„ომის გამო, უცხოეთში გაქცეული უკრაინელების ნახევარი სამშობლოში, ალბათ, აღარასდროს დაბრუნდება“ – უცხოური პრესა

149
spot_img

ამერიკული გამოცემა „ბლომბერგი“ (Bloomberg) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისაგან უცხოეთში გაქცეული უკრაინელების ნახევარი სამშობლოში, ალბათ, არასოდეს არ დაბრუნდება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კიევში არსებული ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 3,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ანუ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 8% – შეიძლება სამშობლოში არ დაბრუნდეს.

საინტერესოა, რომ მსგავსი კვლევა გასული წლის დეკემბერშიც გამოქვეყნდა და თუ მათ ერთმანეთს შევადარებთ, განსხვავება თვალშისაცემია – არდამბრუნებელთა რაოდენობა უკვე 600 ათასითაა გაზრდილი. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, უცხოეთში დამრჩენთა მომატება განპირობებულია ომის გაგრძელებით, რომელიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია მიმდინარეობს, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოსისტემაზე განხორციელებული დარტყმებით და უკრაინელთა ადაპტაციით საზღვარგარეთული ცხოვრების პირობებისადმი.

რაც უფრო დიდხანს გასტანს ომი, მით უფრო მეტი უკრაინელი დარჩება სამუდამოდ საზღვარგარეთ. ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის შეფასებით, მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 6,7 მილიონი იქნება. ამასთან, რადგან უკრაინელ ლტოლვილთა დიდი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან, შესაბამისად, სულ უფრო მეტი უკრაინელი ქალი იქნება დაინტერესებული თავიანთი შვილებისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფით.

„ადამიანებს, რომლებმაც საომარი მოქმედებების ზონა დატოვეს, მათ, პრინციპში, უკან დასაბრუნებელი მიზეზი არ აქვთ, მათი სახლები და ქონება განადგურებულია“, – ნათქვამია გამოკვლევაში, – ამიტომაც მათი დაბრუნება დამოკიდებული იქნება, იმაზე, თუ რამდენად სწრაფად აღდგება მშობლიური მხარე, ქალაქი თუ სოფელი და მიიღებენ თუ არა ისინი მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნის სხვა რეგიონში დასახლების საკითხში“.

უკრაინელი ტოლვილების სამშობლოში დაუბრუნებლობის პერქპექტივა უკრაინას დიდ პრობლემებს შეუქმნის ომისშემდგომი აღდგენის გეგმებთან დაკავშირებით. როგორც გამოკვლევაშია აღნიშნული, უკრაინის მოსახლეობის პოტენციური ყოფნა საზღვარგარეთ ქვეყნის ეკონომიკას შემდგომი დარღვევით ემუქრება (უკრაინის ეკონომიკა ისედაც ძლიერაა დაზარალებული ომისაგან). მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირება წელიწადში 6,9%-ით არის მოსალოდნელი.

უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, იმისთვის, რომ 2032 წლისათვის ქვეყნის ეკონომიკი ზრდა გაორმაგდეს, უკრაინას 4,5 მილიონი მცხოვრები აკლდება, მუშებისა და მეწარმეების სახით. შედარებისათვის: რუსეთთან ომამდე უკრაინის მოსახლეობა 43 მილიონ მცხოვრებს შეადგენდა.

ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის დასკვნით, საზღვარგარეთ უკრაინელთა რაოდენობის მატება დემოგრაფიისათვის საშიშ ზღვარს უახლოვდება. 6,7 მილიონი უკრაინელიდან ნახევარზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრობს, განსაკუთრებით პოლონეთში და გერმანიაში. სამწუხაროდ, გამოკვლევის მიხედვით, თავდაპირველად ისინი სოციალური შეღავათებით სარგებლობდნენ, ამჟამად კი ლტოლვილთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა შემოსავლები დაკარგა.

ანალიტიკური ცენტრი მოუწოდებს უკრაინის მთავრობას, რომ ითანამშრომლოს ევროკავშირის ქვეყნებთან, გაუადვილოს ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნება, გაუწიოს რეპატრიანტებს დახმარება ქონების აღდგენისა და სახლების მშენებლობის საქმეში, დაეხმაროს ბავშვებს რეინტეგრაციაში. ცენტრმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინელებს მატერიალურად დაეხმაროს.

წყარო