Home Blog Page 1675

“იმპიჩმენტთან დაკავშირებით არც ერთ პარტიასთან კონსულტაციები არ გვექნება”

იმპიჩმენტთან დაკავშირებით არც ერთ პარტიასთან კონსულტაციები არ გვქონია და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რომ ვინმესთან კონსულტაციები გავმართოთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის რომელიმე ნაწილთან კონსულტაციებს, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა ჰქონდეს.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გარდა, გუნდს, რომელიც „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით ხელმძღვანელობს, სხვა სივრცე არ დარჩა“.

„ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ჰქონდა მმართველ პარტიას დარჩენილი, როცა სახეზეა საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, სხვა სივრცე არ რჩება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით მოხელმძღვანელე გუნდს, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს.

რაც შეეხება კითხვას კონსტიტუციის 78-ე მუხლით ხომ არ იხელმძღვანელა პრეზიდენტმა და ეს ხომ არ აძლევს მის ქმედებას გამართლების საფუძველს, ოპონენტები მთავარს ტოვებენ, როცა ამბობენ, რომ ყველა უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროინტეგრაციას ხელი შეუწყოს, თუმცა, მთავარია გამოტოვებული მიზანმიმართულად, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – სამი სიტყვაა გამოტოვებული, ვინც ამას გეუბნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სწორედ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძლება შეიტანოს წვლილი და შესაბამისმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსს მივიღებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ყველა უწყება ერთმანეთის კომპეტენციაში ისე ერეოდეს, რომ არავინ არავის აზრს არ ეკითხებოდეს, სამართლებრივ პრინციპებს და წესებს არ იცავდეს. ასე როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს ევროინტეგრაციას?”- განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას კრიტიკულ განცხადებებს და ევროპელ კოლეგებს ურჩევს, „ჯერ გაერკვნენ, რას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია“.

„ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის უზენაეს კანონს ისევე, როგორც ჩვენ ვცემთ ევროპელი კოლეგების და მათი ქვეყნების უზენაეს კანონს. დამისახელეთ რომელიმე ევროპული, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტის მხრიდან ხდება კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, დაასახელონ ამ ადამიანებმა, ვინც ასე უხეშად საუბრობს და ცდილობს ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საკითხში, დაასახელონ როგორ იქცევიან და იქ როგორ ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ასევე თუკი ასეთი რამ მოხდება, დაცული უნდა იყოს თუ არა მათი კონსტიტუცია.

ქალბატონი გრიგოროვა არ არის მხოლოდ ჩვენი პარტნიორი, ის აკეთებს განცხადებებს, რომელიც არ შეეფერება პარტნიორობას და ქვეყნის მიმართ გულშემატკივრობას, მითუმეტეს, არც ჩვენი ხალხისადმი გულშემატკივრობას. ჩვენ გვყავს ბევრი ნამდვილი გულშემატკივარი, პარტნიორი, რომელიც მხარს უჭერენ ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის მთალიანად ევროინტეგრაციას, მაგრამ არა ისეთი განცხადებებით, რომელსაც გრეგოროვა აკეთებს,“- განაცხადა ოხანაშვილმა.

“ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს” – ჯონ კირბი

ბოლო 72 საათში აშშ უკრაინის სამხრეთში უკრაინელების კონტრშეტევის მნიშვნელოვან პროგრესს ხედავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის სამხრეთში, კერძოდ ზაპოროჟიეს ოლქში, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვან წინსვლას” ხედავს ბოლო 72 საათში.

„ამ კონტრშეტევის ვერც ერთი ობიექტური დამკვირვებელი ვერ შეძლებს უარყოფას, რომ მათ პროგრესს მიაღწიეს… მათ გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს რუსული თავდაცვის ამ მეორე ხაზის წინააღმდეგ”, – განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ „უსარგებლოა” პარტნიორისა და მეგობრის კრიტიკა, რომელიც ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში პროგრესის მიღწევას ცდილობს.

