Home Blog Page 1673

„თიბისის“ მხარდაჭერით ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ი გაიმართა

თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, გურჯაანში, DATA BOOTCAMP-ი ჩატარდა.

მონაწილეებს შორის „თიბისიმ“ ხუთი რჩეული ახალგაზრდა გამოავლინა, რომლებიც „თიბისის“ Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსებს გაივლიან.

„DATA BOOTCAMP-ის სამ დღიან ინტენსიური ტრენინგების ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულმა, 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებმა AI, ML, Computer Vision-ის მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს.

შემაჯამებელ, დემო, დღეზე მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. მონაწილეები, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებულმა, ქართველმა წამყვანმა სპეციალისტმა შეაფასეს. „თიბისის“ მხრიდან, მონაწილეებს, MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი აფასებდა.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს.

„თიბისისთვის“ ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. „თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)

“მიშამ თხარა, თხარა და „ფარა“ გამოთხარა”- გურამ მაჭარაშვილი

მიშამ თხარა, თხარა და „ფარა“ გამოთხარა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობას ვუხდით. როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე თქვას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისვე თქმით, სააკაშვილის ახლობლებს მილიონები აქვთ გადახდილი, რათა ქვეყანა დაეზიანებინათ.

„ჩათვალეს რა, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ საზოგადოებაში დიდი ინტერესი არ იყო, გადაწყვიტეს, ქვეყანა დაესანქცირებინათ, დაეზიანებინათ, რაშიც მილიონები გადაიხადეს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ჯერ საქართველოში შემოიპარა, შემდეგ საპყრობილიდან და „ვივამედიდან“ სისულელეები ჩაიდინა, ანტიქართული განცხადებები აკეთა – ხან ქართველობაზე თქვა უარი, ხან უცხოელებს დააბრალა და დაიმუქრა, რაღაცებს ვიტყვი, აქედან თუ არ გამიყვანთო, როგორც ჩანს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ყველაფერი სიმართლე თქვას.

ჩვენ, „ხალხის ძალა“ ამდენსაც არ ვამბობდით. თუ ადამიანს ამდენი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები შეიძლება, მოფიქრებოდა, ეს ჩვენც არ გვეგონა. ჩვენ ვამბობდით, რომ ლობიზმი იყო, ფულს უხდიდნენ, გლობალური „ომის პარტია“ არსებობდა, რადგან აქ მეორე ფრონტი და არეულობა სურდათ. ამის გარდა, თურმე მილიონები ყოფილა გადახდილი, რომ ნიუ-იორკში პრეზიდენტი დაებარებინათ და სააკაშვილის შეწყალება დაევალებინათ, მთელი დასავლეთის პრესა მოესყიდათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჯოზეფ ბაიდენი, ევროპელი ლიდერები უნდა დაკავებულიყვნენ იმით, რომ პატიმარ სააკაშვილზე წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს მას ვინმე აწამებდა. თუ ვინმე აწამებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილს, ესენი არიან მისი ოჯახის წევრები, რადგან მასთან რაღაც წყალ-წყალა სუპი შეაქვთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.

“არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება”-

მე არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება. იმ ქვეყანასთან, რომელმაც თავად 3 ომი გამოიარა რუსეთთან, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების გარკვეულმა ნაწილმა საკუთარ პოლიტიკად, სამწუხაროდ, აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პასუხები გასაცემი არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ უკრაინის ხელისუფლებას აქვს.

„ჩვენ დიდი ხანია, ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ, უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო და თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინელ ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, კრიმინალი ადეიშვილი დღეს უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი პირია, თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიცით, ვინც არიან და გია ლორთქიფანიძეა ერთ-ერთი მთავარი, არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისა და ქართველი ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს, დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების თავშეკავება გამოიხატება იმაში, რომ ეს ყველაფერი გავლენას არ ახდენს ჩვენს დამოკიდებულებაზე უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ.

„ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინულ სახელმწიფოს და ხალხს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს, იმიტომ, რომ ის თავს ესხმის ქართველ ხალხს. დრო გავა, ეს ომი დასრულდება, უკრაინელი ხალხი კიდევ ერთხელ ამას შეაფასებს და იტყვის, რომ, საბოლოო ჯამში, საქართველო და ქართველი ხალხი იყო, ვინც ამ ომში ყველაზე გულწრფელი მხარდამჭერი იყო უკრაინელი ხალხის.

