Home Blog Page 1677

“ახალი წლის ღამეს ჩვენს აეროპორტებში 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე” – ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ ახალი წელი ავიაციაში დასაქმებულებსა და მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიულოცა, სადაც 2024 წლის პირველი რეისი მადრიდიდან შესრულდა. ირაკლი ქარქაშაძე ადგილზე გაეცნო აეროპორტის 24 საათიან უწყვეტ მუშაობას და მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც სადღესასწაულო დღეებში სამსახურებში ხვდებიან.

„ჩვენს აეროპორტებში ახალი წლის ღამეს 775 ავიატორი ხვდება და ზრუნავს უსაფრთხო ოპერირებაზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის იმ 90 ადამიანს, რომელიც ახალ წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით ხვდება და ულამაზებს ჩვენს მგზავრებს ამ ჯადოსნურ ღამეს. სწორედ თქვენი და თქვენი კოლეგების პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობისა და თავდადების შედეგია ის მიღწევები, რომელიც ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს.

მსურს თითოეულ თქვენგანს მივულოცო ახალი წელი და მადლობა გადავუხადო 2023 წლის მანძილზე გაწეული შრომისთვის. ეს იყო რთული, გამოწვევებით აღსავსე წელი, თუმცა ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართვით თავი. ამავე დროს, 2023 წელი იყო ისტორიული წელი ქართული კომერციული ავიაციისთვის და განსაკუთრებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტისთვის. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ისტორიული, უპრეცედენტო მგზავრთნაკადი მივიღეთ“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელი იქნება უფრო საინტერესო და კიდევ უფრო წარმატებული წელი ავიაციის სექტორში დასაქმებულებისთვის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შევა.

იაპონიაში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ BBC იტყობინება.

მედიის ცნობით, სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდას აღწევდა. ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ოკეანის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ასევე ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც.

“მადლობა 2023 წელს იმ წარმატებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ამ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა” – კახა კალაძე

ახალ 2024 წელს თბილისი პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალაკონცერტით შეხვდა.

დედაქალაქის მერმა თბილისის მოსახლეობას საკონცერტო სცენიდან მიმართა და ახალი წელი მიულოცა.

„გილოცავთ 2024 წლის შემობრძანებას. მინდა მივულოცო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. დღეს, ამ ჯადოსნურ ღამეს, მთელ მსოფლიოში ერთიანდებიან ერთი სურვილის გარშემო – მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყნებში და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში.

სულ რამდენიმე წუთის წინ გავაცილეთ 2023 წელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ამ წელს იმ წარმატებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს ერგო ამ ერთი წლის განმავლობაში.

რა თქმა უნდა, ყველა წარმატების უკან დგას უამრავი ადამიანის შრომა.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავიანთი შრომით, შემოქმედებით, მიღწეული სპორტული წარმატებით და თუნდაც, ყოველდღიური, კეთილსინდისიერი პროფესიული საქმიანობით ჩვენი ქვეყანა წინ წასწია, გაალამაზა ჩვენი დედაქალაქი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ შენი გადადგმული ნაბიჯებით აბედნიერებდე ხალხს და ქმნიდე უკეთეს გარემოს.

მინდა, ასევე მივულოცო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს, ემსახურება თავის ქვეყანას და აქ მცხოვრებ ადამიანებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მილოცვაში ასევე ხაზი გაუსვა 2023 წლის მთავარ მიღწევას – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და კიდევ ერთხელ გილოცავთ, მეგობრებო. ვულოცავ სრულიად საქართველოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქვია.

მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან და ვუსურვო დაბრუნება შინ – ევროპაში.

გილოცავთ, პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ. დღეგრძელობა, სიხარული, ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენ ოჯახებთან ერთად. ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის მფარველი. 2024 წელი აუცილებლად იქნება მეტი გამარჯვების და სიხარულის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. ორსაათიან შთამბეჭდავ სანახაობას, სახელწოდებით „ევროპული ქალაქიდან ევროპაში” მაყურებელს ქართველი მომღერლები, გუნდები, ანსამბლები და მოცეკვავეები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარუდგენენ.

