Home Blog Page 1674

“ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი” – თალაკვაძე „ლელოს“ ინიციატივაზე პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პენსიების 1000 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ დაპირება წმინდა წყლის პოპულიზმი და რეალობას მოწყვეტილია.

მისივე თქმით, რა ვადებშიც „ლელო“ მოქალაქეებს პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას ჰპირდება, მათემატიკურ ლოგიკას მოკლებულია.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, პენსია ინდექსირებულია და მომავალ წლებში, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ავტომატურად გაიზრდება.

„ეს არის წმინდა წყლის პოპულიზმი და რა თქმა უნდა, პოპულიზმი აზიანებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს. რა თქმა უნდა, ეს არის არარეალური დაპირება და რეალობას მოწყვეტილია. პენსიონერებს სახელმწიფოსგან არა მხოლოდ საპენსიო მხარდაჭერა, არამედ სხვა სოციალური ბენეფიტები აქვთ, დაწყებული სატრანსპორტო შეღავათებიდან, გაგრძელებული ჯანდაცვით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ვურჩევ ჩვენს ოპონენტებს, კონკრეტულად კი გიორგი ვაშაძეს, რომ ნაცვლად მანიპულაციებისა, მეტი აქცენტი გააკეთოს საფუძვლიან კრიტიკაზე -ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კითხვას უპასუხა, რომელიც უმუშევრობას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 2012 წელს, მხოლოდ ბიზნეს სფეროში, 543 ადამიანი იყო დასაქმებული, 2023 წელს კი მათი რაოდენობა 758 ათასამდე გაიზარდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მარტო ბიზნეს-სექტორში შეიქმნა 224 ათასი სამუშაო ადგილი. ეს არის სტატისტიკა. ამ ადამიანებს შეაქვთ გადასახადები ბიუჯეტში. ბიუჯეტი რომ იყო 8,5 მილიარდი და ახლა თითქმის 29 მილიარდი ლარი რომ არის, მარტო მე და თქვენ ხომ არ შეგვაქვს ეს გადასახადები ბიუჯეტში? შეაქვთ ადამიანების. ანუ, მარტო ბიზნეს სექტორში შექმნილია 224 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. რამდენჯერ გავიმეორო ეს ყველაფერი?

თან თვითონაც არ ესწრება [ვაშაძე] ამ სხდომას. ასე იცის ხოლმე, რაღაცას იტყვის, ჩაწერს ვიდეოს, მერე დებს უმრავლესობის დეპუტატების ვიდეოებს და აჩვენებს, ვითომ უმრავლესობის დეპუტატები ამ ყველაფერს უსმენენ. არ ვიცი, შეიძლება მის ამომრჩეველზე იყოს ეს გათვლილი, მაგრამ ისიც მინდა გითხრათ, რომ ამომრჩეველი ძალიან გაიზარდა და სწორედ ამის გამოა, რომ კონკრეტულად გიორგი ვაშაძის პარტია 20%-ს არის წამოცდენილი, როცა 30% აიღეს სულ რაღაც 2 წლის წინ თვითმმართველობის არჩევნებზე. ახლა მათი მაჩვენებელი არის 18%.

ასეთი მანიპულაციები უკვე აღარ იყიდება საზოგადოებაში. საზოგადოება არის გაზრდილი. შესაბამისად, ვურჩევ ჩვენს ოპონენტებს, კონკრეტულად კი გიორგი ვაშაძეს, რომ ნაცვლად მანიპულაციებისა, მეტი აქცენტი გააკეთოს საფუძვლიან კრიტიკაზე. თუმცა, როგორც ჩანს, ასე აფასებს, რომ არ აწყობს საფუძვლიანი კრიტიკა და ურჩევნია ციფრებით მანიპულირება. ესეც დემოკრატიის ნაწილია. ეს არის მისი არჩევანი“, – განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს – დეტალები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამ წუთებში პრეზიდენტი „ევროოპტიმისტების” დეპუტატ რომან გოცირიძეს ხვდება.

