Home Blog Page 1677

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა თითები დაკარგა

ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა თითები დაკარგა.

ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.

მათი ცნობით, 31 დეკემბერს, ბათუმში, საერთაშორისო ჰოსპიტალში [ბაუ] ორივე ხელის მტევნის მრავლობითი დამწვრობით 40 წლის მამაკაცი შეიყვანეს. როგორც ,,ბათუმელებს“ კლინიკაში უთხრეს, პაციენტმა ერთი თითი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკარგა. ამჟამად, მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე, 30 დეკემბერს, ბათუმის სამედიცინო ცენტრში [BMC] პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაზიანებული 25 წლის მამაკაცი გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში გვითხრეს, პაციენტს საავადმყოფოში გადაყვანამდე უკვე დაკარგული ჰქონდა ერთი თითი.

მას ტრავმატოლოგიური ჩარევაც დასჭირდა. კაცი დღემდე გადის მკურნალობის კურს სამედიცინო ცენტრში.

აშშ, გაერთიანებული სამეფო და კიდევ 10 ქვეყანა იემენელ ჰუსიტებს აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და კიდევ 10 ქვეყანა იემენელ ჰუსიტებს აფრთხილებს: თუკი ისინი წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of israel ავრცელებს.

თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდების შესახებ ერთობლივ განცხადებას 12 ქვეყანა აწერს ხელს, მათ შორის ავსტრალია, ბელგია, დანია, გერმანია და იაპონიაც. ისინი იემენელი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში საერთაშორისო კომერციულ ხომალდებზე მიტანილ იერიშებს უკანონოსა და გაუმართლებელს უწოდებენ.

თავად ჰუსიტები კი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ დაჯგუფება „ჰამასს“ და თავდასხმებს იქამდე განაგრძობენ, ვიდრე ისრაელი ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს არ შეწყვეტს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6869 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6869 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6869 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6889 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9448 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9390 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.

“მე ვერ ვისაუბრებ ცხოველთა უფლებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი უფლება არ არსებობს რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია”-თამარ ჩერგოლეიშვილი

იმ ფილოსოფიით, რისიც მჯერა და რითიც ვცხოვრობ, არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე. ჩემი უფლებები მავალდებულებს ეს უფლებები დავიცვა ჩემთვის და სხვებისთვის. ჩემთვის არ არსებობს უფლება ვალდებულების გარეშე. შესაბამისად, მე ვერ ვისაუბრებ ცხოველთა უფლებებზე იმიტომ, რომ ჩემთვის ასეთი უფლება არ არსებობს რადგან ცხოველს ვალდებულება არ გააჩნია. – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ეს ჩემთვის ასეა და ასე დარჩება, როგორ სათნოებადაც არ უნდა მიიჩნევდეთ ცხოველთა უფლებებზე საუბარს და აპიპინებდეთ, იმიტომ რომ სწორი ესაა. მე ვარ სწორი, თქვენ – არასწორი.

რაც შეეხება სისასტიკეს, ადამიანები უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცხოველებზე სისასტიკე ისჯება, არა იმიტომ, რომ ცხოველების უფლებები არსებობს და ირღვევა, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ჯანსაღი ადამიანებისგან შემდგარ ჯანსაღ საზოგადოებებში სისასტიკე მიუღებელია.

თუმცა სისასტიკის აღქმაც განსხვავებულია ჩვენ შორის.

ვიღაცისთვის სისასტიკეა სტეიკის ჭამა.

ვიღაცისთვის სისასტიკეა საახალწლო სალუტებით ცხოველების შეწუხება.

ვიღაც სიტყვებს უფრო მეტად უფრთხილდება და სისასტიკედ მხოლოდ ტკივილის მიყენების მიზნით და განზრახვით ჩადენილ ქმედებას მიიჩნევს და ასეთი ქმედების დასჯას ითხოვს – მაგალითად მე.

რეალობა ისაა, რომ თუ ქართულ დემოკრატიას განვითარება უწერია, ამ თემაზე კამათი არ შეწყდება და მაინც ჩემს პოზიციაზე დავრჩები – სისასტიკე ისაა, რაც ტკივილის მიყენების განზრახვით ხდება და უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა ადამიანის მიმართ ხდება, თუ ცხოველის.

რაც შეეხება პეტარდების და სალუტების აკრძალვას, იმ სახელმწიფოში, რისკენ სვლაც მინდა, ხმაურის რეგულირება თვითმმართველობის საკითხია და არა ცენტრალური მთავრობის.

თუ რომელიღაც სოფლის, დაბის, უბნის, ან ქალაქის მაცხოვრებლებს სურთ უხმაურო გარემო, ეს მათი ნებაა და წარმომადგენლობით დემოკრატიაში ეს არჩევნებით იოლად წყდება.

ცენტრალურ მთავრობას ხმაურთან არაფერი ესაქმება.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

 

 

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აეროპორტის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა.

მომხდარი შედეგად რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მთელი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა -დეკანოზი შალვა კეკელია

მთელი ერი ბედნიერია, რომ ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა. მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დროს მომიწია ცხოვრება ქვეყანაზე, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა, – ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა. მან ქვეყანას ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

„ჩემთვის კიდევ დიდი პატივი იყო, რომ მე მასთან მომიწია მსახურება როდესაც პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა, ყველას გვახსოვს, რომ იყო რეგიონები, სადაც სასულიერო პირები არ მოღვაწეობდნენ, ტაძრები იყო დანგრეული, განადგურებული. დღეს 46-წლიანი პატრიარქობის შემდეგ, თითქმის აღარ დარჩა ქალაქი და სოფელი, სადაც ღმერთის სახლი არ აღმდგარიყო. მივულოცავ მთელს ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს დღევანდელ დღეს. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს, იმიტომ რომ მისი თავი ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა დეკანოზმა. საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, დღეს  91 წელი შეუსრულდა.

