Home Blog Page 1679

რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ-II-ს – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეთერთმეტე შეხვედრამ რუსეთი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დააახლოვა, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი “რამშტეინის” შეხვედრის შემდეგ.

როგორც რეზნიკოვი წერს, რუსეთი ნიურნბერგ II-ს უახლოვდება.

“რამშტაინ-11-ის შედეგები: რუსეთი უახლოვდება ნიურნბერგ-II-ს. ამ ფორმატის ყოველი შეხვედრა არა მხოლოდ უფრო სასარგებლო “საჩუქრებს” აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არამედ მიზნად ისახავს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას” – წერს რეზნიკოვი 

შეგახსენებთ, 21 აპრილს, გერმანიაში, აშშ-ის საჰაერო ძალების “რამშტეინის” ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-11 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე,  განიხილეს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის, საბრძოლო მასალისა და მხარდაჭერის საშუალებების საკითხები.

პრეპარატის დანერგვას სჭირდება მომზადება“ – ივანე ჩხეიძე მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“

ეს პრეპარატი ახალია და ამავდროულად ერთადერთი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ამ დაავადების სამკურნალოდ, – ამის შესახებ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, პედიატრმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მედიკამენტი გულისხმობს ყოველდღიურ ინექციებს. როგორც ჩხაიძე განმარტავს, კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) ავტორიზაციას, 121 ბავშვს მოიცავდა.

„1 წლის განმავლობაში საშუალოდ ამ მედიკამენტით მიღებული შედეგი იყო 1,57 სანტიმეტრით მატება, პლაცებო ჯგუფთან შედარებით. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ნაკლებია ინფორმაცია მოგვიანებით შედეგებზე. ასევე ნაკლებია ინფორმაცია, ნარჩუნდება თუ არა ეს ზრდის ტემპი მომდევნო წლების განმავლობაში. სხვანაირად ხანგრძლივ ეფექტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ის, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის 1 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ხვალაც რომ იყოს გადაწყვეტილება მიღებული და პრეპარატი შემოიტანონ, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქართველი მოჭადრაკე ანასტასია კირთაძე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ის 2011 წლის შემდეგ პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელმაც ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

რუსეთი საქართველოსთან საზღვაო მიმოსვლას იწყებს

რუსული საკრუიზო საზღვაო ლაინერი „პეტრე დიდი“ შავ ზღვაში 20-დღიანი მოგზაურობისას ბათუმის პორტშიც გაჩერდება. ამის შესახებ ინფორმაციას VESTIKAVKAZA ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ 2023 წლიდან ოპერირებას დაიწყებს ახალი ტურისტული გემი „პეტრე დიდი“ და პირველ მოგზაურობაში აგვისტოში გაემგზავრება.

ბათუმის გარდა, გემი გაჩერდება შავი ზღვის სხვა პორტებშიც, მათ შორის ნოვოროსიისკში, სოჭსა და სტამბოლში, აზოვის ზღვაში კი ტაგანროგში. „პეტრე დიდს“ 300-მდე მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

სალონიკში ტრეფიკინგის საქმეზე 51 წლის ქართველი დააკავეს

20 აპრილს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში პოლიციის თანამშრომლებმა არალეგალი ემიგრანტების ტრეფიკინგის საქმეზე, 51 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 51 წლის ქართველი იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დააკავეს.

სამართალდამცველებმა კავალა-თესალონიკის ძველ გზატკეცილზე გააჩერეს სატვირთო მანქანა, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მართავდა.

სატვირთოს შემოწმებისას მანქანაში აღმოჩნდა ექვსი უცხოელი სირიიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ დოკუმენტები. ბერძნული მედიის თანახმად, ემიგრანტებს შორის ერთი ბავშვი იყო.

საქმეზე წინასწარ გამოძიებას მიგდონიის იმიგრაციის მართვის დეპარტამენტის პოლიციის თანამშრომლები აწარმოებენ, დაკავებული კი პროკურატურაში გადაიყვანეს.