როგორც გოცირიძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მცდელობით „ქართული ოცნება” “უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაც მაინც გააკეთოს”.

გოცირიძის თქმით, ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან დღეს ქვეყნის წინაშე არ არის იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც შემდეგ მრავალი სიკეთე, როგორც ეკონომიკის, ასევე დემოკრატიის განვითარების კუთხით მოჰყვება. ჩვენ „ქართული ოცნებას” უნდა ვაიძულოთ, რომ როგორმე შეასრულოს ის 9 ვალდებულება, რომელიც არის აუცილებელი შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად, ანუ დავუახლოვდეთ უკრაინასა და მოლდოვას და ფაქტობრივად, დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „ქართული ოცნება” არ დათმობს იმ ბერკეტებს, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ. მაგალითად: როგორიც არის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო სისტემის რეფორმა და ა.შ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მცდელობით „ქართული ოცნება” უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაც მაინც გააკეთოს. მთავარი გასაგებელი იქნება მას შემდეგ, რაც ამ ანტისახელმწიფოებრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ წარსულში გავისტუმრებთ. ახლახან მივწერე წერილი პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაიწყოს ეროვნული ბანკის საბჭოს 4 წევრის შერჩევის პროცესი და პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი, ამ საკითხთან დაკავშირებითაც პირადად მე მექნება საუბარი, როგორ წარმოუდგენია მას, რომ ეროვნულ ბანკს ჰყავდეს ღირსეული, კვალიფიცირებული, დამოუკიდებელი და გარკვეული პიროვნული თვისებებით აღჭურვილი პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტის გარეშე ეროვნული ბანკის ფუნქციონირება სერიოზულ რისკს აყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას. ჩემი მხრიდან ერთ-ერთი საკითხი ესეც იქნება”, – განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, გოცირიძის შეფასებით, ორი დღის წინ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნებისთვის” გამანადგურებელი იყო.

„სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა „ქართული ოცნებისთვის” გამანადგურებელი იყო. მათ შორის, მან ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, როგორც ოლიგარქი და პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისა. ამიტომ მისი სიტყვები, თუ „ქართული ოცნების” რეიტინგს შეამცირებს და პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ჩაფლავებული საქმეების გამო „ქართულ ოცნებას”, ირიბად ეს შეიძლება განვიხილოთ სარჩევნო კონტექსტში ხელისუფლების დასუსტების და ოპოზიციის გაძლიერების ფაქტორად და არა მიზანმიმართულად, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს”, – აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი -პაატა მანჯგალაძე

მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კითხვაზე, თუ ექნებათ საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, მანჯგალაძე პასუხობს:

„ევროკავშირის რეკომენდაციებზე – კი ბატონო; არჩევნების გაყალბებაზე – კი ბატონო; თუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს – კი ბატონო.

თუ მთელი ქვეყანა გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

„რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება, ის ერთად უნდა შევაჩეროთ“ – ინტერვიუ ლატვიის პარლამენტის სპიკერთან

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმამ“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ ლატვიის პარლამენტის სპიკერთან დაიგა მიერინასთან, სათაურით რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება, ის ერთად უნდა შევაჩეროთ“, რომელშიც იგი საქართველოს შესახებაც საუბრობს, კერძოდ, აცხადებს, რომ საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ლატვია“.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„რუსეთი კიბოზე უარესია, მისი საცეცები ყველგან არსებობს“, – ამბობს ლატვიის პარლამენტის სპიკერი. დაიგა მიერინა ამერიკაში ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები დასავლელ კოლეგებს უხსნიან, რომ დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, და თუკი უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს პირდაპირი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დააყენებს.