რაც შეეხება ომს, უკრაინას ბევრი ქვეყნის მიმართ შეიძლება ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის პრიორიტეტი ან უპირატესობა, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მიმართ, რომელმაც 2014 წლის შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, რუსეთთან დაიწყეს სტრატეგიული პროექტების განხორციელება, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს და ა.შ. ისევე როგორც 2008 წლის შემდეგ გადატვირთვა მოაწყვეს რუსეთთან. თუმცა, მე არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება. იმ ქვეყანასთან, რომელმაც თავად 3 ომი გამოიარა რუსეთთან და ჩვენ როდესაც ამ ომში ვიყავით, არავისთვის არაფერი არ დაგვიყვედრებია, არავისთვის არაფერი არ მოგვითხოვია და არავისთვის ასეთი პედესტალიდან არ გვიყურებია. ამიტომ, უკრაინის ხელისუფლებას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ქართველ ხალხს, საქართველოს და მის ხელისუფლებას რაიმე მორალური პედესტალიდან ესაუბროს, იმიტომ, რომ სანამ იქნებოდა უკრაინა, მანამდე იყო საქართველო, ქართველების ბრძოლა და ომი, რომელშიც ახლა არის უკრაინა. ამიტომ, რაც შეეხება მეგობრობას, მეგობრობა ზუსტადაც რომ გასაჭირში შეიცნობა და როცა ასეთი ომი არის და ამ ომში უკრაინის ხელისუფლება თავს ესხმის ქართველ ხალხს, მათ შორის, ასეთი განცხადებებით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ეს არის ზუსტად არამეგობრული ქცევა და მათ შორის იმით, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა უკრაინისთვის, რომელთანაც მან ჩათვალა, რომ არ სჭირდება ელჩი ჰყავდეს და რომელთანაც ჩათვალა, რომ მას არ სჭირდება, რომ ქართველი ხალხის ელჩი ჰყავდეს საკუთარ დედაქალაქში, რომელიც ტყვიების ზუზუნში იყო იქ ერთადერთ ელჩი და ერთი მადლობა არ უთქვამს პრეზიდენტ ზელენსკის ამ ელჩისთვის. ნაცვლად ამისა, ფაქტობრივად, გამოაძევა ქვეყნიდან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

“ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით”- შალვა პაპუაშვილი

რაც შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ვნახეთ, რომ რაც სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ე.წ. კატარგეითის სკანდალის დროსაც ზუსტად იგივე მეთოდები იყო, იქაც მთავარი ბრალდებაა, რომ ხდებოდა გარე ზეგავლენა ევროპარლამენტზე, ხდებოდა რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება, რათა რაღაც რეზოლუციების პროექტი მიეღოთ, რომელიც იქნებოდა ვიღაცისთვის სასარგებლო თუ ვიღაცაზე იქნებოდა საზიანო.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ამერიკულ ფარას კანონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოში აპირებდნენ სიტყვა-სიტყვით იყო ნათარგმნი ამერიკული კანონიდან.

„კანონპროექტში ყველა სიტყვა ეწერა, რაც წერია ამერიკულ კანონში და არც ერთი სიტყვა არ ეწერა შიგნით, რაც არ წერია ამერიკულ კანონში, სიტყვა-სიტყვით, ასლი იყო, ფოტო ასლი იყო ფაქტობრივად, უბრალოდ ლინგვისტურად ნათარგმნი ქართულად. ხომ ხედავთ, რომ ჩვენი საზოგადოება ევროპულიც და ამერიკულიც მოგებულია, როდესაც არსებობს გამჭვირვალობა. მაშინაც ამ მართულ კამპანიაში, როდესაც დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს რაღაც რუსული იდეები იყო ეს და ა.შ, ჩართული იყვნენ უცხოელი პოლიტიკოსები, ყოფილი თუ ა.შ. დიპლომატები, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები. მაშინ ქართულ საზოგადოებას ფაქტობრივად წაართვეს უფლება, სცოდნოდათ და ჰქონოდათ იმავე დონის ცოდნა, რაც აქვთ ამერიკელ მოქალაქეებს, მაგრამ საბედნიეროდ, ამერიკაში არსებობს ეს ე.წ. რუსული კანონი და ამერიკული რუსული კანონი ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას.

ჩვენ ასევე ვნახეთ ლობიზმის მთელი სიღრმე სადამდე არის, ვნახეთ, რომ პრეზიდენტთან უნდოდათ რატომღაც ამერიკის საელჩოს მეშვეობით შეხვედრების ორგანიზება მისი ნიუ იორკში ვიზიტის დროს. რა შუაშია ამერიკის საელჩო, როდესაც პრეზიდენტი არის ნიუ იორკში, საერთოდ რატომ ესაუბრება ამერიკის საელჩო ლობისტებს, რომლებიც ვხედავთ, რომ დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული. ბევრ კითხვას გასცა პასუხი და აჩვენა კიდევ ერთხელ, თუ რა ზიანს აყენებენ ასეთი კოორდინირებული კამპანია საქართველოს.

