Home Blog Page 1674

„სლოვაკეთი, საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, შეიძლება რუსეთის კიდევ ერთი ევროპელი მოკავშირე გახდეს” – უცხოური პრესა

„სლოვაკეთი, საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, შეიძლება რუსეთის კიდევ ერთი ევროპელი მოკავშირე გახდეს, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სლოვაკეთი – რუსეთის სავარაუდო მოკავშირე ევროპაში: არჩევნებში, შესაძლოა, ვიქტორ ორბანის მომხრე რობერტ ფიცომ გაიმარჯვოს“ (ავტორი – ჯონ კამფნერი). გამოკითხვების მიხედვით, 30 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ რეიტინგით ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერ ფიცო, რომელიც აქებს მოსკოვის პოლიტიკას და უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს ბაძავს.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სლოვაკეთს ევროკავშირი სერიოზულად არ უყურებს, მაგრამ ამ ქვეყანას სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამას ბრიუსელი უყურებს. სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს არამხოლოდ სლოვაკეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის SMER-ის („კურსი – სოციალ-დემოკრატია“) გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მმართველობაში რობერტ ფიცო დაბრუნდება – სწორედ ის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც უნგრელი „ალტერნატიული მემარჯვენეების“ ლიდერი ვიქტორ ორბანი სამაგალითო და მისაბაძ პოლიტიკოსს წარმოადგენს. მოკლედ, სულ მალე ევროკავშირისა და ნატოს შიგნით შეიძლება „სიმშვიდის კიდევ ერთი დამრღვევი“ გაჩნდეს.

როგორც კი რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, სლოვაკეთმა მხარი კიევს დაუჭირა და პრაქტიკულად ყველანირად ეხმარებოდა. სწორედ ბრატისლავამ მისცა კიევს უანგაროდ საბჭოური ავიაგამანდგურებლები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის მაისამდე პარტია „დემოკრატების“ წარმომადგენელი – ედუარდ ჰეგერი იყო, ამჟამად კი მთავრობას ლიუდვიგ ოდორი ხელმძღვანელობს. თუ რობერტ ფიცო გახდება პრემიერ-მინისტრი, სლოვაკეთის კურსი 180 გრადუსით შებრუნდება, რუსეთის სასარგებლოდ.

ქვეყანა, რომელშიც სულ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დღეისათვის დასავლეთისა და რუსეთის  პოლიტიკური პროპაგანდის ერთგვარ პოლიგონს წარმოადგენს, რომელშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც არიან ჩაბმულნი, რაც ტავის მხრივ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს. მაგალითად, გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ სლოვაკეთის მოსახლეობის მხოლოდ 40% თვლის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი მთავარ პასუხისმგებელს წარმოადგენს.

როცა 1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია ჩეხეთად და სლოვაკეთად გაიყო, ბრატისლავას კურსი დასავლეთში ეჭვს ბადებდა. სლოვაკეთი ნატოში და ევროკავშირში, სხვებთან შედარებით, საკმაოდ გვიან მიიღეს. ყველას ეგონა, რომ ქვეყანა უკვე დამშვიდდა და სრულად იქნა ინტეგრირებული დასავლეთთან. მაგრამ გამოჩდა რობერტ ფიცო, რომელმაც პოპულისტური ლოზუნგების ქადაგება დაიწყო. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორჯერ გახდა – 2006-2010 და 2012-2018 წლებში. იმ პერიოდებში რობერტ ფიცო დასავლეთს კი აკრიტიკებდა, მაგრამ არ არღვევდა საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილ ბალანსს.

მაგრამ რაც სემდეგ მოხდა, მთელი სლოვაკეთი შეარყია: ახალგაზრდა ჯურნალისტმა იან კუციაკმა კორუფციის ფაქტების გამოკვლევა დაიწყო, რომელთანაც რობერტ ფიცოს მთავრობას ჰქონდა გარკვეული კავშირი. 2018 წლის თებერვალში კი დაქირავებულმა პირებმა ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე, არქეოლოგი მარტინა კუშნიროვა დახოცეს. მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების ფონზე რობერტ ფიცოს მთავრობა იძულებული გახდა რომ გადამდგარიყო.