რუსებმა კატერინივკას დაარტყეს – დეტალები

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კატერინივკას დასახლებას დაარტყეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი – დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მარინკის თემში, კატერინივკაში საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა“, – დაწერა ვადიმ ფილაშკინმა „ტელეგრამ“ არხზე.

ცნობისათვის, დღეს დილით რუსებმა მარინკას, ავდეევკასა და კურახოვოს დაარტყეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები დაზიანდა.

პუტინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ, ქვეყნის მოქალაქეობას მიანიჭებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს გააფორმებენ, რუსეთის მოქალაქეობას მიანიჭებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ. რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლება მათი ოჯახის წევრებსაც ექნებათ.

მოქალაქეობის მიღების მიზნით რუსეთის თავდაცვის დეპარტამენტთან ხელშეკრულება მინიმუმ ერთი წლის ვადით უნდა გაფორმდეს.

ლას-ვეგასში, სასამართლოს დარბაზში მსჯავრდადებული მოსამართლეს თავს დაესხა

ლას-ვეგასის სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროს ბრალდებული მოსამართლეს თავს დაესხა. კაცი მაგიდას გადაახტა და მოსამართლისკენ ხელებით გაიწია.

სასამართლო ჩანაწერების თანახმად, 30 წლის დეობრა რედენი სასამართლოს წინაშე წარდგა მას შემდეგ, რაც სხეულზე დაზიანებების მიყენების გამო ნოემბერში თავი დამნაშავედ ცნო.

ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, რომ მოსამართლე მერი კეი ჰოლთუსმა მოულოდნელად თვალები აწია, ამ დროს დარბაზში მყოფებმა ყვირილი დაიწყეს. შემდეგ კი რედენი მოსამართლისკენ გაიწია და დაახტა. კაცის შეკავებას ორი ადამიანი ცდილობდა. სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, თავდასხმის შედეგად მოსამართლე და სასამართლოს მანდატური დაშავდნენ.

Las Vegas Review-Journal წერს, რომ თავდასხმამდე რედენის ადვოკატმა პირობითი მსჯავრი ითხოვა. მოსამართლემ ადვოკატის შუამვლობა არ დააკმაყოფილა:

“მე ამას ვაფასებ, მაგრამ ვფიქრობ, დროა მან სხვა რამის გემო გაიგოს, რადგან ამ ისტორიით უბრალოდ არ შემიძლია”.

რედენი წარსულში უკვე იხდიდა სასჯელს ქურდობასა და ოჯახში ძალადობისთვის.

 

2024 წელს დასავლეთმა შესაძლოა უკრაინას უღალატოს -The Telegraph

2024 წელს დასავლეთმა შესაძლოა უკრაინას უღალატოს. ამ სათაურით გამოცემა „ტელეგრაფი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის მიმომხილველი რობერტ კლარკი წერს, რომ დასავლეთში უკრაინის მიმართ განწყობის ცვლილების მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარუმატებელი კონტრიერიში და ფრონტის ხაზზე შესამჩნევი ცვლილებების არარსებობაა.

მიმომხილველი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხარდაჭერის განელებას ელის და თუკი ეს მოხდება, 2024 წელს რუსეთი გაიმარჯვებს, ეს არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს დაასამარებს, არამედ ევროპული სუვერენიტეტის იმედსაც კი მოსპობს. კლარკი დასავლელ ლიდერებს აკრიტიკებს.

“ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი სალომე ზურაბიშვილთან” – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენ არაფერი გვაქვს შესაცვლელი სალომე ზურაბიშვილთან, თავად სალომე ზურაბიშვილია დასაბრუნებელი სახელმწიფო პოზიციაზე – თუ ის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან და სასარგებლო პოზიციაზე დაბრუნდება, მისთვის იქნება კარგი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ამასთან, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტს მოხსენებით გამოსვლის უფლება აქვს და ის ამ უფლების რეალიზაციას მოახერხებს.

როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, პრეზიდენტს კონსტიტუციით გაწერილ უფლებებს არავინ უზღუდავს.

„ეჭვიანობა ადამიანის ფსიქიკას აზიანებს. ის ვინც პოლიტიკურ პროცესში ეჭვიანობას გაჰყვება, თავისივე ეჭვების მსხვერპლი გახდება, როგორც ეს ოპოზიციას ეჭვიანობიდან გამომდინარე მოუვიდა. ის, რაც კანონით გაწერილია, კანონის მიხედვით შესრულდება. ყველაფერი კონსტიტუციით და რეგლამენტით არის გაწერილი და სწორ გზაზე წინააღმდეგობას ხელოვნურად ნუ შექმნით. პრეზიდენტს მოხსენებით გამოსვლის უფლება ექნება, ხოლო რას იტყვის პრეზიდენტი და რამდენად სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის მისი გამოსვლა, ეს აბსოლუტურად სხვა საკითხია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს

პოლონელმა ფერმერებმა დღეიდან უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს. როგორც ერთ-ერთმა პოლონელმა ფერმერმა განმარტა, ისინი საათში სამ სატვირთო მანქანას გაატარებენ, ხოლო პროტესტი 3 თებერვლამდე გაგრძელდება.

„ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დასტური, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ განვაგრძობთ პროტესტს“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე.

მანამდე, მედიკაში პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მივიდა და ფერმერებს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

პოლონელი ფერმერები მთავრობას სიმინდის სუბსიდირების და სოფლის მეურნეობის გადასახადის შარშანდელ ნიშნულზე შენარჩუნებას სთხოვენ.