რაც შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ვნახეთ, რომ რაც სულ ახლახან ე.წ. კატარგეითის სკანდალად მოინათლა, ზუსტად იგივე მეთოდები იყო, იქაც მთავარი ბრალდებაა, რომ ხდებოდა გარე ზეგავლენა ევროპარლამენტზე, ხდებოდა რეზოლუციების პროექტების წინ წაწევა და ლობირება, რათა რაღაც რეზოლუციების პროექტი მიეღოთ, რომელიც იქნებოდა ვიღაცისთვის სასარგებლო თუ ვიღაცაზე იქნებოდა საზიანო და ა.შ. ზუსტად იგივე მეთოდები ვიხილეთ ჩვენ ამ შემთხვევაშიც, რაც ახლა გვაქვს, ფაქტობრივად, გვაქვს ახალი სკანდალი მიშაგეითის სახით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

“ოპოზიცია შემდგარია ღალატის გზაზე, მათთვის სხვა ქვეყნებია საფიცარი” – შალვა პაპუაშვილი

“ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, შემდგარი არიან ქვეყნის ღალატის გზაზე – რაც შეიძლება ვიხილოთ, ეს არის პოლიტიკური ძალის პროფანაცია”, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმშენებლის” შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებას.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში რა ფორმაცია იქნება, რადგან ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა არ ექნებათ.

“ზოგადად, ასეთ საკითხებს, ასეთ ერთობებს სერიოზულად ვერ განვიხილავ. ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს. შემდგარი არიან ქვეყნის ღალატის გზაზე. სანამ ეს ღალატი იქნება ოპოზიციის ფუნდამენტური განმსაზღვრელი, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმაცია იქნება, ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა არ ექნებათ. ქართველი ხალხი არასდროს არ დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხს და თავად სახელმწიფოს ებრძვის. რასაც ვაკვირდებით, ოპოზიციაში, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შექმნილია გარკვეული ჯგუფი პოლიტიკოსების, თუ სხვა აქტიური ადამიანებისა, რომელთაც დაკარგული აქვთ ქვეყნის შეგრძნება, პატრიოტიზმი აღარ არსებობს. მათ საუბარში, არგუმენტაციაში მოისმენთ, რომ მათთვის უკვე სხვა ქვეყნებია საფიცარი, სხვა დროშების წინაშე დგებიან ფეხზე, სხვა ჰიმნს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერები არიან მათთვის ლიდერები. ეს გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად დაკარგული აქვთ პატრიოტიზმი და როდესაც ადამიანს საკუთარი სამშობლო არ უყვარს, იმას ვინმე ხმას როგორ მისცემს?! ჩვენ რაც შეიძლება ვნახოთ ეს არის პროფანაცია პოლიტიკური ძალისა, ესაა ერთად შეკვრა „მეხუთე კოლონისა“, რომელიც ლოიალურია არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

“დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი კამპანია ორკესტრირებული და დაფინანსებული იყო”-შალვა პაპუაშვილი

წარმოიდგინეთ, რა ლობიზმი, რა დაფინანსებული კამპანიები მიმდინარეობს დღეს საქართველოში, ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს, რადგან განსხვავებით ამერიკისგან, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ე.წ. რუსული კანონი არ გვაქვს და გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული.

„საერთო ჯამში, დადასტურდა, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული მთელი ეს კამპანია, ხან „ფრი მიშას“ ლოზუნგით, ხან ჰუმანიტარულად სადმე გადაყვანის ლოზუნგით, ხან წამებაზე, ხან მოწამვლაზე, იყო ორკესტრირებული და დაფინანსებული კამპანია. ჩვენ ვნახეთ ყველაზე მახინჯი სახე იმისა, რასაც შეიძლება, ეწოდოს პოლიტიკა, როდესაც შეიძლება მოისყიდო მედია, პოლიტიკოსები, მათ ათქმევინო ის, რაც გჭირდება, გაავრცელო დეზინფორმაცია და ფაქტობრივად, ამ დოკუმენტებს რომ გაეცნობით, ნახავდით, სია არის ჩამოწერილი აქტივობების. თუკი არსებობს სადმე წიგნი ჰიბრიდული ინსტრუმენტების შესახებ, ყველა ეს მეთოდი შიგნით იქნება ჩამოწერილი. ჩვენ ვნახეთ შეკვეთილი სტატიები, ვნახეთ, რომ რეზოლუციები, რომლებზეც გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით განწყობილი ზოგიერთი ევროპარლამენტარის იდეა, ევროპის შუაგულში წარმოშობილი და განვითარებული იდეები, აღმოჩნდა, რომ ამერიკიდან ლობისტები წერდნენ ამ რეზოლუციის პროექტებს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ მუდმივი კომუნიკაცია არსებობდა ლობისტებსა და ევროპარლამენტარებს შორის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია იმის წყალობით გახდა ცნობილი, რომ აშშ-ში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი, რომელსაც საქართველოში „რუსული კანონი“ დაუძახეს.