(…)

– ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკებზე დასავლელ პარტნიორებს წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ. ახლაც იმეორებთ, რომ ეს აგრესია თავისით არ შეწყდება. მაშინ, როცა ბევრი ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს, ბალტიელი ლიდერები არასდროს ერიდებიან იმის თქმას, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. თქვენ იმასაც ამბობდით, რომ უკრაინის სწრაფი გამარჯვება ლატვიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი უმთავრესია. რატომაა ეს ასე? რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება ან მარცხი ამ ომში უშუალოდ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი მეზობელი ბალტიელებისთვის?

– ჩვენ მართლაც ბევრი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით ევროპულ და სხვა ქვეყნებს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე არსებობდა, ისტორიამ ჩვენ ამის ბევრი ნიშანი მოგვცა. ვლადიმირ პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას თავისი მიზნების მისაღწევად. ვნახეთ მისი ომი ჩეჩნეთში, ვნახეთ საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა. და ის, რომ ყოველი შემდგომი თავდასხმის შემდეგ პუტინის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა. პუტინის განცდაც, რომ ძალის გამოყენებით სასურველი მიზნის მიღწევა შეუძლია, ასევე გაიზრდა. ამან დაუსჯელობის გრძნობა გააჩინა მისთვისაც და რუსეთისთვისაც, მთლიანად. რუსეთი გრძნობს, რომ მსოფლიო წესრიგი შეუძლია შეცვალოს. მაგრამ ჩვენ რუსეთი თავის საქმეებზე ანგარიშვალდებული უნდა გავხადოთ.

ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ თავის თავზე გამოსცადა ოკუპაცია, გენოციდი, დეპორტაცია, რუსიფიკაცია. ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და განვაგრძობთ მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის საქმეებისა და მისი საფრთხის შესახებ შეხსენებას. თუკი ჩვენ რუსეთს არ შევაჩერებთ, ის მხოლოდ გააგრძელებს ამ ყველაფრის კეთებას, ისევ და ისევ. და არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არამედ – სხვაგანაც.

– ლატვია უკვე 20 წელია ნატოს წევრია. მაინც შიშობთ, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეთ? ლატვია ერთ-ერთი წამყვანი მასპინძელი იქნება წელს, ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე დიდი წვრთნებისაც. რა გჭირდებათ უსაფრთხოების გასაძლიერებლად?

– დიახ, ოცი წელია ალიანსის წევრები ვართ და ამან ნამდვილად გაზარდა ჩვენი უსაფრთხოების განცდა. ამან შექმნა ჩვენს ქვეყნებში უფრო დაცული გარემო, გვაქვს კოლექტიური თავდაცვა და უსაფრთხოების განცდა. მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისთვის, რომ არ ვგრძნობთ თავს მარტო. თუკი თავდასხმა მოხდება, თუკი აგრესიის წინაშე აღმოვჩნდებით, შეგვიძლია ჩვენი მოკავშირეების დახმარების იმედი გვქონდეს. თუმცა ამავე დროს, უქმად არ უნდა ვისხდეთ და ჩვენი „საშინაო დავალებები“ უნდა შევასრულოთ. ჩვენ შევქმენით თავდაცვის სტრატეგიები და ბევრი გავაკეთეთ საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლადაც. ვიმედოვნებთ, რომ მალე შვედეთიც შეუერთდება ნატოს და იმედია უკრაინაც შეძლებს მომავალში გაწევრიანებას.

– ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი მხრივ შიდა პოლიტიკაზე ახდენს გავლენას, მეორე მხრივ კი, ბევრი შიშობს, რომ თუკი დონალდ ტრამპი მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი, ამერიკამ შესაძლოა ალიანსი დატოვოს კიდეც. რას ფიქრობთ ამ სცენარის შესახებ და აშფოთებთ თუ არა ეს თქვენს ქვეყანაში?

– ვფიქრობ, ჯერ არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ამაზე შემდეგ ვიფიქროთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთი რიტორიკა ჩვენც მოვისმინეთ. ნატო ძალიან ძლიერი ალიანსია და ამერიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მასში. წელს ალიანსი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში მან უდიდეს ლიდერობა აჩვენა. ნატომ აჩვენა, რომ შეუძლია დახმარების და მხარდაჭერის მიწოდება იქ, სადაც ეს საჭიროა და ალიანსი ამის შესანიშნავი მაგალითია.