კირბის თქმით, უკრაინელები თავად გადაწყვეტენ შემდეგ სად წავლენ და როგორ ისარგებლებენ ამ წარმატებით.

„ეს არ ნიშნავს, რომ სამხრეთში წინსვლის დროს სამომავლო რთული ბრძოლების შესახებ არ ახსოვთ. ეს ყველაზე უკეთ იციან. ჩვენ კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ წინსვლისთვის მზად არიან, რომ აუცილებელი ინსტრუმენტები, მეთოდები, წვრთნა და შესაძლებლობები აქვთ ამ პროგრესისთვის. კიდევ ერთხელ, ისე სწრაფად, როგორც ამას საჭიროდ თვლიან“,- განაცხადა კირბიმ.

ნობელის ფონდმა რუსეთისა და ბელარუსის ელჩები ნობელის პრემიის დაჯილდოების ბანკეტზე მიიწვია

რუსეთისა და ბელარუსის ელჩების ნობელის პრემიის დაჯილდოების ბანკეტზე მიწვევამ შვედი პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო რუსეთისა და ბელარუსის ელჩები არ იყვნენ მიწვეულნი ღონისძიებაზე. თუმცა, ნობელის ფონდში აცხადებენ, რომ მათ სურთ ჩართონ ისინიც კი, ვინც არ იზიარებს ნობელის პრემიის ღირებულებებს.

„აშკარაა, რომ სამყარო სულ უფრო მეტად იყოფა სფეროებად, სადაც მცირდება დიალოგი განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებს შორის“, – განაცხადა ნობელის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიდარ ჰელგესენმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ არ ელოდა, რომ ნობელის ფონდი რუსეთს მიიწვევდა წლევანდელ ღონისძიებაზე.

შვედეთის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გააუქმა მიწვევა, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის თქმას განიხილავენ.

ნობელის პრემიის ბანკეტი ყოველწლიურად იმართება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს.

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 სექტემბრისთვის – ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მოემზადეთ ემოციურად არასტაბილური დღისთვის, როდესაც გეგმები მუდმივად უნდა ცვალოთ. განწყობაც ცვალებადია, ამიტომ კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იტყვით, რათა ვინმეს უნებურად გული არ ატკინოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია დაძაბულობა, თუმცა ეს დროებით სირთულეებია და მალე თავისთავად მოგვარდება.

კურო

რთული და კონფლიქტური დღეა. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან კამათს მოერიდოთ და განმარტოვდეთ. უმჯობესია, არაფრისმომცემი კამათის ნაცვლად, დრო საყვარელი საქმის კეთებაში დახარჯოთ – დღეს შეიძლება რაღაც ღირებული შექმნათ.

ტყუპები

მეტი დრო დაუთმეთ საქმეს, რომელიც მოგწონთ და სიხარულს განიჭებთ. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, რომ ბოლო დღეების დაძაბულობისგან გათავისუფლდეთ. უმჯობესია, რომ ეს დღე მარტოობაში გაატაროთ და ახალი გეგმები დასახვაზე იფიქროთ.

კირჩხიბი

ეს დღე საყვარელ გატაცებას უნდა დაუთმოთ. გარდა იმისა, რომ ეს ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, შესაძლოა, შთაგონებაც გეწვიოთ და რაღაც გამორჩეული შექმნათ. დახმარების თხოვნაზე უარს ნურავის ეტყვით – შესაძლოა, მალე ანალოგიურ მდგომარეობაში თავად აღმოჩნდეთ.

ლომი

ამ დღეს ფიზიკურ მუშაობას უნდა მოერიდოთ, რადგან ტრავმის მიღების რისკი საკმაოდ მაღალია. გარშემო მყოფებს თქვენი ხალისიანი განწყობა და პოზიტივი იზიდავს, ამიტომ თქვენ გარშემო ყოველთვის უამრავი ადამიანია. საინტერესო ნაცნობობას, თუ მოინდომებთ, ხანგრძლივი ურთიერთობა მოჰყვება. მთავარია, დაუფიქრებელი სიტყვით საქმე არ გააფუჭოთ.