„ეს მხოლოდ ერთადერთი რამის გამო გახდა ცხადი ჩვენთვის. იმიტომ, რომ ამერიკაში არსებობს ის კანონი, რომელიც, სამწუხაროდ, აქ სხვანაირად გადმოგვითარგმნეს ქართულ საზოგადოებას და დაუძახეს რუსული კანონი. ამერიკაში მოქმედებს რუსული კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭვირვალობას. რომ არა ეს რეესტრი, რომელიც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებობს, ვერავინ გაიგებდა, რომ ის რეზოლუცია თურმე ყოფილა ლობისტების დაწერილი, ვერავინ გაიგებდა, რომ ის სტატიები ყოფილა თურმე შეკვეთილი, ვერავინ გაიგებდა ამ ყველაფერს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ლობიზმი მიმდინარეობს დღეს საქართველოში, რა დაფინანსებული კამპანიები მიმდინარეობს და ჩვენ ამის შესახებ წარმოდგენაც არ გვაქვს იმიტომ, რომ განსხვავებით ამერიკისგან, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ე.წ. რუსული კანონი არ გვაქვს და გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი პირველად გადააჭარბებს 600 მლნ ლარს” – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კორექტირებული 2023 წლის ბიუჯეტი პირველად გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. აღნიშნულის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც რესპუბლიკის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა იმ ეკონომიკური დადებითი ტენდენციების, ტურიზმისა და ბიზნესის ნდობის და აქტივობის დამსახურებაა, რომელიც არის როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. წინა წლებთან შედარებით უკვე 2025 წლისთვის რეგიონის რესპუბლიკური ნაერთი ბიუჯეტი არანაკლებ მილიარდი ლარი იქნება.

2023 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, ცვლილებების შემდეგ, იზრდება და 600 549 400 ლარს შეადგენს.

„მინდა აღვნიშნო, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარვადგენთ კორექტირებულ 2023 წლის ბიუჯეტს და ის პირველად გადააჭარბებს 600 მლნ. ლარს. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამა განვახორციელოთ, კიდევ უფრო მეტი სკოლა ავაშენოთ, კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას დავუფინანსოთ სწავლა, კიდევ უფრო მეტი გზა დავაგოთ და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ რეგიონის განვითარებაზე და რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელზე, მათ კეთილდღეობაზე“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში 32 მლნ ლარზე მეტით იზრდება მუნიციპალიტეტზე გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა და შეადგენს 150 მლნ ლარს.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

“კოალიციას და კოჰაბიტაციას „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ არ ვაპირებთ, არც არჩევნების შემდეგ” – ბექა ლილუაშვილი

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციას, რაც გულისხმობს ურთიერთვალდებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ არ ვაპირებთ, არც არჩევნების შემდეგ , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისი პარტია არჩევნებამდე არც ერთ პარტიასთან საერთო სიაში გაერთიანებას არ აპირებს.

ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა პარტიამ თავის ამომრჩევლის გაზრდაზე უნდა იზრუნოს, რომ გაუნაწილებელი მანდატები არ დარჩეს. ასევე ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” ჯამში 50 პროცენტი ვერ აიღონ.

“გაერთიანება ნიშნავს საერთო სიის ფორმირებას, არანაირი საერთო სიის ფორმირებას ჩვენ არ ვაპირებთ. არჩევნების შემდეგ ხალხი გადაწყვეტს, როგორი კონფიგურაციით იქნება პარლამენტი წარმოდგენილი, მაგრამ კოალიციას და კოჰაბიტაციას “ნაცებთან” და “ქოცებთან” ჩვენ არ ვაპირებთ არც არჩევნების შემდეგ.