 

“დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ” – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და სრულიად საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს.

„გილოცავთ ახალ 2024 წელს! განსაკუთრებით მსურს, მივულოცო განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს, სკოლის ხელმძღვანელებს, სტუდენტებს, პროფესორებს, მეცნიერებს.

2023 მართლაც გამორჩეული წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. გვქონდა მრავალი წარმატება და, რაც მთავარია, გავხდით ისტორიული მოვლენის მომსწრე – საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას და ქვეყნის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლება, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ განათლებული თაობა ქმნის ძლიერი ევროპული ქვეყნის შენების მყარ საფუძველს.
საქართველოს სჭირდება ახალი ხედვები, ინოვაციური იდეები – ამისთვის საჭირო ენერგია და შემართება კი სწორედ ჩვენს ახალგაზრდებშია. დარწმუნებული ვარ, 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განვახორციელებთ და ჩვენს შვილებს შევუქმნით კიდევ უფრო უკეთეს გარემოს, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენის შესაძლებლობა ექნებათ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. მჯერა, 2024 წელი იქნება განვითარების, წარმატებისა და გამარჯვების წელი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის!“, – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

“გულითადად გილოცავთ 2024 წელს” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვა:

„ძვირფასო თანამოქალაქენო, ჩემო მეგობრებო, სულ მალე დასრულდება 2023 წელი. ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში.

მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელს მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, და ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა.

და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით; ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად.

დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს.

როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა პირადი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს – დიდისა თუ პატარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, გმირი პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ჩვენი გულისხმიერი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროს ღირსეული წარმომადგენლების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, საჯარო მოხელეების, ვეტერანების, ფერმერებისა თუ მშენებლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეთა ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ – ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან.

ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ძლიერი, ერთიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ თითოეული თქვენგანის როლი ამ პროცესში შეუცვლელი და უნიკალურია.

ძვირფასო მეგობრებო, გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“.

რუსებმა ახალი წლის ღამეს უკრაინას დრონებით შეუტიეს

1-ელი იანვრის ღამეს რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია. დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, მიკოლაივსა და ოდესაში. ლვოვის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები სამოქალაქო ობიექტს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

“ღამით მტერმა ლვოვში ეროვნული მეხსიერების ორ ობიექტს დაარტყა: უნივერსიტეტს დუბლიანში და რომან შუხევიჩის მუზეუმს ბელოგორიაში. სიმბოლურად და ცინიკურად. ომი ჩვენი ისტორიის წინააღმდეგ”, – განაცხადა ლვოვის მერმა.

რუსულმა ძალებმა დარტყმა განახორციელეს ოდესაშიც. თავდასხმის გამო, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებში, ცეცხლი გაჩნდა მაღალსართულიან კორპუსშიც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, ან დაღუპულა.

თბილისში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ჯარიმები გამკაცრდა

დედაქალაქის საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა, არსებული ჯარიმები კი გაიზრდა.­

2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა კანონი რომლის თანახმად, თბილისში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში – 3000 ლარის ოდენობით.ანალოგიურ შემთხვევებში, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს.აქამდე აღნიშნულ დარღვევებზე ჯარიმის ოდენობა 100-100 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული.

ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: – საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან; იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.

სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა

ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ დადგენილებით ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი დაამტკიცა.

ასევე დამტკიცდა იმ ადგილებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.

შს სამინისტროს ცნობით, ზამთრის საბურავი შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს:

საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება პირს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა აუკრძალოს.- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

,,2024 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ბედისთვის – თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი” – მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას შობა ახალ წელს ულოცავს.

