხედავდა.

გასაგები იყო, რომ სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზ„ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროსი ის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამაყით და ბედნიერებით ვთქვა, „რუსთავი 2“-დან მოყოლებული ეს არ მომხდარა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, რომ მიხვდე, ნაცების ტელევიზია, რომ არ ვართ. დაკვირვებული თვალი მიხვდება, მაგრამ ვინც არ უყურებს, ახსოვს, რომ „მთავარი არხი“ ეს ნაცების ტელევიზიაა. ნაცების ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ, დიდი სიამაყით ვაცხადებ.

პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, აღარ ვართ და არ ხართ ვალდებულები, ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ ჟურნალისტები და წამყვანები როგორც ჩათვლით, რა არის საჭირო და რა არის სასარგებლო საზოგადოებისთვის, იმას გააშუქებთ, რომ გენახათ ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იმ სიმძიმეს, როდესაც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, გრძნობენ ეს ადამიანები“. – თქვა გიორგი გაბუნია.გაბუნიას თქმით, პარტიაში ორი მხარეა და არავის არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მელიას და ხაბეიშვილის საქმე აკეთოს.

„ამ მოცემულობაში, რაც „ნაცებს“ სჭირთ, ცალ მხარეს არის მელიას მხარე – „ვაი“ და აქეთ ხაბეიშვილის მხარე, „ვუი“ და პარტია არის „ვაი-ვუი“. არავის აქვს სურვილი, „ვაი-ვუის“ საქმე აკეთოს.

მიმაჩნია, რომ მელიას, როგორც დიდი პოლიტიკოსის საქმე, არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე იყო დასრულებული და ის უბრალოდ ვერ მიხვდა და ვერც ახლა ხვდება, რომ მნიშვნელოვან როლს პოლიტიკაში ვერ შეასრულებს. კაპიტალი, რომელიც მან პატიმრობაში დააგროვა და შარლ მიშელის მცდელობით გამოუშვეს, გაფლანგა.

იგივე ხდება ხაბეიშვილის მხარეს. მას დიდი პრობლემები აქვს. არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს. არავინ აპირებს მისთვის ხმის მიცემას. კიდევ უარესი, ნეიტრალურიც არ შემხვედრია. მას არასერიოზულად აღიქვამენ. დასცინიან..

ხაბეიშვილს რაღაც „ვაუს“ გაკეთება სჭირდება, რის შემდეგაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში „ქურქუმალ ვაითს“ აღარ დაინახავ“, – ამბობს გიორგი გაბუნია და დასძენს, „ყველასთვის უკეთესი იქნებოდა მიშაც, რომ მიხვდეს, რომ პატიმრობაში ყველაზე კარგი იქნებოდა, ყველასთვის თავი დაენებებინა და თავისი თავი თავიდან შეექმნა“.

ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება, რადგან ჩვენ ევროკავშირში გვინდა – დავით უსუფაშვილი

შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი იხილებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის საქმე იმ მომენტში ჩაჩეხილიყო. ახლაც, როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, მთავრობა კონსოლიდაციის ნაცვლად, დესტრუქციაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბორელს და სხვებს ქართველი ხალხის სურვილი ესმით და შუაში ბარიერად აღმართული „ქართული ოცნება“ ევროპული ოჯახის წევრობისკენ პროცესს ვერ შეაფერხებს.

„საქართველო და ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება, რადგან ჩვენ ევროკავშირში გვინდა და აქეთ მივდივართ, საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით ხვდებიან, რომელიც ევროპაში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ბორელსა და სხვებს შეხვედროდა, საქართველოს იმ საკითხებში დახმარებოდა, რომლის სტატუსს სჭირდება. შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი იხილებოდა და სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის საქმე იმ მომენტში ჩაჩეხილიყო და ახლაც, როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა კონსოლიდაციაზე მუშაობდეს, დესტრუქციაზე მუშაობს. ასე ხვდებიან ბორელს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბორელს და სხვებს ესმით ქართველი ხალხის სურვილი, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობა გვინდა, ევროპა ამისთვის მზად არის და შუაში ბარიერად აღმართული „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ვერ შეაფერხებს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელის სახელმწიფოსთან მეგობრული და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

„განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ორივე ქვეყანას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჰადას მიეცადი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში – ლაშა ჟვანია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იმპიჩმენტის საკითხს საღად, ნაკლები ემოციებით უნდა შევხედოთ -შალვა პაპუაშვილი

მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არის სერიოზული დარღვევა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება.

„იმპიჩმენტის საკითხს ნაკლები ემოციებითა და საღად უნდა შევხედოთ. პირველი, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ დისკუსიას რაც ვაკვირდებით, არავინ უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება იყო კონსტიტუციის დარღვევა; მეორე – ეს იყო კონსტიტუციის გაზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა მიმართა ამ თანხმობისთვის, მიიღო უარი და მიუხედავად უარისა, მაინც გაემგზავრა ამ ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა; და მესამე, ეს არის არსებითი დარღვევა კონსტიტუციის, რადგან საქმე გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს კომპეტენციებში შეჭრაში, როდესაც, კონსტიტუციის მიხედვით, უნდა იყოს მთავრობის თანხმობა, თანხმობის არმიღების მიუხედავად ხდება ამ კომპეტენციის განხორციელება. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ მხრივ არის სერიოზული დარღვევა და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება.