ძალიან ადრეა ვისაუბროთ რაიმე კოალიციაზე, როცა არ ვიცით, არჩევნების შედეგები როგორ დაჯდება, ვინ რამდენი პროცენტით იქნება პარლამენტში. ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს არაერთ მუნიციპალიტეტში, სადაც არც “ქართული ოცნებაა” ერთპარტიულ მმართველობაში და არც “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენი წარმომადგენელია თავმჯდომარე კონკრეტულ საკრებულოებში და კონკრეტულ საკითხებს, რომელიც ჩვენი შეფასებით არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მხარს ვუჭერთ, მიუხედავად იმისა, “ნაცმოძრაობამ” დააყენა ის თუ “ქართულმა ოცნებამ”. კოალიციაზე საუბარი დღეს, როცა წარმოდგენა არ აქვს არავის, რა კონფიგურაცია იქნება, აზრს მოკლებულია. მაგალითად, ისეთ კონფიგურაციაში, სადაც “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” 50 პროცენტს ვერ ლახავს ჯამში, ეგ კითხვა აბსოლუტურად აზრს მოკლებულია და ისეთ კონფიგურაციაში, სადაც ჯამში მაღალ პროცენტს იღებენ, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იქნება. თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციას რაც გულისხმობს ურთიერთვალდებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, არც ერთთან და არც მეორესთან არ ვაპირებთ, არც არჩევნების შემდეგ”- განაცხადა ლილუაშვილმა.

„ვაგნერი” – წარმომავლობა და საქმიანობა – რას წერს „ამერიკის ხმა“

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „ვაგნერი” – წარმომავლობა და საქმიანობა“, რომელშიც რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ფუნქციები და მოქმედებაა გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

1990-იანი წლების შემდეგ პირველად,  როცა „ვაგნერის“ სამხედრო კოლონა მოსკოვისკენ დაიძრა, მთელი მსოფლიოს ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი.

უკრაინაში, ბახმუტის სისხლიანი ბრძოლიდან დაწყებული, აფრიკული ქვეყნის – მალის ხოცვა-ჟლეტით გაგრძელებული და ლიბიაში სამოქალაქო უბნების დანაღმვით დამთავრებული, მთელს მსოფლიოში კონფლიქტის წინა ხაზზე, კრემლთან დაკავშირებული გასამხედროებული ძალა იყო.

საკუთარი სისასტიკითა და პატიმრების რეკრუტირებით ცნობილმა „ვაგნერმა“, ყურადღება ჯგუფის თანადამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პროვოკაციული განცხადებებითაც მიიპყრო, რომელიც რუსეთის ოფიციალურ სამხედრო სარდლობასთან ღია კონფლიქტში გადაიზარდა.

დაჯგუფებაზე უფრო ღრმა დაკვირვება, მას არამხოლოდ დაქირავებულ მებრძოლთა კომპანიად წარმოაჩენს, არამედ აჩვენებს, რომ ეს არის კომპლექსური ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია სამხედრო საქმიანობაში, რესურსების მოპოვებასა და ფინანსურ ოპერაციებში, რომელიც მთელს მსოფლიოს მოიცავს.

„ვაგნერის“ დაჯგუფების ბუნდოვანი წარმომავლობის კვლევამ, შესაძლოა დმიტრი უტკინთან მიგვიყვანოს, – რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერთან, რომელიც კერძო სამხედრო კონტრაქტორად იქცა. მიიჩნევა, რომ უტკინმა დაჯგუფებას სახელი „ვაგნერი“ ნაცისტური რეჟიმისადმი განსაკუთრებული სიმპათიის გამო დაარქვა – ჰიტლერის საყვარელი კომპოზიტორის, რიხარდ ვაგნერის გავლენით.

რუსეთის კანონმდებლობით, კერძო დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება უკანონოდ მიიჩნევა, მაგრამ პრიგოჟინმა გამოსავალი იპოვა.

რესტორატორი პრიგოჟინი, რომელიც მთავრობასთან კონტრაქტებმა ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ ოლიგარქად აქცია და ამის შედეგად, მეტსახელად „პუტინის შეფ-მზარეული“ მიიღო, კრემლისა და ვაგნერის ჯგუფის დამაკავშირებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი რუსულ სამხედრო ბაზებს, მანქანებს და აღჭურვილობას იყენებს, მათი არაოფიციალური სტატუსი, რუსეთის მთავრობას საშუალებას აძლევს, მათი ქმედებების დამაჯერებელი უარყოფა შეინარჩუნოს.

