სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს – დეტალები

37
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამ წუთებში პრეზიდენტი „ევროოპტიმისტების” დეპუტატ რომან გოცირიძეს ხვდება.

როგორც გოცირიძემ პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მცდელობით „ქართული ოცნება” “უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაც მაინც გააკეთოს”.

გოცირიძის თქმით, ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ეროვნული ბანკის ირგვლივ მიმდინარე საკითხებზეც გაამახვილებს ყურადღებას.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან დღეს ქვეყნის წინაშე არ არის იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც შემდეგ მრავალი სიკეთე, როგორც ეკონომიკის, ასევე დემოკრატიის განვითარების კუთხით მოჰყვება. ჩვენ „ქართული ოცნებას” უნდა ვაიძულოთ, რომ როგორმე შეასრულოს ის 9 ვალდებულება, რომელიც არის აუცილებელი შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად, ანუ დავუახლოვდეთ უკრაინასა და მოლდოვას და ფაქტობრივად, დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „ქართული ოცნება” არ დათმობს იმ ბერკეტებს, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ. მაგალითად: როგორიც არის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო სისტემის რეფორმა და ა.შ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მცდელობით „ქართული ოცნება” უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაც მაინც გააკეთოს. მთავარი გასაგებელი იქნება მას შემდეგ, რაც ამ ანტისახელმწიფოებრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ წარსულში გავისტუმრებთ. ახლახან მივწერე წერილი პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ დაიწყოს ეროვნული ბანკის საბჭოს 4 წევრის შერჩევის პროცესი და პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი, ამ საკითხთან დაკავშირებითაც პირადად მე მექნება საუბარი, როგორ წარმოუდგენია მას, რომ ეროვნულ ბანკს ჰყავდეს ღირსეული, კვალიფიცირებული, დამოუკიდებელი და გარკვეული პიროვნული თვისებებით აღჭურვილი პრეზიდენტი, ვინაიდან პრეზიდენტის გარეშე ეროვნული ბანკის ფუნქციონირება სერიოზულ რისკს აყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას. ჩემი მხრიდან ერთ-ერთი საკითხი ესეც იქნება”, – განაცხადა გოცირიძემ.

გარდა ამისა, გოცირიძის შეფასებით, ორი დღის წინ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნებისთვის” გამანადგურებელი იყო.

„სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა „ქართული ოცნებისთვის” გამანადგურებელი იყო. მათ შორის, მან ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, როგორც ოლიგარქი და პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისა. ამიტომ მისი სიტყვები, თუ „ქართული ოცნების” რეიტინგს შეამცირებს და პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ჩაფლავებული საქმეების გამო „ქართულ ოცნებას”, ირიბად ეს შეიძლება განვიხილოთ სარჩევნო კონტექსტში ხელისუფლების დასუსტების და ოპოზიციის გაძლიერების ფაქტორად და არა მიზანმიმართულად, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს”, – აღნიშნა გოცირიძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

„ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი – გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.