2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის მეთაური იურისტი ზუზანა ჩაპუტოვა გახდა. ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც, ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მაგრამ… როგორც კი  ხელისუფლება მუშაობას შეუდგა, პანდემია დაიწყო, რასაც თანამდევი პრობლემები მოჰყვა. სლოვაკეთში ოთხ წელიწადში ოთხი პრემიერი შეიცვალა. დღეს ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის.

ასეთი სიტუაცია რობერტ ფიცოსათვის სიგნალი გამოდგა, რომ იგი დიდ პოლიტიკაში საოცრად სწრაფად დაბრუნებულიყო. იგი ბაზავს ვიქტორ ორბანს, სულ უფრო მარჯვენა მხარეს იხრება, გმობს „უკრაინელ ფაშისტებს“ და აკრიტიკებს ხელისუფლებას კიევისათვის იარაღის მიწოდების გამო. ახლახანს რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა „აშშ-ის აგენტია“. ფიცო მხარს უჭერს დონალდ ტრამპს და სოციალურ ქსელში აქტიურობს – ანტიდასავლური პოზიციის გამოხატვის სახით. ამ ყველაფერმა პრეზიდენტის ფიალა აავსო და მან განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია „ყელში ამოუვიდა“ და უარს ამბობს მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე.

გამოკითხვების შედეგების თანახმად, რობერ ფიცოს პარტია სლოვაკეთში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. მე შევხვდი პარტია „სმერ“-ის ლიდერს ლიუბოშ ბლახას, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტს კულტურების გავლენის ამსახველ ომად განიხილავს. „ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომს აშშ-ის ომადაც განვიხილავთ, რომელსაც ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიწაზე აწარმოებს. დემოკრატია ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. საქმე ეხება იმას, რომ რუსეთი თავის კულტურულ და ეროვნულ იდენტურობას იცავს [თავის ისტორიულ ტერიტორიაზე], იმ ლიბერალური სიგიჟისაგან, რომლითაც დასავლეთია შეპყრობილი“, – ამბობს პარტიის ლიდერი.

რა თქმა უნდა, სლოვაკეთში მიმდინარე საარცევნო კამპანიამ შედეგად საბოლოო მომენტში შეიძლება სიურპრიზიც მოიტანოს და ყველაზე პოპულარული პარტია ქვეყნის მმართველი არ გახდეს, თუმცა უდაო ის ფაქტი, რომ რობერტ ფიცო „ფერფლისგან აღსდგა“, მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე გახდა და ის პოლიტიკა, რომელსაც მისი პარტია ატარებს, ისევ მოდაშია. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ევროპის შუაგულში ლიბერალური დემოკრატიის მიმართ რწმენა საკმაოდ შერყეულია.

წყარო

29 აგვისტოს დედაქალაქში მოსულმა ნალექმა 300-მდე მისამართზე ინფრასტრუქტურა დააზიანა

29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა 300-მდე ობიექტი და ინფრასტრუქტურა დააზიანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„29 აგვისტოს მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თბილისის ინფრასტრუქტურას. მთელი ღამის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან შემოდიოდა ინფორმაცია ცხელ ხაზზე. საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ გამგეობებისა და საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები.

სტიქიის შედეგად დაზიანდა სახურავები, სადარბაზოები, შლამით გადაივსო სანიაღვრე და წყალარინების ქსელები, ასევე, დაზიანდა გრუნტის დამჭერი კედლები, განსაკუთრებით ნაძალადევის რაიონში. რამდენიმე კერძო სახლიდან, მათი ავარიულობის გამო, გავიყვანეთ ადგილობრივი მცხოვრებლები.

29 აგვისტოს 21 საათიდან 30 აგვისტოს დღის ბოლომდე, უამინდობასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს მერიის ცხელი ხაზიდან გადაეცათ 600-ზე მეტი შეტყობინება. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაზიანებული საცხოვრებელი ობიექტები და მასთან დაკავშირებული დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღრიცხეს, რომელიც, დაახლოებით, 300-მდეა.

რაიონების მიხედვით, დაზიანებული ობიექტები განაწილდა შემდეგნაირად:

1. გლდანი – 136
2. ნაძალადევი – 114
3. საბურთალო – 92
4. ვაკე – 78
5. სამგორი – 65
6. დიდუბე – 49
7. ისანი – 30
8. მთაწმინდა – 24
9. კრწანისი – 19
10. ჩუღურეთი – 19

დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილია შესაბამისი თანხები. უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში განხორციელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის აღმოფხვრა“,- აღნიშნა კალაძემ.