ქალწული

შეიძლება, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. ვითარება თქვენ გარშემო იდეალურისგან შორსაა – გარშემო მყოფები, მათ შორის, ახლობლები შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეცდებით, გაუგებრობა აღმოფხვრათ, თუმცა ეს ადვილი არ იქნება.

სასწორი

მალე თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების და ახალი შესაძლებლობების დრო დადგება, რაც დიდ ენერგიას და სწრაფ რეაქციას მოითხოვს. ეცადეთ, ეს დღე დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის გამოიყენო. შესაძლოა, საინტერესო იდეებიც გეწვიოთ და რომ არ დაგავიწყდეთ, უნდა ჩაიწეროთ.

მორიელი

დაპირებების შესრულებისა და ვალების დაბრუნების დღეა. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი დახმარებისთვის მოგმართავთ და მისი პრობლემების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს და მინიშნებებს, რომლებსაც კოსმოსი გიგზავნით.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება ცხოვრებაში დაშვებული ყველა შეცდომა და მისი შედეგი ერთად გაიხსენოთ. გამორიცხული არ არის, რომ სიტუაცია განმეორდეს, რაც დეჟავიუს განცდას გამოიწვევს. გახსოვდეთ, რომ ახალი შეცდომების თავიდან აცილება მხოლოდ ძველ გამოცდილებას შეუძლია, ამიტომ შეცდომებზე თვალი არ უნდა დახუჭოთ.

თხის რქა

თქვენი კეთილდღეობა და ფინანსური მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებულია, თუ რა ემოციები ჭარბობს დღეს თქვენში. კარგი იქნება, თუკი ემოციურ განტვირთვას მოახერხებთ და დღეს კამათის გარეშე გაატარებთ. ვიღაცას თქვენი წარმატების შურს? გაიღიმეთ და დაივიწყეთ – ეს მისი პრობლემებია.

მერწყული

შესაძლოა, ვიღაცამ სარისკო საქმიანობაში თქვენი ჩათრევა მოახერხოს. ფრთხილად იყავით, რომ მოვლენები თქვენ საწინააღმდეგოდ არ შემობრუნდეს. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია კამათი და გაუგებრობა. თუ არ გსურთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, მისი თხოვნა უნდა გაითვალისწინოთ.

თევზები

ამ დღეს მხოლოდ უნდა აკეთოთ, რაც სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ. თუ ვიღაც თქვენს ცხოვრებაში ჩარევას და თქვენით მანიპულირებას ცდილობს, გულწრფელად უნდა ესაუბროთ და მიახვედროთ, რომ მიზანს ვერასოდეს მიაღწევს.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტზე სპეკულირება, თუ რაზეა გათვლილი „ოცნების“ ეს ნაბიჯი, არაფრის მომტანია” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ სპეკულირება, თუ ზუსტად რაზეა გათვლილი ეს ნაბიჯი, არაფრის მომტანია.

ბოკერია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” ისტორიული მომენტის გამოყენების ნაცვლად, სამარცხვინო მასკარადით არის დაკავებული.

„მთავარი დასკვნა, რაც აქამდეც უნდა გამოგვეტანა და ახლაც არის, რომ რეჟიმი, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ნატო-ში წევრობისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში სრული ენერგიის და კონცენტრაციის ჩადების ნაცვლად, დაკავებულია სამარცხვინო მასკარადით, რაც ახლა შემოგვთავაზეს, არის გასაშვები. ამათი გაშვების გარეშე ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებისა და დაცულ, თავისუფალ ქვეყნად საქართველოს შედგომის შანსი არის ნულის ტოლი”, – აღნიშნავს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

“საქართველოს მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს” – დავით არახამია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს, – ამის შესახებ უკრაინის დეპუტატი, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალ ქსელში წერს, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.