,,ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთან ეს არიდებულია”- პაპუაშვილი

„მოვდივარ“ – ამ სახელწოდებით 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ზაზა პაპუაშვილი მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ შეკრების მიზანია საზოგადოების გაერთიანება და ქვეყნის წინაშე მდგარი განსაცდელების თავიდან აცილება.

„ის განსაცდელებიც, რაც შეიძლება, ქვეყანას შეექმნას, უნდა ავიცილოთ თავიდან. ამდენი შეურაცხყოფა, ბრძანებები, რაღაცები დაანონსებულია ომები და მაიდნები და… ამას სჭირდება საზოგადოების შეკრება და პროტესტის გამოხატვა, რომ საქართველოს უმრავლესობა არ ფიქრობს ისე, როგორც ვინმე ტვინგადახრილი ადამიანი. საზოგადოებას უნდა გააჩნდეს ძალა, რომ ნეგატიური პროცესები არ განვითარდეს ქვეყანაში“, – ამბობს პაპუაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს არიდებული აქვს „ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია“.

„არასდროს არ მითქვამს მე, რომ ხელისუფლებაში ყოფნა იოლია. დღესდღეობით ის უბედურება რაც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთან ეს არიდებულია – მოდი, მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, ეს შეკრება დანაწევრებისკენ კი არ არის, არამედ საზოგადოების გაერთიანებისკენ, რომ მოტივირებული იყო ხელისუფალი, ჯარი, პოლიციელი და ყველა ჩვენგანი. ქართველები ვიგებთ, როცა სრული ერთიანობა გვაქვს ერთ საკითხში მაინც, რომ არ ჩამოინგრეს ჩვენი ქვეყანა. საქართველო უპირველეს ყოვლისა – ეს არის ჩვენი შეკრების არსი“, – აცხადებს პაპუაშვილი.

ბელგოროდში კიდევ ერთი ავიაბომბი აღმოაჩინეს 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 20 აპრილს რუსულმა სუ-34-მა შემთხვევით ბობი ჩამოაგდო, კიდევ ერთი საავიაციო ბომბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება.

მისი თქმით, ბომბი გამნაღმველებმა იპოვეს. ბომბს პოლიგონზე გააუვნებელყოფენ.

გლადკოვმა თქვა, რომ 200 მეტრის რადიუსში მდებარე მაღალსართულიანი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენენ. წინასწარი მონაცემებით, ეს სამი ათასზე მეტი ადამიანია.

ტელეგრამ-არხ Baza- სცნობით, საავიაციო ბომბი მიწისქვეშ არის. წინასწარი ინფორმაციით, ბომბმა შვიდი მეტრის სიღრმემდე ჩააღწია.

20 აპრილს, რუსულმა სუ-34-მა შემთხვევით  ბელგოროდის ცენტრში ბომბი ჩამოაგდო, დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და რამდენიმე ავტომობილი. აფეთქების ადგილზე კი 20-მეტრიანი ორმო გაჩნდა.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა.

პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ისრაელი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების სასწრაფო რეპატრიაციას აუქმებს

ისრაელმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების გადაუდებელი რეპატრიაციის პროგრამა შეაჩერა.

პარალელურად, პროგრამა გააგრძელებს მუშაობას უკრაინის მოქალაქეებისთვის.

რუსებმა და ბელარუსებმა, რომლებიც 15 აპრილამდე შევიდნენ ისრაელში სასწრაფო რეპატრიაციის სქემით და შეიტანეს პეტიცია ტურისტის სტატუსის რეპატრიატზე გადასვლის შესახებ, პროცედურა 15 ივნისამდე უნდა გაიარონ. თუ ისინი ამას ვერ მოასწრებენ, მათ მოუწევთ რეპატრიაციის სტანდარტული პროცედურის გამოყენება – როგორც ყველა სხვა ემიგრანტს ამ ქვეყნიდან. სტანდარტული პროცედურა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე მოქმედებდა.

“პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი” -ლოიდ ოსტინი

პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ის არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ოსტინის თქმით, პუტინმა უკრაინაში შეჭრის დროს არაერთი არასწორი გათვლა გააკეთა.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ იბრძოლებდა, მაგრამ უკრაინა მტკიცედ დგას პარტნიორების დახმარებით. ის ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთობა დაინგრეოდა, მაგრამ სასტიკმა ომმა, რომელიც რუსეთის არჩევანია, მხოლოდ დაგვაახლოვა. ფინეთი დღეს აქ არის როგორც ნატო-ს წევრი, იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. ეს კი ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, არამედ არის მიზეზი“, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.

BBC-ის გამოძიების შემდეგ „ფორმულას“ ტელეწამყვანი აკა ზარქუა ტოვებს

ჟურნალისტმა აკა ზარქუამ, რომელიც „ფორმულას“ გადაცემის „მრგვალი მაგიდა“ თანაწამყვანი იყო, ტელეკომპანია დატოვა. თავის გადაწყვეტილებას ის, დავით კეზერაშვილი გარშემო განვითარებული პროცესებით ხსნის.

„მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებლის ირგვლივ განვითარებულ ამბებს. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო გუნდი და შესაბამისად, აღარ ვიქნები გადაცემა მრგვალი მაგიდის თანაწამყვანი.

მინდა მადლობა გადავუხადო თანამშრომლებისა და მეგობრების გუნდს, რომლებთან ერთად თავისუფლად ვაკეთებდი საყვარელ საქმეს.

წარმატებას ვუსურვებ „მრგვალ მაგიდას“ და მთლიანად ფორმულას, რომლის არსებობაც შექმნილ ვითარებაში ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს“, – წერს ჟურნალისტი „ფეისბუკზე“.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.

“ასეთი ანტიქართული შემოსევა ჩვენს სამშობლოს მართლაც რომ დიდი ხანია არ ახსოვს” -დავით ქართველიშვილი

საქართველოში, რომელმაც 9 აპრილს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ზვარაკად შესწირა ქვეყნის 21 პატრიოტი, დღეს აშშ-ის სამარცხვინო წარმომადგენელი ჩვენ, მათ სულიერ შთამომავლებს უსირცხვილოდ გვიწოდებს „რუსებს“; ხელისუფლებას, რომელსაც მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, „რუსულ ოცნებას“ უწოდებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ამერიკის ელჩი არასწორად აფასებს საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ ხელისუფლებას. სინამდვილეში კი ჩვენ რუსეთისკენ არც მივილტვით და არც გვეშინია მისი, ხოლო ჩვენს თავს მოხვეული „რუსული პარანოია“ სწორედ აშშ-ის ხელისუფლების რუსოფობიით არის ნაკარნახევი.

„ასეთი ანტიქართული შემოსევა ჩვენს სამშობლოს მართლაც რომ დიდი ხანია არ ახსოვს. თანაც საიდან – ქვეყნიდან, რომლის ჩამოყალიბების მომენტისთვის ჩვენ უკვე წარმატებით გვქონდა გამოვლილი არაერთ კოლონიზატორთან ბრძოლა.

ქვეყნიდან, სადაც იმ დროს, როდესაც პლანტაციებზე პირუტყვად იყენებდა განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანებს, საქართველო ებრძოდა მეფის რუსეთის იმპერიას. ქვეყნიდან, სადაც „კუ-კლუქს-კლანი“ ლინჩის წესით ასამართლებდა განსხვავებული კანის ფერისა და აზრის ოპონენტებს, რა დროსაც საქართველო ბოლშევიკური რუსეთის მხრიდან განიცდიდა თავისი საუკეთესო გენოფონდის განადგურებას.