„ომის გამო, უცხოეთში გაქცეული უკრაინელების ნახევარი სამშობლოში, ალბათ, აღარასდროს დაბრუნდება“ – უცხოური პრესა

ამერიკული გამოცემა „ბლომბერგი“ (Bloomberg) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისაგან უცხოეთში გაქცეული უკრაინელების ნახევარი სამშობლოში, ალბათ, არასოდეს არ დაბრუნდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კიევში არსებული ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 3,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ანუ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 8% – შეიძლება სამშობლოში არ დაბრუნდეს.

საინტერესოა, რომ მსგავსი კვლევა გასული წლის დეკემბერშიც გამოქვეყნდა და თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, განსხვავება თვალშისაცემია – არდამბრუნებელთა რაოდენობა უკვე 600 ათასითაა გაზრდილი. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უცხოეთში დამრჩენთა მომატება განპირობებულია ომის გაგრძელებით, რომელიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებული დარტყმებით და უკრაინელთა ადაპტაციით საზღვარგარეთული ცხოვრების პირობებისადმი.

რაც უფრო დიდხანს გასტანს ომი, მით უფრო მეტი უკრაინელი დარჩება სამუდამოდ საზღვარგარეთ. ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის შეფასებით, მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 6,7 მილიონი იქნება. ამასთან, რადგან უკრაინელ ლტოლვილთა დიდი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან, შესაბამისად, სულ უფრო მეტი უკრაინელი ქალი იქნება დაინტერესებული თავიანთი შვილებისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფით.

„ადამიანებს, რომლებმაც საომარი მოქმედებების ზონა დატოვეს, მათ, პრინციპში, უკან დასაბრუნებელი მიზეზი არ აქვთ, მათი სახლები და ქონება განადგურებულია“, – ნათქვამია გამოკვლევაში, – ამიტომაც მათი დაბრუნება დამოკიდებული იქნება, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება მშობლიური მხარე, ქალაქი თუ სოფელი და მიიღებენ თუ არა ისინი მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნის სხვა რეგიონში დასახლების საკითხში“.

უკრაინელი ტოლვილების სამშობლოში დაუბრუნებლობის პერქპექტივა უკრაინას დიდ პრობლემებს შეუქმნის ომისშემდგომი აღდგენის გეგმებთან დაკავშირებით. როგორც გამოკვლევაშია აღნიშნული, უკრაინის მოსახლეობის პოტენციური ყოფნა საზღვარგარეთ ქვეყნის ეკონომიკას შემდგომი დარღვევით ემუქრება (უკრაინის ეკონომიკა ისედაც ძლიერაა დაზარალებული ომისაგან). მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირება წელიწადში 6,9%-ით არის მოსალოდნელი.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, იმისთვის, რომ 2032 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკი ზრდა გაორმაგდეს, უკრაინას 4,5 მილიონი მცხოვრები აკლდება, მუშებისა და მეწარმეების სახით. შედარებისათვის: რუსეთთან ომამდე უკრაინის მოსახლეობა 43 მილიონ მცხოვრებს შეადგენდა.

ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის დასკვნით, საზღვარგარეთ უკრაინელთა რაოდენობის მატება დემოგრაფიისათვის საშიშ ზღვარს უახლოვდება. 6,7 მილიონი უკრაინელიდან ნახევარზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობს, განსაკუთრებით პოლონეთში და გერმანიაში. სამწუხაროდ, გამოკვლევის მიხედვით, თავდაპირველად ისინი სოციალური შეღავათებით სარგებლობდნენ, ამჟამად კი ლტოლვილთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა შემოსავლები დაკარგა.

ანალიტიკური ცენტრი მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, რომ ითანამშრომლოს ევროკავშირის ქვეყნებთან, გაუადვილოს ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნება, გაუწიოს რეპატრიანტებს დახმარება ქონების აღდგენისა და სახლების მშენებლობის საქმეში, დაეხმაროს ბავშვებს რეინტეგრაციაში. ცენტრმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინელებს მატერიალურად დაეხმაროს.

წყარო

6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი.