როგორც არახამია წერს, „ქართული ოცნება“ ღიად ვერ ამბობს უარს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროკავშირმა უარი უთხრას სტატუსის მინიჭებაზე.

„საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე. ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს.

სავსებით ცხადია, რომ „ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს“,- წერს არახამია საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.

“ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია” – ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ EURACTIV-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისია ოქტომბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინადადებების გაკეთებას გეგმავს.

„ყოველთვის არსებობდა კითხვა: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ – ეს მისასალმებელია“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკომისარს შეკითხვა დაუსვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ისევე როგორც ევროკავშირი, 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყვნენ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ეს? – ოლივერ ვარჰეიმ უპასუხა: „ყველაფერი შესაძლებელია, რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს”, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული ვადების დაჟინებით მოთხოვნა არ უნდა მოხდეს.

„არა მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის [პოლიტიკური] ნების საკითხი და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე შესრულება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან. 2030 წელს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ – ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა ქვეყანამ და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ – უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

მისი თქმით, გაფართოების გეგმა, რომელიც მომავალ თვეში იქნება წარმოდგენილი, დააჩქარებს კანდიდატების ევროკავშირში ინტეგრაციას.

„ეს გეგმა დააჩქარებს ამ ქვეყნების არა მხოლოდ ინსტიტუციურ, არამედ რეალურ ინტეგრაციას ევროკავშირში. ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული რეფორმებიდან კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკური რეფორმებისა და ინტეგრაციის სფეროში, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, დამთავრებული ფინანსური მხარდაჭერით, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას განვითარებაში ხარვეზები სანამ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებიან”, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

“არავითარი ნატო უკრაინისთვის…” – Le Figaro-ს სტატია, რომელიც კიევში, სავარაუდოდ, დიდ აღშფოთებას გამოიწვევს

„აშკარაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ევროპისათვის მძიმე გადასატანია, ევროპა ძალიან ზარალდება, იმავდროულად კი ომით სარგებელს იღებს ამერიკის შეერთებული შტატები და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვლადიმერ პუტინიც. ამას წინათ, 16 აგვისტოს, ნიკოლა სარკოზიმ ინტერვიუში ბევრი რამ ჭკვიანური განაცხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მწვავედ იქნა გაკრიტიკებული და შეურაცხყოფილიც კი“, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის ლიუკ ფერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში  სათაურით „არავითარი ნატო, უკრაინა ევროპისა და აზიის შემაერთებელი ხიდი უნდა იყოს“. პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის პერსპექტივა და რუსეთთან დამოკიდებულება. ავტორი ბევრ საკითხში ეთანხმება საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მოსაზრებებს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„თავდაპირველად ნიკოლა სარკოზიმ, ინტერვიუში ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაგრამ იმავდროულად ექს-პრეზიდენტმა დაამატა, რომ თუ ჩვენ იმ კონფლიქტიდან გამოსვლა (მისი შეწყვეტა) გვინდა, რომელიც დაუსრულებლად გაგრძელდება და სულ უფრო მეტად სიკვდილის მთესველი იქნება, სამი მომენტი უნდა გავიაზროთ.

პირველი – უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ხიდს რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა, ანუ ადგილობრივ დონეზე არსებობს რუსოფილური საზოგადოება. რაც უფრო დასავლეთით მიდიხართ, თქვენ სულ უფრო ძლიერად გრძნობთ  პოლონეთის მოახლოებას, ხოლო უკრაინელების განწყობაში სულ უფრო მეტ პროამერიკულობას ამჩნევთ. დასკვნა: უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს არც ნატოში და არც ევროკავშირში. უკრაინა ამ ორგანიზაციების წევრი არ უნდა გახდეს. მისი ასეთი ბედი განპირობებულია ისტორიით, გეოგრაფიით და [ეთნიკური] მრავარფეროვნებით. ამას თუ უკრაინას ღიად არ ვეტყვით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს მინიმუმ თავს გამოვუტენით ყალბი დაპირებებით. და თუ კიევს ისევ დავუწყებთ იმის გამეორებას, რომ მას წინ „ევროპული ბედი“ აქვს, რისკები კიდევ უფრო მაღალი იქნება: როგორც დონბასში მიმდინარე სამოქალაქო ომმა გვაჩვენა, ცრუ მოლოდინებსა და იმედებს აყოლილ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის გაგლეჯვა-დანაწილება შეუძლიათ.