ჩემი აზრით, ახლა ნატოს თაობაზე შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ალიანსმა უნდა იფიქროს, როგორ სურს წინ წასვლა, როგორ შეიძლება იფუნქციონიროს უფრო ეფექტურად, როგორ შეგვიძლია ყველამ შევიტანოთ წვლილი კოლექტიურ თავდაცვაში თანაბრად.

(…)

– საქართველომ სულ ახლახან მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული პროცესების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მაშინ, როცა დასავლელი პარტნიორები თბილისისგან რეკომენდაციების შესრულებას ელიან, ქვეყანა კი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება?

– უპირველესად, გეტყვით, რომ ჩვენ მართლა ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. კარგად გვახსოვს მომენტი, როცა ეს სტატუსი ლატვიამ მიიღო. თავდაპირველად ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ამას მოჰყვა ჩვენი წევრობის მოსამზადებლად ძალიან, ძალიან მძიმე შრომისა და მუშაობის 10 წელი. ჩვენ უნდა გაგვეტარებინა რეფორმები, მართლმსაჯულების რეფორმები, ჯანდაცვის რეფორმები, უნდა შეგვეცვალა ჩვენი აზროვნება, ის, თუ როგორ ვფიქრობდით ამა თუ იმ საკითხზე.

პირადად მე მაშინ ტრანსპორტის სამინისტროში ვმუშაობდი და მახსოვს, რომ ზოგს ეს სურდა, ზოგს – არა. ზოგს ჰქონდა შეკითხვები ან ეჭვები, რაში გვჭირდებოდა წევრობა. მაგრამ დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ეს მართებული გზა იყო, მართებული გადაწყვეტილება.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ლატვია. ლატვია ნამდვილად დაგეხმარებათ თავისი გამოცდილებით, რჩევით იმისთვის, რომ საქართველოსთვის ეს გარდაქმნა იმდენად უმტკივნეულო იყოს, რამდენადაც შესაძლებელია.

– უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოში გახშირდა ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გვესმის ის, რომ უკრაინის მეტი დახმარების მოწოდებებით, „დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს“. რას ფიქრობთ ამგვარ შეფასებებზე და როგორ ჟღერს ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან?

– გეტყვით, რომ ლატვიაშიც გვაქვს მსგავსი სიტუაცია. რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. რუსეთი ეძებს და პოულობს ჩვენს სუსტ წერტილებს, ის ცდილობს ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ჯარების, ევროკავშირის დისკრედიტაცია მოახდინოს. ცდილობს, დაყოს ჩვენი საზოგადოებები. მაგრამ ჩვენ რუსეთს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. იმაზე ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე – რუსული დეზინფორმაცია.

საქართველო ამას უნდა ებრძოლოს. დემოკრატიას ვერცხლის ლანგარზე ვერავინ მოგვართმევს, ეს ჩვენი ბრძოლაა, ამისთვის უნდა ვიმუშაოთ. მას შემდეგაც, რაც ევროკავშირს შეუერთდებით, კვლავ დაგჭირდებათ თქვენი დემოკრატიისთვის ბრძოლა. ამას კი თავისი საფასური აქვს, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

წყარო

„რკინის გენერალი“: უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების საკადრო გადაადგილებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ“

