“ოპოზიცია შემდგარია ღალატის გზაზე, მათთვის სხვა ქვეყნებია საფიცარი” – შალვა პაპუაშვილი

174
spot_img

“ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს, შემდგარი არიან ქვეყნის ღალატის გზაზე – რაც შეიძლება ვიხილოთ, ეს არის პოლიტიკური ძალის პროფანაცია”, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმშენებლის” შესაძლო პოლიტიკურ გაერთიანებას.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციაში რა ფორმაცია იქნება, რადგან ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა არ ექნებათ.

“ზოგადად, ასეთ საკითხებს, ასეთ ერთობებს სერიოზულად ვერ განვიხილავ. ოპოზიციას ფუნდამენტური პრობლემა აქვს. შემდგარი არიან ქვეყნის ღალატის გზაზე. სანამ ეს ღალატი იქნება ოპოზიციის ფუნდამენტური განმსაზღვრელი, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმაცია იქნება, ქვეყნის და ხალხის მხარდაჭერა არ ექნებათ. ქართველი ხალხი არასდროს არ დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქართველ ხალხს და თავად სახელმწიფოს ებრძვის. რასაც ვაკვირდებით, ოპოზიციაში, დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ შექმნილია გარკვეული ჯგუფი პოლიტიკოსების, თუ სხვა აქტიური ადამიანებისა, რომელთაც დაკარგული აქვთ ქვეყნის შეგრძნება, პატრიოტიზმი აღარ არსებობს. მათ საუბარში, არგუმენტაციაში მოისმენთ, რომ მათთვის უკვე სხვა ქვეყნებია საფიცარი, სხვა დროშების წინაშე დგებიან ფეხზე, სხვა ჰიმნს მღერიან და სხვა ქვეყნის ლიდერები არიან მათთვის ლიდერები. ეს გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად დაკარგული აქვთ პატრიოტიზმი და როდესაც ადამიანს საკუთარი სამშობლო არ უყვარს, იმას ვინმე ხმას როგორ მისცემს?! ჩვენ რაც შეიძლება ვნახოთ ეს არის პროფანაცია პოლიტიკური ძალისა, ესაა ერთად შეკვრა „მეხუთე კოლონისა“, რომელიც ლოიალურია არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ სხვა სახელმწიფოების მიმართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.