მეორე – ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება: მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის უთანხმოების გადაწყვეტა სამხედრო გზით შეუძლებელია. დღეს უკვე ნათელია, რომ ათეული მილიარდი დოლარის მიუხედავად, რომელიც აშშ-მა უკრაინის იარაღით არჭურვაში დახარჯა, კონტრშეტევა შეფერხებულია და, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ კატასტროფის თავიდან აცილება გვინდა, მაინც მოლაპარაკება გახდება საჭირო. დიახ, სამწუხაროდ, კატასტროფა ჯერ კიდევ რეალურია, რადგან: ა) რუსეთი მსოფლიოში მეორე ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ბ) ვლადიმერ პუტინი უკან არასოდეს დაიხევს. უფრო მეტიც: ვლადიმერ პუტინის უკანდახევის შემთხვევაში უკრაინისათვის სიტუაცია უფრო უარესი იქნებოდა.

მესამე – მოდით, უფრო შორს წავიდეთ და ვივარაუდოთ, რომ უკრაინა რუსეთთან ომს იგებს. ასევე ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ კიეველმა ლიდერებმა მოახერხეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათ შორის ყირიმის დაბრუნებაც. მაგრამ ომი, რომელიც დონბასში 2014 წლიდან მიმდინარეობს (მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო), მაინც არ შეწყდება. რატომ? დავიმოწმებ ედგარ მორენს, ინტელექტუალს, რომელზეც ვერ იტყვი, რომ ის მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინისა თუ ჩვენებური მემარჯვენეების პოზიციას და კიდევ სხვებისაც, რომლითაც ხშირად გვაშინებენ. ჰოდა, როგორც ვთქვი, 2014 წელს დაწყებული ომი არ შეწყდება კიეველი ჩინოვნიკების დონეცკში და სინფეროპოლში დაბრუნებით. იმიტომ, რომ ყირიმი 85%-ით რუსული მოსახლეობით არის დასახლებული, ისინი კი არ მოისურვებენ უბრძოლველად დაბრუნდნენ რუსობის მდევნელი ქვეყნის შემადგენლობაში. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ  იარაღით ხელში ეცადოს ყირიმის უკრაინის საზღვრებში დაბრუნებას, დასავლეთისათვის  (უპირველესად კი ევროკავშირისათვის) უკეთესი იქნება ყირიმის მოსახლეობაში თავისუფალი კენჭისყრა ჩაატაროს: სად სურთ მათ ცხოვრება  – ევროკავშირში თუ რუსეთში?  შემდეგ კი უკვე შეიძლება არჩევნებიც ჩატარდეს – როგორც ნიკოლა სარკოზი ამბობს, ევროკავშირის მკაცრი კონტროლით.