„ვაგნერის“ ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და უკრაინის ყირიმსა და დონბასში, პრორუსი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა. მას შემდეგ, ჯგუფმა თავისი საქმიანობა ორ ათეულზე მეტ ქვეყანაში გააფართოვა.

დაჯგუფებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სირიის სამოქალაქო ომში, რუსეთის მიერ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის სამხედრო მხარდაჭერაში. ასევე, ჩართულნი იყვნენ ლიბიაში, გენერალ ხალიფა ჰაფთარის ძალების მხარდაჭერაში, სადაც ვაგნერი, საერთაშორისოდ აკრძალული ნაღმების გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ვაგნერის საქმიანობა გაფართოვდა აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებში, სადაც დაჯგუფება რიგ მთავრობებს უსაფრთხოებს უზრუნველყოფასა და გადამზადებაში დახმარებას დაჰპირდა. ვაგნერს, იმავე ქვეყნებში, სისასტიკის სისტემურ ჩადენაში სდებენ ბრალს.

სუდანში „ვაგნერის“ ჯგუფი წვრთნიდა და ეხმარებოდა სამთავრობო ჯარისკაცებს, როდესაც პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, სასტიკი მეთოდებით ახშობდა პროდემოკრატიულ პროტესტებს. 2019 წელს, ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგაც კი, „ვაგნერი“ სუდანში მუშაობას აგრძელებს. 2023 წელს კი, ერთ-ერთი დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულეს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვაგნერმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ფაუსტინ-არქანჟ ტუადერას, ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომში, რომლის დროსაც მის ჯარებს ბრალი ედებოდათ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში, გაუპატიურებაში, ძარცვასა და მექრთამეობაში.

მალიში, რომელიც 2012 წლიდან ექსტრემისტულ ამბოხებას ებრძვის, ვაგნერის ჯგუფმა სამხედრო გადატრიალების შედეგად ისარგებლა და ქვეყანაში 2020 წელს ჯარით, აღჭურვილობითა და მრჩევლებით შევიდა. მისი კვალი იკვეთება, ქალაქ მოურაში მომხდარ სისასტიკეში, რომლის დროსაც ასობით ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

მოზამბიკში „ვაგნერს“ კონტრაქტი დაუდეს ტანზანიის საზღვართან ისლამურ აჯანყებასთან ბრძოლაში დასახმარებლად, მაგრამ ადგილობრივი გამოცდილების ნაკლებობის გამო, მძიმე დანაკარგების შემდეგ, მათ უკან დაიხიეს.

რუსეთის მთავრობა, თავის ინტერვენციებს, ხშირად მოიხსენიებს, როგორც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილს. მაგრამ, „ვაგნერის“ ჯგუფის საქმიანობა, რუსეთის მთელ რიგ ინტერესებზე მუშაობს.

განვითარებად ქვეყნებთან ცივი ომის ეპოქის ურთიერთობების აღორძინება, რუსეთს გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებაში ეხმარება და აფერხებს საერთაშორისო მცდელობებს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობისა და სანქციების დაწესების კუთხით.

„ვაგნერი“ რუსეთს მატერიალურადაც ეხმარება. სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, „ვაგნერმა“ წილები მიიღო ნავთობისა და გაზის საბადოებიდან სირიასა და ლიბიაში, სუდანის ოქროს მაღაროებიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ბრილიანტის საბადოებიდან. ეს ბიზნესი, რუსეთს სანქციების ქვეშ მყოფი სტრატეგიული რეზერვების შევსებაში ეხმარება.

ისინი „ვაგნერს“ ასევე საშუალებას აძლევენ, დააფინანსოს ბრძოლის ველის მიღმა მოქმედებები. პრიგოჟინი დაკავშირებულია ინტერნეტ სააგენტოსთან, ე.წ. ტროლების ქარხანასთან რომელიც, სავარაუდოდ, 2016 წელს, ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის უკან დგას. ვაგნერის ჯგუფმა ასევე აწარმოვა საინფორმაციო ომები, მის მასპინძელ ქვეყნებში. საფრანგეთის სამხედრო უწყებამ, აპრილში „ვაგნერს“ ბრალი დასდო მალიში ხოცვა-ჟლეტის მოწყობის მცდელობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში, იმ მიზნით, რომ შემდეგ ამაში საფრანგეთი დაედანაშაულებინათ.

გლობალური დაგმობისა და მის საერთაშორისო აქტივობაზე მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, რუსეთი და „ვაგნერის“ ჯგუფი აფრიკაში განიხილება, როგორც საფრანგეთისა და შეერთებული შტატების მსგავსი პარტნიორების ალტერნატივად.