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ახალ წელს და შობას. უზომოდ მიყვარხართ, თქვენმა სიყვარულმა ჩამომიყვანა აქ. 2024 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოს ბედისთვის. თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი და მეც მაქვს თქვენი იმედი. თქვენ უნდა ბოლომდე ირწმუნოთ საკუთარი ძალები და ეს რწმენა, რომელმაც ერთხელ უკვე მოგვიტანა გამარჯვება ევროპის საკითხში, 2024-ში საბოლოოდ გაგვამარჯვებინებს. მიყვარხართ”, – აცხადებს სააკაშვილი.

პირველი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იყავით კომუნიკაბელური და აქტიური, ნუ ჩაიკეტებით სახლში, ირგვლივ სადღესასწაულო განწყობაა, თქვენი  მუხტი და პოზიტივი სხვებისთვის გადამდები უნდა იყოს. ელოდეთ საჩუქრებს.

კურო

მშვენიერი დღეა, არ დაგავიწყდეთ გართობა და სხვების გახარება, შეიძინეთ საჩუქრები და გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

ტყუპები

შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და ეცადეთ, დღე წყნარ გარემოში, თქვენთვის კომფორტულ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, პირად ურთიერთობებში გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, ამიტომ, ზედმეტი ემოციების გამოვლენის გარეშე ჩაატარეთ დღე. ნუ იტვირთავთ დამატებით ვალდებულებებს.

ლომი

დღის აქტიური რეჟიმი, გადარბენა, ფორიაქი. იყავით მეტად მოწესრიგებული, ეცადეთ, სწორად მართოთ დრო.

ქალწული

კარგი დღეა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად. მოერიდეთ ალკოჰოლს და ზედმეტ ფიზიკურ აქტივობას.

სასწორი

თქვენი ენერგოტონუსი და განწყობა წარმატების გზას გიხსნით, თუმცა ფინანსებთან დაკავშირებით, მეტი გონიერება და წინდახედულობა გმართებთ.

მორიელი

იყავით უფრო მოქნილი და გონივრულად იმოქმედეთ. სწორად გადაანაწილეთ დრო. შეასრულეთ დაპირებები და აღებული ვალდებულებები.

მშვილდოსანი

თითქოს ირგვლივ ყველაფერი გაცოცხლდა, ხასიათში მატულობს ოპტიმიზმი და სილაღე. სასიკეთო დღეა, როგორც საქმიანი აქტივობებისთვის, ასევე პირადი საკითხებისთვის.

თხის რქა

სასიამოვნო დღეა. შესაძლოა, ახალი ნაცნობობა სამომავლოდ საკმაოდ ეფექტური პროცესების საწყისი გახდეს, ძირითადად, პროფესიულ საკითხებში.

მერწყული

დღეს, მთავარია ზომიერებისა და წონასწორობის დაცვა. იყავით წინდახედული და ნუ აჰყვებით გარშემომყოფთა უტიფარ კომენტარებს. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებზე ზრუნვასა და გახალისებას.

თევზები

დაიცავით ზომიერება ბიუჯეტთან და ზოგადად ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, სხვა მხრივ, იაქტიურეთ, გარისკეთ გონივრულად და ნებისმიერ ძველ საქმეს ახლებურად მიუდექით.

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წელიწადნახევრის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს აფასებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წელიწადნახევრის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს აფასებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.

მისი თქმით, ორმხრივი საპარლამენტო დიპლომატია იყო საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი და უკანასკნელი წლების განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოს საგარეო საქმიანობა უპრეცედენტოდ წარმატებული იყო.

,,ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვან წარმატებებთან ერთად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წელიწადნახევრიანი ძალისხმევის დაგვირგვინებაა. ორივე მიმართულებით საქართველოს პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. ორმხრივი საპარლამენტო დიპლომატია იყო საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი და უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩვენი საგარეო საქმიანობა უპრეცედენტოდ წარმატებული იყო. განხორციელდა ათობით შედეგზე ორიენტირებული საგარეო ვიზიტი და მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური ამოცანები შესრულდა საპარლამენტო კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების მიერ ყველა კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანასთან.