ცხადია, ეს ომი ევროკავშირს, როგორც იტყვიან, წვენს ადენს, მაგრამ იმავდროულად სარგებლობს ამერიკა. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ომით მოგებას იღებს ვლადიმერ პუტინიც. ამერიკასთან მიმართებით ყველაფერი გასაგებია: ვაშინგტონი მომგებიან სიტუაციაშია – პოლონეთს ატომური ელექტროსადგურების პროექტებს მიჰყიდის, გერმანიას F-35-ებს შეაძენინებს, ევროპის სხვა ქვეყნებს კი აიოვაში, ილინოისში, კანზასში, ნებრასკაში და ოკლაჰომაში მოყვანილი მარცვლეულს მიაწვდის, რუსული გაზისაგან გათავისუფლებულ მთელ მსოფლიოს კი – თავის ფიქლების გაზს… გარდა ამისა, ომმა ჯო ბაიდენს შესაძლებლობა მისცა შარსანდელ შუალედურ არჩევნებში სტატუს-ქვო შეენარჩუნებინა და მკვეთრი უპირატესობა რესპუბლიკელებს არ მოეპოვებინათ. ასევე ააღორძინა ნატო (რომელსაც ემანუელ მაკრონმა ომამდე რამდენიმე თვის წინათ „ტვინის სიკვდილი“ დაუფიქსირა). ასე რომ, ჯო ბაიდენი ამ შემთხვევაში მართლაც ბენიფაციარია: ხუმრობა ხომ არ არის, რომ 81 წლის ასაკში საკუთარი პერსონა თავისუფალი სამყაროს უდავო ლიდერად წარმოაჩინო?

მაგრამ რას იგებს ვლადიმერ პუტინი? აი, რას: რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც რუსები მეტ-ნაკლებად მხარს უჭერენ, კონფლიქტისგან სარგებელი მიიღო: მან შეძლო საკუთარი ქვეყნის ორბიტაზე მიეზიდა ყველა, ვისაც კი ჩვენმა დასავლურმა დემოკრატიამ აწყენინა. რუსეთის ირგვლივ გროვდება დიდი წონის მქონე ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ასევე ირანი და იდიოზური ჩრდილოეთ კორეა, პლუს ოცამდე აფრიკული ქვეყანა. ბევრი მათგანს დღემდე აქვს შემორჩენილი სიძულვილი ევროპელი კოლონიური მფლობელებისადმი და რუსეთთან ეძებენ ხსნას, მაგალითად. ნიგერი, მალი, ბურკინა ფასო…

წყარო

“ყველა პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია თუ ექსპერტი, ვინც კონსტიტუციის დარღვევას გააპრავებს პოლიტ-კონიუქტურით, არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი”

უმარტივესადაა საკითხი: მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი აგებინოს, ყველა ერთხმად წამოიშალა, გარე დამკვეთი თუ ადგილობრივი გავლენის აგენტი,” – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე წერს.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე რეაქციით, რადიკალები ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულების ლუსტრაციას ახდენენ.

კრაზანების ბუდე ჩამოიშალა! უმარტივესადაა საკითხი: მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს პასუხი აგებინოს,

ყველა ერთხმად წამოიშალა, გარე დამკვეთი თუ ადგილობრივი გავლენის აგენტი. რად უნდათ ამათ რეესტრი?

საკუთარი განცხადებებით ახდენენ საკუთარი ანტისახელმწიფოებრივი დანიშნულების ლუსტრაციას! ყველა პოლიტიკური პარტია, ორგანიზაცია თუ ექსპერტი, ჟურნალისტი და მედია-აქტორი, ვინც კონსტიტუციის დარღვევას გააპრავებს პოლიტ-კონიუქტურით, არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა კუბილიუსებისა და გლობალური ომის პარტიის ნარატივი ადარდებს. ასე რომ, 2024 წელს არჩევანი მარტივდება: ან გავლენის ბენეფიციარები და მათი ლობისტები, ან კიდევ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები და საქართველოს კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის დამცველი პოლიტიკოსები, რომელთა მთავარი საზრუნავი ეროვნული ინტერესებია და არა გლობალური პოლიტკონიუქტურა!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

“წარმომიდგენია, როგორ სურთ ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას “რუსული იმპიჩმენტი” დაარქვან”

წარმომიდგენია, როგორ სურთ ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას “რუსული იმპიჩმენტი” დაარქვან, მაგრამ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი ამის პრეცედენტს არ იძლევა,” – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს სუვერენიტეტის, კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის მოსინჯვა ხდება, ხელისუფლება ამ პროვოკაციებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოზიციიდან პასუხობს, რაც აგენტოკრატიული წრეებისთვის გამაღიზიანებელია.