ეს ნაწილობრივ კოლონიალიზმის მემკვიდრეობაზე დამკვიდრებული უკმაყოფილებითა და უნდობლობითაა განპირობებული. ასევე ფართოდ არის აღქმული, რომ დასავლეთის დახმარებას მოჰყვება პირობები, რომელიც არაპოპულარულ ეკონომიკურ და სამთავრობო რეფორმებს მოითხოვს, რასაც ლიდერები მათ შიდა საქმიანობაში ჩარევად ან მათი ძალაუფლებისთვის გამოწვევად ხედავენ. ამის სანაცვლოდ, რუსეთი მათ პირდაპირ გაცვლას სთავაზობს, კორუფციის, ან ადამიანის უფლებების შესახებ კითხვების გარეშე.

ვინაიდან ეკონომიკურმა კრიზისებმა, საშინაო არეულობამ და უკრაინაში ომმა ზოგიერთი დასავლური ქვეყანა აიძულა აფრიკაში ძალისხმევა შეემცირებინა, რუსეთმა ეს შანსი გამოიყენა და ვაკუუმი შეავსო.

მაგრამ, ბოლოდროინდელი შიდა არეულობა რუსეთში ცხადყოფს, თუ რამდენად სახიფათოა დიდწილად უპასუხისმგებლო კერძო სამხედროებზე დაყრდნობა. როგორც სახლში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ვაგნერის ჯგუფთან დღევანდელი გარიგება, ხვალ შეიძლება არასტაბილურობის მიზეზი გახდეს.

წყარო

—————-

“პოლონელი ექიმი “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმების გარეშე არ იმოქმედებდა”-იაგო ხვიჩია

მგონია, რომ ექიმი, რომელმაც ეს ილეთი სრულიად არასაჭირო დროს და ადგილას ჩაატარა, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ მოქმედებდა ან იმდენად სულელია, რომ მისი პაციენტთან შეყვანა არ შეიძლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიმ განაცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ვინაიდან, ასეთი სისულელის ნაკლებად სჯერა, მისთვის სარწმუნო ვერსიაა, რომ პოლონელი ექიმი „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებდა.

„თუ არ მოისყიდან, აბა, როცა ყველაფრის გამოტანა შეგიძლია და ამ დროს წინდით გამოგაქვს, პროცესის დისკრედიტაცია ხდება, სხვა რას უნდა დააბრალო, თუ არა სისულელეს ან შეთანხმებას? გაყალბებისთვისაც რომ ნდომოდა, ნიმუში ისედაც ხომ გაიტანეს? ჩუმად გატანილს აყალბებ და არაჩუმად გატანილს, არა, ვერ დავიჯერებ. რაც შეეხება პოლონეთის საგრეოს განცხადებას, როცა ასეთ სკანდალში გაეხვევი და შენს ელჩს იბარებენ, განცხადების გაკეთება მოგიწევს, მაგრამ პირველი ეჭვი უნდა მიიტანო ხელისუფლებასა და სააკაშვილის ექიმების კოლაბორაციაზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი თანამშრომლების – ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსის, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებლის, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის და კერძო კომპანიის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშის საფუძველზე. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ უკვე დააკავა და ბრალდებულების სახით პასუხისგებაში მისცა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ყოფილი ინდივიდუალური მეწარმე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ „საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორის და ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, კლინიკასა და ინდ.მეწარმეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, კლინიკის ოთხი სართულის, 3 060 496 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარებულიყო.

2020-2021 წლებში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები წარუდგინეს, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 580 767.64 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა და ყოფილმა ინჟინერ-მშენებელმა შეადგინეს ყალბი ინსპექტირების აქტები, რომლითაც დაადასტურეს არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება. შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 143 846 ლარს და სცადეს დარჩენილი 436 921.60 ლარის დაუფლებაც.

ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ 2021 წელს, „საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და შპს „ნიუმშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა ჩატარებულიყო კლინიკის ცალკეული კომპონენტების 452 842.48 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის იმჟამინდელმა თანამშრომელმა და „ნიუმშენის“ ყოფილმა დირექტორებმა „საუნივერსიტეტო კლინიკას“ წარუდგინეს ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომელშიც დაფიქსირებულ თანხებსა და რეალურად შესრულებული სამუშაოების თანხებს შორის სხვაობამ 168 600.83 ლარი შეადგინა, საიდანაც ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თანამშრომელი და შპს „ნიუმშენის“ დირექტორები დაეუფლნენ სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ 78 032.02 ლარს და სცადეს დარჩენილი 90 568.81 ლარის დაუფლებაც.