ბრიტანულმა გაზეთმა „თაიმსმა“ (The Times) გამოაქვეყნა სარედაქციო კომენტარი სათაურით „რკინის გენერალი“: უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერების საკადრო გადაადგილებები ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინის ხელისუფლებაში შექმნილი წინააღმდეგობრივი ვითარება – გამოხატული პრეზიდენტსა და არმიის სარდალს შორის არსებული დაპირისპირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის ყველაზე პოპულარული სამხედრო-პოლიტიკური მოთამაშე ერთმანეთთან კონფლიქტურ მდგომარეობაში იმყოფებიან. პრეზიდენტს და უმაღლეს მთავარსარდალს ვოლოდიმირ ზელენსკის, თითქმის ორწლიანი ომის შემდეგ, შეიძლება ითქვას, კვლავ საკმაოდ მაღალი – 62%-იანი რეიტინგი აქვს, ხოლო პრეზიდენტს დაქვემდებარებული არმიის სარდალს, გენერალ ვალერი ზალუჟნის, რომელსაც ხალხში „რკინის გენერალს“ უწოდებენ, 88%-იანი პოპულარობა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პრეზიდენტი სარდალში კონკურენტუნარიან მეტოქეს ხედავს და ამიტომ მისი პოსტიდან გათავისუფლება სურს.

უკრაინაში ამჟამად საომარი მდგომარეობა მოქმედებს და კონსტიტუციის საფუძველზე მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, უსაფრთხოების თვალსაზრისით, გაუქმებული იქნა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქვეყანაში ხელისუფლებისათვის აშკარად შესამჩნევი ბრძოლა მიდის. პრეზიდენტსა და სარდალს შორის მეტოქეობას ბევრ მომენტზე შეუძლია გავლენის მოხდენა – უკრაინას ხომ დასავლური იარაღი და მუდმივი პოლიტიკური მხარდაჭერა ჭირდება. სამწუხაროდ, მხარდაჭერა მცირდება როგორც კონგრესის ზედა პალატაში – სენატში, სადაც დემოკრატი სენატორები ცდილობენ უკრაინის დახმარების კანონპროექტის ერთობლივ მომზადებას სენატის რესპუბლიკელ წევრებთან, ასევე ქვედა პალატაშიც – წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს კანონპროექტის მიღების გაგონებაც კი არ სურთ. პალატის სპიკერის, რესპუბლიკელი მაიკლ ჯონსონის განცხადებით, დოკუმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ მასში მხოლოდ „ისრაელი“ იქნება ნახსენები, ხოლო ტერმინი „უკრაინა“ არ იქნება.

დონალდ ტრამპი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ყველაზე ძლიერ საპრეზიდენტო კანდიდატს წარმოადგენს, ნათლად მიანიშნებს, რომ ენთუზიაზმის გარეშე უყურებს უკრაინაში  საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას.

კიევის მტკიცებით, მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში უკრაინას 34,5 მილიარდზე მეტი ევროს დახმარება დაჭირდება. ევროპა დაპირდა 50 მილიარდს, მაგრამ ერთბაშად კი არა, არამედ ოთხი წლის განმავლობაში, ანუ წელიწადში მხოლოდ 12,5 მილიარდს მიიღებს. სად და როგორ მოძებნის უკრაინა დარჩენილ 22 მილიარდს? ალბათ, ამერიკის იმედი აქვს, მაგრამ აშშ გულგრილობას გამოიჩენს, განსაკუთრებით პრეზიდენტად დონალდ ტრამპის სავარაუდო არჩევის შემდეგ, კიევს ფულის სერიოზული დეფიციტი გაუჩნდება. შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლიც დიდ დროს ხარჯავს დასავლეთის დარწმუნებაში დახმარების დაჩქარების მიზნით, უკვე ხვდება, რომ შესაძლოა „ქარის მიმართულება შეიცვალოს“. „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ ვალერი ზალუჟნის კრიტიკულმა ტონმაც ინტერვიუებში. და ეს მძიმე იმ ფონზე, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს თითო ვაზნა და თითო რაკეტა, ან რაღაც „სასწაულმოქმედი იარაღი“ სადმე მოიპოვოს.  პრეზიდენტი გაბრაზდა.

