“იმპიჩმენტთან დაკავშირებით არც ერთ პარტიასთან კონსულტაციები არ გვექნება”

77
spot_img

იმპიჩმენტთან დაკავშირებით არც ერთ პარტიასთან კონსულტაციები არ გვქონია და ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, რომ ვინმესთან კონსულტაციები გავმართოთ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ოპოზიციის რომელიმე ნაწილთან კონსულტაციებს, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა ჰქონდეს.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გარდა, გუნდს, რომელიც „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით ხელმძღვანელობს, სხვა სივრცე არ დარჩა“.

„ეს იყო ერთადერთი გზა, რომელიც ჰქონდა მმართველ პარტიას დარჩენილი, როცა სახეზეა საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, სხვა სივრცე არ რჩება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით მოხელმძღვანელე გუნდს, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქვეყნის უზენაეს კანონს.

რაც შეეხება კითხვას კონსტიტუციის 78-ე მუხლით ხომ არ იხელმძღვანელა პრეზიდენტმა და ეს ხომ არ აძლევს მის ქმედებას გამართლების საფუძველს, ოპონენტები მთავარს ტოვებენ, როცა ამბობენ, რომ ყველა უწყებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ევროინტეგრაციას ხელი შეუწყოს, თუმცა, მთავარია გამოტოვებული მიზანმიმართულად, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში – სამი სიტყვაა გამოტოვებული, ვინც ამას გეუბნებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სწორედ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეიძლება შეიტანოს წვლილი და შესაბამისმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქაოსს მივიღებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ყველა უწყება ერთმანეთის კომპეტენციაში ისე ერეოდეს, რომ არავინ არავის აზრს არ ეკითხებოდეს, სამართლებრივ პრინციპებს და წესებს არ იცავდეს. ასე როგორ შეიძლება ხელი შეეწყოს ევროინტეგრაციას?”- განაცხადა ოხანაშვილმა.

დეპუტატი, ასევე, გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას კრიტიკულ განცხადებებს და ევროპელ კოლეგებს ურჩევს, „ჯერ გაერკვნენ, რას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია“.

„ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის უზენაეს კანონს ისევე, როგორც ჩვენ ვცემთ ევროპელი კოლეგების და მათი ქვეყნების უზენაეს კანონს. დამისახელეთ რომელიმე ევროპული, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პრეზიდენტის მხრიდან ხდება კონსტიტუციის უხეშად დარღვევა, დაასახელონ ამ ადამიანებმა, ვინც ასე უხეშად საუბრობს და ცდილობს ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის შიდა საკითხში, დაასახელონ როგორ იქცევიან და იქ როგორ ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ასევე თუკი ასეთი რამ მოხდება, დაცული უნდა იყოს თუ არა მათი კონსტიტუცია.

ქალბატონი გრიგოროვა არ არის მხოლოდ ჩვენი პარტნიორი, ის აკეთებს განცხადებებს, რომელიც არ შეეფერება პარტნიორობას და ქვეყნის მიმართ გულშემატკივრობას, მითუმეტეს, არც ჩვენი ხალხისადმი გულშემატკივრობას. ჩვენ გვყავს ბევრი ნამდვილი გულშემატკივარი, პარტნიორი, რომელიც მხარს უჭერენ ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის მთალიანად ევროინტეგრაციას, მაგრამ არა ისეთი განცხადებებით, რომელსაც გრეგოროვა აკეთებს,“- განაცხადა ოხანაშვილმა.