მათი განმარტებით, აქედან, 11 ათას ტონამდე რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„ექსპორტის ზრდის ფონზე და ყურძნის შესყიდვაზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რაც ასევე ყურძნის შესასყიდ ფასზეც აისახა: ძირითადი ინდუსტრიული ჯიშების რქაწითელის საშუალო ფასი 2023 წლის რთველის ამ პერიოდში შეადგენს 1,08 ლარს (2022 წელს იყო 0,92 ლარი), ხოლო საფერავის 1,56 ლარს (2022 წელს- 1,50 ლარი). ხარისხიან რქაწითელში კერძო საწარმოების მიერ დაფიქსირდა 1 კგ – 1,35 ლარი, ხოლო საფერავში – 1,80 ლარის გადახდაც.

ამასთან ერთად, შეუფერხებლად მიმდინარეობს 2 სექტემბერს მოსული სეტყვითა და ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს “მოსავლის მართვის კომპანიის” მიერ გადამუშავებულია 2080 ტონა დაზიანებული ყურძენი. მევენახეები შპს “მოსავლის მართვის კომპანიას” დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 6 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი (2 ლოკაცია)“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა, ელჭექთან ერთად.

დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალიდან, საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი.

დიდი ბრიტანეთი „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, Sky News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, შესაბამისი ბრძანებულების პროექტს, რომელიც დაჯგუფების აკრძალვას გულისხმობს, ქვეყნის პარლამენტი დღეს განიხილავს.

„ბრძანებულების თანახმად, რუსულ დაჯგუფებაში წევრობა ან მისი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიაზე 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ასევე „ვაგნერის“ აქტივები, შესაძლოა, ტერორისტული ქონების კატეგორიას განეკუთვნოს, მათი შემდგომი კონფისკაციით“, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„ვაგნერი” – ძალადობრივი და დესტრუქციული ორგანიზაციაა, რომელიც საზღვარგარეთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო იარაღად გამოიყენება. სანამ პუტინის რეჟიმი ფიქრობს იმაზე, თუ რა მოუხერხოს მონსტრს, რომელიც შემქმნელი თვითონაა, ამ კომპანიის მუდმივი მადესტაბილიზებელი საქმიანობა კვლავ ინერციით კრემლის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ისინი ტერორისტები არიან, ეს მარტივია და გასაგებია”, – განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა, სუელა ბრავერმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფებამ, მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვამდე, შესამჩნევი როლი ითამაშა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. ის ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სირიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანში და ლიბიაში არსებულ კონფლიქტებში.

ოდესაზე დრონებით თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალები, წუხელ, ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს დრონებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, სოფლის მეურნეობის საწარმოს მძიმედ დაშავებული თანამშრომელი საავადმყოფოში გარდაიცვალა”, – აღნიშნა კიპერმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად პორტთან ახლოს მდებარე ობიექტები დაზიანდა.

“დაზიანდა ახლოს მდებარე ობიექტები და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის ობიექტები: ლიფტები, ადმინისტრაციული შენობები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.

“მიუხედავად გამოწვევებისა, მყარად ვდგავართ პოზიციაზე და წელგამართულები ვართ” – გია ვოლსკი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტისას საუბარი არამხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, არამედ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზეც იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ლაპარაკი არ იქნება მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. რასაკვირველია, წამყვანი თემაა, მაგრამ საერთოდ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების განვითარებასა და პერსპექტივაზე იქნება საუბარი. ასოცირების ხელშეკრულება გვავალებს ძალიან ბევრი რამის გაკეთებას. ჩვენ საკმაოდ დიდი პოზიტივი გვაქვს ამ მიმართულებით და თუკი რეიტინგებს შევადარებთ, თუკი კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ ანალიზს შევადარებთ, დავინახავთ, რომ საქართველო საკმაოდ მყარ პოზიციაზე დგას არამარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ფორმატშიც და ამ თემებზე იქნება საუბარი. იმედია, რომ რადიკალური ოპოზიცია ახლა მაინც დაინახავს იმ რეალობას თუ რა სჭირდება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის – სტაბილურობა და არა რევოლუციური სცენარი, რომელსაც ისინი ავითარებენ,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლოდინებს, მმართველი პარტიის დეპუტატის განცხადებით, მას ამ მიმართულებით პოზიტიური მოლოდინი აქვს

„მოლოდინი რასაკვირველია პოზიტიურია. ძალიან ბევრია გაკეთებული და მიღწეული. მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენ საკმაოდ მყარად ვდგავართ პოზიციაზე და წელგამართულები ვართ, როცა ვსაუბრობთ ევროკავშირისა და საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე”,- აღნიშნა ვოლსკიმ.