უკრაინის წინააღმდეგობის გაწევა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მთავრობის ფაქტორზე, თუ რამდენად ეფექტურად მუშაობს ხელისუფლება გამარჯვებისათვის, მაგრამ პრეზიდენტსა და გენერალს შორის საჯარო დავა-კამათი მოწმობს, რომ ხელისუფლებაში ერთსულოვნება არ არის. არავინ იცის, თუ როგორ გაღრმავდება მათი უთანხმოება არცევნების არარსებობის შემთხვევაში. ვოლოდიმირ ზელენსკის ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ მან უკრაინის დინამიური დემოკრატიული კულტურა შეზღუდა და ქვეყანა დახურულ საზოგადოებად გადააქცია.

ისტორიიდან ცნობილია, რომ სამოქალაქო ლიდერებს ომის დროს თანამდებობიდან არაერთხელ გაუთავისუფლებიათ სამხედრო მაღალჩინოსნები, სარდლები და გენერლები – მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა კორეის ომის დროს პოსტიდან მოხსნა გენერალი დუგლას მაკარტური, რომელმაც ეჭვი შეიტანა აშშ-ის პოლიტიკის სისწორეში კორეის მიმართ, იმავდროულად კი თვითონ პრეზიდენტი ყურად არ იღებდა კრიტიკას, რომ თვითონ ქვეყანას დესპოტურად მართავდა. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის დილემა უფრო რთულია: მან სიმტკიცე უნდა გამოავლინოს ჭარბი ძალის მქონე მტრის მიმართ. შესაბამისად, პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს ერთიანობა სამოქალაქო მთავრობასა და სამხედრო სარდლობას შორის.

2024 წელს, სამწუხაროდ, ომში კიდევ ბევრი მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპება, ამიტომ პრეზიდენტმაც და გენერალმაც პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილონ სამხედრო მოქმედებების შედეგებზე. მათი საჯარო შეხლა-შემოხლა ასუსტებს დასავლეთის მხარდაჭერას და „წყალს კრემლის წისქვილზე ასხამს“.

წყარო

თიბისი ახალ თანამშრომლებს აქტიურად ეძებს,გაბედე, ისწავლე, შექმენი, შეცვალე, შთააგონე

თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, მოტივირებული თანამშრომლების დასაქმების პროცესს აგრძელებს.  აქ შეგიძლია შეუერთდე გუნდს, რომელიც განვითარებისკენ სწრაფვით გამოირჩევა. 

ვაკანსიები სხვადასხვა გუნდშია გამოცხადებული: მომხმარებელზე ზრუნვის ცენტრის, პროდუქტების, მონაცემთა ანალიზის და მართვის, ეჯაილის, რისკების, საოპერაციო და სხვა მსგავსი მიმართულებებით.  განსაკუთრებით ფრონტის, ფილიალების პოზიციებზე, სადაც განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა და ინდივიდუალური კარიერული წინსვლის გეგმა დაგხვდება.

თიბისის გუნდისთვის გამარჯვებისა და წარმატების გზა თვითგანვითარებასა და გამოცდილების გაზიარებაზე დგას, ამიტომ, თიბისიში განვითარების არაერთი შესაძლებლობა დაგხვდება – მათ შორის, პლატფორმა თიბისი აკადემია, რომელიც წამყვანი და მოთხოვნადი პროფესიების სრულიად უფასოდ დაუფლებას გთავაზობს, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნესის, ეჯაილისა და სხვა მიმართულებების სასწავლო კურსები.

„თიბისი რეგიონის ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია, რომელიც განსაკუთრებული კორპორაციული კულტურით გამოირჩევა. თიბისი მრავალფეროვან ეკოსისტემას ქმნის, რაც გუნდში დასაქმებულ ადამიანს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების დიდ შესაძლებლობას აძლევს. თიბისელებისთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის შესაძლებლობების შექმნით ვაღწევთ”, – გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი.  

თიბისისთვის თანამშრომლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, თიბისელებს დამატებით სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს. ასევე, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში ტარდება თერაპიული ვორქშოპები, ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლით ვარჯიშები და სხვა.