საქართველოში, რომელმაც 9 აპრილს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ზვარაკად შესწირა ქვეყნის 21 პატრიოტი, დღეს აშშ-ის სამარცხვინო წარმომადგენელი ჩვენ, მათ სულიერ შთამომავლებს უსირცხვილოდ გვიწოდებს „რუსებს“.

ხელისუფლებას, რომელსაც მიუხედავად უამრავი დაგებული ხაფანგისა, ქვეყანა მიჰყავს იმ დასავლეთისკენ, სადაც ორივე მხარის ღირსება უნდა გადაიკვეთოს რეფორმირებულ ევროპაში, „რუსულ ოცნებას“ უწოდებს.

ეროვნულ კანონპროექტებს უსირცხვილოდ „რუსულ კანონებად“ შერაცხავს, ნებისმიერ ქართულ და ეროვნულ ინიციატივას, ФСБ-ის სახელმძღვანელოების ნარატივს უწოდებს. ხოლო ის სასამართლო, რომლის ხელში ჩაგდებასაც ვერ ეღირსა, „რუსულ სასამართლოდ“ გამოჰყავს.

ეს უნამუსო ადამიანი ჩვენს საკუთარ სახლში გვიბილწავს წინაპრების ხსოვნასა და გამრუდებულ-გაუკუღმართებულად წერს ჩვენი სამშობლოს აწმყოსა და მომავლის ისტორიას. მის ამ ანტიქართულ ისტერიას სიამოვნებით არის აყოლილი მის მიერ დაფინანსებული მეხუთე კოლონა, რომელიც შეთავსებით კრემლის სასარგებლო იდიოტების ხროვას წარმოადგენს. ამ ანტიქართულ მეინსტრიმში დღეს მოყოლილია ქვეყნის ახალგაზრდობის ის ნაწილი, რომლის „გენმოდიფიცირება“ მათ, სამწუხაროდ, წარმატებით მოახერხეს.

ქვეყანაში, რომელსაც ეს სამარცხვინო ელჩი წარმოადგენს, თუ ვინმეს ჰგონია რომ ათობით იმპერიაზე „გადამხტარი“, მართალია, პატარა, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და თვითმყოფადი ქვეყანა დანებდება მის კოლონიალურ პოლიტიკას, საშინლად ცდება. ჩვენს თავს მოხვეული „რუსული პარანოია“ სწორედ ამ ქვეყნის ხელისუფლების რუსოფობიით არის ნაკარნახევი. თორემ საქართველოსა და ქართველ ხალხს რუსის შიში არ ჰქონია არც 1821, არც 1921, არც 1989, არც 1993, არც 2008 და არც 2023 წელს.

იმედია, ახლო მომავალში კელი დეგნანისა და მისი ანტიქართული პოლიტიკის სულის ჩამდგმელების დრო საქართველოში ამოიწურება. ორ ქვეყანას, ორ ხელისუფლებას ასეთი მავნებელი „შუამავალი“ ჯერ არ ჰყოლია.

როგორც ჩანს, სამშობლოში დაბრუნებამდე, მის ერთ-ერთ უკანასკნელ მავნებლობად „პრაიდის“ მორიგი ორგანიზების მცდელობა შეიძლება ვივარაუდოთ. ეს ნამდვილად იქნება ჩვენი მოთმინების უკანასკნელი წვეთი მის მიერ შეურაცხყოფილ ფიალაში და ადამიანურად ვურჩევ, ნურც შეწუხდება.

დიდი იმედით ველოდებით ამერიკაში მოსალოდნელ სახელისუფლებო ცვლილებებს, რათა საქართველოში ბოლო 3 წელიწადში განვითარებულ მოვლენებს სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და ორი ქვეყნის ურთიერთობას ეღირსება პარტნიორულ ურთიერთობასა და ურთიერთპატივისცემას მოწყურებული მიდგომები“, – წერს დავით ქართველიშვილი.