რაც შეეხება შემდგომ პროცესს, მომზადდება წარდგინება. 50 დეპუტატის ხელმოწერა არის საჭირო, რათა წარდგინება გაეგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლოს აქვს ერთი თვე, რათა საკუთარი სამართლებრივი დასკვნა შეადგინოს ამ საკითხზე და მოაწოდოს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სამართლებრივად ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან, პარლამენტში იქნება კენჭისყრა იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მართალია, მესმის ოპოზიციის კომენტარები, რომ არ აპირებენ მხარის დაჭერას, მაგრამ იქნება კენჭისყრა და მაშინ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.

“ნუ გეშინიათ ამ “ჩმორების” და ლაჩრების – სად არიან ახლა, გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ? -ლევან ხაბეიშვილი

„რუსულმა ოცნებამ“ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი ადგილობრივებს წაართვას. ამოიღეთ ხმა, ნურაფრის გეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ამ რუსებმა და ლაჩრებმა შეგვაშინონ. თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჩოხატაურში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და როგორც თავად ამბობენ, დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, აღნიშნულ სკვერს ფიზიკურად დაიცავენ.

“გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სახელი რომ ჰქვია სკვერს, იქ გადაწყვიტა ჩიგოგიძემ კიდევ დამატებით ჯიბეები გაისქელოს. გუშინ, ჩვენ ყველამ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად როგორც გაუსწორდნენ. ლაჩარი, „ჩმორი“ ხალხი, რომელიც რამდენიმე ადამიანს მიუვარდა და მათ შორის ქალბატონებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ეს „ჩმორები“ და „ბანძები“ დღეს დამალულები არიან. ამ ფლაერებს, სადაც რუსი ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არიან, აუცილებლად დავარიგებთ ჩოხატაურში, ამ სკვერში, სადაც ვდგავართ, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობისაა და აუცილებლად დავიცავთ, თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც მოგვიწევს ამის დაცვა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს და მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, გურულებს, ყველას აბსოლუტურად – ჩემო მეგობრებო, ნურაფრის გეშინიათ, ნუ გეშინიათ ამ „ჩმორების“ და ამ ლაჩრების. სად არიან ახლა, გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ, გადახედეთ აბა, რამდენი ვართ ჩვენ და როგორ იმალებიან დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც გაბედავენ და ვერც გამოჩნდებიან. თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, არამარტო ჩვენს ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს, თითოეული თქვენგანის ინტერესს დავიცავ, ჩასასვლელი სადაც ვიქნები, ყველგან ერთ გუნდად მოვალთ და დაგიცავთ თითოეულ თქვენგანს. ჩოხატაურელებს მოვუწოდებ, ამოიღეთ ხმა, ნურაფრის ეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ხმამაღლა თქვით, ამ „ბანძებს“ ნუ დააჩმორებინებთ თავს. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომ რუსებმა, ლაჩრებმა და მართლა „ჩმორებმა“ შეგვაშინონ. ამოიღეთ ხმა! თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ყველა რაიონში, ქალაქში, სოფელში, თითოეულ ოჯახში, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გუშინ ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე სავარაუდო თავდამსხმელების დაკავებასაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ფორმალურია და დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ.

“არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი”- ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ და განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით და ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. რამდენიმე დღის წინ კახეთში საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა, დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და, სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი, დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“პრეზიდენტის შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება” – პრემიერი

პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი დემონსტრაციულად არღვევს კანონს.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ეს უფლებამოსილება შეასრულოს. დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო. მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ, უბრალოდ, სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღოს მმართველმა პარტიამ, იყო გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს რა უნდა ვთხოვოთ -კახა კალაძე

პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას,  -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია.

„როდესაც პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. პირველი ჩვენ პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონსა და კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს და თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როგორი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძემ აღნიშნა: ქვეყნის მოსახლეობამ უნდა შეაფასოს, ვინ როგორ მუშაობს. ჩემი მხრიდან გაკეთებული შეფასება არ იქნება სწორი. შეიძლება, ობიექტური არ ვიყო, ამიტომ სჯობს ეს შეაფასოს მოსახლეობამ“.

ოპოზიცია მხარს უჭერს ყველაფერს, რაც აზიანებს ქართულ სახელმწიფოს – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია იყენებს და მხარს უჭერს ყველა იმ თემას, რომელიც აზიანებს სახელმწიფოს.

პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „2018 წელს ოპოზიცია მოღალატეს ეძახდა ზურაბიშვილს, ახლა პოზიცია შეცვალეს, რაზე მიუთითებს ეს?“

„ოპოზიციას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, ისინი მხარს უჭერენ ყველაფერ იმას, რაც აზიანებს ქართულ სახელმწიფოს. დღეს ეს შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები, რომლებიც მან საკუთარი უფლებამოსილების დარღვევით განახორციელა; გუშინ ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე სხვა მოვლენა. პანდემია, სხვადასხვა ტრაგედია, არცერთი თემა მათთვის არ არის მორალური ბარიერი, რომ ეს თემა ქართული სახელმწიფოს დასაზიანებლად იარაღად გამოიყენონ. იყენებენ ნებისმიერ თემას, რომლითაც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება, დააზიანონ ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი. ამ შემთხვევაში გამოჩნდა თემა, რომლითაც მათ შეუძლიათ, დააზიანონ ქართული სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ამას იყენებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერის შესახებ, „ქართული ოცნების“ გარდა, ამ დროისთვის „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ განაცხადეს.

ჯორჯ ბუშის ამ სიტყვებით ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ გათავისუფლდეს, ქართველი ხალხი უნდა იყოს თავისუფალი რუსული რეჟიმისგან – თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტი ბუშის ამ სიტყვებით ნათქვამია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რომ გათავისუფლდეს, ქართველი ხალხი უნდა გათავისუფლდეს რუსული რეჟიმისგან და ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოიპოვოს ის ევროპული მომავალი, რაზეც წინა და დღევანდელი თაობაც იბრძვის, – ამის შესახებ განაცხადა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოავნია ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის გამოხმაურება საქართვეოში მიმდინარე მოვლენებზე.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტი ასე ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რომ ერთის მხრივ მის გულისტკივილს გამოთქვამს იმაზე, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიის სტანდარტებს, ეს პირდაპირ ნიშნავს ევროკავშირის მიზნების საბოტაჟირებას და მეორეს მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას გაუხსნა გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დღეს არის ივანიშვილის ტყვეობაში, რომელიც რეალურად პუტინის დავალებებს ასრულებს.  ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ბუშის ამ სიტყვებით ნათქვამია და ცხადია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი რომ გათავისუფლდეს, ქართველი ხალხი უნდა გათავისუფლდეს რუსული რეჟიმისგან და ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოიპოვოს ის ევროპული მომავალი, რაზეც წინა და დღევანდელი თაობაც იბრძვის,” – განაცხადა თინა ბოკუჩავა ჯორჯ ბუშის წერილზე საუბრისას.

“ჯორჯ ბუში გულნატკენი ყოფილა პატიმარი სააკაშვილის შემყურე და კითხვები ჰქონია”-ვატო შაქარიშვილი

ჯორჯ ბუში გულნატკენი ყოფილა პატიმარი სააკაშვილის შემყურე და კითხვები ჰქონია საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ…ჯორჯ ბუშთანაც აქვს კითხვები მთელს მსოფლიოს – ერაყის განადგურებაზე, იქ არ არსებულ ქიმიურ-ბიოლოგიურ იარაღზე! ავღანეთზე! 11 სექტემბერზე!- წერს საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ – გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში“.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, საქართველოდანაც ბევრი კითხვაა – რატომ უწოდებდა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან დიქტატორულ რეჟიმს დემოკრატიის შუქურას?! რატომ გაუპრავა მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს?!

„ ჯორჯ ბუში გულნატკენი ყოფილა პატიმარი სააკაშვილის შემყურე და კითხვები ჰქონია საქართველოს დემოკრატიულობის შესახებ…
ჯორჯ ბუშთანაც აქვს კითხვები მთელს მსოფლიოს – ერაყის განადგურებაზე, იქ არ არსებულ ქიმიურ-ბიოლოგიურ იარაღზე! ავღანეთზე! 11 სექტემბერზე!
საქართველოდანაც ბევრი კითხვაა – რატომ უწოდებდა თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პირსისხლიან დიქტატორულ რეჟიმს დემოკრატიის შუქურას?! რატომ გაუპრავა მოპარული საპრეზიდენტო არჩევნები სააკაშვილს?! რა როლი ჰქონდა ბუშს, დიკ ჩეინის და მათ ადმინისტრაციას 2008 წლის ავანტიურაში და ა.შ. და ა.შ.
აღნიშნული კითხვები ჩვენც დევიდ კრამერს გავატანოთ…?“-წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში – ჯორჯ ბუში

კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა.

ბუშის წერილში ნათქვამია, რომ წუხილი არსებობს საქართველოში რუსეთის მზარდ გავლენასთან და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი შეკრებაა და ვამაყობ, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ არის ამ ღონისძიების პარტნიორი. ლორა და მე მივესალმებით ქართველ ხალხს, ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეებს. მაშინ, როდესაც თქვენ ხვდებით თბილისში, მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიჯაჭვულია უკრაინაზე. ამ ომის შედეგს აქვს განუსაზღვრელი მნიშვნელობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოსთვის. უკრაინის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ უპირატესობის მოპოვება. უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს იმ ხალხის ძალას, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ იცხოვროს თავისუფლებაში, უკრაინის გამარჯვებამ შესაძლო ასევე გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, პუტინის შემოჭრის 15 წლის შემდეგ.

ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანს -ატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. წუხილი არსებობს თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ უკრაინელი ხალხისა და „ლიდერშიფის“ მიმართ. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მსოფლიოს გარშემო“,- ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.