2009 წლიდან არსებობს ფონდი ,,თიბისელები”, რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა. ფონდი თითოეული თიბისელის საამაყო პროექტია, რომელიც ერთიანი ძალებით, ყოველწლიურად ასობით თიბისელს და მათ ოჯახის წევრებს ეხმარება. ასევე, მრავალშვილიანები – უკვე ბევრი წელია თიბისისთვის განსაკუთრებული პროექტია: თიბისელს, რომელსაც 3 და მეტი შვილი ჰყავს მრავალშვილიანის სტატუსი ენიჭება და კომპანია მათ დამატებით ბენეფიტებს სთავაზობს.

თიბისელები პარტნიორ კომპანიებში სპეციალური ფასდაკლებები სარგებლობენ. ხშირად ტარდება სხვადასხვა სპორტული თუ გასართობი შეხვედრები, რაც მათ ყოველდღურობას უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესო ხდის. 

თუ გინდა, რომ განსაკუთრებული კულტურით გამორჩეული გუნდის ნაწილი გახდე, საერთაშორისო განვითარების პროცესში ჩაერთო და სხვა თიბისელებთან ერთად ადამიანების ცხოვრების გამარტივების მისია გაიზიარო, შეუერთდი თიბისის და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე. გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს აქ, გახდი თიბისელი! 

(R)

“ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით, ხომ არ აპირებთ, საარჩევნო ბარიერიც დაწიოთ?” – ვახტანგ მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძეს

სისუსტედ არ მინდა ჩამეთვალოს, არსებულ ბარიერს უკვე შეგუებული ვართ, მაგრამ შემთხვევით, ხომ არ აპირებთ, ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერიც დაწიოთ, ან ხომ არ დაუჭერთ მხარს? – ამ კითხვით „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მიმართა.

მეგრელიშვილის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ტელევიზიებში ერთმანეთთან დებატებში მონაწილეობას არ იღებენ.

„ბატონო ირაკლი, მადლობა მინდა გითხრათ, გუშინ პასუხი რომ გამეცით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ თქვით, „ქართული ოცნება“ ეკლექტიკური პარტიააო, რადგან ეკლექტიკური პარტიაა, კონკრეტულად უნდა გკითხოთ, იდეიდან გამომდინარე ვერ გამოვიცნობ, ამიტომ თქვენი პასუხი მჭირდება. როგორც ხედავთ, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება შეცვლილია, სხვანაირად იქცევა, გუშინ ერთ-ერთი ძალიან კარგი განცხადება გააკეთეთ, როცა თქვით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის მტრობას არ ნიშნავსო, ჰოდა, ეს კომბინაციაში დეპოლარიზაციისკენ მიმართული განცხადებებია, საქმის თვალსაზრისით რომ წარმოვიდგინოთ, ორი რაღაც მგონია მნიშვნელოვანი. პირველი, დაიწყოს მართლა საუბარი, დებატები. ჩვენი მთავარი პრობლემაა, ცალ-ცალკე ვსხედვართ და ერთმანეთს ვლანძღავთ, თქვენი ტელევიზიები გაიხსნება თუ არა ოპოზიციისთვის დებატებისთვის, ერთი ეს კითხვა მაქვს.

მეორე კითხვა ასევე დეპოლარიზაციას უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ოპოზიცია განადგურებულიაო, თქვენ გაქვთ ნათქვამი, თუ ევროკავშირში მიგვიღებენ, ბარიერს დავწევთო. სისუსტედ არ მინდა ჩამეთვალოს, არსებულ ბარიერს უკვე შეგუებული ვართ, მაგრამ შემთხვევით, ხომ არ აპირებთ, ამ რაღაცნაირი დეპოლარიზაციის აურის გათვალისწინებით ბარიერიც დაწიოთ, ან ხომ არ დაუჭერთ მხარს? ეს კითხვები მქონდა, დაგვპატიჟებთ ტელევიზიაში თუ არა, დაწევთ თუ არა ბარიერს?“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

“კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან და ეს გახარიები და „ლელო“ რა დღეში არიან?”- ირაკლი ზარქუა

