„რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება, ის ერთად უნდა შევაჩეროთ“ – ინტერვიუ ლატვიის პარლამენტის სპიკერთან

26
spot_img

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმამ“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ ლატვიის პარლამენტის სპიკერთან დაიგა მიერინასთან, სათაურით რუსეთის აგრესია თავისით არ გაჩერდება, ის ერთად უნდა შევაჩეროთ“, რომელშიც იგი საქართველოს შესახებაც საუბრობს, კერძოდ, აცხადებს, რომ საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ლატვია“.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

„რუსეთი კიბოზე უარესია, მისი საცეცები ყველგან არსებობს“, – ამბობს ლატვიის პარლამენტის სპიკერი. დაიგა მიერინა ამერიკაში ლიეტუველ და ესტონელ კოლეგებთან ერთად ამერიკელ კანონმდებლებს შეხვდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები დასავლელ კოლეგებს უხსნიან, რომ დრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, და თუკი უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ, აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს პირდაპირი სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე დააყენებს.

(…)

– ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკებზე დასავლელ პარტნიორებს წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ. ახლაც იმეორებთ, რომ ეს აგრესია თავისით არ შეწყდება. მაშინ, როცა ბევრი ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს, ბალტიელი ლიდერები არასდროს ერიდებიან იმის თქმას, რომ ომი უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. თქვენ იმასაც ამბობდით, რომ უკრაინის სწრაფი გამარჯვება ლატვიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი უმთავრესია. რატომაა ეს ასე? რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება ან მარცხი ამ ომში უშუალოდ თქვენი ქვეყნისთვის და თქვენი მეზობელი ბალტიელებისთვის?

– ჩვენ მართლაც ბევრი წლის განმავლობაში ვაფრთხილებდით ევროპულ და სხვა ქვეყნებს, რომ რუსეთის აგრესიის საფრთხე არსებობდა, ისტორიამ ჩვენ ამის ბევრი ნიშანი მოგვცა. ვლადიმირ პუტინი ყოველთვის იყენებდა ძალას თავისი მიზნების მისაღწევად. ვნახეთ მისი ომი ჩეჩნეთში, ვნახეთ საქართველოში შეჭრა, ყირიმში შეჭრა. და ის, რომ ყოველი შემდგომი თავდასხმის შემდეგ პუტინის პოპულარობა მხოლოდ იზრდებოდა. პუტინის განცდაც, რომ ძალის გამოყენებით სასურველი მიზნის მიღწევა შეუძლია, ასევე გაიზრდა. ამან დაუსჯელობის გრძნობა გააჩინა მისთვისაც და რუსეთისთვისაც, მთლიანად. რუსეთი გრძნობს, რომ მსოფლიო წესრიგი შეუძლია შეცვალოს. მაგრამ ჩვენ რუსეთი თავის საქმეებზე ანგარიშვალდებული უნდა გავხადოთ.

ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფომ თავის თავზე გამოსცადა ოკუპაცია, გენოციდი, დეპორტაცია, რუსიფიკაცია. ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და განვაგრძობთ მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის საქმეებისა და მისი საფრთხის შესახებ შეხსენებას. თუკი ჩვენ რუსეთს არ შევაჩერებთ, ის მხოლოდ გააგრძელებს ამ ყველაფრის კეთებას, ისევ და ისევ. და არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არამედ – სხვაგანაც.

– ლატვია უკვე 20 წელია ნატოს წევრია. მაინც შიშობთ, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგი სამიზნე შეიძლება გახდეთ? ლატვია ერთ-ერთი წამყვანი მასპინძელი იქნება წელს, ცივი ომის შემდეგ ნატოს ყველაზე დიდი წვრთნებისაც. რა გჭირდებათ უსაფრთხოების გასაძლიერებლად?

– დიახ, ოცი წელია ალიანსის წევრები ვართ და ამან ნამდვილად გაზარდა ჩვენი უსაფრთხოების განცდა. ამან შექმნა ჩვენს ქვეყნებში უფრო დაცული გარემო, გვაქვს კოლექტიური თავდაცვა და უსაფრთხოების განცდა. მნიშვნელოვანია ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნისთვის, რომ არ ვგრძნობთ თავს მარტო. თუკი თავდასხმა მოხდება, თუკი აგრესიის წინაშე აღმოვჩნდებით, შეგვიძლია ჩვენი მოკავშირეების დახმარების იმედი გვქონდეს. თუმცა ამავე დროს, უქმად არ უნდა ვისხდეთ და ჩვენი „საშინაო დავალებები“ უნდა შევასრულოთ. ჩვენ შევქმენით თავდაცვის სტრატეგიები და ბევრი გავაკეთეთ საკუთარი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლადაც. ვიმედოვნებთ, რომ მალე შვედეთიც შეუერთდება ნატოს და იმედია უკრაინაც შეძლებს მომავალში გაწევრიანებას.

– ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი მხრივ შიდა პოლიტიკაზე ახდენს გავლენას, მეორე მხრივ კი, ბევრი შიშობს, რომ თუკი დონალდ ტრამპი მეორე ვადით გახდება პრეზიდენტი, ამერიკამ შესაძლოა ალიანსი დატოვოს კიდეც. რას ფიქრობთ ამ სცენარის შესახებ და აშფოთებთ თუ არა ეს თქვენს ქვეყანაში?

– ვფიქრობ, ჯერ არჩევნების შედეგებს უნდა დაველოდოთ და ამაზე შემდეგ ვიფიქროთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ასეთი რიტორიკა ჩვენც მოვისმინეთ. ნატო ძალიან ძლიერი ალიანსია და ამერიკას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მასში. წელს ალიანსი 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში მან უდიდეს ლიდერობა აჩვენა. ნატომ აჩვენა, რომ შეუძლია დახმარების და მხარდაჭერის მიწოდება იქ, სადაც ეს საჭიროა და ალიანსი ამის შესანიშნავი მაგალითია.

ჩემი აზრით, ახლა ნატოს თაობაზე შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ამავე დროს ალიანსმა უნდა იფიქროს, როგორ სურს წინ წასვლა, როგორ შეიძლება იფუნქციონიროს უფრო ეფექტურად, როგორ შეგვიძლია ყველამ შევიტანოთ წვლილი კოლექტიურ თავდაცვაში თანაბრად.

(…)

– საქართველომ სულ ახლახან მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოხატეს შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული პროცესების შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას მაშინ, როცა დასავლელი პარტნიორები თბილისისგან რეკომენდაციების შესრულებას ელიან, ქვეყანა კი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება?

– უპირველესად, გეტყვით, რომ ჩვენ მართლა ძალიან გვიხარია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. კარგად გვახსოვს მომენტი, როცა ეს სტატუსი ლატვიამ მიიღო. თავდაპირველად ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ შემდეგ ამას მოჰყვა ჩვენი წევრობის მოსამზადებლად ძალიან, ძალიან მძიმე შრომისა და მუშაობის 10 წელი. ჩვენ უნდა გაგვეტარებინა რეფორმები, მართლმსაჯულების რეფორმები, ჯანდაცვის რეფორმები, უნდა შეგვეცვალა ჩვენი აზროვნება, ის, თუ როგორ ვფიქრობდით ამა თუ იმ საკითხზე.

პირადად მე მაშინ ტრანსპორტის სამინისტროში ვმუშაობდი და მახსოვს, რომ ზოგს ეს სურდა, ზოგს – არა. ზოგს ჰქონდა შეკითხვები ან ეჭვები, რაში გვჭირდებოდა წევრობა. მაგრამ დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ეს მართებული გზა იყო, მართებული გადაწყვეტილება.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს ბევრი კარგი მეგობარი ჰყავს, მათ შორის ლატვია. ლატვია ნამდვილად დაგეხმარებათ თავისი გამოცდილებით, რჩევით იმისთვის, რომ საქართველოსთვის ეს გარდაქმნა იმდენად უმტკივნეულო იყოს, რამდენადაც შესაძლებელია.

– უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველოში გახშირდა ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ხშირად გვესმის ის, რომ უკრაინის მეტი დახმარების მოწოდებებით, „დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს“. რას ფიქრობთ ამგვარ შეფასებებზე და როგორ ჟღერს ისინი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხრიდან?

– გეტყვით, რომ ლატვიაშიც გვაქვს მსგავსი სიტუაცია. რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აწარმოებს. რუსეთი ეძებს და პოულობს ჩვენს სუსტ წერტილებს, ის ცდილობს ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ჯარების, ევროკავშირის დისკრედიტაცია მოახდინოს. ცდილობს, დაყოს ჩვენი საზოგადოებები. მაგრამ ჩვენ რუსეთს ამის უფლება არ უნდა მივცეთ. იმაზე ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე – რუსული დეზინფორმაცია.

საქართველო ამას უნდა ებრძოლოს. დემოკრატიას ვერცხლის ლანგარზე ვერავინ მოგვართმევს, ეს ჩვენი ბრძოლაა, ამისთვის უნდა ვიმუშაოთ. მას შემდეგაც, რაც ევროკავშირს შეუერთდებით, კვლავ დაგჭირდებათ თქვენი დემოკრატიისთვის ბრძოლა. ამას კი თავისი საფასური აქვს, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ.

წყარო