იმპიჩმენტის საკითხს საღად, ნაკლები ემოციებით უნდა შევხედოთ -შალვა პაპუაშვილი

62
spot_img

მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არის სერიოზული დარღვევა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება.

„იმპიჩმენტის საკითხს ნაკლები ემოციებითა და საღად უნდა შევხედოთ. პირველი, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ დისკუსიას რაც ვაკვირდებით, არავინ უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება იყო კონსტიტუციის დარღვევა; მეორე – ეს იყო კონსტიტუციის გაზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა მიმართა ამ თანხმობისთვის, მიიღო უარი და მიუხედავად უარისა, მაინც გაემგზავრა ამ ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა; და მესამე, ეს არის არსებითი დარღვევა კონსტიტუციის, რადგან საქმე გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს კომპეტენციებში შეჭრაში, როდესაც, კონსტიტუციის მიხედვით, უნდა იყოს მთავრობის თანხმობა, თანხმობის არმიღების მიუხედავად ხდება ამ კომპეტენციის განხორციელება. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ მხრივ არის სერიოზული დარღვევა და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება.

რაც შეეხება შემდგომ პროცესს, მომზადდება წარდგინება. 50 დეპუტატის ხელმოწერა არის საჭირო, რათა წარდგინება გაეგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლოს აქვს ერთი თვე, რათა საკუთარი სამართლებრივი დასკვნა შეადგინოს ამ საკითხზე და მოაწოდოს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სამართლებრივად ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან, პარლამენტში იქნება კენჭისყრა იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მართალია, მესმის ოპოზიციის კომენტარები, რომ არ აპირებენ მხარის დაჭერას, მაგრამ იქნება კენჭისყრა და მაშინ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.