„კარენოი ნაცები“ ძალიან აკადემიურები ჩანან. ხმის ტონალობაშიც ეტყობათ. შესძლებიათ. ეს გახარიები და „ლელო“ რა დღეში არიან? მარგინალები და რადიკალები გახდნენ, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„რასთან გვაქვს საქმე? ორი დღეა ვკითხულობ. გუშინ საერთოდ არ შემოვიდნენ დამწვარი მუსტანგის მიმდევრები. საერთოდ არ მოუსმინეს. შესაძლებლობა გაქვს, რომ კითხვა დაუსვა პრემიერობის კანდიდატს და დღეს საერთოდ არ შემოვიდნენ. გახარიების არ მიკვირს. გაიშიფრნენ და ამიტომ გაბრაზებულები არიან. სამეგრელოში ხალხი მოატყუეს „ქართული ოცნების“ მეორე პარტია ვართო და ამით მოატყუეს საზოგადოება. „ნაცები“ უტყდებათ. იციან, რომ ისინი გაკოტრებულები არიან. აბა სამეგრელოში და რუსთავში კოალიცია ვინ შეუქმნა „ნაცებს“? მე მივმართავ ბატონ კირკიტაძეს, ის არის ძველი და ნაღდი „ნაცი“, მიიღეთ თქვენს შემადგენლობაში, გაშიფრულები არიან უკვე. ვერ გადალახავენ ზღვარს და გაგიჭირდებათ მერე. მიიღეთ გახარიები და „ლელოს“ ვაცადოთ მუსტანგით „კატაობა“, – განაცხადა ზარქუამ.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გავაძლიეროთ ქართული საზოგადოება, ხელი შევუწყოთ არა ხელოვნური ფსევდოელიტების, არამედ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას -ირაკლი კობახიძე

ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გავაძლიეროთ ქართული საზოგადოება, მისი სოციალური სტრუქტურა, ხელი შევუწყოთ არა ხელოვნური ფსევდოელიტების, არამედ ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მხოლოდ სტრუქტურულად გამართულ საზოგადოებას შეუძლია, უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების მაქსიმალურად ეფექტიანად გადაჭრა.

„ამ მიზნის მიღწევაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულონ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა. საჭიროა მეტი რესურსის ინვესტირება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის განვითარებაში, ახალგაზრდების სტიმულირებაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ პედაგოგებს, ექიმებს, ჩვენი საზოგადოების სხვა გამორჩეულ წარმომადგენლებს. შესაბამისი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები დარგის წარმომადგენლებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ეს არის ყველაზე სწორი გზა საქართველოში ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

წარმატებას ვუსურვებთ ახალ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ერთად ვიმუშავებთ -გერმანიის ელჩი

წარმატებას ვუსურვებთ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. საქართველოს საკეთილდღეოდ, საქართველო-გერმანიის პარტნიორობისა და მეგობრობის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართელოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, მათთვის უმთავრესი საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. მან ამაზე ყურადღება გაამახვილა და განაცხადა, რომ სწრაფად და შეუფერხებლად განახორციელებს ამას. ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურს, ჩვენ ამაზე ერთადა ვიმუშავებთ“, – აღნიშნა ელჩმა.

არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე კვაზი-ოპოზიციას. ისევ „აგენტოკრატიასა“ და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ -ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევაა.

ქადაგიძის თქმით, დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა უალტერნატივოა პოლიტიკურ სივრცეში.

„იმისათვის, რომ ორივე უმთავრესი ამოცანა ამოიხსნას, აუცილებელია ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მოწოდების სიმაღლე, რომელსაც დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა კომპეტენციით, პოლიტიკური ალღოთი და ეროვნული ინტერესების მიმართ ერთგულებით წარმოადგენს, უალტერნატივოა არსებულ პოლიტიკურ სივრცეში. სამწუხაროდ, ჩვენი კვაზი-ოპოზიცია კვლავ სუიციდის გზას ადგას. არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე. ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ. ამიტომაც, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას, რომელსაც ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში განახორციელებს!”, – წერს ქადაგიძე.