„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ სპეკულირება, თუ ზუსტად რაზეა გათვლილი ეს ნაბიჯი, არაფრის მომტანია.
ბოკერია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” ისტორიული მომენტის გამოყენების ნაცვლად, სამარცხვინო მასკარადით არის დაკავებული.
„მთავარი დასკვნა, რაც აქამდეც უნდა გამოგვეტანა და ახლაც არის, რომ რეჟიმი, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს ნატო-ში წევრობისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში სრული ენერგიის და კონცენტრაციის ჩადების ნაცვლად, დაკავებულია სამარცხვინო მასკარადით, რაც ახლა შემოგვთავაზეს, არის გასაშვები. ამათი გაშვების გარეშე ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებისა და დაცულ, თავისუფალ ქვეყნად საქართველოს შედგომის შანსი არის ნულის ტოლი”, – აღნიშნავს გიგა ბოკერია.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.