„წარმომიდგენია, როგორ სურთ ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას “რუსული იმპიჩმენტი” დაარქვან, მაგრამ რუსეთის ავტორიტარული რეჟიმი ამის პრეცედენტს არ იძლევა. თუმცა რად გინდა, როდესაც ხაზარაძეს აქვს “კრეატიული” ბრენდი: “რუსული ოცნება და მედვედევი” ზურაბიშვილს იმპიჩმენტს უცხადებენ. რად გინდა კონსტიტუცია, როდესაც ქვეყანაში “სამართლიანობის და გამჭვირვალობის” ეტალონად გიგაური და ლომჯარია გყავს.

რად გინდა ზოგადად სუვერენიტეტი, რომელზეც ყოველ ჯერზე ვიღაც მარკეტა გრეგოროვა ან კუბილიუსი თავის პოლიტიკურად აყროლებულ კიდურებს იწმენდენ. რად გინდა დამოუკიდებლობის დაცვა იქ, სადაც “სახელმწიფოებრიობა” სააკაშვილმა მოგვიტანა თურმე, ხოლო “ხალხად” და “საზოგადოებად” ამერიკის ყოფილი ელჩი აქ მხოლოდ IRI-ს და NDI-ს “რესპონდენტებს” თვლის.

ყოველ ჯერზე მიდის ამ ქვეყნის სუვერენიტეტის, კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის მოსინჯვა ქმედუნარიანობაზე და ყოველ ჯერზე ეს ხელისუფლება ამ განზრახ შემოგდებულ პროვოცირებას პასუხობს დამოუკუდებელი სახელმწიფოს პოზიციებიდან. აგენტოკრატიულ წრეებში, გინდ ქვეყნის შიგნით, გინდ მის გარეთ, ლაქიებისა და მარიონეტების სამყაროში ეს დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს.

ამოცანა კი კვლავინდებურად მარტივია – ჩვენ ან სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის მატარებელი შვილები ვართ, რომლებმაც არაერთ იმპერიას გადავურჩით, ან 247-წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის კოლონია და გუბერნია, სადაც საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება განუხორციელებელ ამოცანად იქცა. დღეს კი მათ მორიგ “გავლენის აგენტს” მივუჩინეთ თავისი ადგილი და მათ უსაზღვროდ “შეშფოთებულ აღშფოთებასაც” რამენაირად გადავიტანთ.” – წერს დავით ქართველიშვილი.

ზელენსკი ყირიმის პრობლემის მოგვარების ორ გზას ასახელებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დაასახელა პირობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ყირიმის საბოლოო დეოკუპაციაზე.

ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ორი გზა აქვს: სამხედრო და დიპლომატიური.

„თუმცა, საბოლოო ჯამში, ამა თუ იმ მეთოდის არჩევაზე გავლენას მოახდენს მტრის ქცევა“, – განაცხადა ზელენსკიმ ამბროსეტის ევროპული სახლის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე.

„ეს შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური, ან სამხედრო გზით. თუ რუსული ჯარები დატოვებენ ნახევარკუნძულს შემდგომი ზეწოლის გარეშე, ეს გადაარჩენს სიცოცხლეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონბასის და ყირიმის ტერიტორიების დაბრუნების გარეშე არ იქნება მდგრადი მშვიდობა არც უკრაინაში და არც ევროპულ სივრცეში.

„კიევი და მისი საერთაშორისო პარტნიორები არ ცნობენ რუსეთის ფედერაციის „უფლებებს“ ამ ტერიტორიებზე, ამიტომ ქაოსი მუდმივად იქნება. სიტუაცია არ არის მდგრადი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6252 ლარი ეღირება, ევრო – 2.8478 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3282 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6293 ლარი ღირდა, ევრო – 2.8596 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3358 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 სექტემბერს ამოქმედდება.