2023 წელს, ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოში პირადად მემასპინძლა თავმჯდომარეებისთვის შემდეგი ქვეყნებიდან:

სერბეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ჩეხეთი, ირლანდია, გერმანია, ისრაელი, ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვენია,

საგარეო ვიზიტების ფარგლებში შევხვდი თავმჯდომარეებს სხვადასხვა კონტინენტიდან:

*ევროპა*მალტა, იტალია, საფრანგეთ, რუმინეთი, ბელგია , ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.

*აფრიკა*ჯიბუტი, კაბო ვერდე, ზამბია, ბურუნდი, მოზამბიკი , ლესოტო, მავრიკი , ტანზანია, განა.

*ოკეანია*ავსტრალია, ტუვალუ, ფიჯი,

*აზია*შრი-ლანკა

*ამერიკა*ბაჰამის კუნძულები .

2024 იქნება ყველა საპარლამენტო ორგანოს აქტიური მუშაობის წელი, რათა საქართველოს კონსტიტუციურმა მიზნებმა – ევროპულმა და ევროატლანტიკურმა ინტეგრაციამ, ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამ, კიდევ უფრო, რეალისტური კონტურები შეიძინოს,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბექა ოდიშარია მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავის მაქსიმალურად შეკავებას ურჩევს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მოქალაქეებს მიმართავს, ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ, რათა არ დააზიანონ როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ჯანმრთელობა.

„ჩვენს ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს გაცილებით უფრო კრეატიული, უფრო მისაღები და უვნებელი საშუალებებით შეგვიძლია მოვუწყოთ ფერადი და ლამაზი ახალი წელი, ვიდრე ეს იაფფასიანი, ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის სახიფათო, ფსიქიკის დამაზიანებელი და არანაირი ესთეტიკური ღირებულების მქონე პიროტექნიკაა.

ის არასოდეს ყოფილა ქართული შობა-ახალი წლის დღესასწაულების შეგებების, ქართული სუფრის ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, მოკრძალებით გთხოვთ, რომ ის თანხა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, შეიძლება ერთი გასროლით ჰაერში გაფანტოთ, ვფიქრობ, სჯობს ჩვენს ირგვლივ მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს, ჩვენს ახლობლებს, მეზობლებს, საყვარელ შვილებს, მშობლებს, დებსა და ძმებს მოვახმაროთ.

ეს, მართლაც დასაფასებელია და დიდი მადლი იქნება როგორც ამქვეყნად, ისე უფლის წინაშე შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, პიროტექნიკის დამაზიანებელი ქმედებები განსაკუთრებით მის სამაჟორიტარო – ძველი თბილისის რაიონზე აისახება, ვინაიდან ეს რაიონი ახალი წლის დღეებში განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა.

„თუმცა ეს არ არის მხოლოდ თბილისელების და თბილისის პრობლემა. ამ ტიპის პრობლემები მთელ საქართველოში აწუხებს ადამიანებს და ვფიქრობ, ეს საკითხი სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეგულირების საგანი უნდა გახდეს!
მართალია ცვლილებით, რომელიც წინა პარლამენტში გვაქვს მიღებული, ხმაურიანი პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა, როგორც ჩანს, მოსახლეობამდე სათანადოდ ვერ მივიტანეთ ეს, რაც მე, როგორც ცვლილებების თავდაპირველ ავტორს, ძალიან მაწუხებს. უნდა აღინიშნოს, რომ არც ადმინისტრირების პროცესი აღმოჩნდა ადვილი. ამიტომ, ჩვენი, „ქართული ოცნების“, გუნდის ლიდერები აქტიურად ვმუშაობთ, რომ საკითხი მხოლოდ კეთილ სურვილად არ დარჩეს, მანამდე კი ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ პიროტექნიკის გამოყენებისგან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუკი პიროტექნიკის მოხმარების თარიღები და ადგილები მკაცრად განსაზღვრული და მოქალაქეებისთვის წინასწარ ცნობილი იქნება.