კლინიკის სამშენებლო სამუშაოების ყოფილმა ტექნიკურმა ზედამხედველმა, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის უკანონო დავალების საფუძველზე, შეადგინა ყალბი მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტები, რომლითაც დაადასტურა არარსებული სამშენებლო სამუშაოების ჩატარება.

შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენის და გამოვლენის მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„უკრაინის კონტრშეტევის ყველაზე დიდი პრობლემა: „რუსეთის თავდაცვითი სისტემა არ ირღვევა“

გერმანული გაზეთი „ტაგესშპიგელი“ (Der Tagesspiegel) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევის ყველაზე დიდი პრობლემა: „რუსეთის თავდაცვითი სისტემა არ ირღვევა“ (ავტორი – ბენჯამინ ხირში).

„რამდენიმეკვირიანი გააფთრებული ბრძოლებისა და დანაღმული ველების გავლის  შემდეგ კიევის არმია ფრონტის ზოგიერთ უბანზე რუსეთის თავდაცვითი სისტემის პირველ ზღუდეს მიუახლოვდა. სისხლისმღვრელ ბრძოლებში უკრაინელი ჯარისკაცები ნელ-ნელა იკავებენ სოფლებს“ – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

„მაგრამ კონტრშეტევა ბიძგებით მიმდინარეობს, დაყოვნებით ვითარდება, უკრაინული ქვედანაყოფები წინ ძალიან ნელა მიიწევენ“, – წერს ავტორი და მიზეზების გასარკვევად ავსტრიელ სამხედრო ექსპერტს ფრანც-შტეფან გადის ესაუბრება, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ პირადად იმყოფებოდა უკრაინაში და ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა.

„კონტრშეტევის დაწყებამდე დასავლეთში თვლიდნენ, რომ ნატოს ქვეყნებში სწავლების ინტენსიური კურსის გავლის შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები თავიანთ უპირატესობას აჩვენებდნენ რუსების „მოძველებული სამხედრო დოქტრინის“ წინაშე, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა“, – ამბობს ექსპერტი, – „კიევს დღემდე ვერ მოუგვარებია შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობების ურთიერთქმედების საკითხი“. ჯარის ნაწილები ერთმანეთთან სინქრონულად არ მოქმედებენ, რაც, ავსტრიელი სამხედრო ექსპერტის აზრით, კონტრშეტევის ნელი განვითარების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. გარდა ამისა, უკრაინელები კვლავ მოწყვლადები არიან რუსული არტილერიისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიმართ.

უკრაინის არმიას არ გამოსდის, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა თანმიმდევრულად დაანგრიოს. კიევი გაჭიანურებულ ბრძოლაზე გადადის და იმედი აქვს, რომ დასავლეთის დახმარებით და იარაღის განუწყვეტელი შევსებით რუსეთის არმიას გამოფიტავს, მაგრამ შეიძლება პირიქით მოხდეს – უკრაინის რეზერვები შემცირდეს.

„დასავლური იარაღის მიწოდება ყოველთვის არ არის გადამწყვეტი ფაქტორი“, – ამბობს ფრანც-შტეფან გადი, – „მთავარია, როგორი ტაქტიკით აგრძელებ ბრძოლას. რუსები წარმატებით იყენებენ არტილერიას და უკრაინელებს მანამდე აჩერებენ, სანამ ისინი დანაღმულ ველებს და თავდაცვითი სისტემის პირველ ზღუდეებს მიუახლოვდებიან. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ უკრაინელების კონტრშეტევა შემოდგომამდე გაგრძელდება. კიევს წარმატების შანსი აქვს, მაგრამ მისი მიღწევა ძალიან რთული იქნება.

ამის მიუხედავად, ავსტრიელი მკვლევარი ფრთხილ ოპტიმიზმს ინარჩუნებს: „მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკრაინელებმა მასშტაბური საერთო-საჯარისო ოპერაციების განხორციელების დროს უნდა მოაგვარონ ჯარის მობილური მართვის საკითხი, ყურადღება უნდა დაუთმონ არტილერიის შესაძლებლობის სრულყოფილად სარგებლობას“, – ამბობს ექსპერტი „ტაგესშპიგელთან“ საუბარში. „საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ არ არის გამოტანილი, მაგრამ მიმდინარე შეტევაზე შუალედური დასკვნა ასეთია: „კიევი სამხედრო წარმატებას მიაღწევს, მაგრამ ეს უკავშირდება სერიოზულ დანაკარგებს, რაც ყოველთვის თან ახლავს სერიოზულ გამოწვევებს“.

წყარო