რუსები კიევს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით დაესხნენ თავს – მედია

რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მტრის თავდასხმა, უმეტესად დედაქალაქ კიევისკენ იყო მიმართული.

„წინასწარი მონაცემებით, რუსებმა სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან Tu-95MS-დან, X-101 / 555 / 55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები ისროლეს. ამავდროულად, იყო სხვა ტიპის, სავარუდოდ ბალისტიკური, რაკეტებიც”, – განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

მისი ინფორმაციით, რუსების კუთვნილი ყვველა სამიზნე, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასახმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ენტონი ბლინკენი 6 სექტემბერს კიევში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი  6 სექტემბერს კიევში ჩავა.

ინფორმაციას უკრაინული მედია დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი კიევში ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო ჩასული. მანამდე ბლინკენი უკრაინაში 2022 წლის აპრილში პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან ერთად იმყოფებოდა.

“პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია სააკაშვილი- ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა თემაზე”-ხაბეიშვილი

შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, გზები არ უნდა აგერიოთ, თუ ვინმე აპირებს პარტიიდან გასვლას და სხვა პარტიის გაკეთებას, მოუწევს კონკრეტული ბედის გაზიარება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიემართება მათ, ვინც სხვადასხვა ეთერს და დროს იყენებენ იმისთვის, რომ ლანძღონ „ნაციონალური მოძრაობა“.

„პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია სააკაშვილი. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა თემაზე, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეს, მათ ინტერესებს. ცხადია, უყურებს პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის განცხადებებს, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც რამდენიმე კვირის ან თვის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საუბრობდნენ და დღეს მათი პირადი პოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს. გარკვეული ადამიანების ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა, ჩვენდა სამწუხაროდ. ამიტომ, მე მგონი, ამას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სხვადასხვა ეთერს და დროს იყენებენ იმისთვის, რომ ლანძღონ „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა ჯერზე ხედავს პრეზიდენტი სააკაშვილი, კონკრეტული ადამიანები ლანძღავენ მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“. მანდ შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ, ჩვენთვის დასამარცხებელი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, „რუსული ოცნება“ და, შესაბამისად, გზები არ უნდა აგერიოთ, ვინმე თუ აპირებს პარტიიდან გასვლას და სხვა პარტიის გაკეთებას, მოგიწევთ კონკრეტული ბედის გაზიარება. არ მინდა, მე სახელის და გვარების დასახელება, არ არის ჩემს ინტერესში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, პარტიის შიგნით ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა.

„არსებობს სამდივნო, პოლიტიკური საბჭო, უამრავი ახალი ადამიანია. ძალიან ცუდია, რომ კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილთან და „რუსულ ოცნებასთან“ ბრძოლის ნაცვლად სხვა გეზს იღებენ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხება ამას. პოლიტიკა არის საჯარო, თუ ვინმეს უნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი კარი არის ღია“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა. როგორც სააკაშვილი წერს, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება. ყოფილი პრეზიდენტის პოსტს გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელმაც განაცხადა: „შავრაზმელობა, პოპულიზმი, ფარისევლობა, ბელადომანია როცა ავტომატურად მისაღები ხდება დიდი ოპოზიციური ძალისთვის, ეს არის კატასტროფა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რაც უნდა შეიცვალოს. ამ თვალსაზრისით ჩვენი გზები გაყოფილია და ვერასდროს შეერთდება“.

,,მთავრობას და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გაერთიანდნენ ”- სახელმწიფო დეპარტამენტი

ჩვენ ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მოუწოდებს მთავრობას და ყველა მხარეს, იმუშაონ საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად.

“ქართველი ხალხი ძალიან მკაფიო იყო. ჩვენც რაც ნათლად ვნახეთ არის ის, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა მისცა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა მონაწილე მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა,” – განაცხადა პატელმა.